როდესაც Oakazine-ს (საერთაშორისო ხელოვნებისა და მოდის ჟურნალი) ჟურნალისტი ეკითხება, თუ რატომ დაიწყო მოდის სფეროში მოღვაწეობა, ის პასუხობს: "არ მგონია რაიმე კონკრეტული მიზეზი მქონოდა ამისთვის. მოდითა და შემოქმედებით სავსე ბავშვობიდან ვიყავი. ყოველთვის ვთამაშობდი, ვჭრიდი, ვქმნიდი კოლაჟებს, ვაწყობდი თეატრალურ სცენებს. ამ ყველაფერმა მიმიყვანა იმ დანიშნულებამდე, სადაც ახლა ვიმყოფები და იმედი მაქვს, რომ ის უფრო შორსაც წამიყვანს."
ამჟამინდელი კონდიცია - enfant terrible-ია, ალბათ იმიტომ, რომ მოდის სფეროში არსებულ კანონებს ნაკლებად ემორჩილება, მხოლოდ თავის ფანტაზიას უჯერებს და ალბათ სწორედ ამიტომ არის მისი სტილი ასეთი ავთენტური, სხვა დიზაინერებისგან განსხვავებული. ამჟამად, როგორც ბლოგებზე წერენ, გიორგი ბეჟანიშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა თავიდან ყველაფერი ავსტრიის დედაქალაქში დაიწყო.
მომავალმა დიზაინერმა საქართველო თვრამეტი წლის ასაკში დატოვა. დღეს ის ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია. თვლის, რომ მის ცხოვრებაში ეს სარისკო ნაბიჯი იყო, რომელმაც საბოლოოდ ძალიან გაამართლა. ბეჟანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მის ნამუშევრებში ქართული ფაქტორი არსებობს. "საქართველო ჩემს სისხლშია, სადაც არ უნდა წავიდე".
ვენაში რომ ჩავიდა, გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის მოდის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. აქ ისეთ ავტორიტეტებთან მოუწია ურთიერთობა, როგორებიც ვერონიკ ბრანკინიო და ბერნარდ ვილჰელმი არიან. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბეჟანიშვილი ვერონიკ ბრანკინიოსთან სწავლას თავისი ცხოვრების დიდ გამოცდილებას უწოდებს. მან მართლაც დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში, როდესაც იმ შვიდკაციან ჯგუფში შეიყვანა, რომელიც მოდის განყოფილებაში ისწავლიდა.
დიდი შემოქმედებითი ნიჭის წყალობით გიორგიმ მალე მიიქცია ყურადღება. პირველი მინი კოლექცია, "გრძელთმიანი ბავშვი" 2008 წელს წარმოადგინა, რომლისთვისაც შვეიცარიული პრიზი მიიღო. მეორე, Jheronymus უკვე ლონდონში აჩვენა, მესამე კი, "აღსარებამდე ერთი დღით ადრე" ბერლინის მოდის კვირეულზე წარადგინა 2010-ში. 2009 წელს ბეჟანიშვილი მოდის საერთაშორისო კონკურსში Forndazione Claudio Buziol-ის პირველი პრიზიორი გახდა. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ალბათ შეიძლება სადიპლომო ნამუშევარი ჩაითვალოს - სახელწოდებით ODA, რომლის ჩვენების შემდეგაც ავსტრიის კულტურისა და განათლების სამინისტრომ ჯილდო გადასცა, როგორც წლის ხელოვანს მოდის სფეროში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის.
გიორგი ბეჟანიშვილი ძირითადად კაცის სამოსისა და აქსესუარების შექმნაზე მუშაობს. მის სტილს ადვილად იცნობთ - უჩვეულოდ რაფინირებული და ელეგანტური და მაინც ძალიან ბოჰემური, აღმოსავლური ეგზოტიკით სუნთქავს. თავისუფალი სტილის შარვლები და ტუნიკები გარკვეული ანტიკური ესთეტიკის ასოციაციებს აღძრავს. მის საერთო სტილზე საუბარი მაინც ძნელია, რადგან თითოეული კოლექციისთვის გიორგი ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ქმნის. დიზაინერი შთაგონებას ბევრ რაღაცაში ეძებს - ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიქებში, ტარკოვსკის პოლაროიდებში, დეშ სნოუს, დევენდრა ბანჰარტის, ვინსენტ გალოს, მარსელ პრუსტისა თუ გოეთეს შემოქმედებაში...
ODA-ში კავკასიური და სპარსული მოტივები იგრძნობა. ფერადი გრძელი ჟაკეტები თუ პალტოები, თავისუფალი ტუნიკები, განიერი შარვლები, სპარსული ხალიჩის ორნამენტები, ლითონის მასიური ქამრები, სამკაულები... გიორგი ბეჟანიშვილმა კოლექციაში ტრადიციული მოტივები გააცოცხლა და ძალიან საინტერესო, ინდივიდუალური, მამაკაცური სტილის სამოსი შექმნა.