ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთხოვნილებაა იყოს თავისუფალი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციუმის წევრი გახდა, ეს მოთხოვნილება მას კიდევ უფრო გაუმძაფრდა. საზოგადოებამ, მმართველობის ორგანოებმა მისთვის მართლაც უამრავი შეზღუდვა დააწესეს. გარკვეული კანონების და ქცევითი ნორმების დაცვა ხომ ნამდვილად არ არის ის, რაც თავისუფლების ფრთებს გასხამს. თუმცა საზოგადოების და ამ ორგანოების შემქმნელიც და მამოძრავებელი ძალაც ისევ და ისევ ადამიანია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავისუფლების და საკუთარი თავის შეზღუდვის მოთხოვნილება ჩვენში თანაბარი დოზითაა.
მინდა ვიყო თავისუფალი ცუდი ემოციებისგან. მინდა ვიყო თავისუფალი შიშისგან. მინდა გავთავისუფლდე თავსმოხვეული სტერეოტიპებისა და ცრურწმენებისგან. ყველაზე სასურველი მაინც ისაა, რომ თავად მეკუთვნოდეს საკუთარი დრო, აზრები, ბოლოს და ბოლოს, სურვილები.
დროს ვერაფერს მოუხერხებ - მაშინ ან ეგვიპტის პირამიდა უნდა იყო, ან პენსიაზე გასული მილიონერი. სურვილის მიუხედავად, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მაინც მოგიწევს, რადგან დრო - ფულია, ეს უკანასკნელი კი, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მის შეზღუდვასთან ერთად, საკმაოდ დიდი დოზით თავისუფლებასაც განიჭებს. სურვილების მართვაც რთულია, თუ 21-ე საუკუნეში, პიარ ტექნოლოგიების ხანაში ცხოვრობ.
თავისუფლების პრობლემა გასულ კვირას ნამდვილ თავის ტკივილად მექცა. ჩემს ცნობიერებაში დაინგრა სარტრის მაქსიმა იმის შესახებ, რომ "ადამიანი განწირულია იყოს თავისუფალი". გადავწყვიტე, აუცილებლად მომეძებნა პრობლემისადმი ახალი მიდგომა, თუმცა ეს არ გამომივიდა, რადგან შთაგონების წყარო გასული საუკუნის დიდი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედებაში აღმოვაჩინე.










