Sunday, December 18, 2011

Versace for H&M

გაათენებდით ღამეს ტანსაცმლის მაღაზიის წინ, გრძელ რიგში იმისათვის, რომ რომელიმე დიზაინერის კოლექციიდან ერთი ნივთი შეგეძინათ? ნამდვილ fashionista-ს ამ კითხვაზე ალბათ ნაკლებად გაახსენდება ის, რომ ღამით გარეთ უკვე გვარიანად ცივა. პასუხი ნამდვილად დადებითი ექნება, მხოლოდ ჯერ კითხვაზე კითხვით გვიპასუხებს - რომელი დიზაინერის კოლექციიდან?
ასეთ შემთხვევაში ყველა ჩვენგანს ალბათ სხვადასხვა დიზაინერი გაახსენდება. ვიღაცას დაიან ფონ ფურსტენბერგი მოსწონს, სხვას - ლანვანისა და ჟივანშის დახვეწილი სტილი, პირადად მე ამ სეზონზე DKNY-ის კოლექციაზეც არ ვიტყოდი უარს - მოთმინებით გავატარებდი ზამთრის გრძელ ღამეს ყინვაში, მაღაზიის ვიტრინაზე ცხვირმიჭყლეტილი. არა, აბა რა სისულელეებს ვწერ. ამისთვის უფრო უმტკივნეული და ნაკლებად ყინვიანი გამოსავალი არსებობს - ინტერნეტ-მაღაზიები და ერთგული მასტერქარდი. თუმცა, როდესაც საქმე ისეთ კოლაბორაციას ეხება, როგორიც დონატელა ვერსაჩესა და შვედურ გიგანტის, H&M-ის მაღაზიათა ქსელის თანამშრომლობაა, ათასობით ადამიანი კარგავს საღად აზროვნების უნარს და სიცივეში, კილომეტრიან რიგში დგება, რომ ცნობილი დიზაინერის სამოსი H&M-ის დემოკრატიულ ფასებში შეიძინოს.
არც ისე დიდი ხანია, რაც Versace for H&M-ის ლიმიტირებული კოლექცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში გამოვიდა. ნოემბრის შუა რიცხვებიდან ვერსაჩეს ხელმოკლე (და არა მხოლოდ ხელმოკლე) თაყვანისმცემლებს ნამდვილი ისტერია დაეწყოთ. ეს ამბავი დაახლოებით იმას ჰგავს, რაც გასულ წელს ლანვანთან თანამშრომლობას მოჰყვა - ყველა ბეჭდურ თუ ინტერნეტის გამოცემაში, ბლოგებზე, ფორუმებზე ეს კოლექცია განიხილება. ოქტომბრის ბოლოს ორიოდე სიტყვა ამასთან დაკავშირებით მეც დავწერე, როდესაც მოდურ კოლაბორაციებზე ვსაუბრობდი. მაშინ ჯერ კიდევ სარეკლამო კამპანიით იყო შესაძლებელი ახალ კოლექციაზე მსჯელობა. ები ლი ქერშოუს ჩაცმულობის მიხედვით, ასევე იმ ფილმის, რომელშიც ანა დელო რუსომ მიიღო მონაწილეობა, ამ თანამშრომლობაზე მხოლოდ სასიამოვნო ემოციები მიჩნდებოდა.
ახლა, როდესაც კოლექციის თითოეული ნივთი თავისუფლად შეიძლება ვნახოთ კომპანიის და კიდევ ათასობით სხვა ვებ-გვერდზე, პირველი აზრი, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს გაუჩნდეს, ისაა, რომ არა მხოლოდ ღამის სიცივეში, გრძელ რიგში დგომა თბილ მზიან დღესაც კი არ ღირს. ეს მაშინ, თუ რაციონალური აზროვნების ძალა შეგრჩა. არადა, ეს ხომ თითქმის შეუძლებელია, როდესაც ვერსაჩეს სახელი გესმის. ალბათ სწორედ ამით იყო განპირობებული თვალუწვდენელი რიგები H&M-ის მაღაზიებთან. როგორც The Guardian წერდა, ლონდონში რიგის სიგრძე ბითლომანიის ასოციაციებს იწვევდა. პოპ-კულტურის ფენომენის მნიშვნელობა სწორედ რიგის სიგრძით უნდა განსაზღვროო, ამბობდა ავტორი. როდესაც პირველ მყიდველებს თავად დონატელა ვერსაჩე იღებს, ამ ფენომენმა გაურკვეველი სახეც შეიძლება მიიღოს - ვერ გადაწყვიტო, რომელი უფრო გინდა, ცნობილ დიზაინერთან ფოტოს გადაღება თუ მოდური სამოსის შეძენა.