რა ვიცი მომავალზე? არც ისე ბევრი რამ. აპრილის დასაწყისში Unkle მინი-ალბომის გამოშვებას აპირებს. მაისში Caribou კონცერტს გეგმავს სტამბულში. პოლიტიკური ექსპერტი ედვარდ ლუკასი ამბობს, რომ ათი წლის შემდეგ პოსტკომუნისტური ქვეყნები ევროზონას შეუერთდებიან და განვითარების დონით იტალიას დაეწევიან. ლუკასი იმასაც ამბობს, რომ დროის ამ პერიოდში სამხედრო ტექნოლოგიები საგრძნობლად განვითარდება და დაზვერვის სფეროში უპილოტო თვითმფრინავები ერთ-ერთ წამყვან როლს ითამაშებენ. დამეთანხმებით, ორ თვეში დაგეგმილ კონცერტსა და პოლიტიკურ პროგნოზებს შორის დიდი განსხვავებაა, ვინაიდან პირველს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ რეალურად მოხდება, თუმცა გადაჭრით არასოდეს არაფრის თქმა შეიძლება, როდესაც ხვალინდელ დღეზე საუბრობ. მომავალი, ალბათ, ერთადერთი რამ არის, რომლის მთლიანი კონტროლიც კაცობრიობას არ შეუძლია. სამაგიეროდ, არის იმის შესაძლებლობა, რომ შექმნა მომავლის შენთვის სასურველი მოდელი და მას დღეს, ამ წამს შეასხა ხორცი.
მესმის, რომ ცოტა გაუგებრად ვსაუბრობ. არადა, იმისათვის, რომ იდეა უფრო ნათელი გახდეს, სრულიად მარტივი რაღაცის გაკეთებაც კმარა - თვალი გადაავლო მიმდინარე გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს. მათ არანაირი კავშირი არ ექნებოდათ მომავალთან (ვინაიდან უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც აქტუალობა შეიძინეს), რომ არა ერთი ფაქტორი, უფრო სწორად, ტენდენცია, რომელმაც უამრავი დიზაინერის შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. ეს ტენდენცია ფუტურისტულია და გასული საუკუნის სამოციან წლებს მოგვაგონებს, როდესაც მოდის ინდუსტრიაში პირველად შეესხა მომავლით შთაგონებულ ფანტაზიებს ფრთები. აქედან გამომდინარე, ბოლო ხანებში ჩვენ ისეთი უცნაური და პარადოქსული ფენომენის მომსწრენი გავხდით, როგორიცაა რეტრო-ფუტურიზმი.

ამ ტენდენციამ ძალების მოკრება ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ნიკოლა გესკიერმა ბალენსიაგასთვის ფუტურისტული კოლექცია წარმოადგინა ძლიერი რეტრო ხასიათით. ეს მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ ამ დიზაინერის ესთეტიკურ ხედვას - იგი ყოველთვის ქმნის იმას, რაც უკვე შექმნილა, მაგრამ ისეთ ფორმებში, რომლების წარმოდგენაც სხვებს არ შეუძლიათ. თუ შემოდგომის კოლექცია კოსმონავტებთან იწვევდა ასოციაციას და თან პარიზული ფუფუნების ელემენტებსაც შეიცავდა, გაზაფხულის - უჩვეულო მეტამორფოზაა. გესკიერმა დაივიწყა ყველაფერი, რაც იცოდა ფუტურისტულ მიმდინარეობაზე, შეინარჩუნა მხოლოდ ერთი, ამ სტილის შექმნისთვის ფუნდამენტური - გეომეტრიული ფორმები. წლევანდელი გაზაფხულის ფუტურისტი ქალი გესკიერისთვის საკმაოდ ანდროგენულია, პანკური სულით და ცოტათი მასკულინური იდეებით მოაზროვნე. კაცის უხეში ფეხსაცმელი, ტყავის ქურთუკები, თავშეკავებული ფერები, ფუტურისტული პრინტი - ამ ნიშნებით შეგიძლიათ ამოიცნოთ ქალი, რომელმაც ჩვენთან დროის სხვა განზომილებიდან, სავარაუდოდ ამ საუკუნის ბოლოდან გადმოინაცვლა. რამდენად მოეწონება მას 2011 წელში ცხოვრება, რთული სათქმელია, თუმცა თანამედროვე ქალებს საკუთარ ჩაცმის სტილს რომ შესთავაზებს, ამაში საეჭვო აღარაფერია. კიდევ უფრო ძლიერი ფუტურისტული განწყობა მოაქვს ბალენსიაგას მამაკაცებისთვის შექმნილ კოლექციას. შავი, თეთრი, მკვეთრი ყვითელი ფერები, ანდროგენული ფორმები - ეს მომავალი თაობის ბიჭია, ტექნიკური ეპოქის პირმშო, წყალწაღებული geek, სხვა სიხშირეებზე მოაზროვნე ადამიანი, რომლისთვისაც ინდუსტრიული ეპოქა გუშინწინდელი დღეა.