Wednesday, July 21, 2010

Nina Zero Zero

იმიტომ, რომ euro-სთან ამას საერთო არაფერი აქვს. ან რატომ არა, აქვს. დასვენების დღეებს აზიაში გავატარებ, ამიტომ სწორედაც რომ euro zero. Zero me too.

ჩემოდანში ვდებ ტაბულა რაზას დიდ ფურცელს, ყველანაირ მუსიკას, იმიტომ რომ წინასწარ არასოდეს ვიცი, რისი მოსმენა მომინდება. თუმცა ჩილაუთი სეზონის მასთ ჰევია, რადგან პლაჟზე სხვას არც არაფერს ვუსმენ. ტანსაცმელი ყველაზე თხელი, მსუბუქი, casual. არომათერაპიისთვის - Salvatore Ferragamo 'Incanto Shine', Gucci 'Flora', Parfums Intimes Silk Mandarin Santal. კიდევ რა მიმაქვს...ბევრი საცურაო კოსტიუმი. და არანაირი წიგნი ბესთსელერები, დავიღალე ამ საყვარელი კომპაქტური ნოველების კითხვით. ამ ზაფხულს მხოლოდ სქელტანიანი მტვრიანი წიგნები, ბერძნული ტრაგედიები და სკანდინავიური ეპოსი :)

ვტოვებ: ფრანგულის სახელმძღვანელოებს, ჩემს საყვარელ ლოგინს და Ane Brun 'The Fall' (aka 'let me fall to the ground'). თუ მოუსმენ, გაგახსენდება რა ძლიერია მიწაზე დაშვების ანუ გრავიტაციის ძალა, თუ ეკზიუპერის წიგნის გმირი არ ხარ.  Sapienti sat...

ამ მზეს, ტიფლისის საშინელ მზესაც გიტოვებთ, ზუსტად ვიცი, იქ უკეთესი დამხვდება, სადაც მივდივარ : )

...cause I function better with the sun in my eyes


Massive Attack - N..Euro Zero Zero

Monday, July 19, 2010

The Season's Most Adult Film


რატომ არის most adult არ ვიცი, არ მკითხოთ. ამაზე სექტემბერში ვისაუბრებთ, როცა ფილმს კინოთეატრებში გაუშვებენ. რებეკა ჰოლმა, რომელიც ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, მას ძველმოდური უწოდა, რადგან აქ ბევრი სროლები, ძალადობა და რომანტიკაა. თუმცა ფილმი ბენ აფლეკის გადაღებულია და არ ვიცი, რამდენად კარგი რეჟისორია, რადგან მისი წინა ფილმი Gone Baby Gone არ მაქვს ნანახი. აბა რატომ მინდა ამ ფილმის ნახვა? იმიტომ, რომ ქასთი მომწონს(რებეკა ჰოლი, ჯონ ჰემი, ბლეიქ ლაივლი, ბენ აფლეკი, კრის კუპერი.) და კიდევ უფრო მეტად W Magazine ფოტოსესია.

Sunday, July 18, 2010

ღვინოში მოგზაურობა იზაბელ ლეჟერონთან ერთად


იზაბელ ლეჟერონი, ნინა ახლოური-გორეცკი (ანუ მე) და მალხაზ ხარბედია


მის გამოჩენას ღვინის სამყაროში ხშირად ადარებენ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას. რთულია მიხვდე, რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, სანამ პირადად არ გაიცნობ. ის მსოფლიოში ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ქალია, თუმცა ამას არც ისე სერიოზულად აღიქვამს. ამ სფეროში მოღვაწეობა მისთვის ისეთივე ბუნებრივი რამაა, როგორც თევზისთვის წყალში ყოფნა. ხშირად წერენ, რომ მის ძარღვებში სისხლის მაგივრად ღვინო მოედინება. თითქოს უცნაურად ჟღერს, თუმცა თუკი მის ცხოვრებას თვალს გადაავლებ, ყველაფერს უცებ მიხვდები.
იზაბელ ლეჟერონი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. ის კონიაკის მწარმოებელთა ოჯახის მეექვსე თაობას მიეკუთვნება. მისმა ბავშვობამ უმეტესწილად ვენახში განვლო, სადაც ოჯახს ღვინის დამზადებაში ეხმარებოდა, ასევე კრეფდა კაკალსა და ლეღვს. ამ მდიდარმა გამოცდილებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა მის ასეთ ბრწყინვალე პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. თუმცა როგორც ჩვენთან პირად ინტერვიუში აღნიშნა, ვენახში მუშაობა მისი ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო მოგონებას არ წარმოადგენს. ისიც კი წამოსცდა, მძულდა ეს საქმიანობაო. ინტერნეტში არსებული ინფორმაციის გავლენით, წინასწარ ისეთი განწყობა მქონდა, რომ ვარდისფერ ფერებში დამიხატავდა თავის ბავშვობას. როდესაც გაოცებულმა ვკითხე, რას ხედავდა ამაში უსიამოვნოს, ჩვეული უშუალობით თუ გულახდილობით მიპასუხა: "ცუდი გრძნობაა, როდესაც ხარ პატარა და ყველა შენი მეგობარი კინოში ფილმის სანახავად მიდის, შენ კი იძულებული ხარ ვენახში დარჩე და იმუშავო". როგორც აღმოჩნდა, იგი არა მხოლოდ ეხმარებოდა ოჯახს მოსავლის აღებაში, არამედ სადილის მომზადებაც ხშირად უწევდა. "მე ამ ყველაფერს დღესაც ვაკეთებ, ვბრუნდები ხოლმე შინ და ვეხმარები. ჩემი ოჯახის ტრადიციები ძალიან ძლიერია, ღვინო კი მისი მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია. ასეთივე წარმატებით ხშირად ვამზადებდი სოუსს კაკლისაგან".

Friday, July 16, 2010

ჩაალაგე ჩემოდანი გრძელი უიკენდისთვის


ყველა ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება, როდის მოვა შვებულების თუ არდადაგების დრო, რომ დამსახურებულად დაისვენოს და მოწყდეს ყოველდღიურ პრობლემებს.
ჩემი აზრით, შვებულების მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ საშუალება გეძლევა დროებით რუტინას მოწყდე და აბსოლუტურად შეცვალო ცხოვრების სტილი, ასევე დაივიწყო ვალდებულებები. არის მხოლოდ ერთი რამ, რასაც გვერდს ვერ აუვლი - მოდა. ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, იყო ე.წ. fashionista - ჩემოდანის ჩალაგებისას მაინც მოგიწევთ დაფიქრდეთ საკურორტო მოდის მთავარ ტენდენციებზე. ეს აუცილებელია მაშინაც, თუ ქალაქიდან გასვლას არ აპირებთ, რადგან ზაფხულის ცხელ ამინდში საქმიან, ყოველდღიურ ჩაცმულობაში კორექტივების შეტანა მაინც აუცილებელი საქმეა.
საკურორტო მოდაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ის მაქსიმალურად მოსახერხებელია. როგორც თავის დროზე კოკო შანელმა თქვა: "ფუფუნება კომფორტული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ის არ არის ფუფუნება". საკურორტო კოლექციები ძირითადად ეხმიანება ხოლმე ამ სიტყვებს და არც წლევანდელი არ არის გამონაკლისი.

Saturday, July 10, 2010

გრაფიტი - პარტიზანული ხელოვნება

„ურბანული სტილი, ანუ ცოტა რამ თვითგამოხატვის ხელოვნების შესახებ“ ციკლიდან
გრაფიტი, ანუ ქუჩის მხატვრობა, რომელიც ბოლო პერიოდში ხელოვნების ცალკე მიმართულებად გადაიქცა, ურბანიზმის ყველაზე საინტერესო სუბკულტურაა. გრაფიტი ვიღაცისთვის შეიძლება ვანდალიზმი იყოს, ვიღაცისთვის კი - ხელოვნება, რომელიც მუზეუმში გამოფენის ღირსია.
პრინციპში, გააჩნია ნიმუშს და მის ესთეტიკურ თუ იდეურ ღირებულებას. ნიჭიერ რაიტერებს შორის ყველაზე თვალსაჩინოა რობერტ ბენქსი. ან რობინ ბენქსი. მისი სახელი, ისევე როგორ წარმოშობა, ზუსტად არავინ იცის. ვარაუდობენ, რომ ბრისტოლიდან უნდა იყოს. ჟურნალისტებს ტყუილებით მუდამ თავბრუს ახვევს. დანამდვილებით ისაა ცნობილი, რომ ხატვა 90-იანებში დაიწყო. მის შემოქმედებაში ყოველთვის "ანტი" გზავნილებია - ანტიმილიტარისტული, ანტიმეშჩანური, ანტიკაპიტალისტური, ანტიაპოკალიფსური. როდესაც ჰკითხეს, რატომ ხატავდა, უპასუხა: "თავიდან სამყაროს გადარჩენა მინდოდა. ახლა უკვე აღარ ვარ დარწმუნებული, რომ მომწონს ეს სამყარო". მისი ნახატებს შორის ყველაზე ცნობილია პალესტინის, გუანტანამოს, ზოოპარკის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.

Friday, July 9, 2010

მითხარი რა გაცვია და გეტყვი, ვინ ხარ

,,ურბანული სტილი, ანუ ცოტა რამ თვითგამოხატვის შესახებ“ ციკლიდან
თვითგამოხატვის ინსტრუმენტებს შორის პირველი და ყველაზე გავრცელებული, ალბათ, მაინც მოდაა. მისი შექმნა, მართალია, წამყვანი დიზაინერების პრეროგატივაა, მაგრამ მსოფლიო ტენდენციების მიუხედავად, ყოველი ჩვენგანი მაინც თავად ირჩევს საკუთარი ჩაცმულობის სტილს, ფორმას, ფერებს.
Streetstyle - ეს მხოლოდ ჩაცმულობა არაა. ის დასავლური კულტურის ორგანული ნაწილია და მჭიდროდაა კავშირში მუსიკალურ მიმდინარეობებთან, სპორტის არატრადიციულ სახეობებსა და ახალგაზრდულ სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობებთან. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, მსოფლიო მოდის ტენდენციებთან ერთად, განაპირობებს ჩაცმულობის მანერას. ამიტომ, პიროვნებაზე მისი სამოსი ბევრს ამბობს - თუ გაცვია პანკ სტილში, დიდი ალბათობაა, რომ იზიარებ პანკურ ფილოსოფიას.

Thursday, July 8, 2010

ურბანული სტილი, ანუ ცოტა რამ თვითგამოხატვის ხელოვნების შესახებ (შესავალი)


სკეიტი. სკეიტბორდი. გამონაბოლქვი. ისევ გამონაბოლქვი.
სხვა არაფერი მახსენდება, რომლითაც ჩვენს ურბანულ კულტურას მსოფლიოს სხვა ქალაქების კულტურასთან დავაკავშირებდი. რამდენიმე სკეიტბორდი და დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი, რომელიც კულტურის კი არა, საყოფაცხოვრებო პრობლემათა ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია.
თბილისი მართლაც განსაკუთრებული ქალაქია, სადაც თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მიტინგებზე სიარული და ხანდახან ტრაფარეტული გრაფიტია. საქართველოს სხვა ქალაქებზეც იგივე შეიძლება ითქვას. არ იფიქროთ, კულტურაში ქცევის წესებს ან არქიტექტურასა და მისთანებს ვგულისხმობდე. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ქალაქია თავისი უნიკალური ხასიათითა და საინტერესო შენობებით. მე იმაზე მოგახსენებთ, რასაც ზოგადად ურბანულ კულტურას უწოდებენ, თავისი ცხოვრების წესით, ჩაცმულობით, ხელოვნებით. იმაზე, რასაც ქალაქის მაცხოვრებლები თავად ქმნიან ერთადერთი მიზნით - საკუთარი თავის გამოსახატავად. ურბანულ სტილზე ხან მსოფლიო ტენდენციები ახდენს გავლენას, ხანაც - პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემები. ხდება ისეც, რომ ქალაქის ქუჩების სტილი თავად ზემოქმედებს გარკვეულ ტენდენციებზე. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქუჩის მოდა შთააგონებს მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს, ორიგინალური კოლექცია შექმნან. ამ ყველაფერში მიმზიდველი ისაა, რომ თვითგამოხატვაში სრული თავისუფლება გაქვს, შეგიძლია იყო უკომპრომისო და ფანტაზიას გასაქანი მისცე. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ახლო აღმოსავლეთის ქალაქებს, სადაც ჩაცმულობისა თუ მხატვრობის წესები დიდი ხნის წინ არის დაკანონებული.

Friday, July 2, 2010

უიკენდი იტალიურად, Carpe Diem!


რა საჭიროა სულ სადღაც მიიჩქაროდე, როცა ცა ასეთი ლურჯია, დღე ასეთი ნათელი და მზეც ასე მხიარულად დაგვნათის თავზე?
ასეთია ტიპური იტალიური ლოგიკა. არ იფიქროთ, რომ იტალიელები ამის გამო არაპუნქტუალურები არიან, ეს უბრალოდ carpe diem-ის ფილოსოფიაა. ეს შესანიშნავი ლათინური გამონათქვამი ქართულად ითარგმნება, როგორც "დაიჭირე დღე" და არის ერთგვარი მოწოდება, რომ ყოველ დღე იცხოვრო სიამოვნებით, ყველაფერში ეძებო დადებითი ემოციები და უბრალოდ, დატკბე ცხოვრებით, რადგან არასოდეს იცი, რა იქნება ხვალ. მშვენიერი ცხოვრებისეული კრედოა და ღირს, სულ ცოტა, უქმეებზე მაინც მოირგო.