Friday, July 2, 2010

უიკენდი იტალიურად, Carpe Diem!


რა საჭიროა სულ სადღაც მიიჩქაროდე, როცა ცა ასეთი ლურჯია, დღე ასეთი ნათელი და მზეც ასე მხიარულად დაგვნათის თავზე?
ასეთია ტიპური იტალიური ლოგიკა. არ იფიქროთ, რომ იტალიელები ამის გამო არაპუნქტუალურები არიან, ეს უბრალოდ carpe diem-ის ფილოსოფიაა. ეს შესანიშნავი ლათინური გამონათქვამი ქართულად ითარგმნება, როგორც "დაიჭირე დღე" და არის ერთგვარი მოწოდება, რომ ყოველ დღე იცხოვრო სიამოვნებით, ყველაფერში ეძებო დადებითი ემოციები და უბრალოდ, დატკბე ცხოვრებით, რადგან არასოდეს იცი, რა იქნება ხვალ. მშვენიერი ცხოვრებისეული კრედოა და ღირს, სულ ცოტა, უქმეებზე მაინც მოირგო.


ბევრი ვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა ამ აბსტრაქტული პრინციპის ცხოვრებაში განხორციელება. მეგობარი მყავს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა იტალიაში. როდესაც იქაური ცხოვრების წესზე მიყვება, ვხვდები, საქმე იმის უნარში კი არ არის, კარგად მოილხინო, არამედ ცხოვრებისადმი შენს დამოკიდებულებაში. ამ უკანასკნელს კი, ერთი ხელის მოსმით ვერ შეცვლი, თუმცა პირველ ეტაპზე არსებობს გაცილებით მარტივი გამოსავალი - ადგე და მათი ცხოვრების სტილი, თუნდაც რამდენიმე დღით, შენსაში გადმოიტანო.
თუ იდეამ დაგაინტერესათ, საქმეს ამ უქმეებზე შეუდექით. ფიქრობთ, რომ იტალიურად დროის გატარება საქართველოს ფარგლებში არარეალური წამოწყებაა? მე მგონია, ასეთ რაღაცეებს იტალიურად, ანუ ხალისიანად და მარტივად უნდა შეხედო. შევეცადე ამოცანა თქვენთვის მაქსიმალურად გამეადვილებინა, ამიტომ გთავაზობთ პატარა გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ, ეს უიკენდი იტალიურ სტილში გაატაროთ.
სანამ გეგმის მთავარ ნაწილზე გადავიდოდეთ, დაიმახსოვრეთ მთავარი: იტალიელი ბონ ვივანისთვის ცხოვრება დღესასწაულია, რომელსაც ყოველ დღე აღნიშნავს. დაივიწყეთ პრობლემები და ეცადეთ, კეთილგანწყობილი იყოთ გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ. ახლობლებს ბევრი კომპლიმენტი უთხარით - დადებითი ემოციები უკან ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ, რაც ჭეშმარიტ საუიკენდო განწყობას შეგიქმნით.
უიკენდის ყველაზე მხიარული მოვლენა შაბათ საღამოს პატარა იტალიური წვეულების მოწყობა იქნება. ამისთვის კი საჭიროა შევარჩიოთ შესაბამისი მენიუ, მუსიკალური ფონი და გამოვეწყოთ იტალიურ სტილში.
მენიუ:
იტალიურ ტრადიციულ სამზარეულოზე ჩვენ ყველას ბევრი გვსმენია. უფრო მეტიც, ზოგიერთ კერძს ყოველ დღეც კი მივირთმევთ. შეგიძლიათ შეუკვეთოთ პიცა, ტირამისუ, თუ ტრადიციული სადილის მოწყობას ამჯობინებთ, მოამზადოთ სპაგეტი სოუსით. მოიმარაგეთ პარმეზანი, იტალიური ღვინო, ნაყინი, ნუშის ნამცხვარი. სუფრას ასევე დაამშვენებს იტალიური პელმენი, ანუ რავიოლი, რომლის მომზადება არც ისე რთულია. გთავაზობთ მის რეცეპტს, რომელიც http://cook.boom.ge - დან ავიღე:
ფქვილის, კვერცხის, მუსკატის კაკლისა და მარილისაგან მოვზილოთ ცომი და დავდგათ ერთი საათით, შემდეგ თხელ ფირფიტად გავაბრტყელოთ. ჭიქით ამოვჭრათ მრგვალი ცომის ნაჭრები (შეგვიძლია ცომი ოთხკუთხედებადაც დავჭრათ). თითოეული ცომის ნაჭრის შუ-ში მოვათავსოთ თითო ჩაის კოვზი შიგთავსი, კიდეებზე წავუსვათ კვერცხი და შევაწებოთ ერთმანეთს. რავიოლი ჩავუშვათ მარილიან წყალში და მაკარონივით ვხარშოთ. სუფრაზე მიტანამდე მოვაყაროთ პარმეზანის ყველი და მოვასხათ ტომატის სოუსი. შიგთავსად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ისპანახი ან სხვა ბოსტნეული.
მასალა (2 ულუფაზე): ცომისთვის: 200 გრამი ფქვილი; 1-2 ცალი კვერცხი; ცოტა მარილი და მუსკატის კაკალი; 1-2 სუფრის კოვზი წყალი; 1-2 ცალი კვერცხი ზემოდან წასასმელად. შიგთავსისთვის: 100 გრამი შერეული ხორცის ფარში; კვერცხი; თითო ჩაის კოვზი გახეხილი ყველი და ხახვი; პილპილი და მარილი; დარბილებული თეთრი პურის ნაჭერი.
მუსიკა:
მხოლოდ მათი ეროვნული კერძების დაგემოვნებით ნამდვილ იტალიურ განწყობას ვერ შეიქმნით. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ჩემი რჩევა არ ესაჭიროებათ, არჩევანი მათთვის ისეც საკმაოდ დიდია: ვივალდის "ზაფხული", პაგანინის სონატები, ჩაიკოვსკის "ნეაპოლიტანური ცეკვა", პუჩინის ოპერები რომანტიკული განწყობისთვის... ჯაზის მოყვარულებს ვურჩევ გაიხსენონ ნიკოლა კონტეს შემოქმედება. რაც შეეხება პოპ-მუსიკას, იტალიელ ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარული ჯგუფია Zero Assoluto, რომელიც, ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ. ჩაწერილი აქვთ სამი სტუდიური ალბომი. მათი აბსოლუტური ჰიტებია Semplicemente, Svegliarsi la mattina, Sei parte di me. 2006 წელს ნელი ფურტადოსთან ჩაწერეს ყველასთვის ნაცნობი All good things (Come to an End) იტალიური ვერსია. მათი თბილი სიმღერები რომანტიკულ ხასიათზე აყენებს. მსგავსი სტილის მუსიკას ასევე ქმნის ჯგუფი Negramaro.
Zero Assoluto - Semplicemente
თუ პრეტენზიული მეზობლები არ გყავთ და დარწმუნებული ხართ, რომ მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკის გამო საყვედურებს არ მიიღებთ, არჩევანი იტალურ ჰაუსსა და ტექნოზე შეაჩერეთ, რომელიც არამხოლოდ სამშობლოში, მთელი მსოფლიოს კლუბებშიც ძალიან პოპულარულია. ბენი ბენასისა და ალექს გაუდინოს სახელები თქვენთვისაც ნაცნობი უნდა იყოს. მათი საოცრად ენერგიული კომპოზიციები და რემიქსები ხშირად ექცევა მსოფლიო ჩარტების სათავეებში. ძალიან საინტერესო ელექტრონული ჯგუფია Planet Funk - ავტორი ისეთი პოპულარული სინგლების, როგორიცაა Chase the Sun და Stop Me. 
Planet Funk - Lemonade
სამოსი:
იტალიელები ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ჩამცმელები არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთავარი დეტალები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ფეხსაცმელი და შარფია. ეს უკანასკნელი ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. წელს გაზაფხული - ზაფხულის სეზონისთვის იტალიური მოდის სახლებმა შემდეგი ძირითადი ფერები შემოგვთავაზეს: თეთრი, ფოლადისფერი, იასამნისფერი, ქვიშისფერი, მამაკაცებისთვის - ნაცრისფერი და ლურჯი. მთავარი აქცენტი მაქს მარას სახლმა თავსაფრებზე გააკეთა. დასამახსოვრებელი დეტალებია გუჩის ძალიან მაღალი ქუსლები და მოკლეყურიანი ჩანთები, მოსკინოს ჭრელი კაბები, ასევე საზაფხულო ქუდები ალბერტა ფერეტისგან. ხოლო თუ კოსტიუმირებული საღამოს მოწყობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ვენეციური ნიღბები და გრძელი მოსასხამები დაგჭირდებათ.
იტალიური Diesel ბოლო სარეკლამო კამპანიით შესანიშნავ საუიკენდო სლოგანს გვთავაზობს: Be stupid! ასე რომ, რადგან Stupid listens to the heart, რასაც გული გიკარნახებთ ის ჩაიცვით, იქნება ეს დიზელის ჯინსები თუ ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმელი იარლიყის გარეშე. Carpe diem, be stupid!
სუნამო:
იტალიური ბრენდები სუნამოების ძალიან ფართო არჩევანს გვთავაზობენ. გთავაზობთ მათგან ყველაზე საინტერესო საზაფხულო სურნელებს: 
მამაკაცისთვის: Versace Man Eau Fraiche by Versace - ვერსაჩეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუნამო, ოლივიე კრესპის შემოქმედების ნაყოფია. თუ ძველ ვერსიაში თამბაქოს სუნი გარკვეულ აღმოსავლურ ხასიათს ქმნიდა, ახალი - ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰაერითაა გაჟღენთილი. თანამედროვე, ცოცხალი, ოპტიმისტური, ციტრუსის ნოტებით, განწყობასაც ამაღლებს და პრეზენტაბელურ იმიჯსაც სძენს. ბერგამოტი ის კომპონენტია, რომელიც სუნამოს გარშემო მამაკაცურ შლეიფს ქმნის. ეს არის იმ იშვიათ არომატთაგანი, რომელზეც ცუდი არც აზრი მსმენია და არც გამოხმაურება წამიკითხავს.
ქალისთვის: Flora by Gucci - არომატი ბოჰემური და რომანტიკული მანდილოსნებისთვის. ციტრუსის და პეონის ნოტებით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია თბილი ამინდებისთვის. სანდლის ხისა და ვარდის მსუბუქი სურნელი სუნამოს სენსუალურობას ანიჭებს, მთლიანობაში კი, ეს ყვავილოვანი კომპოზიცია მხიარული და მზიანი დღის ასოციაციას იწვევს. ძალიან მომწონს ჭურჭლის მკაცრი, გეომეტრიული დიზაინი - ჰექსაგონში შამპანურის ფერის ელვარება.
თუ კვირა დღისთვის ენერგია კიდევ შემოგრჩებათ, წვეულების გაგრძელებას მაინც არ გირჩევთ - იტალიური უზრუნველობა მომავალი კვირის საქმეებისგან ვერ გიხსნით. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დაისვენოთ, იკითხოთ იტალიური ლიტერატურა და უყუროთ მათ ფილმებს, ან ფეხბურთს. დილა კი, ჭიქა ყავით დაიწყეთ - ეს ხომ მათი კულტურის განუყოფელი ნაწილია. არჩევანი აქაც საოცრად მდიდარია - ესპრესო, კაპუჩინო, მაკიატო, სტრეტტო. გარდა იმისა, რომ გამოიგონეს ორთქლის ყავის მადუღარა, იტალიელებმა ესპრესოს მომზადება ხელოვნების რანგში აიყვანეს და ფაკულტეტიც კი გახსნეს, სადაც სტუდენტებს ამ უგემრიელესი სასმელის სწორად მომზადებას შეასწავლიან. თუ სახლში ესპრესოს მომზადების საშუალება არ გაქვთ, რომელიმე იტალიურ ბარს ან რესტორანს ესტუმრეთ, შინ დაბრუნების შემდეგ კი შეგიძლიათ...
წაიკითხოთ: უმბერტო ეკოს "დედოფალი ლოანას საიდუმლო ალი", თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი საინტერესო ნაწარმოები, იტალიური სულითა და პასაჟებით. ჯამბატისტა ბოდონის, ანტიკვარული წიგნებით მოვაჭრე ხნიერ მამაკაცს ინსულტი ემართება, რის შედეგადაც ის თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ივიწყებს. მას მოუწევს თავიდან გაიცნოს საკუთარი ოჯახი, აღმოაჩინოს, რომ თუ ბალიშს ხელს დაარტყამ, მასზე მტევნის კვალი დარჩება, გასინჯოს ჩაის გემო - მას მეხსიერების ის ნაწილი აქვს დაზიანებული, რომელიც ემოციებს უკავშირდება. სამაგიეროდ ბოდონის მთლიანად ახსოვს ის წიგნები, რომელიც ოდესმე წაუკითხავს. იმ მიზნით, რომ განვლილი ცხოვრება გაიხსენოს, მთავარი გმირი სოლარაში მიემგზავრება, სადაც მან ბავშვობა გაატარა. აღიდგენს თუ არა მეხსიერებას ძველი გაზეთების, ვინილის დისკებისა და კომიქსების თვალიერებით, ეს არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან წიგნში გაცილებით რთული კითხვებია დასმული, მაგალითად იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი მეხსიერება. ეკო აჩვენებს, რამდენად ფასეულია პირადი გამოცდილება მთელი კაცობრიობის გამოცდილებასთან შედარებით. რთულ პრობლემებზე დაწერილი, არც ისე რთულად წასაკითხი წიგნი, უიკენდის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ლუკმა გახდება.
უყუროთ: ბერნარდო ბერტოლუჩის "მოპარულ სილამაზეს" (Stealing Beauty, იტალიურად Io ballo da sola) თუ ჯერ კიდევ ნანახი არ გაქვთ. ან უყუროთ განმეორებით, რადგან იშვიათია მეორე ასეთი ფილმი, რომელიც ასე ძალიან განდომებდეს იტალიის ნახვას. ტოსკანური პეიზაჟები, ლივ ტაილერის და ჯერემი აირონსის არაჩვეულებრივი თამაში, კარგი მუსიკა, ეს ყველაფერი ერთად შესანიშნავი სანახაობაა.
თუ რაიმე უფრო მსუბუქის ნახვა მოგინდებათ, არჩევანი შეაჩერეთ ფილმზე "მაპატიე, რომ მიყვარხარ" (Scusa ma ti chiamo amore). მთავარ როლს იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მომხიბვლელი მსახიობი, რაულ ბოვა თამაშობს. ეს არის კომედიური მელოდრამა 18 წლის გოგონასა და 37 წლის რეკლამის სპეციალისტის პრობლემებით სავსე და ლამაზი სიყვარულის ისტორიაზე.
Buon fine settimana - კარგ უქმეებს გისურვებთ!

11 comments:

  1. ოოო სპაგეტი და მაკარონი ჩემი ნომერ 1 საკვებია. შემიძლია დღეში 4-ჯერ და ყოველ დღე ამით ვიკვებო ;)
    გარდა ამისა: სოფი ლორენი, ფედერიკო ფელინი, მონიკა ვიტი, ლუკინო ვისკონტი, ანნა მანიანი-რომის სიმბოლო!
    უჰ, ბევრია კიდე;)

    ReplyDelete
  2. პირველად ვხედავ ადამიანს, ჩემნაირად რომ იკვებება :დ ყველა დამცინის, როგორ შეგიძლია ყოველდღე უგემური მაკარონით იკვებოო :(
    ჩემი ენერგიის წყაროა. სპაგეტიზე და სოუსებზე ხო ვგიჟდები :love:

    ReplyDelete
  3. ვაჰ, რა საერთო გვააქ!!
    სხვათაშორის მეც მსგავსი სიტყვების მოსმენა მიწევს:(
    სულ მიბრაზდებიან სახლში, მარა მიყვარს და:D "რა გავაკეთო შვილო საჭმელი?" "მაკარონი დე":D
    ახლა უკვე ბოლოში ემატება "მაკარონის გარდა?"
    მაკარონის გარდა ბადრიჯანი ყველანაირ მდგომარეობაში მიყვარს და განსაკუთრებით ცივი აჯაფსანდალი ;)

    ReplyDelete
  4. ჰო, ძალიან გამიხარდა რომ პარანოიდი არ ვარ და არ მეჩვენება რომ პასტა გემრიელია :დ თურმე შენც გეგემრიელება ))))
    მე არ მიბრაზდებიან, დედაჩემს უხარია ფიქრი რომ არ უწევს რა მაჭამოს :დ
    ბადრიჯანი აჯაფსანდალში მიყვარს, ისე არა. აუ რა კარგია აჯაფსანდალის სეზონი :)

    ReplyDelete
  5. აჯაფსანდალი ბორჯომის ხეობაში, მისწრება პირდაპირ!

    ReplyDelete
  6. აჯაფსანდალის კეთებას დავიწყებ შვებულების დროს, გადაგყვები თან :D:D პასტა კიდევ შეიძლება..და მარტინი ბიანკო..

    ReplyDelete
  7. კაი, შენ პასტა და აჯაფსანდალს მე გავაკეთებ მაშინ

    ReplyDelete
  8. არ გეგონოს რომ დამავიწყდება ეს სიტყვები :O

    ReplyDelete
  9. dolce & Gabbana the one for men mmmmmmm

    ReplyDelete
  10. D&G the one მარტო ქალის ვიცი, თბილი არომატია, ზამთრის და აღარ გამხსენებია
    ისე კაცის სუნამოს შეძენა მინდა რამდენი ხანია, უნდა ვნახო ერთი : ))

    ReplyDelete
  11. იტალია, მოვდივარ!!!!
    Zero Assoluto-ზე ვგიჟდები.

    ReplyDelete