Wednesday, December 22, 2010

წერილი თოვლის ბაბუას


როგორ უნდა მოიქცე, რომ ოცნებები აგისრულდეს? ძალიან, ძალიან უნდა გინდოდეს და ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ისინი ფრთებს შეისხამენ, გულში ბევრჯერ გაიმეორო, თუ ოცნებას შეეშვა და რეალურ ქმედებაზე გადახვიდე? ფსიქოლოგიის მეცნიერთა თვალსაზრისით, ყველა ეს მეთოდი გონივრულია, თუმცა როდესაც კარს ახალი წელია მომდგარი, სხვა, უფრო მარტივი გამოსავალიც არსებობს - ადგე და თოვლის ბაბუას წერილი მისწერო.
კარგად რომ დაფიქრდები, ეს გამოსავალი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როგორ შეიძლება მისწერო იმას, ვისი მისამართიც არ იცი? აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნის თოვლის ბაბუებს შორის ჩვენი ყველაზე მისტიკურია. კანადელი სანტა კლაუსის მისამართი იოლად გავიგე, ასე ვთქვათ, შემთხვევით, ისე რომ არც კი მიძებნია - სანტა კლაუსი, ჩრდილოეთი პოლუსი, საფოსტო კოდი - H0H 0H0. ფინელებსაც კარგად ჰქონიათ საქმე აწყობილი - მათ ზუსტად იციან, რომ მათი სანტა კორვატუნტურში ცხოვრობს, თუმცა მთავარი საფოსტო ოფისი როვანიემში ჰქონია მოწყობილი. ჰოდა, სხედან დასავლეთში ბედნიერი ადამიანები, წერენ წერილებს და ზუსტად იციან, რომ ისინი ადრესატამდე მიაღწევს. ჩემი თოვლის ბაბუა კი სადღაც, მთებში ცხოვრობს და ბინ ლადენივით გვემალება საჩუქრებს დანატრებულ ქართველებს.

Thursday, December 16, 2010

This Is Happening ამერიკულად


პარიზის მშვენიერება რაღაცნაირად სევდიანიად მხიარულია. მე ვიყავი საშინლად მარტო და მივიწყებული მანჰეტენზე. ყურესთან რომ სახლი მაქვს, იქ ვბრუნდები. როდესაც მოვალ შენთან, სან-ფრანცისკო, შენი ოქროსფერი მზე ჩემთვის გაანათებს.
გახსოვთ არა, ტონი ბენეტის ეს დაუვიწყარი ნოსტალგია? მსგავსი შეგრძნება პერიოდულად მიჩნდება ხოლმე, როდესაც ევროპის პოდიუმებზე წარმოდგენილ ძალიან მდიდრულ კოლექციებს ვათვალიერებ, ვერსაჩეს და დიორის პომპეზურობა თვალს მჭრის, ძველი ფრანგული სიმღერები კი, უბრალოდ, ზედმეტად პათეტიკურად მეჩვენება. ამერიკული სტილი არ გულისხმობს აუცილებლად უბრალოებას, მაგრამ იქაური ყველაფერი მაინც სხვანაირია - მდიდრული, მაგრამ პრაქტიკული, მგრძნობიარე, თუმცა მაინც მსუბუქი და უფრო დინამიურიც.
შობის წინა პერიოდში გინდა მაღაზიებში საჩუქრების შესაძენად ირბინო, ყურსასმენებით დინ მარტინის let it snow ატარო (დამეთანხმეთ, არ არსებობს ამაზე საშობაო სიმღერა) და სასწაულს დაელოდო. თუ თქვენ ათ წელზე მეტი უკვე შეგისრულდათ, თოვლის ბაბუისა და სანტასი ალბათ აღარ გჯერათ (ძალიან შევწუხდები, თუ ენამ წინ გამისწრო), თუმცა სასწაულის შეგრძნება, რომელიც ბავშვობაში ასეთი ძლიერი და ყოვლისმომცველი იყო, რთულად დასავიწყებელია.
საახალწლო სასწაულებზე ფიქრი რომ დავიწყე, მაშინვე ამერიკა გამახსენდა. შესაძლოა სხვა ქვეყნებში შობა-ახალ წელს ძალიან ლამაზადაც აღნიშნავდნენ, მაგრამ იანკებს ამაში ტოლს ვერავინ დაუდებს. შობაზე გადაღებული ფილმებიდან ამერიკული ყველაზე ამაღელვებელი, ყველაზე საშობაოა, თუ არაამერიკელი რიჩარდ ქერთისის "ნამდვილ სიყვარულს" (Love Actually) არ ჩავთვლით, რომელიც დეკემბერში ჩემს აუცილებლად სანახავი ფილმების სიას უდგას სათავეში.

Monday, December 13, 2010

Le croissant du trottoir

არის ხოლმე მომენტები, როცა თავი აბსოლუტური ბურჟუა მგონია. ობივატელი, რომელიც წვრილმანი, ძალიან პირადი სიამოვნებებით ცხოვრობს და სხვა ყველაფერი სულელურად მიაჩნია. ეს, ალბათ, მეშჩანურ-ჰედონისტური დამოკიდებულებაა. რა ვქნა, ნაკლებად მჯერა ადამიანების, რომლებიც წვრილმანებით მაქსიმალური სიამოვნების მიღებას არ ცდილობენ. მოკლედ, გადავწყვიტე ფილიპ დელერმის ჩემი საყვარელი ობივატელური ჩანახატი მეთარგმნა. ეს ლიტერატურული თარგმანის ჩემი პირველი, უპრეტენზიო მცდელობაა, ამიტომ კრიტიკას ნუ დაიწყებთ, უბრალოდ წაიკითხეთ, თუ იზიარებთ ცხოვრების ჩემეულ ესთეტიკას. კიდევ ერთი, ის თარგმნილია არა მხოლოდ ფრანგულიდან, რუსულიდანაც. ამ ენაზე ისე ბრწყინვალედ ითარგმნა, რომ მომენტებში ორიგინალს ჯობს კიდეც. ჰოდა, ცდუნებას ვერ გავუძელი და ეს მომენტები რუსულიდან მოვიპარე.

კრუასანი ქუჩაში

გაიღვიძო ყველაზე ადრე. უჩუმრად, როგორ ინდიელმა, ჩაიცვა, გახვიდე გარეთ. მესაათის ზუსტი მოძრაობებით გააღო და მიხურო გასასვლელი კარი შენს უკან. არის! ქუჩაში დილაა, ლურჯი, ვარდისფერი არშიით - შეხამება უხამსი იქნებოდა, რომ არა სტერილური სიცივე. ყველა ამოსუნთქვაზე პირიდან ორთქლი ამოდის. თავისუფლად, მსუბუქად გრძნობ თავს ქუჩაში გამთენიისას და კარგიც კია, რომ საცხობამდე ფეხით გავლაა საჭირო. თითოეული ნაბიჯი - დღესასწაულია. მიაბიჯებ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, კერუაკივით, შენ ყველას და ყველაფერი დაასწარი. საკუთარ თავს იჭერ იმაში, რომ ტროტუარის კიდეზე მიაბიჯებ, როგორც ბავშვობაში, როცა ყველაზე საინტერესო ყოველთვის კიდეზე სიარული იყო. შენ ჩუმად გამოსტაცე დღეს დროის სუფთა პორცია, სანამ ყველას ეძინა.


თითქმის ყველას! აქვე სადღაც უნდა ენთოს და ათბობდეს საცხობის ვიტრინა, მართალია ნეონის შუქით, თუმცა თავად სითბოზე ფიქრი აძლევს მას ქარვის თბილ ფერს. რომ მიუახლოვდები, შუშა დაორთქლილი უნდა იყოს, მცხობელმა კი ის გულღია სალამი შემოგაგებოს, რომელსაც ყველაზე პირველი კლიენტებისთვის ინახავს.


- ხუთი კრუასანი და ბაგეტი, არც ძალიან დამწვარი!


ჯიხურის სიღრმიდან ამოყვინთავს მცხობელი ფქვილით მოსვრილი მაისურით და გიგზავნის მისასალმებელ ჟესტს, როგორც ამხანაგი ბრძოლის წინ. 


და აი, შენ კვლავ ქუჩაში ხარ. გრძნობ, უკანა გზა სულ სხვა საქმე იქნება. ქუჩა ისეთი ცარიელი აღარ არის, ბაგეტით ერთ ხელში და კრუასანების შეკვრით მეორეში წაუბურჟუებ. სამაგიეროდ, კრუასანი მიგაქვს. ის თბილია და რბილი. გამოდის თითქოს ზამთრის დილა იქცა კრუასანის შიგთავსად, შენ კი - ღუმელი ხარ, სახლი, თავშესაფარი. მიდიხარ უფრო ნელა, მიგაქვს შენი სინათლე ამ მონაცრისფრო-ვარდისფერ სილურჯეში. დღე მხოლოდ იწყება, საუკეთესო კი უკვე შენთანაა.



P.S. ჰო, სინამდვილეში ის ობივატელურ-ჰედონისტური ამბები შესავალი იყო.
ამასწინათ ნატალიას საკონდიტროს გახსნის იდეა დაებადა, მე და ქეითმა კი დახმარება შევთავაზეთ. იმედია, ბაბისაც შემოგვიერთდება, ხო იცით რა დესერტებს აკეთებს ხოლმე. ეს პოსტი საკონდიტროს, რომელიც დილით ძალიან ადრე გაიღება ხოლმე, პირველი რეკლამაა, მენიუში კი ნაირნაირი ტკბილეულობა, ფრანგული კრუასანები და იტალიური ნაყინი გელოდებათ. კრუასანებზე კი დელერმის ფანებს პირადად მე, კრუასანების მცხობელი, ფასდაკლებას ვთავაზობ. ეხლა ნატალიას აწეული წარბებიც დავინახე, ამიტომ წინასწარ ვაზუსტებ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ჰონორარიდან გამოიქვითება.
ვიტრინაზე კი კარგად მოაკაკუნეთ.
დილით ძილი ჩემთვის, ბურჟუა ჰედონისტისთვის ყველაზე დიდი ცდუნებაა.

Thursday, December 9, 2010

პარფიუმერული მანია - საბოლოო დიაგნოზი?


პარფიუმერულ მაღაზიაში შევიარე. ისე, უბრალოდ. სუნამოს შეძენას არ ვაპირებდი, მაგრამ ვერსაჩეს ახალმა სუნამომ ოდნავ დამაფიქრა. მერე გამახსენდა, რომ მსგავსი სურნელით უკვე მქონდა გუჩის Flora და ჩემში პრაგმატულმა მყიდველმა გაიღვიძა. ასე დავტოვე მაღაზია, ჩემი კოლექცია კი ახალი სუნამოს გარეშე.
ორიოდე დღით ადრე, როდესაც მეგობარი ჩემი ტუალეტის მაგიდაზე სუნამოებს იკვლევდა, სხვათა შორის განაცხადა: "ქალს ბევრი სუნამო უნდა ჰქონდეს". ეს არც ფაქტის კონსტატაცია იყო და არც შენიშვნა, რადგან ჩემი სუნამოების კოლექცია არც ძალიან პატარაა (დაახლოებით ოცამდე არომატს ითვლის) და არც პარფიუმის მანიაკის შესაფერისი. მაშინ დავფიქრდი - რატომ უნდა ჰქონდეს ქალს ბევრი სუნამო? თუ ეს აქსიომაა, ვრცელდება თუ არა ის მამაკაცებზეც?
ჩემს ნაცნობებში არიან ადამიანები, სუნამოს სრულიად რომ არ ხმარობენ. მათთვის ეს თემა არააქტუალურია. არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც არომატების მრავალფეროვნება სიცოცხლეს უმწარებთ. ასეთი იყო მარჩელო მასტროიანი, რომელიც კატრინ დენევს უჩიოდა სუნამოების მეტისმეტად ხშირი ცვლის გამო. ჩემს ვირტუალურ ნაცნობებში ისეთებიც მოიძებნებიან, რომელთა სუნამოების კოლექცია რამდენიმე ასეულ ერთეულს მოიცავს. ცხადია, ყველა ეს ადამიანი უმცირესობის წარმომადგენელია. უმრავლესობას კი, სტატისტიკის მიხედვით, ხუთი-ექვსი პარფიუმი მაინც აქვს, რომლებსაც სისტემატურად ხმარობს განწყობის, სიტუაციისა და ამინდის შესაბამისად.

Tuesday, December 7, 2010

ილის, შურიანი ცოლის და ჩვენი ვურდემანის ამბავი

ჯონი კარგი ტიპია. იმიტომ კი არა, რომ ამერიკელია, რომელიც ჩემი ქვეყნის კულტურაზე გაგიჟდა და აქ გადმოსახლდა. არც იმიტომ, რომ ჩემზე მეტად უყვარს ქართული ტრადიციული მუსიკა  და ღვინო და ფიქრობს საქართველოს მომავალზე. აი, უბრალოდ, კარგი ტიპია, რა. როცა არ იცინის, მაშინაც გგონია, რომ იცინის. ოქროსფერი აურა აქვს და ძალიან კეთილი სახე. მეტყვით ეხლა, ღიმილი ამერიკელების სავიზიტო ბარათია და ბევრსაც არაფერს ნიშნავსო. იანკების მეტი რა მინახავს, მათ შორის ისე რა მომღიმარების, „ჰოლივუდურად“ მომღიმარების, უბრალოდ კულტურის გამო პირმოღებულების. ამ ბოლო ორი კატეგორიისგან ისე უბერავს ყინულიანი ჰაერი, კანზე ბუსუსები გაგიჩნდება. მოკლედ, ვიცი მე, რასაც ვამბობ. ჯონი - კარგი ტიპია.

ჩვენიანი რომ იყო, მაშინ მივხვდი, როცა ჩაი ილით შემომთავაზა და არა კარდამონით. ქართულად მაგრად ლაპარაკობს, თანაც პირველი პირის მრავლობით რიცხვში - „ჩვენ ცოცხალი ლეგენდა გვაქვს, ავსტრალიელები კი ჰაერიდან ქმნიან ლეგენდას თავიანთ ღვინოზე“-ო. მარტო მაშინ გაქვს მომავალი, როცა ინარჩუნებ იმას, რაც შენია და უნიკალურიო, მითხრა. თვითონ თავის კომპანიაში ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდებით ამზადებს და ცდილობს, დაიცვას ქვეყნის კულტურა, რომელიც მისი სამშობლო არ ყოფილა. 

ისე, მხატვარია. თორმეტი წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მომავალ ცხოვრებას ფერწერას მიუძღვნიდა. მერილენდის ხელოვნების სკოლაშიც სწავლობდა, მოსკოვის სურიკოვის ხელოვნების ინსტიტუტშიც. მერე ქართული კულტურით დაინტერესდა, ჩამოვიდა და სიღნაღი ისე მოეწონა, 1998 წლიდან საბოლოოდ ჩვენთან გადმოსახლდა. ამ გაზაფხულზე სიღნაღში ღვინის ბარსაც გახსნის, რომელიც, იმედი მაქვს, მიზეზი იქნება იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს ვნახო ეს ყველას მიერ ნაქები ქალაქი.

ახლა ფერწერას და მეღვინეობას ერთნაირ ყურადღებას უთმობს. „ხატვა ჩემი ცოლია და ღვინო გამოვიდა საყვარელი. ცოლს ახლა მაგრად შურს და უნდა მეტი ყურადღება მივაქციო. მე არ შემიძლია ხატვის გარეშე. დაახლოებით იმას ჰგავს, ჟანგბადი რომ გაკლია“, - ამბობს ვურდემანი. რომ მოისმინოთ, როგორ ლაპარაკობს თავის ღვინოებზე, მიხვდებით, მხოლოდ ფერწერას კი არა, ცოლსაც უნდა შურდეს მათი. 2008 წლის რქაწითელზე ისე მიყვებოდა, თვალებანთებული, როგორც შეყვარებულზე, „ისეთი გამოვიდა, თავად მზე იყო. რომ სინჯავ, თითქოს მზის ენერგიას და ვიტამინებს მიირთმევ“-ო. მე არ გამისინჯავს, მაგრად კი მინდა და თუ დრო გამომიჩნდა, ხვალ საღამოს ღვინის კლუბში შევივლი, სადაც ჯონის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება, თავად კი ლექციას წაიკითხავს ქართული ღვინის პერსპექტივებზე დასავლეთში. 

ჯონის უკეთ გაცნობა თუ მოგინდათ, გადადით აქ, თორემ ცოლი ნინაზეც იეჭვიანებს... ვფიქრობ, ღვინო - ეს უკვე არც ისე ცოტაა.

Thursday, December 2, 2010

Lanvin for H&M

წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში სეირნობის დროს სასახლესთან აღმოჩნდით. მასში თქვენთვის ყველაფერი მიუწვდომელია, რადგან მეტისმეტად მდიდრულად გამოიყურება. ამ დროს სასახლის კარი იღება და მასპინძელი შიგნით მასთან ერთად ჩაის დასალევად გეპატიჟებათ. სწორედ ასე აღწერს ალბერ ელბაზი, ლანვინის კრეატიული დირექტორი H&M-თან თანამშრომლობის ფაქტს. მისი თქმით, ქალების 95 პროცენტს არ შეუძლია თავს ლანვინის შეძენის უფლება მისცეს, ამიტომ მისი დროებითი ალიანსი H&M-თან ამ პრობლემას გადაჭრის და ფუფუნებას გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის.
"ლუქს" კატეგორიის და დემოკრატიული ბრენდების თანამშრომლობის ძირითადი მიზეზი სწორედ ასეთი გახლავთ. რასაკვირველია, ხელმოკლე ადამიანებზე ზრუნვა და ალტრუიზმი აქ არაფერ შუაშია - ეს არაჩვეულებრივი მარკეტინგული სვლაა, რომელიც დიდ მოგებას იძლევა. გავიხსენოთ თუნდაც ქეით მოსის თანამშრომლობა ტოპშოპთან. კოლექცია ჯერ გაყიდვაში არ იყო გასული, როცა მაღაზიებთან უზარმაზარი რიგები ჩნდებოდა და ტანსაცმელი თუ აქსესუარებიც ერთი თვალის დახამხამებაში იყიდებოდა. ამ შემთხვევაში "ლუქსს" ცნობილი მოდელი წარმოადგენდა, რომლის სტილში ჩაცმაც ტოპშოპმა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.