Monday, November 12, 2012

პროფესია: თავისუფალი - ნიკოლა გესკიერი


ორიოდე წლის წინ, როდესაც ეკითხებოდნენ, რას გააკეთებდა ათი წლის შემდეგ, ამბობდა, რომ საკუთარი თავი ისევ და ისევ Balenciaga-ში წარმოედგინა. ბრენდის კრეატიული დირექტორი არ გამორიცხავდა იმასაც, რომ შეიძლებოდა მხოლოდ ამით აღარ ყოფილიყო დაკავებული. "წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებდი ჩემი საკუთარი კოლექციისთვის, თუ ერთ დღეს მის შექმნას გადავწყვეტდი. Balenciaga-ში იმდენს ვდებ, რომ თუ დღეს ოთახში ჩამკეტავთ და მეტყვით, "მოდი, სცადე ნიკოლა გესკიერის პროექტის გაკეთება" არაფერი გამომივა."
როგორც ჩანს, ნიკოლა გესკიერმა მაინც გადაწყვიტა საკუთარი თავი Balenciaga-ს აღარ მიუძღვნას. სულ რამდენიმე დღის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი (თხუთმეტი წლის) მუშაობის შემდეგ, მან უარი თქვა საკუთარ პოზიციაზე. მიზეზები, რომელთა გამოც გესკიერმა ასეთი ნაბიჯი გადადგა, ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა კულუარებში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიღებული არ ყოფილა და ამაზე დიზაინერი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფიქრობდა. შესაძლო მიზეზად კი სახელდება როგორც ფინანსური საკითხები, ასევე ბრენდის ხელმძღვანელობის სტრატეგია, მისი პროექტების უფრო მეტად კომერციალიზაციასთან დაკავშირებით. არავინ გამორიცხავს იმას, რომ PPR-თან თანამშრომლობის გაწყვეტა არა სამუდამო, არამედ დროებითი იყოს, მაგრამ რეალობა ერთია - Balenciaga ნიკოლა გესკიერის გარეშე დარჩა, დიზაინერის, რომელიც წლების წინ ბრენდს მესიად მოევლინა.
90-იანების ბოლოდან, Balenciaga გესკიერმა, შეიძლება ითქვას, მეორედ შექმნა. კრისტობალ ბალენსიაგას ბრენდი უკვე აღარ იყო არც პრესტიჟული და არც გავლენიანი, როგორც გასული საუკუნის შუა ხანებში. არა კენედისა და ჰეპბერნის წონის პერსონებისთვის, არამედ საშუალო ფენისთვისაც კი ბალენსიაგას სახელი საინტერესოდ აღარ ჟღერდა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგმა დიზაინერმა ყველაფერი თავიდან დაიწყო და იმას მიაღწია, რომ ბოლო წლებში კრიტიკოსები თითქმის ვეღარ წერდნენ უარყოფით შეფასებებს მის კოლექციებზე, ხოლო ძალიან ვიწრო შარვლების და ორთოპედიული ფეხსაცმლის მზარდი პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით სხვა არაფერია, თუ არა გესკიერის ნამუშევარი.
ნიკოლა გესკიერმა ბავშვობა საფრანგეთში, შუა საუკუნეების პერიოდის პატარა ქალაქ ლუდუნში გაატარა. თორმეტი წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა დიზაინერი გამხდარიყო - არა იმიტომ, რომ ეს თავის მოწოდებად მიაჩნდა, არამედ უფრო პროვინციის მოწყენილობისგან თავის დასაღწევად. კერავდა ფარდებისგან სამოსს, ბებიამისის ჭაღიდან კი ბროლის კრისტალებს ხსნიდა და საყურეებს აკეთებდა. მოგვიანებით, გადაწყვიტა საქმისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი. მამა წერილების წერაში დაიხმარა და საბოლოოდ მოახერხა, რომ საზაფხულო არდადაგებზე Agnes B-სთან სტაჟირება გაევლო - მართალია, ოფისში დოკუმენტების ბეჭდვა და ყავის მოდუღებაც კი უწევდა, მაგრამ ასევე აკვირდებოდა მოდის სამყაროში მიმდინარე პროცესებს.
ზაფხული მიილია და ნიკოლა სახლში დაბრუნდა, თუმცა უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რა უნდოდა. მამას განუცხადა, რომ ფიზკულტურის მასწავლებელი არ გახდებოდა და მომავალ წელს ისევ პარიზში წავიდა - უკვე სამუდამოდ. "ისე იყო, როგორც კინოში ხდება - სადგური, ჩემოდნები, დედა ტირის, მეც ვტირივარ... " მაგრამ მისთვის ხელის შეშლა უკვე აღარაფერს შეეძლო.
კარიერის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო. თავიდან გესკიერი სენის მარცხენა სანაპიროზე აფრიკულ ქანდაკებებსაც კი ჰყიდდა, რომ თავი როგორმე გაეტანა, თუმცა ბედმა მალე გაუღიმა და ჟან პოლ გოტიეს ასისტენტი გახდა. ეს ოცნების ახდენას ჰგავდა, მაგრამ გოტიესთან მუშაობას გესკიერმა თავი მალე დაანება, რადგან არაკეთილმოსურნე გარემოს ვერ გაუძლო. 1995 წელს Balenciaga-ში გადავიდა, რაც მისთვის ერთგვარი ჩამოქვეითებაც იყო, რადგან არაპრესტიჟული მიმართულებების ხელმძღვანელობა უწევდა, თუმცა სამი წლის მერე მისი მდგომარეობა შეიცვალა, როდესაც ბრენდის პარიზის სახლის მთავარ დიზაინერად დანიშნეს.
მაშინ Balenciaga-ს სახლი ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთ დროს ძალიან გავლენიანი ბრენდის სახელისგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. გესკიერმა დროთა განმავლობაში მოახერხა ბრენდისთვის ახალი სული შთაებერა. ცნობილი სკაფანდრის ფორმის სილუეტები, არქიტექტურული ფორმები, რეტრო-ფუტურისტული შიკი - ის, რითაც თანამედროვე სამყარო Balenciaga-ს იცნობს, სწორედ გესკიერის ნახელავია.
2010 წელს, Interview Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომ ფორდმა (ინტერვიუერის როლში სწორედ ის იყო) გესკიერს ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა საკუთარ სტილს ფრანგულად. "საერთოდ არ მაქვს ასეთი შეგრძნება. ეს არასოდეს ყოფილა ჩემი საზრუნავი, ამას გარდა, ასე ფიქრი შეზღუდვას ნიშნავს. როდესაც ვიწყებდი, მინდოდა, რომ Balenciaga ინტერნაციონალური ყოფილიყო. ვფიქრობდი, ფოკუსი უნდა გაკეთებულიყო შეერთებულ შტატებზე, სადაც ყველაზე მეტად მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები." როგორც თვითონ ამბობს, მისი ქალი არ შეიძლება იყოს რომელიმე ერთი ეროვნების წარმომადგენელი - ის გამხდარია, თავდაჯერებული სიარულის მანერა აქვს და ოდნავ მასკულინურია, მაშინაც კი, როდესაც ატარებს საკმაოდ სექსუალურ სამოსს. "მირჩევნია ასეთ ქალებს მივმართო, ვიდრე მხოლოდ მათ, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ," - ამბობს გესკიერი.
დროთა განმავლობაში ნიკოლა გესკიერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, შეიძლება ითქვას საკულტო (ახალგაზრდა დიზაინერებს შორის მაინც) დიზაინერი გახდა. 2000 წელს VHI/Vogue Fashion დაჯილდოებაზე წლის ავანგარდულ დიზაინერად აღიარეს, 2001-ში კი CFDA-მ წლის დიზაინერად დაასახელა. წარმატების მიზეზი მარტივი იყო: "ფორმები, რომლებსაც ქმნი, ძალიან შთამაგონებელი და არქიტექტურულია. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ვაღმერთებ შენს სამოსს არა მხოლოდ კონცეპტუალურობის გამო. ქალის სხეულს ყოველთვის ლამაზად წარმოაჩენ და ეს შენი წარმატების საიდუმლოდ მიმაჩნია", - უთხრა ტომ ფორდმა ინტერვიუს პროცესში ნიკოლა გესკიერს.
როდესაც მუზაზე ეკითხებიან, გესკიერს შეუძლია დაუსრულებლად ილაპარაკოს. უმთავრესად იმიტომ, რომ ფიქრობს, მუზა შეიძლება ბევრი, ძალიან ბევრი იყოს, თუმცა თავად მის დიზაინზე რამდენიმე ადამიანმა მოახდინა გავლენა. პირველ რიგში, ეს შარლოტ გენსბურია, რომელთანაც წლების მეგობრობა აკავშირებს. "რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დიზაინის მოფიქრებისას შარლოტზე ვფიქრობდი, მისი გავლენა ძალიან დიდია", - გამოტყდა ერთხელ გესკიერი. არის კიდევ ერთი ქალი - დომინიკ გონსალეს-ფორსტერი, რომელმაც Balenciaga-ს მაღაზიების დიზაინზე იზრუნა.

რას გააკეთებს გესკიერი მომავალში, არავინ იცის,მათ შორის, შესაძლოა, თავად დიზაინერმაც კი და მაინც, ალბათ უკვე დადგა საკუთარი ბრენდის შექმნის დროც. ერთადერთი, რაზეც ხუთიოდე წლის წინ დიზაინერი გადაჭრით ამბობდა უარს, მაღალი მოდის სფეროში მუშაობა იყო. გესკიერი ამბობს, რომ ოტ კუტიურის ადგილი თანამედროვე სამყაროში აღარ არის და მისი ოქროს ხანა დიდი ხნის წინ დამთავრდა. "მე მაქვს იმის ფუფუნება, გამოვიყენო ოტ კუტიურის ტექნიკა პრეტ-ა-პორტეს შექმნის დროს,"- ამბობდა დიზაინერი. როცა საქმე გესკიერის დიზაინს ეხება, ეს ალბათ, საკმარისი უნდა იყოს.

6 comments:

  1. ნინა, სულ რომ არ ვიცოდე გესკიერი და ბალენსიაგა და მოდის სამყაროც არ მიზიდავდეს, ისე საინტერესოდ წერ, ერთი სუნთქვით ჩავიკითხავ ხოლმე :)))

    ReplyDelete
  2. სამწუხაროდ მასკულინური და ზედმეტად გამხდარი ქალები საფრანგეთშიც ბევრია :(

    ისე, ბალენსიაგადან რომ მოდიხარ მამაძაღლი უკეთეს ადგილას სად მიხვალ? :)

    ჰოდა... შესავალი მომესაკლისა აქ. ვერ მოიფიქრე? :) დაგიწერდი შესავალს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. უკეთესი საკუთარი ბრენდის გაკეთება იქნება იმჰო )

      ახლა ჩემი სტატიების წერაც მოუნდა :დ don't think comme il faut ;)

      Delete
  3. შენს ბოლო სტატიებს უიკენდში გავეცანი. მიყვარს შენგან "მოსმენილი" სტილის ამბები.
    რატომღაც ფოტოები ვერ დავინახე ოღონდ, შავი კვადრატები და სამკუთხედები ჩანს ჩემთან.

    ReplyDelete
  4. ამ პოსტს ისედაც ვწერდი, ასე რომ მთლად შენი პოსტის ინსპირაცია არაა, მაგრამ მაინც - ნიკოლა გესკიერის უპირველეს მუზაზე, რომელიც, იმჰო, სულაც არაა შარლო :)

    ReplyDelete