Sunday, February 17, 2013

ზადიგი, ანუ ბედისწერა


ზადიგს პარიზში შევხვდი. 
ერთი შეხედვით ცხადი იყო, რომ ყველას არ ჰგავდა. მზიან, საკმაოდ თბილ დღეს ტყავის ქურთუკი და პანკური სტილის ფეხსაცმელი ეცვა და რა თქმა უნდა, გრძელი შარფი ჰქონდა შემოხვეული, ისე, როგორც ნამდვილ პარიზელს შეეფერება. სწორედ ეს გამოარჩევდა ყველა იმ ლონდონელი, ამერიკელი თუ სკანდინავიელი ტიპებისგან, ვინც როკენროლს უსმენს და ამ სტილის მიბაძვით იცვამს.
მოგვიანებით გავარკვიე, რომ ზადიგი მისი ნამდვილი სახელი არ იყო. საკუთარ თავს ახლაც Zadig&Voltaire-ს უწოდებს. საინტერესო ჩაცმულობა აქვს, რომელიც ბოჰემის, გრანჟის, ანარქიის ხასიათზე გაყენებს. ისე კი, მის შესახებ წარმოდგენის შექმნა იმ შემთხვევაშიც იოლია, თუ გარეგნულად თვალითაც არასოდეს გინახავს. ამისთვის საკმარისია მის ფლეილისტს გადახედო:
Lilly Wood & The Prick
Poni Hoax
The Dodoz
Yuksek
Acid Washed
Mohini
Ellen Allien
The What's Her Name
Delphine Chaneac
The Ritch Kids
MGMT
Gossip
Mark Ronson
Lissy Trullie
Julian Casablancas

Zadig&Voltaire-ის მუსიკალური გემოვნება მისი განსაკუთრებული ნაწილია. კომპილაციები ბრენდის მაღაზიებში ცალკე იყიდება, მასში შესული მუსიკის შემოქმედებს კი ძირითადად ერთი საერთო თვისება აქვთ - როკენროლის სიყვარული. თუმცა, ზადიგის მუსიკის აღმოჩენისკენ მიმავალ გზაზე ჯერ ერინ უოსონს და პიტერ ლინდსტრომს გადავეყარე. მათი მონაწილეობით გაკეთებულმა ქარიზმატულმა და ძალიან დასამახსოვრებელი კამპანიებმა Zadig&Voltaire-ს კარგი პრეზენტაცია გაუკეთა. დღეს ეს ბრენდი ურბანულ chic-თან ასოცირდება. როგორც თავად მისი შექმნელი ამბობს, ეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს - რბილი ქიშმირისგან, ბამბისა და აბრეშუმისგან შეკერილი სამოსი, მშვიდი ფერები, უფრო მეტიც, ხელმისაწვდომი ფასები Zadig&Voltaire-ს განუმეორებელს ქმნის.