Sunday, December 18, 2011

Versace for H&M

გაათენებდით ღამეს ტანსაცმლის მაღაზიის წინ, გრძელ რიგში იმისათვის, რომ რომელიმე დიზაინერის კოლექციიდან ერთი ნივთი შეგეძინათ? ნამდვილ fashionista-ს ამ კითხვაზე ალბათ ნაკლებად გაახსენდება ის, რომ ღამით გარეთ უკვე გვარიანად ცივა. პასუხი ნამდვილად დადებითი ექნება, მხოლოდ ჯერ კითხვაზე კითხვით გვიპასუხებს - რომელი დიზაინერის კოლექციიდან?
ასეთ შემთხვევაში ყველა ჩვენგანს ალბათ სხვადასხვა დიზაინერი გაახსენდება. ვიღაცას დაიან ფონ ფურსტენბერგი მოსწონს, სხვას - ლანვანისა და ჟივანშის დახვეწილი სტილი, პირადად მე ამ სეზონზე DKNY-ის კოლექციაზეც არ ვიტყოდი უარს - მოთმინებით გავატარებდი ზამთრის გრძელ ღამეს ყინვაში, მაღაზიის ვიტრინაზე ცხვირმიჭყლეტილი. არა, აბა რა სისულელეებს ვწერ. ამისთვის უფრო უმტკივნეული და ნაკლებად ყინვიანი გამოსავალი არსებობს - ინტერნეტ-მაღაზიები და ერთგული მასტერქარდი. თუმცა, როდესაც საქმე ისეთ კოლაბორაციას ეხება, როგორიც დონატელა ვერსაჩესა და შვედურ გიგანტის, H&M-ის მაღაზიათა ქსელის თანამშრომლობაა, ათასობით ადამიანი კარგავს საღად აზროვნების უნარს და სიცივეში, კილომეტრიან რიგში დგება, რომ ცნობილი დიზაინერის სამოსი H&M-ის დემოკრატიულ ფასებში შეიძინოს.
არც ისე დიდი ხანია, რაც Versace for H&M-ის ლიმიტირებული კოლექცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში გამოვიდა. ნოემბრის შუა რიცხვებიდან ვერსაჩეს ხელმოკლე (და არა მხოლოდ ხელმოკლე) თაყვანისმცემლებს ნამდვილი ისტერია დაეწყოთ. ეს ამბავი დაახლოებით იმას ჰგავს, რაც გასულ წელს ლანვანთან თანამშრომლობას მოჰყვა - ყველა ბეჭდურ თუ ინტერნეტის გამოცემაში, ბლოგებზე, ფორუმებზე ეს კოლექცია განიხილება. ოქტომბრის ბოლოს ორიოდე სიტყვა ამასთან დაკავშირებით მეც დავწერე, როდესაც მოდურ კოლაბორაციებზე ვსაუბრობდი. მაშინ ჯერ კიდევ სარეკლამო კამპანიით იყო შესაძლებელი ახალ კოლექციაზე მსჯელობა. ები ლი ქერშოუს ჩაცმულობის მიხედვით, ასევე იმ ფილმის, რომელშიც ანა დელო რუსომ მიიღო მონაწილეობა, ამ თანამშრომლობაზე მხოლოდ სასიამოვნო ემოციები მიჩნდებოდა.
ახლა, როდესაც კოლექციის თითოეული ნივთი თავისუფლად შეიძლება ვნახოთ კომპანიის და კიდევ ათასობით სხვა ვებ-გვერდზე, პირველი აზრი, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს გაუჩნდეს, ისაა, რომ არა მხოლოდ ღამის სიცივეში, გრძელ რიგში დგომა თბილ მზიან დღესაც კი არ ღირს. ეს მაშინ, თუ რაციონალური აზროვნების ძალა შეგრჩა. არადა, ეს ხომ თითქმის შეუძლებელია, როდესაც ვერსაჩეს სახელი გესმის. ალბათ სწორედ ამით იყო განპირობებული თვალუწვდენელი რიგები H&M-ის მაღაზიებთან. როგორც The Guardian წერდა, ლონდონში რიგის სიგრძე ბითლომანიის ასოციაციებს იწვევდა. პოპ-კულტურის ფენომენის მნიშვნელობა სწორედ რიგის სიგრძით უნდა განსაზღვროო, ამბობდა ავტორი. როდესაც პირველ მყიდველებს თავად დონატელა ვერსაჩე იღებს, ამ ფენომენმა გაურკვეველი სახეც შეიძლება მიიღოს - ვერ გადაწყვიტო, რომელი უფრო გინდა, ცნობილ დიზაინერთან ფოტოს გადაღება თუ მოდური სამოსის შეძენა.

Monday, November 28, 2011

გიორგი ბეჟანიშვილი - enfant terrible-ის ისტორია

როდესაც Oakazine-ს (საერთაშორისო ხელოვნებისა და მოდის ჟურნალი) ჟურნალისტი ეკითხება, თუ რატომ დაიწყო მოდის სფეროში მოღვაწეობა, ის პასუხობს: "არ მგონია რაიმე კონკრეტული მიზეზი მქონოდა ამისთვის. მოდითა და შემოქმედებით სავსე ბავშვობიდან ვიყავი. ყოველთვის ვთამაშობდი, ვჭრიდი, ვქმნიდი კოლაჟებს, ვაწყობდი თეატრალურ სცენებს. ამ ყველაფერმა მიმიყვანა იმ დანიშნულებამდე, სადაც ახლა ვიმყოფები და იმედი მაქვს, რომ ის უფრო შორსაც წამიყვანს."
ამჟამინდელი კონდიცია - enfant terrible-ია, ალბათ იმიტომ, რომ მოდის სფეროში არსებულ კანონებს ნაკლებად ემორჩილება, მხოლოდ თავის ფანტაზიას უჯერებს და ალბათ სწორედ ამიტომ არის მისი სტილი ასეთი ავთენტური, სხვა დიზაინერებისგან განსხვავებული. ამჟამად, როგორც ბლოგებზე წერენ, გიორგი ბეჟანიშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა თავიდან ყველაფერი ავსტრიის დედაქალაქში დაიწყო.
მომავალმა დიზაინერმა საქართველო თვრამეტი წლის ასაკში დატოვა. დღეს ის ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია. თვლის, რომ მის ცხოვრებაში ეს სარისკო ნაბიჯი იყო, რომელმაც საბოლოოდ ძალიან გაამართლა. ბეჟანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მის ნამუშევრებში ქართული ფაქტორი არსებობს. "საქართველო ჩემს სისხლშია, სადაც არ უნდა წავიდე".
ვენაში რომ ჩავიდა, გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის მოდის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. აქ ისეთ ავტორიტეტებთან მოუწია ურთიერთობა, როგორებიც ვერონიკ ბრანკინიო და ბერნარდ ვილჰელმი არიან. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბეჟანიშვილი ვერონიკ ბრანკინიოსთან სწავლას თავისი ცხოვრების დიდ გამოცდილებას უწოდებს. მან მართლაც დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში, როდესაც იმ შვიდკაციან ჯგუფში შეიყვანა, რომელიც მოდის განყოფილებაში ისწავლიდა.
დიდი შემოქმედებითი ნიჭის წყალობით გიორგიმ მალე მიიქცია ყურადღება. პირველი მინი კოლექცია, "გრძელთმიანი ბავშვი" 2008 წელს წარმოადგინა, რომლისთვისაც შვეიცარიული პრიზი მიიღო. მეორე, Jheronymus უკვე ლონდონში აჩვენა, მესამე კი, "აღსარებამდე ერთი დღით ადრე" ბერლინის მოდის კვირეულზე წარადგინა 2010-ში. 2009 წელს ბეჟანიშვილი მოდის საერთაშორისო კონკურსში Forndazione Claudio Buziol-ის პირველი პრიზიორი გახდა. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ალბათ შეიძლება სადიპლომო ნამუშევარი ჩაითვალოს - სახელწოდებით ODA, რომლის ჩვენების შემდეგაც ავსტრიის კულტურისა და განათლების სამინისტრომ ჯილდო გადასცა, როგორც წლის ხელოვანს მოდის სფეროში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის.
გიორგი ბეჟანიშვილი ძირითადად კაცის სამოსისა და აქსესუარების შექმნაზე მუშაობს. მის სტილს ადვილად იცნობთ - უჩვეულოდ რაფინირებული და ელეგანტური და მაინც ძალიან ბოჰემური, აღმოსავლური ეგზოტიკით სუნთქავს. თავისუფალი სტილის შარვლები და ტუნიკები გარკვეული ანტიკური ესთეტიკის ასოციაციებს აღძრავს. მის საერთო სტილზე საუბარი მაინც ძნელია, რადგან თითოეული კოლექციისთვის გიორგი ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ქმნის. დიზაინერი შთაგონებას ბევრ რაღაცაში ეძებს - ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიქებში, ტარკოვსკის პოლაროიდებში, დეშ სნოუს, დევენდრა ბანჰარტის, ვინსენტ გალოს, მარსელ პრუსტისა თუ გოეთეს შემოქმედებაში...
ODA-ში კავკასიური და სპარსული მოტივები იგრძნობა. ფერადი გრძელი ჟაკეტები თუ პალტოები, თავისუფალი ტუნიკები, განიერი შარვლები, სპარსული ხალიჩის ორნამენტები, ლითონის მასიური ქამრები, სამკაულები... გიორგი ბეჟანიშვილმა კოლექციაში ტრადიციული მოტივები გააცოცხლა და ძალიან საინტერესო, ინდივიდუალური, მამაკაცური სტილის სამოსი შექმნა.

Monday, November 14, 2011

გოდფრი დინი - საუბრები მოდაზე

Godfrey Deeny in Rustaveli Theatre,
photo: Irakli Bluishvili, Tabula Magazine
ეს ირლანდიელი, მოდის სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი და მიმომხილველია. მის აზრს მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები უწევენ ანგარიშს. არის CFDA-ის (The Council of Fashion Designers of America) დაჯილდოების ჟიურის წევრი, რაც მოდის სფეროში ერთგვარ ოსკარად ითვლება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის ჟურნალის Vogue Hommes International-ის მთავარი რედაქტორი იყო. დაინტერესებულია საგანმანათლებლო საქმიანობითაც პარიზის მოდის ინსტიტუტში და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

მიაჩნდა, რომ ჟურნალისტი ან მეომარი უნდა იყოს, ან მონა. თავისთვის, როგორც წესი, პირველ როლს ირჩევდა. მოდის ყველაზე მეამბოხე ჟურნალისტი, არაერთხელ გამხდარა ჩვენებაზე არასასურველი სტუმარი. დოლჩე და გაბანა, ნილ ბარეტი, დანჰილი ეს ის სახლებია, რომლებმაც დინის თავიანთ შოუზე დასწრება აუკრძალეს მკაცრი კრიტიკის გამო, ხოლო მიუჩია პრადამ ერთხელ სილაც კი გააწნა. ვეკითხები, რა უნდა გააკეთო, რომ პრადასგან ეს დაიმსახურო. მპასუხობს, რომ კრიტიკული შენიშვნა ვერ აიტანა სუნამოსთან დაკავშირებით. მოგვიანებით ვიგებ, რომ მიუჩია არ არის ერთადერთი მას დაიან ფონ ფურსტენბერგიც ასე მოექცა. დინის არ მოსწონს, როცა დიზაინერებს კრიტიკის მიღება არ შეუძლიათ დიდ სისუსტედ მიიჩნევს.

საქართველოს მოდის კვირეულს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია და მოდის პიარისა და ჟურნალისტიკის თემაზე რამდენიმესაათიანი ვორქშოფიც გამართა. მასთან გასაუბრება ცოტა მოგვიანებით, მოდის კვირეულის მეორე დღეს მოვახერხე.  ჩვენი საუბარი, ბუნებრივია, გაზაფხული-ზაფხული 2012-ის კოლექციებზე შთაბეჭდილებების გაზიარებით დაიწყო.

Tuesday, November 8, 2011

ისეთი, როგორიც Massive Attack

ერთი ბიჭია. კინო უყვარს და asos-ის შარვლები. მგონი ფროდიჯი და ვუდი ალენიც. მოკლედ, კარგი ბიჭია. სახელით რომ ვახსენო, იფიქრებთ/იფიქრებს რომ obsessed ვარ, ამიტომ პერსონიფიცირებას გვერდს ავუვლი.

საერთოდ, გაპიროვნების მომენტი არ მიყვარს. როცა მეკითხებიან, რელიგიური ვარ თუ არა, პასუხს არ ვცემ ხოლმე, ამიტომ მეგობრების უმეტესობას ათეისტი ვგონივარ. არადა, ძალიან რელიგიური ვარ. უბრალოდ, პერსონიფიცირებული ღვთაებების არ მჯერა. იესო ქრისტე დიდი ფილოსოფოსია, იმაზე უფრო დიდი, ვიდრე სოკრატე და კიდევ უფრო მაგარი, ვიდრე შოპენჰაუერი (იმიტომ, რომ ქრისტეს ფილოსოფიის გასაგებად არ გჭირდება არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა). კოსმიური გონი კი, აბსოლუტი, „ის", სხვა რამეა, იმას არც შარავანდედი ჭირდება და არც წვერები. უბრალოდ, ადამიანებს არ შეუძლიათ სჯეროდეთ რაღაცის ვიზუალური გამოსახულების გარეშე.

ამ ბიჭს, თავში რომ ვახსენე, კარგი ბლოგი ჰქონია. ერთ, როგორც თვითონ წერს, ძალიან სასაცილო პოსტში (მე კიდევ ვფიქრობ, ძალიან ალკოჰოლურ პოსტში) უწერია: „მე არ ვაღიარებ წამიერ შეგრძნებებს. ის, რაც მხოლოდ აწმყოშია და არ აქვს სხვა დროის შეგრძნება, მკვდარია“. რა უნდა ამ ფრაზასთან გოგოს, რომელიც წამიერი შეგრძნებების მონაა? ალბათ, ის, რომ უნდა გაიხსენოს რაღაც ისეთი, რაც მისთვის ყველა დროში არსებობს, პლუსპერფექტის გარდა.

მაშინ პირველად მივხვდი, რომ შეიძლება რაღაცის თაყვანისცემა მისი ნახვის გარეშე. ეს დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ იყო - ძალიან სულელურ ფილმს ვუყურე შერონ სტოუნის და უილიამ ბოლდუინის მონაწილეობით. ფილმის საუნდტრეკი იყო გრანტ მარშალის, რობერტ დელ ნაჯას, ენდრიუ ვაულზის მუსიკა შარა ნელსონის ვოკალით. მეორედ ამ მუსიკას რადიოში მოვუსმინე ერთი წლის შემდეგ და მაშინვე ვიცანი. ყველაზე მაგარი იყო. თან, მაშინ სულაც არ ვიცოდი, რომ მარშალი ყველაზე სექსუალური შავკანიანი იყო პლანეტაზე, დელ ნაჯა კი... სექსი საერთოდ აღარაა საჭირო, როცა მის ხმას უსმენ. იმიტომ, რომ ამ მუსიკასთან ურთიერთობა უკვე კულმინაციაა, სენსუალური, სექსუალური, მენტალური, ფიზიკური კონტაქტის. 

ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა, ეს არ არის ფასეული არტი, რომელიც დროს გაუძლებსო. ასეთებისთვის დროს ალბათ მარტო ბითლზი და პროკოფიევი უძლებენ. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ბრისტოლის ყველაზე ბოჰემური, ყველაზე ხარისხიანი ჰეროინი სისხლში შეუშვი და მაშინვე არ მოგკლა, აბსტინენტურ სინდრომს ვეღარ გაექცევი. 

სადღაც ერთი თვის წინ Gotan Project-ის წევრები გავიცანი, ფილიპ კოენ სოლალი და კრისტოფ მიულერი. რედისონში ვიყავით, ძალიან მზიანი დღე იყო, ორივე გამოუძინებელი ჩანდა, თუმცა წინა დღით ჩატარებული კონცერტით ძალიან კმაყოფილები და ხალისიანები იყვნენ. უფრო სწორად, ფილიპი ხალისიანი იყო, კრისტოფი კიდევ ისეთია, რაღაცნაირი, ბრისტოლური, gloomy. მე ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ ამეღო კარგი ინტერვიუ ისე, რომ მიულერისთვის ყურადღება არ მიმექცია. ისეთია, ბრისტოლური, ძალიან სექსუალური ქარიზმა აქვს და თვალს ერთი წამით არ გაშორებს, მაშინაც, როცა მას არ ესაუბრები. მოულოდნელად, სანამ ვკითხავდი, როგორ მუსიკას უსმენთ მეთქი, თვითონ თქვეს, იცი, Massive Attack ჩვენი საყვარელი ჯგუფიაო. მაშინ იყო, ორივე რომ შემიყვარდა, ოთახი განათდა და ყურებამდე გავუღიმე - ჩვენ, სამივენი, ერთი რელიგიის მიმდევრები ვიყავით. (ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ აქ).

ეს რელიგია კი ასეთია - ყველაფრისმომცველი - ელექტრონული მუსიკის, როკის, ფსიქოდელიის, ჯაზის, ჰიპჰოპის, რეგგის, ტრანსის, სოულის, ემბიენტის... ღმერთი ისეთი უნდა იყოს, როგორიც კოსმიური, უნივერსალური სიკეთე, კულტურული, მენტალური და ა.შ. ჩარჩოების გარეშე. ისეთი, როგორიც Massive Attack. 



ანგელოზებს, მლოცველებს და დემონებს ამ რელიგიაშიც ბევრს ნახავთ  :)





Sunday, October 30, 2011

All that jazz

Would you be so kind not to speak until the concert is over? ვინ არიან ესენი. ან ხმას მაინც დაუწიეთ. ლარი ქორიელს ველაპარაკები.

ველაპარაკები რა. ის გახარებული გვეუბნება, you Tbilisi people have got a rhytm-ო. ტაშს ხო არ დავუკრავ, ამიტომ თავს ვუქნევ. ხელები ისეც დაკავებული მაქვს, ეს ესაა ბარში როზე დამისხეს. ისეთია, მოგანდომებს საერთოდ ვერ ერკვეოდე ღვინოებში, ერთი ბეწოთიც კი - ბუკეტი გაურკვეველია, დომინანტი ნოტებიდან მხოლოდ სინთეტიკური ვარდი იგრძნობა, ყველანაირი კენკრის თუ ციტრუსის გარეშე. 

სამაგიეროდ, ლარის მუსიკა, როგორც ჯონ ვურდემანი იტყოდა, მზეა, სითბო. მაგრები არიან ეს ბებერი იანკები. ჩემი ყურები მხოლოდ future jazz-ისთვის მეგონა იყო შექმნილი, ახლა კიდევ ერთ რამეს ვხვდები, ყველანაირი საუნდი, რომელსაც ასეთი სიყვარულით გადმოგცემენ, ასეთი ბედნიერი და განათებული სახეებით, მთელი სხეულით, ლამაზია ყველანაირი სტილის ჩარჩოების მიუხედავად. Screw style! And u are reading the blog of style seeker :D

არადა, ნიკა ესებუა (ჩემი თანამშრომელია ტაბულაში, კინოზე რომ წერს ხოლმე, ის) როგორ თანამიგრძნობს, რომ ჯაზ ფესტივალზე ყოფნა დამავალეს. რა თქმა უნდა, ნიკა უსაზღვროდ კეთილია, მაგრამ, ეს ავტომატურად ისეც გამოუვიდოდა, რომ წარმოიდგენდა საკუთარ თავს ჩემს ადგილზე. ჩვენ ხო ინდით, პანკ როკით, ელექტრონიკით ვარსებობთ.

ლარი, შე ბებერო. რაო, რას ამბობ? თუ რამეს აკეთებ, აი, ასე, ენდორფინებით დამუხტულმა უნდა აკეთო, ისე ფასი არ აქვსო? აჰა. მაშინ ჯობია ეს როზე სადმე ფეხებთან დავიდგა. რათ მინდა ალკოჰოლი ასეთი მუსიკისგან ემოციის მისაღებად? ამ ადგილას, ივენთ ჰოლში, ორი დღის წინაც ძალიან სიგიჟე იყო. მაშინ სკამები არ იდგა და ჩვენ ფეხზე  მდგარები ვცეკვავდით სონი ემორის ძალიან ენერგიულ, ძალიან რიტმულ ჯაზზე.

მაგრამ სონის მუსიკა ცარიელი სექსი იყო. ეს კიდევ, ლარის რიტმები - სიყვარულია. ძლივს არ ვისწავლე ამ ორი რაღაცის ერთმანეთისგან გარჩევა.

ორშაბათს ესებუას ყურები უნდა გამოვუჭედო, სანამ ჩემი მაგიდიდან მორიგი კრუასანის აწაპვნას მოახერხებდეს.

Thursday, October 20, 2011

ჰემინგუეისთან შესახვედრად, ილუზიების გარეშე


მოგეწონებოდათ, მოულოდნელად გასული საუკუნის ოციან წლებში რომ აღმოჩენილიყავით? აი, ასე, უბრალოდ, დროის მანქანების და მსგავსი წარმოუდგენელი მოწყობილობების გარეშე, გასულიყავით ქუჩაში და უეცრად ძველი ავტომობილების, არათანამედროვედ ჩაცმული ხალხის, ძველებურად მოწყობილი კაფეების სამყაროში მოხვედრილიყავით?

ხანდახან ადამიანებს გვეჩვენება, რომ არასწორ დროსა და ადგილზე დავიბადეთ და ვიწყებთ ხოლმე უმიზნო ოცნებას იმაზე, თუ სად, რომელ ეპოქაში ვიცხოვრებდით ბედნიერად. ამისთვის ოციანი წლები, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში ევროპას მივიღებთ, მართლაც მშვენიერი პერიოდი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიანებით ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტზეც ძალიან საინტერესო ხანა იწყება. ფიქრებით რენესანსის პერიოდსაც შეიძლება გადაწვდე, ან სულაც იფიქრო, რომ ანტიკური ხანის ფასეულობები შენთვის ყველაზე მისაღები იქნებოდა. ბოლოსდაბოლოს, ეპოქის ფასეულობებს რომ თავი გავანებოთ, წვიმის წყალი იქნებოდა ისეთი სუფთა, რომ ნიაღვარშიც სიამოვნებით ვირბენდით და არ ვიფიქრებდით მჟავებსა და გლობალურ დათბობაზე.

ისე კი, ვისაც წვიმაში სირბილი უნდა, ამას ისეც აკეთებს. მაგალითად, ჰოლივუდის სცენარისტი გილი, ვუდი ალენის ახალი ფილმის, "შუაღამე პარიზში"-ს მთავარი პერსონაჟი. სამაგიეროდ, გილს სულ სხვა ამბები აწუხებს - ილუზიები იმაზე, რომ "იქ უკეთესია, სადაც ჩვენ არ ვართ". ამიტომაა, რომ საფრაგეთის დედაქალაქში ჩასული, ყოველ შუაღამეს 20-იანი წლების პარიზში ხვდება, სადაც უამრავ საინტერესო პიროვნებას გაიცნობს: ჰემინგუეის, პიკასოს, ფიცჯერალდს, სალვადორ დალის...

მგონი, ალენის ფილმი ძალიან კარგი გამოვიდა. მსუბუქი, ძალიან მხიარული, დასამახსოვრებელი პერსონაჟებითა და ფრაზებით, რაც მთავარია, ზედმეტად ინტელექტუალური ფილმის პრეტენზიის გარეშე. მისი ყურების შემდეგ იგებ - ყველაზე კარგი და ნამდვილი ის დროა, რომელშიც ცხოვრობ, მის საინტერესოდ გასატარებლად კი გამოგონილი სიტუაციები თუ გმირები სულაც არაა საჭირო. თუმცა, ამდენ მაგარ ბიჭთან "შეხვედრის" შემდეგ ეს შეიძლება არც ისე იოლი იყოს - შენც გინდება სიურეალისტებთან გართობა, ჰერტრუდ სტაინთან სტუმრობა, ჰემინგუეისთან საერთო ენის გამონახვა, la belle epoque... მე კი, 20-იანების კოსტიუმებით მოხიბლული, ამ თემაზე ვფიქრობდი და უცებ მივხვდი, რომ ჩვენთვის სრულიად არაა აუცილებელი ვუდი ალენმა თავის გიჟურ ფილმებში გვათამაშოს, რომ სხვა პერიოდში ცხოვრების ილუზიის შექმნა შევძლოთ. ამისთვის არსებობს მოდა, რომელიც იოლად გადაგიყვანს სამოცდაათიანებში, სამოციანებში... და რა ხშირადაც არ უნდა დავაბრალოთ დიზაინერებს იდეების ნაკლებობა, ეს მაინც სახალისოა - იცხოვრო ილუზიების გარეშე, მაგრამ სხვა ეპოქის ტანსაცმელში გამოწყობილმა.

Thursday, September 29, 2011

სწრაფი მოდა სწრაფი რეაქციის მოლოდინში



ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში პრო­დუქ­ტის ერ­თი სიტ­ყვით და­ხა­სი­ა­თე­ბა რომ შეიძლებოდეს, ბევრს ასო­ცი­ა­ცი­ა “სწრაფთან” გაუჩნდებოდა. თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ჰი­პერ­ტრო­ფი­რე­ბულ­მა მოთხოვნილებამ, დრო დაზოგონ, სწრა­ფი კვე­ბის რესტორნები, ჩქა­რი ინტერნეტი, ტრან­სპორ­ტი ყვე­ლა­ზე მოთ­ხოვ­ნა­დი გახადა. რო­ცა შეგიძლია, გქონ­დეს ყვე­ლა­ფე­რი დღეს, არ და­იც­დი ხვა­ლამ­დე – ასე­თი­ა იდეა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მაქ­სი­მად იქცა. ამან კი გავ­ლე­ნა ყველაფერზე, მათ შორის, მო­დის ინ­დუს­ტრი­ა­ზეც მოახდინა.


ის, რაც ახ­ლა­ხან მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­ულ­ზე ვიხილეთ, მა­ღა­ზი­ებ­ში მხო­ლოდ ექ­ვსი თვის შემ­დეგ აღმოჩნდება. თუმ­ცა ეს არ არის მი­ზე­ზი იმისთვის, რომ სა­კუ­თარ თავს მო­დურ სა­მოს­ზე უა­რი ასე­თი ხან­გრძლი­ვი დრო­ით უთ­ხრათ – გა­მო­სა­ვა­ლი იო­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ზარას, ტოპშოპის, H&M-ის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელებში. მა­თი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ხომ მომ­ხმა­რე­ბელს იმის ასლს ძა­ლი­ან მა­ლე სთა­ვა­ზო­ბენ (თა­ნაც შე­უ­და­რებ­ლად და­ბალ ფასში), რაც ცნო­ბილ­მა მო­დის სახ­ლებ­მა პო­დი­უმ­ზე წარმოადგინეს. მაგალითისთვის, და­ი­ან ფონ ფურ­სტენ­ბერ­გის დი­ზა­ი­ნის ნივ­თი Forever 21-ის მა­ღა­ზი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­ულ (და არა ათას!) დო­ლა­რად შე­იძ­ლე­ბა ნახოთ. target corp. კი სულ რა­ღაც 35 დო­ლა­რად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ჩანთას, რო­გო­რის ყიდ­ვაც პრო­ენ­ცა შუ­ლერ­თან ორი ათას დო­ლა­რამ­დე დაგიჯდებოდათ. ეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას ჰგავს, თუმ­ცა სწრა­ფი მო­დის გამ­ყიდ­ვე­ლებს ეს ბრალ­დე­ბა დი­დად არ აღელვებთ. მთა­ვა­რი მომ­ხმა­რებ­ლის სურვილია, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი მას ბევ­რი მო­დუ­რი სა­მო­სის შე­ძე­ნას კარნახობს. ამის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი მყიდ­ვე­ლის­თვის მხო­ლოდ სწრა­ფი მო­დის შემ­ქმნე­ლებს შეუძლიათ.

Saturday, September 3, 2011

Empiricism in the bedroom

როცა აუზის ცარიელ ტერასაზე მზის აბაზანას იღებ, ოცნებობ ოქროსფერ ქვიშაზე და მოწყენილობისგან მეათასედ არეფრეშებ მეილს, ჰალუცინოგენურ განწყობას ვერ გაექცევი. ისღა დაგრჩენია მეათიათასედ მოუსმინო მასივის radiation ruling the nation-ს და იფიქრო რაც შეიძლება უცნაურ თემებზე. მაგალითად, დღეს ვცდილობდი პლატონის გამოქვაბული და სადომაზოხისტური სექსი ერთმანეთთან დამეკავშირებინა. გამომივიდა თუ არა, მიხვდებით. იმასაც, რომ ამ პოსტს დასხივებული ვწერ. უბრალოდ, შთაგონებული ვარ. შთაგონება კი აუზის გასახდელში მეწვია, როცა ერთმა გოგომ საკმაოდ სექსუალურ სხეულზე ამოიცვა... გახსოვთ ბრიჯიტ ჯონსის absolutely enormous granny panties?  (და ჰიუ გრანტის კომენტარი - კაკიე აგრომნიე ტრუსიკი :))) ) ამ გოგოს გვერდით უცებ ვიღაც რუსი დეიდა ბამბის სტრინგში შეუდარებლად მომხიბვლელად მომეჩვენა. სანამ ვუაიერიზმში დამადანაშაულებდეთ, იმაზე გადავალ, ჩემი ვიკინგი მეგობარი რომ მეუბნება ხოლმე - get to the point!

Tuesday, June 7, 2011

პარიზიდან ბიზანტიაში


რა ხდება, როცა გბეზრდება ჰიპი, გრანჟი, ლონდონი, ფუტურისტული ფანტაზიებით ცხოვრება, პანკური ცხოვრების თუ ჩაცმის სტილი, მოსკოვი, მანჰეტენი, კოკა-კოლა, კონსერვანტები, არაფრისმთქმელი მინიმალიზმი, ბირკინის ჩანთები ყველგან, კიტჩი, ბოლო საუკუნის მრავალფეროვანი, მაგრამ მაინც ტექნოგენური კულტურა?
ალბათ ის, რომ წყვეტ ახლის ძიებას და უკან, შორეულ საუკუნეებში იხედები, სადაც ასეთი სიმყუდროვე, მისტიკურობა და სილამაზეა. ალბათ ასე უფრო ადვილია დაინახო ის, რაც რთული იქნებოდა აღსაქმელად იმ დროში მცხოვრები ადამიანებისათვის. დაინახო, რა იშვიათია კონტრ-კულტურების თანაარსებობა ისე, რომ არ მოხდეს მათი ერთმანეთში არევა, ერთიმეორეზე გავლენის მოხდენა და ზოგიერთ შემთხვევაში ჰარმონიული სინთეზის წარმოქმნაც კი.