Sunday, October 30, 2011

All that jazz

Would you be so kind not to speak until the concert is over? ვინ არიან ესენი. ან ხმას მაინც დაუწიეთ. ლარი ქორიელს ველაპარაკები.

ველაპარაკები რა. ის გახარებული გვეუბნება, you Tbilisi people have got a rhytm-ო. ტაშს ხო არ დავუკრავ, ამიტომ თავს ვუქნევ. ხელები ისეც დაკავებული მაქვს, ეს ესაა ბარში როზე დამისხეს. ისეთია, მოგანდომებს საერთოდ ვერ ერკვეოდე ღვინოებში, ერთი ბეწოთიც კი - ბუკეტი გაურკვეველია, დომინანტი ნოტებიდან მხოლოდ სინთეტიკური ვარდი იგრძნობა, ყველანაირი კენკრის თუ ციტრუსის გარეშე. 

სამაგიეროდ, ლარის მუსიკა, როგორც ჯონ ვურდემანი იტყოდა, მზეა, სითბო. მაგრები არიან ეს ბებერი იანკები. ჩემი ყურები მხოლოდ future jazz-ისთვის მეგონა იყო შექმნილი, ახლა კიდევ ერთ რამეს ვხვდები, ყველანაირი საუნდი, რომელსაც ასეთი სიყვარულით გადმოგცემენ, ასეთი ბედნიერი და განათებული სახეებით, მთელი სხეულით, ლამაზია ყველანაირი სტილის ჩარჩოების მიუხედავად. Screw style! And u are reading the blog of style seeker :D

არადა, ნიკა ესებუა (ჩემი თანამშრომელია ტაბულაში, კინოზე რომ წერს ხოლმე, ის) როგორ თანამიგრძნობს, რომ ჯაზ ფესტივალზე ყოფნა დამავალეს. რა თქმა უნდა, ნიკა უსაზღვროდ კეთილია, მაგრამ, ეს ავტომატურად ისეც გამოუვიდოდა, რომ წარმოიდგენდა საკუთარ თავს ჩემს ადგილზე. ჩვენ ხო ინდით, პანკ როკით, ელექტრონიკით ვარსებობთ.

ლარი, შე ბებერო. რაო, რას ამბობ? თუ რამეს აკეთებ, აი, ასე, ენდორფინებით დამუხტულმა უნდა აკეთო, ისე ფასი არ აქვსო? აჰა. მაშინ ჯობია ეს როზე სადმე ფეხებთან დავიდგა. რათ მინდა ალკოჰოლი ასეთი მუსიკისგან ემოციის მისაღებად? ამ ადგილას, ივენთ ჰოლში, ორი დღის წინაც ძალიან სიგიჟე იყო. მაშინ სკამები არ იდგა და ჩვენ ფეხზე  მდგარები ვცეკვავდით სონი ემორის ძალიან ენერგიულ, ძალიან რიტმულ ჯაზზე.

მაგრამ სონის მუსიკა ცარიელი სექსი იყო. ეს კიდევ, ლარის რიტმები - სიყვარულია. ძლივს არ ვისწავლე ამ ორი რაღაცის ერთმანეთისგან გარჩევა.

ორშაბათს ესებუას ყურები უნდა გამოვუჭედო, სანამ ჩემი მაგიდიდან მორიგი კრუასანის აწაპვნას მოახერხებდეს.

Thursday, October 20, 2011

ჰემინგუეისთან შესახვედრად, ილუზიების გარეშე


მოგეწონებოდათ, მოულოდნელად გასული საუკუნის ოციან წლებში რომ აღმოჩენილიყავით? აი, ასე, უბრალოდ, დროის მანქანების და მსგავსი წარმოუდგენელი მოწყობილობების გარეშე, გასულიყავით ქუჩაში და უეცრად ძველი ავტომობილების, არათანამედროვედ ჩაცმული ხალხის, ძველებურად მოწყობილი კაფეების სამყაროში მოხვედრილიყავით?

ხანდახან ადამიანებს გვეჩვენება, რომ არასწორ დროსა და ადგილზე დავიბადეთ და ვიწყებთ ხოლმე უმიზნო ოცნებას იმაზე, თუ სად, რომელ ეპოქაში ვიცხოვრებდით ბედნიერად. ამისთვის ოციანი წლები, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში ევროპას მივიღებთ, მართლაც მშვენიერი პერიოდი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიანებით ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტზეც ძალიან საინტერესო ხანა იწყება. ფიქრებით რენესანსის პერიოდსაც შეიძლება გადაწვდე, ან სულაც იფიქრო, რომ ანტიკური ხანის ფასეულობები შენთვის ყველაზე მისაღები იქნებოდა. ბოლოსდაბოლოს, ეპოქის ფასეულობებს რომ თავი გავანებოთ, წვიმის წყალი იქნებოდა ისეთი სუფთა, რომ ნიაღვარშიც სიამოვნებით ვირბენდით და არ ვიფიქრებდით მჟავებსა და გლობალურ დათბობაზე.

ისე კი, ვისაც წვიმაში სირბილი უნდა, ამას ისეც აკეთებს. მაგალითად, ჰოლივუდის სცენარისტი გილი, ვუდი ალენის ახალი ფილმის, "შუაღამე პარიზში"-ს მთავარი პერსონაჟი. სამაგიეროდ, გილს სულ სხვა ამბები აწუხებს - ილუზიები იმაზე, რომ "იქ უკეთესია, სადაც ჩვენ არ ვართ". ამიტომაა, რომ საფრაგეთის დედაქალაქში ჩასული, ყოველ შუაღამეს 20-იანი წლების პარიზში ხვდება, სადაც უამრავ საინტერესო პიროვნებას გაიცნობს: ჰემინგუეის, პიკასოს, ფიცჯერალდს, სალვადორ დალის...

მგონი, ალენის ფილმი ძალიან კარგი გამოვიდა. მსუბუქი, ძალიან მხიარული, დასამახსოვრებელი პერსონაჟებითა და ფრაზებით, რაც მთავარია, ზედმეტად ინტელექტუალური ფილმის პრეტენზიის გარეშე. მისი ყურების შემდეგ იგებ - ყველაზე კარგი და ნამდვილი ის დროა, რომელშიც ცხოვრობ, მის საინტერესოდ გასატარებლად კი გამოგონილი სიტუაციები თუ გმირები სულაც არაა საჭირო. თუმცა, ამდენ მაგარ ბიჭთან "შეხვედრის" შემდეგ ეს შეიძლება არც ისე იოლი იყოს - შენც გინდება სიურეალისტებთან გართობა, ჰერტრუდ სტაინთან სტუმრობა, ჰემინგუეისთან საერთო ენის გამონახვა, la belle epoque... მე კი, 20-იანების კოსტიუმებით მოხიბლული, ამ თემაზე ვფიქრობდი და უცებ მივხვდი, რომ ჩვენთვის სრულიად არაა აუცილებელი ვუდი ალენმა თავის გიჟურ ფილმებში გვათამაშოს, რომ სხვა პერიოდში ცხოვრების ილუზიის შექმნა შევძლოთ. ამისთვის არსებობს მოდა, რომელიც იოლად გადაგიყვანს სამოცდაათიანებში, სამოციანებში... და რა ხშირადაც არ უნდა დავაბრალოთ დიზაინერებს იდეების ნაკლებობა, ეს მაინც სახალისოა - იცხოვრო ილუზიების გარეშე, მაგრამ სხვა ეპოქის ტანსაცმელში გამოწყობილმა.