Wednesday, December 22, 2010

წერილი თოვლის ბაბუას


როგორ უნდა მოიქცე, რომ ოცნებები აგისრულდეს? ძალიან, ძალიან უნდა გინდოდეს და ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ისინი ფრთებს შეისხამენ, გულში ბევრჯერ გაიმეორო, თუ ოცნებას შეეშვა და რეალურ ქმედებაზე გადახვიდე? ფსიქოლოგიის მეცნიერთა თვალსაზრისით, ყველა ეს მეთოდი გონივრულია, თუმცა როდესაც კარს ახალი წელია მომდგარი, სხვა, უფრო მარტივი გამოსავალიც არსებობს - ადგე და თოვლის ბაბუას წერილი მისწერო.
კარგად რომ დაფიქრდები, ეს გამოსავალი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როგორ შეიძლება მისწერო იმას, ვისი მისამართიც არ იცი? აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნის თოვლის ბაბუებს შორის ჩვენი ყველაზე მისტიკურია. კანადელი სანტა კლაუსის მისამართი იოლად გავიგე, ასე ვთქვათ, შემთხვევით, ისე რომ არც კი მიძებნია - სანტა კლაუსი, ჩრდილოეთი პოლუსი, საფოსტო კოდი - H0H 0H0. ფინელებსაც კარგად ჰქონიათ საქმე აწყობილი - მათ ზუსტად იციან, რომ მათი სანტა კორვატუნტურში ცხოვრობს, თუმცა მთავარი საფოსტო ოფისი როვანიემში ჰქონია მოწყობილი. ჰოდა, სხედან დასავლეთში ბედნიერი ადამიანები, წერენ წერილებს და ზუსტად იციან, რომ ისინი ადრესატამდე მიაღწევს. ჩემი თოვლის ბაბუა კი სადღაც, მთებში ცხოვრობს და ბინ ლადენივით გვემალება საჩუქრებს დანატრებულ ქართველებს.

Thursday, December 16, 2010

This Is Happening ამერიკულად


პარიზის მშვენიერება რაღაცნაირად სევდიანიად მხიარულია. მე ვიყავი საშინლად მარტო და მივიწყებული მანჰეტენზე. ყურესთან რომ სახლი მაქვს, იქ ვბრუნდები. როდესაც მოვალ შენთან, სან-ფრანცისკო, შენი ოქროსფერი მზე ჩემთვის გაანათებს.
გახსოვთ არა, ტონი ბენეტის ეს დაუვიწყარი ნოსტალგია? მსგავსი შეგრძნება პერიოდულად მიჩნდება ხოლმე, როდესაც ევროპის პოდიუმებზე წარმოდგენილ ძალიან მდიდრულ კოლექციებს ვათვალიერებ, ვერსაჩეს და დიორის პომპეზურობა თვალს მჭრის, ძველი ფრანგული სიმღერები კი, უბრალოდ, ზედმეტად პათეტიკურად მეჩვენება. ამერიკული სტილი არ გულისხმობს აუცილებლად უბრალოებას, მაგრამ იქაური ყველაფერი მაინც სხვანაირია - მდიდრული, მაგრამ პრაქტიკული, მგრძნობიარე, თუმცა მაინც მსუბუქი და უფრო დინამიურიც.
შობის წინა პერიოდში გინდა მაღაზიებში საჩუქრების შესაძენად ირბინო, ყურსასმენებით დინ მარტინის let it snow ატარო (დამეთანხმეთ, არ არსებობს ამაზე საშობაო სიმღერა) და სასწაულს დაელოდო. თუ თქვენ ათ წელზე მეტი უკვე შეგისრულდათ, თოვლის ბაბუისა და სანტასი ალბათ აღარ გჯერათ (ძალიან შევწუხდები, თუ ენამ წინ გამისწრო), თუმცა სასწაულის შეგრძნება, რომელიც ბავშვობაში ასეთი ძლიერი და ყოვლისმომცველი იყო, რთულად დასავიწყებელია.
საახალწლო სასწაულებზე ფიქრი რომ დავიწყე, მაშინვე ამერიკა გამახსენდა. შესაძლოა სხვა ქვეყნებში შობა-ახალ წელს ძალიან ლამაზადაც აღნიშნავდნენ, მაგრამ იანკებს ამაში ტოლს ვერავინ დაუდებს. შობაზე გადაღებული ფილმებიდან ამერიკული ყველაზე ამაღელვებელი, ყველაზე საშობაოა, თუ არაამერიკელი რიჩარდ ქერთისის "ნამდვილ სიყვარულს" (Love Actually) არ ჩავთვლით, რომელიც დეკემბერში ჩემს აუცილებლად სანახავი ფილმების სიას უდგას სათავეში.

Monday, December 13, 2010

Le croissant du trottoir

არის ხოლმე მომენტები, როცა თავი აბსოლუტური ბურჟუა მგონია. ობივატელი, რომელიც წვრილმანი, ძალიან პირადი სიამოვნებებით ცხოვრობს და სხვა ყველაფერი სულელურად მიაჩნია. ეს, ალბათ, მეშჩანურ-ჰედონისტური დამოკიდებულებაა. რა ვქნა, ნაკლებად მჯერა ადამიანების, რომლებიც წვრილმანებით მაქსიმალური სიამოვნების მიღებას არ ცდილობენ. მოკლედ, გადავწყვიტე ფილიპ დელერმის ჩემი საყვარელი ობივატელური ჩანახატი მეთარგმნა. ეს ლიტერატურული თარგმანის ჩემი პირველი, უპრეტენზიო მცდელობაა, ამიტომ კრიტიკას ნუ დაიწყებთ, უბრალოდ წაიკითხეთ, თუ იზიარებთ ცხოვრების ჩემეულ ესთეტიკას. კიდევ ერთი, ის თარგმნილია არა მხოლოდ ფრანგულიდან, რუსულიდანაც. ამ ენაზე ისე ბრწყინვალედ ითარგმნა, რომ მომენტებში ორიგინალს ჯობს კიდეც. ჰოდა, ცდუნებას ვერ გავუძელი და ეს მომენტები რუსულიდან მოვიპარე.

კრუასანი ქუჩაში

გაიღვიძო ყველაზე ადრე. უჩუმრად, როგორ ინდიელმა, ჩაიცვა, გახვიდე გარეთ. მესაათის ზუსტი მოძრაობებით გააღო და მიხურო გასასვლელი კარი შენს უკან. არის! ქუჩაში დილაა, ლურჯი, ვარდისფერი არშიით - შეხამება უხამსი იქნებოდა, რომ არა სტერილური სიცივე. ყველა ამოსუნთქვაზე პირიდან ორთქლი ამოდის. თავისუფლად, მსუბუქად გრძნობ თავს ქუჩაში გამთენიისას და კარგიც კია, რომ საცხობამდე ფეხით გავლაა საჭირო. თითოეული ნაბიჯი - დღესასწაულია. მიაბიჯებ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, კერუაკივით, შენ ყველას და ყველაფერი დაასწარი. საკუთარ თავს იჭერ იმაში, რომ ტროტუარის კიდეზე მიაბიჯებ, როგორც ბავშვობაში, როცა ყველაზე საინტერესო ყოველთვის კიდეზე სიარული იყო. შენ ჩუმად გამოსტაცე დღეს დროის სუფთა პორცია, სანამ ყველას ეძინა.


თითქმის ყველას! აქვე სადღაც უნდა ენთოს და ათბობდეს საცხობის ვიტრინა, მართალია ნეონის შუქით, თუმცა თავად სითბოზე ფიქრი აძლევს მას ქარვის თბილ ფერს. რომ მიუახლოვდები, შუშა დაორთქლილი უნდა იყოს, მცხობელმა კი ის გულღია სალამი შემოგაგებოს, რომელსაც ყველაზე პირველი კლიენტებისთვის ინახავს.


- ხუთი კრუასანი და ბაგეტი, არც ძალიან დამწვარი!


ჯიხურის სიღრმიდან ამოყვინთავს მცხობელი ფქვილით მოსვრილი მაისურით და გიგზავნის მისასალმებელ ჟესტს, როგორც ამხანაგი ბრძოლის წინ. 


და აი, შენ კვლავ ქუჩაში ხარ. გრძნობ, უკანა გზა სულ სხვა საქმე იქნება. ქუჩა ისეთი ცარიელი აღარ არის, ბაგეტით ერთ ხელში და კრუასანების შეკვრით მეორეში წაუბურჟუებ. სამაგიეროდ, კრუასანი მიგაქვს. ის თბილია და რბილი. გამოდის თითქოს ზამთრის დილა იქცა კრუასანის შიგთავსად, შენ კი - ღუმელი ხარ, სახლი, თავშესაფარი. მიდიხარ უფრო ნელა, მიგაქვს შენი სინათლე ამ მონაცრისფრო-ვარდისფერ სილურჯეში. დღე მხოლოდ იწყება, საუკეთესო კი უკვე შენთანაა.



P.S. ჰო, სინამდვილეში ის ობივატელურ-ჰედონისტური ამბები შესავალი იყო.
ამასწინათ ნატალიას საკონდიტროს გახსნის იდეა დაებადა, მე და ქეითმა კი დახმარება შევთავაზეთ. იმედია, ბაბისაც შემოგვიერთდება, ხო იცით რა დესერტებს აკეთებს ხოლმე. ეს პოსტი საკონდიტროს, რომელიც დილით ძალიან ადრე გაიღება ხოლმე, პირველი რეკლამაა, მენიუში კი ნაირნაირი ტკბილეულობა, ფრანგული კრუასანები და იტალიური ნაყინი გელოდებათ. კრუასანებზე კი დელერმის ფანებს პირადად მე, კრუასანების მცხობელი, ფასდაკლებას ვთავაზობ. ეხლა ნატალიას აწეული წარბებიც დავინახე, ამიტომ წინასწარ ვაზუსტებ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ჰონორარიდან გამოიქვითება.
ვიტრინაზე კი კარგად მოაკაკუნეთ.
დილით ძილი ჩემთვის, ბურჟუა ჰედონისტისთვის ყველაზე დიდი ცდუნებაა.

Thursday, December 9, 2010

პარფიუმერული მანია - საბოლოო დიაგნოზი?


პარფიუმერულ მაღაზიაში შევიარე. ისე, უბრალოდ. სუნამოს შეძენას არ ვაპირებდი, მაგრამ ვერსაჩეს ახალმა სუნამომ ოდნავ დამაფიქრა. მერე გამახსენდა, რომ მსგავსი სურნელით უკვე მქონდა გუჩის Flora და ჩემში პრაგმატულმა მყიდველმა გაიღვიძა. ასე დავტოვე მაღაზია, ჩემი კოლექცია კი ახალი სუნამოს გარეშე.
ორიოდე დღით ადრე, როდესაც მეგობარი ჩემი ტუალეტის მაგიდაზე სუნამოებს იკვლევდა, სხვათა შორის განაცხადა: "ქალს ბევრი სუნამო უნდა ჰქონდეს". ეს არც ფაქტის კონსტატაცია იყო და არც შენიშვნა, რადგან ჩემი სუნამოების კოლექცია არც ძალიან პატარაა (დაახლოებით ოცამდე არომატს ითვლის) და არც პარფიუმის მანიაკის შესაფერისი. მაშინ დავფიქრდი - რატომ უნდა ჰქონდეს ქალს ბევრი სუნამო? თუ ეს აქსიომაა, ვრცელდება თუ არა ის მამაკაცებზეც?
ჩემს ნაცნობებში არიან ადამიანები, სუნამოს სრულიად რომ არ ხმარობენ. მათთვის ეს თემა არააქტუალურია. არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც არომატების მრავალფეროვნება სიცოცხლეს უმწარებთ. ასეთი იყო მარჩელო მასტროიანი, რომელიც კატრინ დენევს უჩიოდა სუნამოების მეტისმეტად ხშირი ცვლის გამო. ჩემს ვირტუალურ ნაცნობებში ისეთებიც მოიძებნებიან, რომელთა სუნამოების კოლექცია რამდენიმე ასეულ ერთეულს მოიცავს. ცხადია, ყველა ეს ადამიანი უმცირესობის წარმომადგენელია. უმრავლესობას კი, სტატისტიკის მიხედვით, ხუთი-ექვსი პარფიუმი მაინც აქვს, რომლებსაც სისტემატურად ხმარობს განწყობის, სიტუაციისა და ამინდის შესაბამისად.

Tuesday, December 7, 2010

ილის, შურიანი ცოლის და ჩვენი ვურდემანის ამბავი

ჯონი კარგი ტიპია. იმიტომ კი არა, რომ ამერიკელია, რომელიც ჩემი ქვეყნის კულტურაზე გაგიჟდა და აქ გადმოსახლდა. არც იმიტომ, რომ ჩემზე მეტად უყვარს ქართული ტრადიციული მუსიკა  და ღვინო და ფიქრობს საქართველოს მომავალზე. აი, უბრალოდ, კარგი ტიპია, რა. როცა არ იცინის, მაშინაც გგონია, რომ იცინის. ოქროსფერი აურა აქვს და ძალიან კეთილი სახე. მეტყვით ეხლა, ღიმილი ამერიკელების სავიზიტო ბარათია და ბევრსაც არაფერს ნიშნავსო. იანკების მეტი რა მინახავს, მათ შორის ისე რა მომღიმარების, „ჰოლივუდურად“ მომღიმარების, უბრალოდ კულტურის გამო პირმოღებულების. ამ ბოლო ორი კატეგორიისგან ისე უბერავს ყინულიანი ჰაერი, კანზე ბუსუსები გაგიჩნდება. მოკლედ, ვიცი მე, რასაც ვამბობ. ჯონი - კარგი ტიპია.

ჩვენიანი რომ იყო, მაშინ მივხვდი, როცა ჩაი ილით შემომთავაზა და არა კარდამონით. ქართულად მაგრად ლაპარაკობს, თანაც პირველი პირის მრავლობით რიცხვში - „ჩვენ ცოცხალი ლეგენდა გვაქვს, ავსტრალიელები კი ჰაერიდან ქმნიან ლეგენდას თავიანთ ღვინოზე“-ო. მარტო მაშინ გაქვს მომავალი, როცა ინარჩუნებ იმას, რაც შენია და უნიკალურიო, მითხრა. თვითონ თავის კომპანიაში ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდებით ამზადებს და ცდილობს, დაიცვას ქვეყნის კულტურა, რომელიც მისი სამშობლო არ ყოფილა. 

ისე, მხატვარია. თორმეტი წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მომავალ ცხოვრებას ფერწერას მიუძღვნიდა. მერილენდის ხელოვნების სკოლაშიც სწავლობდა, მოსკოვის სურიკოვის ხელოვნების ინსტიტუტშიც. მერე ქართული კულტურით დაინტერესდა, ჩამოვიდა და სიღნაღი ისე მოეწონა, 1998 წლიდან საბოლოოდ ჩვენთან გადმოსახლდა. ამ გაზაფხულზე სიღნაღში ღვინის ბარსაც გახსნის, რომელიც, იმედი მაქვს, მიზეზი იქნება იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს ვნახო ეს ყველას მიერ ნაქები ქალაქი.

ახლა ფერწერას და მეღვინეობას ერთნაირ ყურადღებას უთმობს. „ხატვა ჩემი ცოლია და ღვინო გამოვიდა საყვარელი. ცოლს ახლა მაგრად შურს და უნდა მეტი ყურადღება მივაქციო. მე არ შემიძლია ხატვის გარეშე. დაახლოებით იმას ჰგავს, ჟანგბადი რომ გაკლია“, - ამბობს ვურდემანი. რომ მოისმინოთ, როგორ ლაპარაკობს თავის ღვინოებზე, მიხვდებით, მხოლოდ ფერწერას კი არა, ცოლსაც უნდა შურდეს მათი. 2008 წლის რქაწითელზე ისე მიყვებოდა, თვალებანთებული, როგორც შეყვარებულზე, „ისეთი გამოვიდა, თავად მზე იყო. რომ სინჯავ, თითქოს მზის ენერგიას და ვიტამინებს მიირთმევ“-ო. მე არ გამისინჯავს, მაგრად კი მინდა და თუ დრო გამომიჩნდა, ხვალ საღამოს ღვინის კლუბში შევივლი, სადაც ჯონის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება, თავად კი ლექციას წაიკითხავს ქართული ღვინის პერსპექტივებზე დასავლეთში. 

ჯონის უკეთ გაცნობა თუ მოგინდათ, გადადით აქ, თორემ ცოლი ნინაზეც იეჭვიანებს... ვფიქრობ, ღვინო - ეს უკვე არც ისე ცოტაა.

Thursday, December 2, 2010

Lanvin for H&M

წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში სეირნობის დროს სასახლესთან აღმოჩნდით. მასში თქვენთვის ყველაფერი მიუწვდომელია, რადგან მეტისმეტად მდიდრულად გამოიყურება. ამ დროს სასახლის კარი იღება და მასპინძელი შიგნით მასთან ერთად ჩაის დასალევად გეპატიჟებათ. სწორედ ასე აღწერს ალბერ ელბაზი, ლანვინის კრეატიული დირექტორი H&M-თან თანამშრომლობის ფაქტს. მისი თქმით, ქალების 95 პროცენტს არ შეუძლია თავს ლანვინის შეძენის უფლება მისცეს, ამიტომ მისი დროებითი ალიანსი H&M-თან ამ პრობლემას გადაჭრის და ფუფუნებას გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის.
"ლუქს" კატეგორიის და დემოკრატიული ბრენდების თანამშრომლობის ძირითადი მიზეზი სწორედ ასეთი გახლავთ. რასაკვირველია, ხელმოკლე ადამიანებზე ზრუნვა და ალტრუიზმი აქ არაფერ შუაშია - ეს არაჩვეულებრივი მარკეტინგული სვლაა, რომელიც დიდ მოგებას იძლევა. გავიხსენოთ თუნდაც ქეით მოსის თანამშრომლობა ტოპშოპთან. კოლექცია ჯერ გაყიდვაში არ იყო გასული, როცა მაღაზიებთან უზარმაზარი რიგები ჩნდებოდა და ტანსაცმელი თუ აქსესუარებიც ერთი თვალის დახამხამებაში იყიდებოდა. ამ შემთხვევაში "ლუქსს" ცნობილი მოდელი წარმოადგენდა, რომლის სტილში ჩაცმაც ტოპშოპმა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

Sunday, November 28, 2010

კონსერვატიზმისა და რეფორმების იდილიის შესახებ


ამ კვირაში ბრიტანეთისთვის იმიჯის შეცვლა ჩემს მთავარ მიზნად ვაქციე. გადავწყვიტე, ყველას ვაჩვენო, რომ ნისლიანი ალბიონი ცივი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია პლანეტაზე. ეს არც ისე რთული და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა, რადგან თავად ბრიტანელებმა ის ჩემს მაგივრად შეასრულეს. ყველაზე ნიჭიერად ეს ედრიენ ნიქოლას მეთიუს თოუსს გამოუვიდა. სახელი არაფერს გეუბნებათ? მეეჭვება, რადგან ამ ადამიანის მუსიკას მხოლოდ last.fm -ის გვერდზე 13 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს დაფიქსირებული. უბრალოდ, ის ცოტას ეშმაკობს, რომ ყველამ მაშინვე არ იცნოს, ამიტომაც აიღო ასეთი ფსევდონიმი - Tricky.
მიუხედავად ამისა, უბრალოდ შეუძლებელია მისი ვერ ცნობა, თუმცა მუსიკა, რომელსაც ის ქმნის, ძალიან მრავალფეროვანია და ერთ მიმდინარეობაში არ ეტევა. სამაგიეროდ ხასიათი ყოველთვის შენარჩუნებულია. ან კი გინახავთ ბრიტანელი, ხასიათს რომ ღალატობდეს?!
მაგალითისთვის, მისი ახალი სიმღერა ავიღოთ ასევე ახალი ალბომიდან - Kingston Logic. კომპოზიცია თრიქისთვის უჩვეულო, მექანიკური დრაივით იწყება. ეს არის არა რაიმე მინიშნება, არამედ სუფთა ძველი ფრანგული ჰაუსის რიტმები. ის არის, იწყებ ფიქრს პარიზულ გლამურზე, კლუბურ გარემოზე, ტექნო მოძრაობებზე, რომ უცებ თრიქი შემოდის და მთელი ეს პერსონაჟები ბრისტოლიდან სიგარეტის კვამლის ფონზე, გაუცხოება, ინგლისური, პირქუში ესთეტიკა შენს თვალწინ ცოცხლდება.

ჰო, ეს ის ადამიანი აღარ არის, 15 წლის წინ ტრიპ-ჰოპის ისტორიას რომ ქმნიდა Massive Attack-თან და ბიორკთან ერთად. მადლობა ღმერთს, რადგან ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მუსიკოსს და ზოგადად შემოქმედს დაემართოს, სტატიკურობაა. ამას თრიქის ნამდვილად ვერ დააბრალებ, ის იმაზე მეტად მოძრავიც კი გახდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. თავადაც აღნიშნა, როდესაც ახალი ალბომის, Mixed Race -ის ჩაწერა დაამთავრა, რომ უნდოდა რაიმე ისეთის შექმნა, რისი დაკვრაც კლუბებში იქნებოდა შესაძლებელი. თან დაამატა, ეს ძალიან უჩვეულოა, რადგან სულაც არაფერში მაინტერესებს ეს თქვენი კლუბებიო.
ახალი ალბომი იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ ნიჭიერ მუსიკოსს ყველა ჟანრში შეუძლია ძალების მოსინჯვა ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს - იქნება ეს ჰაუსი, ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, რეგგი, როკი თუ ბლუზი. თუმცა, ამის დასადასტურებლად მისი ნებისმიერი წინა ალბომის აღება შეიძლება. უბრალოდ, ისინი სტილის თვალსაზრისით უფრო შეკრული იყო, Mixed Race კი, როგორც ამას სახელიც გვეუბნება, ნარევია ძველის, ექსპერიმენტების, ჟანრების. შესაძლოა, თრიქი უბრალოდ ახალ საკუთარ თავს ეძებს. როგორც არ უნდა იყოს, მე ამ ევოლუციას სიამოვნებით, კონსერვატორის საყვედურების გარეშე დავაკვირდები. გოუ ბრიტანია!

Thursday, November 25, 2010

How many pirates...Did I say pirates?

გახსოვთ პეპი გრძელიწინდას დილემა - ნამდვილი ლედი ყოფილიყო თუ მეკობრე? პატარაობაში თავს ასეთი დილემებით არ ვიტენიდი. ლედიდ ყოფნა ყოველთვის უფრო მეტად მომწონდა. ეს პრივილეგიებს ნიშნავდა ბიჭებთან შედარებით, ამიტომ ახლა, დიდობაშიც ვერ ვხვდები, ფემინისტები სულ რატომ აფუჭებენ საქმეს უცნაური ინიციატივებით.

მეკობრეები და ყაჩაღები ბიჭები იყვნენ. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან უკეთესად გამოსდიოდათ მეკობრეობა. პირდაპირ ეზოდან გვიტაცებდნენ ხოლმე, რომ ტყვეებად ავეყვანეთ და მერე  დავერწმუნებინეთ, რომ მათი შეყვარებულები გავმხდარიყავით. ეს თამაში მაგრად მიყვარდა. ექვსი-შვიდი წლის ღლაპები, დილით რომ უზარმაზარი თეფშებით ფაფებს გვაჭმევდნენ და საღამოს საბანს გვიკეცავდნენ, უცებ ძალიან მაგარი პერსონები ვხდებოდით ხოლმე და ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ყველაზე დიდი აზარტი მაინც იმას ჰქონდა, რომ მოტაცების მერე თავის დახსნის მიზნით უნდა გავპარულიყავი, ჩემი ყაჩაღი კიდევ ორ ნაბიჯზე მომდევდა, მაგრამ თავს არ მესხმოდა და თმით არ მიმათრევდა უკან. იმიტომ, რომ მე ლედი ვიყავი.

იყო ლედი, არ ნიშნავს იყო ანიკა, რომელსაც გული შეუღონდება ექსტრიმზე, სპონტანურ იდეებზე თვალები შიშით გაუფართოვდება და მოკლედ, სულ წესრიგზე იფიქრებს. პანკობა მაღალ ქუსლებზეც შეიძლება, იმიტომ რომ ეგ თავის მდგომარეობაა და არა დასაბანი თმის. ამ უკანასკნელს ვერასოდეს ვიტანდი. სამაგიეროდ ვგიჟდებოდი კაბების ცვლაზე, დეიდების კოსმეტიკის ჩანთებზე და... ნუ ხო, სუნამოებზე. ყველანაირი მომწონდა, რაც კი სუნამოს ბოთლში ესხა (დამშვიდდით, ჩემ დროს კრასნაია მოსკვა უკვე აღარ იყო). დიდი დრო გავიდა, სანამ არომატების გარჩევას ვისწავლიდი. უფრო დიდი, სანამ საკუთარ სურნელს ვიპოვიდი. (განვმარტავ, ეს ის არის, რომელთანაც თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ, ნებისმიერ ამინდში, სამოსში, ადგილზე. კიდევ უფრო რომ განვმარტო, ეს 1995 წლის ბარბერის სურნელია.)

ასეთის გარდა, კიდევ საჭიროა გქონდეს სხვებიც, რადგან ცხოვრებაში მრავალი სხვადასხვა სიტუაციის, გარემოს, ამინდის მოწმეები ვხდებით. ჩემს კოლექციაში ახლა დაახლოებით ოცამდე სურნელია და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ამ კვირაში ჩემს სვეტში მინდოდა მესაუბრა, თუ რამდენი სუნამო სჭირდება ადამიანს თავი ბედნიერად რომ იგრძნოს, მაგრამ მერე დავფიქრდი, მე ხომ პარფიუმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და რას ფიქრობენ სხვები? რამდენნაირი არომატით ცხოვრობენ, ერთით, ათით, ოცით, იქნებ უფრო მეტით? თუ ერთით, როგორია ის სურნელი, რომელიც მუდმივ კომფორტს უქმნით და სხვისი ძიების სურვილი არ უჩნდებათ?


Wednesday, November 24, 2010

სტილის გაკვეთილი ნისლიანი ალბიონიდან - It`s on with Alexa Chung!


რა შეიძლება უცებ, დაფიქრების გარეშე მოგივიდეს თავში დიდი ბრიტანეთის ხსენებაზე? კელტები, ბარბერის მოდის სახლი, ანა ბოლეინი, 5 o`clock, სთოუნჰენჯი, საზღვაო იმპერია, ლედ ზეპელინი, პურიტანები, გაი რიჩის ფილმები, მუდმივი წვიმა... ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ჩამოთვლილიდან ყველაფერი ძალიან მოგწონს. თავიდან გახსენდება ის, რაც ყველაზე ცნობილია, ტვინი კი ხშირად საუკეთესოს ბოლოსთვის ინახავს ხოლმე. მე არ მიყვარს წვიმა, თუმცა დიდი თაყვანისმცემელი ვარ "ბრისტოლ საუნდის", ალექსანდრ მაკქუინის, ჯეისონ სტეისემის, შოტლანდიური კილტის...
რა შეიძლება უცებ, დაფიქრების გარეშე მოგივიდეს თავში ბრიტანული სტილის შესახებ? კუბოკრული ქსოვილი, მოხუცი, კეთილი ბარბერის სახლი, ქეით მოსი, ვივიენ ვესთვუდის პანკი... მთლიანობაში კი, მაინც სადა და თავშეკავებული სტილი, ზედმეტი ექსტრავაგანტურობის გარეშე (ნუ ვისაუბრებთ ჯონ გალიანოზე, რადგან ეს განსაკუთრებული ფენომენია არა ბრიტანეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით). სტელა მაკარტნი კოლექციებს ყოველთვის ნეიტრალურ ფერებში შექმნის, რადგან ინგლისში, უბრალოდ ამინდია ასეთი - უმზეობა სიმშვიდისთვის განგაწყობს. ბარბერი ვერ შეელევა მილიტარის, ყველაზე რომანტიკულ სილუეტშიც კი ის ერთ ბეწო სამხედრო განწყობას შეინარჩუნებს, რადგან ბრიტანეთი - ეს ძლევამოსილი იმპერიაა, ყოველთვის მზადყოფნაში თავისი ძალაუფლების დასაცავად.
ბრიტანულ სტილში ყველაზე მეტად ამ ფაქტორს ვაფასებ - ავთენტურობის განცდას. სტილის შეგრძნება აქ ისეთი მძაფრია, მოდური ტენდენციები ვერაფერს აკლებს. მე რასაც დავამატებდი, ცოტა მზის სხივია, ფრანგული მოხდენილობა, სამხრეთული მგრძნობიარობა. არა, მე არაფერს დავამატებდი, ბრიტანელებს უკვე ჰყავთ ასეთი ადამიანი, რომლის სტილიც ნაციონალურ ელემენტებსა და იმ სამხრეთულ სხივს აერთიანებს, ემილი დიდონატოს ღიმილში რომ იგრძნობა. ეს ადამიანი ალექსა ჩანგია, ინგლისელი it-girl ჰემფშირიდან. ამასთან, ეს ეპითეტი მხოლოდ მისი იმიჯის ნაწილია, სინამდვილეში ალექსასთან პოპულარობა და ხალხის სიყვარული დამსახურებულად მოვიდა.

Monday, November 22, 2010

Vetrnaetr on Gorecki street

წელს თბილისური შემოდგომა უჩვეულოდ მზიანი გამოდგა. ადამიანები კი მაინც უფრო პირქუშები გახდნენ, ვიდრე ერთი-ორი თვის წინ, მეგობარ ბლოგებზეც დროდადრო შეიმჩნევა სერატონინის დეფიციტი და „წვიმიანი“ დღეები. იცით, რატომ არის შემოდგომა წლის სხვა დროებთან შედარებით მოსაწყენი? რომ დავფიქრდი, მივხვდი, წლის ამ დროს ხომ  არაფერს აღნიშნავენ, შესაბამისად სადღესასწაულო განწყობაც არავის აქვს და დადის ყველა ასე, ცხვირჩამოშვებული. 

დღესასწაულის მოწყობის იდეა დაგვიანებით მომივიდა თავში. შემოდგომა თითქმის გასულია, შობაც მაინც რაღაც შორს ჩანს, ამიტომ დიდხანს ვფიქრობდი, რისი აღნიშვნა შეიძლებოდა და... winter nights, იგივე Vetrnætr, ძველი წარმართული დღესასწაულია სკანდინავიაში, რომელსაც დღესაც აღნიშნავენ ნეოპაგანები შემოდგომის დასასრულს. ამ დროს მოსავლის აღებას ზეიმობენ, ღმერთებს და ელფებს მადლობას ეუბნებიან და სთხოვენ, რომ შემდეგი წელი უფრო ბარაქიანი მოვიდეს.

დღესასწაული მოკრძალებული გამოვიდა. უფრო ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები ნეოპაგანები არ არიან და ოდინი და ელფები არავის გახსენებია. მე, ჩემმა ალტერ ეგომ,  ასმა და ფიურერმა ცოტა დავლიეთ, ვიმხიარულეთ ისეთ უცნაურ თემებზე, როგორიცაა შამილი, კავკასიური ტელევიზია და დაბოლილი ჩებურაშკა და ასე გავაცილეთ თითქმის უკვე გასული შემოდგომა. მე კი, მარტო დარჩენილმა ჭიქა თეთრ ღვინოსთან და საყვარელ ლეპტოპთან ერთად, გადავწყვიტე წელს აღებულ მოსავალს გადავხედო, რომ რიტუალს  სრულყოფილი სახე მივცე.

ეე...მგონი ყველაზე საინტერესო, რაც წელს მოხდა, ჩემთვის უცხო სფეროში მუშაობის დაწყებაა, რამაც ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანის გაცნობის საშუალება მომცა, მაგალითად თომ ქანავანის, ელეგანტური და თბილი ბრიტანელის, რომელმაც ღვინოზე ჩემი წარმოდგენა შეცვალა, იზაბელ ლეჟერონის - ყველაზე შრომისმოყვარე და გულღია ფრანგის, ვინც კი დღემდე მინახავს. ყველაზე მაგარი კი იცით რა იყო, როცა ჩემი რედაქტორისგან გავიგე, რომ ჩემს საავტორო გვერდს სტილის შესახებ მუდმივი მკითხველი ჰყოლია, მათ შორის თინეიჯერებიც, რომლებიც თურმე  ელოდებიან ხოლმე ჩემს ახალ სტატიებს. არც მეგონა, რომ 24 საათს ასეთი პატარა ასაკის მკითხველებიც ჰყავდა, ჰოდა მართლა ძაან გამიხარდა მაშინ, ბავშვივით.

ამ ამბავმა მოიტანა ისიც, რომ დღეს ბლოგი მაქვს, წლის ერთ-ერთი მთავარი „შენაძენი“, რომელსაც ბონუსად საყვარელი ხალხი, მათი განწყობები და ამბები მოჰყვა.  ამ წელმა მაჩუქა ახალი „სკანდინავიური“ ოთახიც, როგორც ჩემი მეგობარი ეძახის სისადავის გამო. სხვას რას შეიძენდა ჩემნაირი გზააბნეული ადამიანი... შვედურის სწავლა დავიწყე და ანბანს ვერ გავცდი. მაგას ვინ ჩივის, ნეტა ფრანგული მასწავლა წესიერად. ჰოდა, პარალელურად ბევრი რამე დავკარგე კიდეც, პირველ რიგში ორი ძალიან ახლობელი ადამიანი, ინფანტილიზმი, ყვითელი ქოლგა, ტოპშოპის ზოლიანი მაისური, დაუოკებელი ვნება კაპუჩინოს მიმართ და ფორთისჰედის ფოლდერი. ეს ბოლო როგორ დავკარგე, მაინც ვერ გავიგე, თუმცა ძალიანაც კარგი, რომ გაქრა, რადგან ბეტ გიბონსმა თავი უკვე მაგრად მომაბეზრა.


სიცივეში კიდევ მოსაწყენი არაფერია, მთავარია, Don't give a damn! ადვილზე ადვილია, მთავარია თოვლი მოვიდეს, ნამდვილი, ფანტელებიანი, ღუნღულა. სწორედაც რომ ღუნღულა, ფიფქი ცივი ხომ მხოლოდ ჰაერშია, ენაზე კი სულ წამებში თბება და შენი ნაწილი ხდება. ასე რომ, ზამთრის ღამეების მხიარულად გასატარებლად დაგვჭირდება: პეპის დიდი ზომის ფეხსაცმელები (ეგეთებში თბილი წინდებიანი ფეხები ეტევა), ხულიგნური განწყობა და თოვლი. ნამდვილი თოვლი.


Wednesday, November 17, 2010

ორი, სამი, შვიდი... 830 ნიშანი


რიცხვი - აბსტრაქციაა. ის უხსოვარი დროის წინ გაჩნდა, როდესაც ადამიანი საგნების დათვლის აუცილებლობას მიხვდა.
სანამ რიცხვები მნიშვნელოვან მათემატიკურ მნიშვნელობას შეიძენდნენ, ადამიანი თვლას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხელის თითებზე აწარმოებდა: ორი გამოქვაბული, სამი ხე, ხუთი ხარი...
მოგვიანებით, ხელის თითები ჩხირებმა შეცვალეს. დამწერლობის გაჩენის შემდეგ კი, ასოებმა რიცხვების მნიშვნელობაც შეიძინეს. თუმცა საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ ადამიანმა შეძლო რიცხვის საგნებისგან განცალკევებულად აღქმა: უბრალოდ ოთხი, შვიდი...
ნამდვილად არ მაქვს განზრახული, ინდური წარმოშობის არაბულ ციფრებზე ისტორიის მოყოლით მოგაბეზროთ თავი. უბრალოდ, მინდა გაგახსენოთ, რომ ციფრებს არ აქვთ მხოლოდ დამთვლელი ფუნქცია.

Friday, November 12, 2010

Those bombing bastards

დღეს სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე.

ჩემს წინ სიმპათური ახალგაზრდა კაცი დაჯდა კიდევ უფრო სიმპათიური ბავშვით ხელში. იქნებოდა, ასე, 7-8 თვის. ბავშვზე მოგახსენებთ. ნამდვილი ბუშტი იყო. გაბერილი ლოყები და გაბუშტული ტუჩები ჰქონდა. ყურებამდე გავუღიმე. არ გამიღიმა. მანამდეც ცოტა მოღუშული იყო, მაგრამ ამ გაღიმებამ სულ მოუღო ბოლო, დაიწყო წარბების შეკვრა და სანამ შეეძლო, კრავდა და კრავდა. შევწუხდი, საერთოდ ორ წლამდე ბავშვებს ძალიან მოვწონვარ, ქუჩაში და ტრანსპორტში სულ მიღიმიან ხოლმე. ახლახანს იყო შემთხვევა, ერთი ბიჭუნა ისე გახალისდა, თვალიც კი ჩამიკრა. ეს კიდევ მიყურებდა ასე, თომას ჰობსის სკეპტიკურობით, თითქოს მეუბნებოდა, რას მიცინი ერთი ვიცოდე, მე ხომ ვიცი რაც ხართ ეს დიდები, გულგრილი სნობები, სუიციდი ტერორისტები, არამზადები, რომლებიც ბომბებს ამზადებთ, თავმომწონე ჰედონისტები...

ახლა ძალიან ინფანტილური განწყობა მაქვს. მინდა დავჯდე და ტუჩებგამოწეულმა გიბღვიროთ ყველას, სანამ არ დავიღლები. ჩემს ინფანტილიზმში ლოლიტას სინდრომის ნატამალიც არ არის. მე პატარა ასტრიდ მაგნუსენი ვარ. ასტრიდი დედის დაპატიმრების შემდეგ, როცა აღარ იცოდა ვისთვის მიებაძა და რანაირი ყოფილიყო მომავალში. დღეს რომ მეგობრებმა დამირეკონ და სადმე წასვლა შემომთავაზონ, ზუსტად ვიცი, გარდერობში ჩასაცმელს ვერაფერს ვნახავ, ვერც ამ საღამოს არომატს შევარჩევ, ავდგები, თავზე პლედს გადავიფარებ და ისეთ რამეს მოვუსმენ, რომელშიც ყველა ნოტი ნაცნობია, ყველა სიტყვა - ჩემი დაწერილი.

ფრედი კარგია. 2008-ის აგვისტოში მაისფეისზე(მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა გვერდები გაუქმებული, არც მე და არც მას) მივწერე, როგორ მომწონდა მისი გულახდილობა და დახვეწილი იუმორი. რამდენიმე დღის შემდეგ მიპასუხა: thank u, i hope the russians will soon leave your country !! kisses frederic. რა მაგარი იქნებოდა, ახლაც ვინმეს მოეწერა: You are not that bombing bastard. I hope this fucking mood will soon leave u.


Wednesday, November 10, 2010

თუ გსურს მშვიდობა, იომე

ომი უდიდესი ბოროტებაა, - ამბობდა პლატონი რამდენიმე ათასწლეულის წინ და მსოფლიოც არაერთხელ დარწმუნებულა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში.
თუმცა ომს მომხრეებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი ჰერაკლიტე იყო, ძველი ბერძენი მოაზროვნე, რომელსაც ზოგადად კონფლიქტები სამყაროს მამოძრავებელ ძალად მიაჩნდა. ის ამბობდა, რომ შეჯახება განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და ომია ყოველივეს მამა და ყოველივეს მეუფე.
ჰერაკლიტეს თეორია კონფლიქტის შესახებ საკმაოდ ღრმა და საინტერესოა. ამ თეორიის მიხედვით, შეჯახების დროს ურთიერთსაწინააღმდეგო თანხმობას აღწევს და ამ პროცესისგან ყველაზე მშვენიერი ჰარმონია წარმოიშობა. დამეთანხმებით, შესაძლოა, წინააღმდეგობა სამყაროს უნივერსალური კანონზომიერებაც იყოს, მაგრამ როცა საქმე შეიარაღებულ კონფლიქტებსა და შესაბამისად, ადამიანურ მსხვერპლს ეხება, ყველაზე მომხიბლავი თეორიებიც უფერულდება ხოლმე. ომი და კონფლიქტები ის შემთხვევაა, როცა ღირს, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ მათ ბოლო მოუღო. ამ ყველაფერში კი, პარადოქსია, მაგრამ ომიც შედის. გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიიდან გამოქცეული ებრაელის, რიჩარდ გრელინგის სიტყვები - როდესაც მილიტარისტული ბატონობისაგან გასათავისუფლებლად სხვა ყველა საშუალება უძლური ხდება, ამ შემთხვევაში თავადაც ომი უნდა დაიწყოო. ამიტომ მან ახალი მაქსიმა შემოიტანა - Si vis pacem, fac bellum (თუ გსურს მშვიდობა, იომე) ძველი რომაული Si vis pacem, para bellum-ის (თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის) ნაცვლად.

Thursday, November 4, 2010

ბოჰემასა და წესრიგის ზღვარზე


ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთხოვნილებაა იყოს თავისუფალი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციუმის წევრი გახდა, ეს მოთხოვნილება მას კიდევ უფრო გაუმძაფრდა. საზოგადოებამ, მმართველობის ორგანოებმა მისთვის მართლაც უამრავი შეზღუდვა დააწესეს. გარკვეული კანონების და ქცევითი ნორმების დაცვა ხომ ნამდვილად არ არის ის, რაც თავისუფლების ფრთებს გასხამს. თუმცა საზოგადოების და ამ ორგანოების შემქმნელიც და მამოძრავებელი ძალაც ისევ და ისევ ადამიანია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავისუფლების და საკუთარი თავის შეზღუდვის მოთხოვნილება ჩვენში თანაბარი დოზითაა.
მინდა ვიყო თავისუფალი ცუდი ემოციებისგან. მინდა ვიყო თავისუფალი შიშისგან. მინდა გავთავისუფლდე თავსმოხვეული სტერეოტიპებისა და ცრურწმენებისგან. ყველაზე სასურველი მაინც ისაა, რომ თავად მეკუთვნოდეს საკუთარი დრო, აზრები, ბოლოს და ბოლოს, სურვილები.
დროს ვერაფერს მოუხერხებ - მაშინ ან ეგვიპტის პირამიდა უნდა იყო, ან პენსიაზე გასული მილიონერი. სურვილის მიუხედავად, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მაინც მოგიწევს, რადგან დრო - ფულია, ეს უკანასკნელი კი, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მის შეზღუდვასთან ერთად, საკმაოდ დიდი დოზით თავისუფლებასაც განიჭებს. სურვილების მართვაც რთულია, თუ 21-ე საუკუნეში, პიარ ტექნოლოგიების ხანაში ცხოვრობ.
თავისუფლების პრობლემა გასულ კვირას ნამდვილ თავის ტკივილად მექცა. ჩემს ცნობიერებაში დაინგრა სარტრის მაქსიმა იმის შესახებ, რომ "ადამიანი განწირულია იყოს თავისუფალი". გადავწყვიტე, აუცილებლად მომეძებნა პრობლემისადმი ახალი მიდგომა, თუმცა ეს არ გამომივიდა, რადგან შთაგონების წყარო გასული საუკუნის დიდი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედებაში აღმოვაჩინე.

Monday, November 1, 2010

Fantasie in F minor

რომ გავიზრდები, მინდა მეტყევე გავხდე. რომ მოსაღამოვდება, ტყის ყველაზე მაღალ ბორცვზე ავალ და ზემოდან გადმოვხედავ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს. ოღონდ ისე არა, სარტრის მოთხრობის გმირი რომ უყურებდა. ტყიდან არა, აივნიდან - ხალხს. ეზიზღებოდა ადამიანები და ზემოდან რომ უყურებდა, უფრო დამცირებულებად მიაჩნდა ისინი. მერე გადაწყვიტა, ვინმე აუცილებლად მოეკლა. ამისთვის რამდენიმე დღე ემზადებოდა, საჭმელს არ ჭამდა და სიამოვნებდა, რომ სარკეში იმ უბადრუკი არსებების მკვლელს უყურებდა, ადამიანებს რომ ეძახიან.

გასულ კვირას ბორჯომში ვიყავი. სამი დღით. თბილისში მხოლოდ ერთ სეზონს ვგრძნობ - ზაფხულს. სხვა დროს კი მგონია, რომ ასანთის კოლოფში ვარ გამოკეტილი, სადაც არც არაფერი ყვავის, არც ხეებს ცვივა ფოთლები და არც ფერი ეცვლებათ. 

ჰოდა, ამიტომ წავედი. ჩემს საყვარელ სეზონში 72 საათის გასატარებლად, წიგნის ნორმალურად წასაკითხად, სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. 

ამ სამ დღეში აღმოვაჩინე, რომ ბავშვობის ოცნებებიდან ერთიღა შემომრჩა - მქონდეს საკუთარი სახლი მთაში, სადაც პატარა ძველებურ საწოლებს დავდგამ, შოპენის მაზურკებს და Massive Attack-ის პირველ და ბოლო ალბომებს მოვუსმენ, კომოდში კარამელსა და სურნელოვან საპონს შევინახავ, შეშას ავატკაცუნებ რომ შემცივდება და უბრალოდ დღესასწაულებს მოვაწყობ მაშინ, როცა კალენდარში წითელი ფერის ჭაჭანება არ იქნება. 

ზემოდან ყურება მაგარია. მე ზემოთ ყურება მაინც არ შემიძლია, ჰიპოტონიკი ვარ და თავს დიდი ხნით მაღლა რომ ვწევ, თავბრუ მეხვევა.

მარტო ერთხელ არ მომეწონა ზემოდან გადმოხედვა. მამაჩემმა ზამთარში, არ მახსოვს რასთან დაკავშირებით, რაღაც სალოცავში წამიყვანა. წამიყვანა რა, ავეკიდე. სადღაც მთის შუაში (სალოცავი მთის წვერზე იყო) ლოდებზე წავბორძიკდი და შემთხვევით გადმომეხედა. არასოდეს მინახავს ქსნის ხეობა ისეთი პირქუში და არც არასდროს შემშინებია ისე ნაბიჯის წინ ვეღარ გადადგმის, როგორც მაშინ. თუმცა ამის მაშინ არ უნდა შეგეშინდეს, როცა ზუსტად იცი, რომ ზემოდან მამაშენი ხელს ჩამოგაწვდის და ზემოთ აგწევს. ამ სანდო ხელის შეგრძნება დღესაც მაქვს, მაშინაც კი, როცა მამა შორსაა. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ძალიან ზემოდან აღარ ვიყურები ხოლმე )

იმ კაცმა, ხალხის დახოცვა რო უნდოდა, ეს მოახერხა. ჯერ ვიღაც სქელოს ესროლა პარიზის რომელიღაც ქუჩაში, მერე მოტყდა იქიდან და რომ იყნოსა, ვიღაცები ამედევნენო, ხალხით გადაჭედილ მოედანზე უმიზნოდ დაიწყო ტყვიების ფანტვა. იქიდან რაღაც დაწესებულების ტუალეტში შევარდა. უნდოდა, სანამ კარს შეუნგრევდნენ, თავი მოეკლა, ტყვიებიც ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ვერ გაბედა. იმ დღიდან ალბათ სიცოცხლეს ფასი გაუგო და სხვის სიცოცხლესაც ასე უაზროდ აღარ გაიმეტებს.

მე კიდევ ის მინდა, ამ ეგზისტენციალურ ბოდვებს შევეშვა და სარტრები და კამიუები აღარ ვიკითხო. მთაში რომ სახლი მექნება, იქ ამისთანა რამეებს არ დავაწყობ. საბავშვო წიგნები და ძველი კლასიკა მექნება მარტო.

when i grow up
i want to be a forester
run through the moss on high heels
...

Friday, October 29, 2010

გრანჟი მოკვდა, გაუმარჯოს გრანჟს!


როცა გარეთ სინათლე იკლებს, ამინდი ფუჭდება და ზამთრის მოახლოებას გრძნობ, პირველი, რაც აზრად მოგივა, თბილად ჩაცმაა. მუქ ფერებში, რამდენიმე ფენად, რომ სიცივემ ვერაფერი დაგაკლოს.
გონივრულია თმის გაზრდაც, თუ გრძელი არ გაქვს - ის ხომ სითბოს შესანიშნავად ინარჩუნებს. ინდიფერენტულად ფურცლავ ვოგისა და მარი კლერის ახალ გამოცემებს და შენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ აცვია ბლუმარინის მოდელს ასეთი სიფრიფანა და მინიატურული ზომის კაბა. ამის გამო მეინსტრიმის მიმართ პროტესტი გიჩნდება, კომფორტული ტანსაცმლის ძებნას იწყებ და თავადაც ვერ ამჩნევ, როგორ ბრუნდები 90-იანების გრანჟის ეპოქაში.
როცა გრანჟის თემაზე ფიქრი დავიწყე, ბავშვობა გამახსენდა, პირქუში 90-იანების დასაწყისი, გლოვა კურტ კობეინზე, ინტელიგენტი პანკების თაობა. ამ მოძრაობის უშუალო მონაწილე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა გრანჟის მიმდევარი სრულიადაც არ არის ის ადამიანი, რომელიც თაროებს მხოლოდ ნირვანასა და საუნდგარდენის კომპაქტური დისკებით გადაავსებს, სტერეოტიპულ ჩარჩოებში ჩაჯდება და ჩაცმულობით რაიმეს აფიშირებას მოახდენს. მისი ინტელიგენტობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ დროგამოშვებით შესაძლოა შუბერტის სონატებს უსმინოს და ამის აღიარების არ შერცხვეს, არც იმაზე მოიკლას თავი, მისი ჩაცმულობა გრანჟის ჭეშმარიტი მიმდევრის შესაფერისი არის თუ არა. მოკლედ, გარეგნული იერი, რა თქმა უნდა, პირველად შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც სულიერი მდგომარეობა და მენტალიტეტია. მენტალიტეტი კი ასეთია: არანაირი პოზა! ჰიპების და მეტალისტებისგან განსხვავებით, გრანჟერებს სატანურ სიმბოლოებთან თუ ყვავილებთან არაფერი ესაქმებათ. წესების დაცვა, გამუდმებით ერთ თემაზე აქცენტის გაკეთება და ერთი და იმავე ნიშნების ტარება შეზღუდულობას ნიშნავს, ამას კი გრანჟის მიმდევარი არასოდეს დაუშვებს. ის ნონკონფორმისტი მაშინაა, როცა რაიმეს მიმართ სამართლიანი პროტესტის გრძნობა ამოძრავებს და 24 საათის განმავლობაში ყველაზე გაბრაზებული და დაბოღმილი არ არის. უყვარს ფილოსოფიური და პოლიტიკური ლიტერატურა, რაც საშუალებას აძლევს ინტელექტუალურ დებატებში ღირსეული მონაწილეობა მიიღოს. გრანჟერებს აღიზიანებთ გლობალიზაცია და მსოფლიო კონტროლი, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათ პიროვნულ თავისუფლებას ემუქრება.

Friday, October 22, 2010

ყველაზე საინტერესო ბლოგები სტილის შესახებ


"დღეს, როცა ერთი თითი მოდის პულსზე გაქვს მიდებული, მეორე საჭიროა კომპიუტერის მაუსზე გედოს და კითხულობდე (წერდე) უახლეს ბლოგებს," - ამბობს მოდის ჟურნალისტი, ქარენ ქეი. უკანასკნელში ის, ბუნებრივია, ე.წ. "ფეშენ" ბლოგებს გულისხმობს. ქეი აბსოლუტურად მართალია - დღესდღეობით მათ მართლაც უზარმაზარი გავლენა აქვთ მოდის ინდუსტრიაზე.




Tuesday, October 19, 2010

ყველაფერი დედაჩემის შესახებ

დედაჩემი შვედია.

55 წლის წინ, ანუ 1955 წლის 22 მარტს სტოკჰოლმში დაიბადა. 

მასსავით ჩრდილოური გარეგნობა არ მაქვს, მაგრამ ტემპერამენტით და მისწრაფებებით ჩემზე სკანდინავიელი ბავშვი მთელს სკანდინავიაში არ ახსოვთ. ამიტომაც დამარქვა ფრეია. ისე კი, ბევრი საერთო გვაქვს. მაგალითად, ზოდიაქო და შესაბამისად, ხასიათიც. მე მისი დაბადების დღის მეორე დღეს გავჩნდი და იმ დღიდან ორ დღეს გადაბმულად აღვნიშნავთ ხოლმე. ჰოდა, ამ დამთხვევის გამო არის, ერთნაირი თავნება და gloomy-doomy რომ ვართ. ერთხელ მითხრა, ლოს ანჯელესში რომ ჩავდივარ, გარშემო ყველაფერი ისეთი ვარდისფერი და მხიარულია, თავი ყველაზე პირქუში ადამიანი მგონია. უკან რომ მოვდივარ, შვედეთში, სადაც ყველა ჩემნაირია, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ ჩემში არსებულ სიმსუბუქესო. რა ვიცი, ჩემი აზრით, საკმაოდ სიცოცხლის მოყვარე ნატურაა. თუმცა მე არ დამეჯერება, მეც ხომ ეგეთი ვარ, პირქუში სკანდინავიელი.

Friday, October 15, 2010

15 წუთის დაგვიანებით, საფრანგეთში


პარიზი. 1905 წელი.
ჰაერში ისე, როგორც არასდროს, ბოჰემის სუნი ტრიალებს. ახალი არქიტექტურა, სკულპტურა, ბულვარები, ფოტოგრაფია, კაბარე, დიაგილევის რუსული ბალეტები - la belle epoque ეს-ესაა დაიწყო და მალე განვითარების პიკს მიაღწევს.

Tuesday, October 12, 2010

წერილი ციხესიმაგრიდან, ანუ როგორ შემიყვარდა

როცა სექტემბრის ერთ თბილ დღეს მახომ დამირეკა და მითხრა, ხვალ კისისხევში შუხმანის ღვინოების პრეზენტაციაზე მიდიხარო, უნდა გამოვტყდე, ამ კომპანიის შესახებ არც ისე ბევრი ვიცოდი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, სახელის გარდა არც არაფერი ვიცოდი. 

საღამოს ინტერნეტის დახმარებით ყველაფერი გავარკვიე, კერძოდ ის, რომ გერმანელმა ბურკჰარდ შუხმანმა საქმიანი ვიზიტის დროს ქართული ღვინო და მისი დაყენების ტრადიცია აღმოაჩინა და იმდენად მოიხიბლა, რომ კახეთის სამ სოფელში ვენახები იყიდა და ქართული ღვინის წარმოება დაიწყო. 

წვეულებები მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მიხაროდა, რომ კახეთს კიდევ ერთხელ ვნახავდი. ამ მხარეში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი, 2009 წელს. მაშინ GRDP-ში სტაჟიორად ვმუშაობდი და სამი ადამიანი თელავში აგროტურიზმის გამოფენაზე გაგვიშვეს. დათო თამარაშვილი წარმოშობით კახელია და მე და დათას (ჩემს ჯგუფელს და თანასტაჟიორს) დაუვიწყარი ექსკურსია მოგვიწყო წინანდალში, მანამდე კი თელავის გარეუბანში ისეთ მაგარ ხინკალზე დაგვპატიჟა, იმის გემო არასოდეს რომ არ დამავიწყდება. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ კისისხევში უკვე ძალიან დადებითად დამუხტული ჩავედი.

Friday, October 8, 2010

Moi, high heels and I

ანტრეში ვსხედვართ და ნაყინს მივირთმევთ. ანა და იენსი (მისი ვიკინგი მიჯნური) რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდნენ კოპენჰაგენიდან, თუმცა დღეს პირველად ვნახეთ ერთმანეთი. ანა ჩემი მდედრობითი სქესის ალტერ ეგოა. მის გარდა კიდევ მყავს რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი, მაგრამ ალტერ ეგო - ეტო დრუგოე. ალტერი - ეს სინქრონია: ერთდროული მუსიკალური განწყობების, გასტრონომიული სურვილების, ბევრნაირი, ყველანაირი სინქრონი. ყველაზე მაგარი, რაც ალტერის ყოლაში იგულისხმება, ზედმეტი კითხვების არარსებობაა და ერთნაირი მანიაკალური გატაცებები.

ველოდები, ანტრეს კალორიული ნაყინისგან ცუდად როდის გახდება, რომ წესიერად დამელაპარაკოს, მაგრამ თავი ყოჩაღად უჭირავს, როგორც ყოველთვის. ამაში ვერ დავემსგავსეთ ერთმანეთს - ანას ყოველთვის შეეძლო ორჯერ მეტი ჩემზე ოთხჯერ სწრაფად აეთვისებინა ლექციებს შორის შესვენებებზე. ამის შემდეგ იწყებდა ჩემს ლოდინს (ან ფიქრს იმაზე, კიდევ რის შესანსვლას მოასწრებდა, სანამ მე ტრაპეზით ნელა ვტკბებოდი) და მერე ერთად ვაგვიანებდით ხოლმე ლექციაზე.

მომიყევით რა ეხა რამე, - ხვეწნაზე გადავდივარ მე. ანა კოვზს პირიდან სწრაფად იღებს (ხელიდან არ უშვებს) და სანამ იენსი რამის თქმას მოიფიქრებდეს, აღელვებული ხმით მეუბნება: „იცი, იქ ქუსლებიანი ფეხსაცმელი არავის აცვია“. აღელვებული იმიტომ კი არა, რომ პირველად მიყვება ამ „საოცარ“ ამბავს, არა, უბრალოდ წლების მერეც ასე მომიყვება,როგორ უარყოფენ მაღალ ქუსლს არანორმალური დანიელები, იმიტომ, რომ ეს  - სიგიჟეა. მე ვმხიარულდები და იენსს ვეკითხები, რატომ არ აცვიათ-მეთქი. როგორ არ აცვიათ, - თავს იმართლებს ჰერრ კიურე, - აცვიათ, როცა ამის მიზეზი არსებობს. 

არგუმენტია, ცა ქუხილს დაიწყებს :d მე ვგიჟდები ჩემს ცისფერ ბალეტკებსა და წითელ კედებზე, მაგრამ მიზეზები იმისთვის, რომ ვიყო high heel-hiker, გაცილებით მეტია. უფრო სწორად, ის საერთოდ არ არის საჭირო. Gold may be cold, diamonds may be dead.. And yes, a Limousine is a car, don't pretend, feel what's real. ყველამ ვიცით, რომ რეალური აქ ფეხსაცმელია, რომელსაც შარლიზი ბოლომდე იტოვებს და არა დიორის სურნელი, რომელიც ეკრანებიდან არ გადმოდის :D


                    When I slip into high heels now,
I can feel the transformation. 
I see my outfit go from “blah” to “ ta-da!”
I sense my butt lifting and my hips
slimming.  I can feel the confidence in
my shoulders and the sway in my steps.
I notice the difference in how I’m
perceived . . . [s]he means business.
But in knowing what high heels can do
for me,
I also understand why they can’t.
And the moment I kick them off,
I still feel just as tall.”

-Rachel Rosenblit in Elle US magazine (September 2010)

C'est ça que J'Adore - The Heels!

P.S. პოსტი ეძღვნება ანა წივწივაძე-კიურეს, ასევე შესაბამისად მის ალტერ ეგოს და კიდევ ყველა გოგოს, ვინც დიორის ფილმის ყურებასა და რეიჩელის პოეზიის კითხვაში დრო დაკარგა.