Saturday, April 30, 2011

ურბანული ველური ველური დასავლეთი

ორიოდე საუკუნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთში. კანზასში. ან არიზონაში. ან დაკოტაში. თავში ოქროს მაძიებლის ფიქრები გიტრიალებთ, თანაც ეს-ესაა ბიზონი მოინადირეთ და თავს ველური დასავლეთის მთავარი გმირივით გრძნობთ. მთავარია, ინდიელებმა არ დაგირღვიოთ იდილია. ან ბანდიტებმა. ან ბოროტმა კოვბოიმ. ყველაფერი მარტივდება, თუ თქვენ თავად ხართ კოვბოი. კარგი, ცუდი თუ ბოროტი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია არ ენდობოდეთ არავის და იარაღიც ყოველთვის შემართული გქონდეთ.
ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება, როდესაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ამერიკის დასავლეთი ნაწილიდან მოშორებით ცხოვრობთ. მოშიშვლებული პეიზაჟი და მზისგან გადამწვარი ტრამალები შორსაა. არც ინდიელების თავდასხმაა მოსალოდნელი. გაცვიათ ისე, როგორც კოვბოის, თავს კი ისე გრძნობთ, როგორც ველური დასავლეთის მთავარი გმირი, მიუხედავად იმისა, აღმოაჩინეთ თუ არა ოქრო ან გზააბნეული ბიზონი.
სიუჟეტის შექმნა უფრო და უფრო მარტივდება, როდესაც წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს ათვალიერებ. ამ სეზონზე დიზაინერებმა ვესტერნის სტილი გააცოცხლეს, თუმცა კოვბოი ნამდვილად დაიჩაგრა, უფრო სწორად, სქესი შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ველური დასავლეთის სტილი დროდადრო აქტუალური ხდება ხოლმე პოდიუმებზე, წელს ის მოულოდნელი მიმართულებით განვითარდა, რადგან აქტუალური ქალი-ზოროს სახე გახდა, მამრობით სქესს კი ბოჰემური, ყვავილებით მოჩითული პერანგები და განებივრებული ბიჭის იმიჯი ერგო. ერთადერთი, რაც ბოლო ხანებში კაცებს შეეძლიოთ მოერგოთ კოვბოის გარდერობიდან, მისი წაგრძელებულ წვერიანი ჩექმა იყო.
Ralph Lauren SS 2011 RTW
სამაგიეროდ, მდედრობით სქესს ფართო არჩევანი გაუჩნდა. თუმცა, სანამ კოლექციების განხილვას დავიწყებდეთ, გავიხსენოთ, რა კომპონენტების გამაერთიანებელია ვესტერნის სტილი მოდაში. ის, პირველ რიგში, მოხერხებულობას გულისხმობს. კაბები თუ ქვედაკაბები აუცილებლად თავისუფალი სტილისაა, რომ მოძრაობას არ შეუშალოს ხელი. ქანთრის ტრადიციული ფერები ყავისფერი, ბაცი მწვანე, მოწითალოა. ხავერდოვანი ტყავი (ზამში), ფოჩებიანი ან მაქმანებიანი ტანსაცმელი თუ აქსესუარები, კუბოკრული ქსოვილი უკვე იწვევს ველური დასავლეთის ასოციაციას. თუ ამას ფოლკლორულ ორნამენტებს დავუმატებთ, ქანთრის აუცილებლად მივიღებთ. ეს სტილი საკმაოდ იოლია აგერიოს ჰიპურ ჩაცმულობაში, თუმცა მათი გარჩევაც არ არის რთული. საქმე ისაა, რომ მიუხედავად თავისუფალი სილუეტებისა, ჰიპი კონცეპტუალურადაც ასეთია. ვგულისხმობ, რომ ის მეტად თავისუფალია, ვიდრე ქანთრი. ეს უკანასკნელი სტილში გარკვეული წესების დაცვას გულისხმობს.

Thursday, April 14, 2011

ჩანაწერები საქართველოს მოდის კვირეულიდან

დაიან პერნესგან სულ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებს. ეს თალხებით შემოსილი ქალი ყოველთვის იყო ჩემთვის მისაბაძი, როგორც მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლოგერი და ჟურნალისტი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სფეროს პოპულარიზაციას და განვითარებას მიუძღვნა. მისი ფილმების ფესტივალი ეს-ესაა დამთავრდა, მუსიკა კი ისე ხმამაღლა უკრავს, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მისგან ინტერვიუ ავიღო. საბოლოოდ ყოყმანს ვწყვეტ და თითქმის ყვირილით ვაცნობ საკუთარ თავს.
დაიან პერნე საქართველოს მესამე მოდის კვირეულის (შემოდგომა 2011) საპატიო სტუმარია. ის მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა. კარიერა ნიუ იორკში დაიწყო, როგორც დიზაინერმა და ფოტოგრაფმა, შემდეგ კი პარიზში გადასახლდა, რის შემდეგაც მოდის ჟურნალისტიკით, კრიტიკითა და რეჟისურით იყო დაკავებული. წერდა მოდის ძალიან გავლენიანი ჟურნალებისთვის, დღეისათვის კი საკუთარ ბლოგსა და მოდისა და ფილმების გამოფენების მოწყობაზე ზრუნავს. ვეკითხები, ვინ არის მისი ფავორიტი ქართველი დიზაინერებიდან. "ნინო... სოფია გეტყვის, ვინც არის", - მეუბნება დაიანი და სოფო ჭყონიას მიმართავს იმავე კითხვით. აღმოჩნდა, რომ საუბარია ნინო ჩუბინიშვილზე, რომლის ნამუშევრებმაც პერნეზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთი ვსაუბრობთ. მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან ვიცი, რომ პარიზში ძალიან უყვარს ალექსანდრეს ხიდზე სიარული. ჩვენთან თუ აღმოაჩინეთ ადგილი, რომელიც შეიძლება შთაგონების წყარო გამხდარიყო-მეთქი, ვეკითხები. მპასუხობს, რომ ძალიან მოსწონს ჩვენი აივნები, თუმცა ეს უკვე ვიცოდი მისი ბლოგიდან. პერნე ბლოკნოტში ჩანაწერს მიტოვებს: "გააგრძელე. დაიან პერნე, 2011 წლის 2 აპრილი". მე მოვდივარ და გზაში უკვე ჩემს შთაბეჭდილებებზე ფიქრს ვიწყებ, დეტალებზე, რომლებიც ყველაზე თვალშისაცემი იყო საქართველოს მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციებიდან.

Friday, April 8, 2011

Je l'aime

ჩემი შეყვარებული კლამსიდანაა. ძალიან მაგარი სახლი აქვს, ბოვრონის პირას, მასთან რომ ჩავდივართ, მდინარის ნაპირზე ვსხდებით ხოლმე და მის მეგობრებთან ერთად ვსვამთ კარგ ფრანგულ ღვინოს. ახლახანს ისე მოხდა, რომ ეს სახლი მეზობლებმა დაუწვეს. ფული ვერ იშოვა მუშების დასაქირავებლად და თავად დაიწყო მისი აღდგენა. ვეჩხუბებოდი, ჯერჯერობით გაანებე თავი, შენ როგორ შეძლებ მარტო სახლის აშენებას-მეთქი, მაგრამ რომ ააგდო ქვა და თავისი ბურგუნდიული თავი შეუშვირა, აზრი ვეღარ შევაცვლევინე. ხოდა, ერთ წვიმიან დღეს, სულელს ძელზე ფეხი დაუცდა და მიწაზე მოადინა ზღართანი. 

ახლა ისეთ დღეშია, ლოგინიდან ვერ დგება. მომწერა, არ ინერვიულო, სანამ ჩამოხვალ, წიგნების კითხვით შევიქცევ თავსო. პლუტარქეს კითხვა დაუწყია და აღფრთოვანებულია, მწერს, თვალს ვერ ვწყვეტ, მე კიდევ მეგონა ძველი ბერძნები მკვდრები იყვნენო. ერთი სული მაქვს, მალე ჩავიდე, მაგრად ჩავეხუტო და მერე ერთად წავიკითხოთ პლუტარქე. მომენატრა ჩემი კოლა, ჩემი შეყვარებული ბრონიონი, ლაზღანდარა, ლოთი-შფოთი, სულელი, განცხრომის მოყვარე და კეთილი კოლა. 

მარტო იმიტომ კი არ მიყვარს, რომ ამდენი რამ გვაქვს საერთო. კოლა ჩემთვის საფრანგეთის ცოცხალი სახეა, ჩემი მეორე შეყვარებულის, რომელსაც, კოლასგან განსხვავებით, არასოდეს ვღალატობ ხოლმე (ჯანდაბას, გამოიყენოს გუგლის თარგმანი, გულის სიღრმეში ხომ მაინც ეჭვობს, რომ გვერდზეც ვიყურები, არა?). 

რა ვქნა, ჩვენი სიყვარულის ისტორია უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ჩემი და საფრანგეთის. საფრანგეთი რომ შემიყვარდა, ბიჭები მაშინ სულ არ მიზიდავდნენ. ან იქნებ სულ ცოტათი. ერთი გოგო ფრანგულ სკოლაში დადიოდა და იმის გრამატიკის წიგნს ვთხოულობდი ხოლმე, თან ვთხოვდი, აეხსნა, რა როგორ იკითხებოდა. მაშინ ეკზიუპერი, დიუმა, ბალზაკი და ვოლტერიც კი სულ ზეპირად ვიცოდი. ის კი არა, ისეთ უცნაურ ნოველებსაც ვკითხულობდი საფრანგეთის ხათრით, როგორიცაა შატობრიანის „რენე“. გსმენიათ რამე შატობრიანის რენეზე? რაღაც ვერთერის ვნებების მსგავსია. არც არავის სმენია და ნუ მოიწყენთ, თუ ვერ გაიხსენეთ. ჰოდა, ის რენეც კი მიყვარდა. ისე არა, როგორც ჩემი კოლა, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტათი მაინც.  

მიყვარს ჩემი კოლა, ვიანი მიყვარს თავისი პიანოქტეილით და სიურეალისტური ახირებებით, ლავანდის მინდვრები, კრუასანები საუზმეზე, ლორან გარნიეს très ფრანგული ტექნო... გერლენის  სურნელი, ბებერი ჟაკ ბრელი, ნორმანდიის კლდოვანი ნაპირები, Louise Attaque, როდენი და მისი ცხვირგატეხილი კაცი... კამიუ, საყვარელი კამიუ და მისი გაუცხოებული მერსო, რძიანი ყავა რომ უყვარდა... ახლა ჟაკ პრევერი და მისი „ფორთოხალი მაგიდაზე“, ან Noir Desir და მათი You can scream it, Lola, კი არა და you should, ისეთი მაგარი როა, მერე სოვინიონ ბლანს ისეთ გიჟ ფილმს რომ დააყოლებ, ბესონის რომ არის, აი ის, წვერიან კაცს რძე და ერთი ჩოლკიანი გოგო რომ უყვარდა, ოკ? and stop saying all the time ok, ok? 

P.S. კოლასი არ იყოს, ამ პოსტს მეც ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ. მას ბლოგი არ აქვს, საღამოს მოიდგამს ხოლმე ღვინის ბოთლს და რვეულებში წერს რაღაცებს. ტყუილად ხომ არ ვარ პაპაჩემის შვილიშვილი, რომელიც ისე არ დაიძინებდა, რომ ძილის წინ არ ჩაეწერა, რამდენი ბოთლი ღვინო დაელია და ამოენთხიაო, ხუმრობს ხოლმე. უბრალოდ უყვარს ხოლმე იმის დაწერა, რაც უფიქრია, დაუგროვებია. ისევე, როგორც მე. ამ პოსტს რომ ბევრი მკითხველი არ ეყოლება, ისეც ვიცი. დედაჩემის თაობა იტალიაზე გიჟდება, ჩემი - ბრიტანეთსა და ამერიკაზე. საფრანგეთი...გოგოებს მასზე შანელი ახსენდებათ, ბიჭებს ჰა ჰა ანატოლ ფრანსი, უფრო კი ფრანგული კოცნა და ასეთი რამეები. ჩვენთვის სულ ერთია, ჩემთვის და კოლასთვის. ერთსაც გადავკრავთ და დასაძინებლად გავეშურებით. À la France! et, bon, à la vie <3 

აი, ლოთი გიიომ კანეც ჩვენთანაა თავისი საქეიფო რომანტიკული სიმღერით „ნი გავარი ნიკამუ - Ne le dis à personne“. Yo! :D :D განსაკუთრებით იმაზე ვხალისობ, ის ქალი რომ გამოვარდება, გაჩუმდით თორემ პოლიციას გამოვუძახებო და ჟილ ლელუშიც, საყვარელი: „გავჩერდებით მადამ, ახლავე“. : ))

Wednesday, April 6, 2011

პირველი აპრილის სინდრომი


საშინელი მატყუარა ვარ. საშინელი იმ გაგებით, რომ ძალიან უნიჭო ვარ ტყუილების მოფიქრებაში. ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც საპირველაპრილო სტატიის დასაწერად პროგრამა გავხსენი და კლავიატურაზე თითები გამიშეშდა. მთავარი, რაც მინდოდა, იყო ის, რომ თქვენ, ანუ ჩემი მკითხველი გამეცურებინეთ. თავში მართლა საოცარი და ამასთან, გულუბრყვილო იდეები მომივიდა. მაგალითად, ვიფიქრე დამეწერა ანიმალისტური ტენდენციების შესახებ, რომლებიც იმდენად გაძლიერდა, რომ მთელი რიგი ხელოვანი ადამიანების შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. აგერ შანელის სახლი თავის ცნობილ ლოგოტიპს ლეოპარდის ტყავის ნახატით ცვლის, გას ვან სენტი დოკუმენტური ფილმების ციკლის გადაღებას იწყებს ცხოველებზე, ხოლო მთავარი აქსესუარი შემდეგ სეზონებზე ცხენის რბილი კუდი იქნება, რომელსაც ქამრებზე უკან ჩამოკიდებულს ვატარებთ.
თქვენი დაბნეული და შეშინებული სახეების წარმოდგენაზე ამ თემაზე წერის აზარტი, რომელიც მანამდეც თითქმის არ მქონდა, მთლიანად დავკარგე. ვის სჭირდება, რომ მაღაზიებში რეკვა დაიწყოთ, მიიღეს თუ არა კუდების ახალი პარტია? მე არა. დიდი იმედი მაქვს, რომ არც თქვენ. მითუმეტეს, რომ სტილთან თუ მოდასთან დაკავშირებით უკვე არსებობს რამდენიმე ტყუილი, გნებავთ მითი თუ მცდარი წარმოდგენა, რომლებიც საპირველაპრილო ხუმრობებისგან განსხვავებით, მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდითაა. შესაძლოა, ზედმეტად არამეინსტრიმული საქციელია, დღეს ტყუილების ლაპარაკის ნაცვლად მათ გაბათილებას მივყო ხელი, მაგრამ ვინ თქვა, რომ მეინსტრიმს სტილთან რაიმე საერთო აქვს? მოდასთან, ბუნებრივია, აქვს. თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე.

Sunday, April 3, 2011

2019. Paris. Continue...

წინა ღამით ოდნავ ბევრი დავლიე. არა, საკმაოდ ბევრი. დილით რომ გავიღვიძე, თავი საშინლად მტკიოდა, მაგრამ თავს მაინც დიდებულად ვგრძნობდი. სპილოსძვლისფერი ქვედა საცვალი მეცვა, მბზინავი თვლებით გაწყობილი. საკმაოდ მხნედ ვიგრძენი თავი. ავდექი, ჭუჭყიანი ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში შევდე, ჩავრთე და იატაკის წმენდას შევუდექი. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც დედოფალი, რომელმაც თავისი სამეფოს წესრიგში მოყვანა გადაწყვიტა. მეცვა მბზინავი თვლებით გაწყობილი საცვალი.

ბობოქარმა ღამემ მაინც თავისი გაიტანა, იატაკზე წამოვწექი, თავზე ხალიჩა გადავიფარე და ჩავთვლიმე. დამესიზმრა, რომ 2019 წელი იყო, პარიზში, ჩემს ბინაში ვიყავი და მიუხედავად არაპარიზული ინტერიერისა, ირგვლივ სიმშვიდე და საოცრად კომფორტული გარემო იყო. შემდეგ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გავაღე და ჩემი ნათესავი დავინახე, კლერი, ღაწვებსა და შუბლზე ახალი, მოდური ლითონის ბურთები ჩაემონტაჟებინა და შესანიშნავად გამოიყურებოდა. შემდეგ ჩემი თავი დავინახე, მსგავსი აქსესუარებით სახეზე. კლერს დაჯდომა შევთავაზე, მე კი ყავის მოსამზადებლად სამზარეულოში გავედი.

ოდნავ გონს რომ მოვედი, ხელში ფინჯანი ყავის ნაცვლად წითელი ღვინით სავსე ბოკალი მეჭირა და მელიქიშვილზე სასტუმროში ხალხით სავსე პატარა დარბაზში ვიჯექი. ხალხი რაღაც ფილმს უყურებდა. უცებ მივხვდი, რომ მეც მათთან ერთად ვუყურე იმას, რაც მეგონა, რომ თავს გადამხდა. მე დაიან პერნეს ფილმების ფესტივალზე ვიყავი.




არც კი მახსოვს, მოგიყევით თუ არა, ვინ არის დაიან პერნე. იგი მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, შეიძლება ითქვას, საკულტო ბლოგერია, იყო დიზაინერიც, შემდეგ დაინტერესდა მოდის ჟურნალისტიკით. ცხოვრობს პარიზში. ყოველწლიურად ატარებს ფესტივალს A shaded view on fashion film (ASVOFF), რომელიც 2 აპრილის საღამოს თბილისში საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.


დაიანი თავის ჩვეულ, მგლოვიარე ქალის ფორმაში. ვუთხარი, რომ მოდის ბლოგერი და კოლუმნისტი ვიყავი და ისიც დიდსულოვნად დამთანხმდა საუბარზე. საშინლად ხმამაღალი მუსიკა ისმოდა და ჩვენც ყურში ვუყვიროდით ერთმანეთს. ცოტა უცნაურად ვგრძნობდი თავს ასეთ დისტანციაზე ასეთ ლეგენდარულ და ჩემთვის მისაბაძ ადამიანთან. მითხრა, რომ მოდის ინდუსტრიის დემოკრატიზაციისთვის ინტერნეტი და ბლოგი მთავარი იარაღია. ისიც, რომ ძალიან არის მოხიბლული ქართული არქიტექტურით, კონკრეტულად კი თბილისური აივნებით. მათი ფოტოები უკვე ბლოგზეც დადო. სამახსოვროდ კი ეს ჩამიწერა ბლოკნოტში:


I will <3

გავაგრძელებ ასევე fashion არტჰაუსის ფილმების ყურებას. გული მწყდება, რომ აქამდე ამ სუბ-ჟანრით არასოდეს დავინტერესებულვარ. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი ფესტივალიდან:


კიდევ ერთი:


ყველაზე მეტად რაც მომეწონა, სამწუხაროდ იუთუბზე ვერ ვპოულობ. შევეცდები ვნახო ტორენტებზე და მოგვიანებით გაჩვენოთ.

P.S. კარგი იქნებოდა, ფეის კონტროლის მსგავს დეტექტორს რომ გამოიგონებდნენ, რომელიც ზუსტად აჩვენებს, ადამიანს აინტერესებს ხელოვნება თუ უბრალოდ „სვეცკი“ ღონისძიების გაცდენა არ უნდა. საშინელებაა, როცა სუნთქვაშეკრული უყურებ ფილმს და ამ დროს ათი ადამიანის ჭორაობა მაინც გესმის, „ვატომ რა მანქანა იყიდა“ და „ისეთი დაბადების დღე გადაიხადა, რომ გაგიჟდები“ თემებზე... ტექსტიანი ფილმებიდან აზრი ვერ გამოვიტანე. 

Friday, April 1, 2011

ბასტიან დე ალმეიდა - Nessuno Interessante?

Nessuno Interessante -  საქართველოს მოდის კვირეულის პირველ დღეს ეს ყველაზე ლაკონური და ზედმეტად მკაცრი შეფასება იყო, რაც მოვისმინე. ავტორი ერთ-ერთი  სტუმარი გახლდათ, რომელმაც ვიღაცას მობილურით საუბრისას აცნობა ჩვენების შემდეგ, რომ აქ „არაფერი იყო საინტერესო“. არ ვიცი, როგორი მოლოდინი ჰქონდა ამ ადამიანს, შესაძლოა ფიქრობდა, რომ ამ ჩვენებაში რაიმე ახალს აღმოაჩენდა ან რაიმე ამის მსგავსი. 

ჰო, მართლა, გუშინ საქართველოს მოდის კვირეულის (შემოდგომა-ზამთარი 2011) პირველი დღე იყო, რომელიც ბასტიან დე ალმეიდას გამოფენამ გახსნა რუსთაველის თეატრში. ბასტიან დე ალმეიდა (Bastien de Almeida) ამერიკული ვინტაჟ ტანსაცმლის ცნობილი კოლექციონერია. აქვს ბუტიკი პარიზში, სადაც ტანსაცმლის გარდა, წიგნებს და ვიდეოებსაც შეხვდებით. დაიან პერნე თავის ბლოგზე წერდა, რომ ალმეიდა „საკმაოდ დენდია“, რაშიც უკვე აბსოლუტურად ვეთანხმები. სხვა სიტყვა მის დანახვაზე თავში არ მოგივა. 

ჩვენებაში ჩანდა ის, რაც ასე ძალიან უყვარს ალმეიდას - ამერიკული ვინტაჟი. იმის თქმა, რომ აქ არაფერია საინტერესო, უსამართლობაა, ეს ნიშნავს, რომ ისტორია არ გაინტერესებს. თუმცა იყო არც ისე ლამაზი კაბებიც. იყო ძალიან, ძალიან ლამაზებიც. აქვე დავდებ რამდენიმე ფოტოს, რომ უკეთ იგრძნოთ განწყობა, რომელიც ძალიან საბედისწერო ქალის სახის, გასული საუკუნის ფუფუნების, ამერიკული გლამურის სინთეზმა შექმნა: