Friday, June 18, 2010

ამბოხი ფრანგულ სტილში


ამ ცნობილმა ფრანგმა თავის წიგნში დაწერა, ყველა ადამიანს სჭირდება ჰობი, რომ სტრესს შეებრძოლოს, თუმცა სინამდვილეში ხალხს ეს იმისთვის უნდა, რომ როგორმე ჭკუიდან არ გადავიდეს და ცოცხალი გადარჩესო. ჰობის ამგვარ დანიშნულებაზე არასოდეს დავფიქრებულვარ.
არც კი ვიცი, მაქვს თუ არა ჰობი. ჩემი საყვარელი საქმიანობა ბრისტოლ საუნდის მოსმენა, საყვარელი ავტორების კითხვა და ლაშქრობაში სიარულია. ამ რაღაცეებს თუ არ გავაკეთებ, გადავალ თუ არა ჭკუიდან? არც ეს ვიცი და არც მინდა უახლოეს მომავალში მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება. ამ ფრანგს, რომლის სახელიც ფრედერიკ ბეგბედერია, უყვარს წერა, საპირისპირო სქესი, მოგზაურობა... კიდევ ერთი საინტერესო ჰობი ჰქონდა - ნარკოტიკებით კაიფი, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, შეეშვა. აი რას წერს ის ერთ-ერთ თავის წიგნში: "ექსტაზი ძვირად გვისვამს ქიმიური სიხარულის რამდენიმე წუთს. წინ გადაგვიშლის უკეთეს სამყაროს, საზოგადოებას, სადაც ყველა ხელიხელჩაკიდებულია და თავს მარტოდ აღარ ვგრძნობთ; დაგვაწყებინებს ოცნებას ახალ ერაზე, რომელშიც არ იქნება არისტოტელეს ლოგიკა, ევკლიდეს გეომეტრია, კარტეზიული მეთოდი და ფრიდმანის ეკონომიკა. ცალი თვალით შეგვახედებს და მერე, ხელის ერთი მოქნევით, გაუფრთხილებლად, კარს ცხვირწინ მოგვიჯახუნებს."


არ ვიცი, რა გარემოებაში წერდა ფრედერიკ ბეგბედერი ამ სტრიქონებს. ალბათ, სადმე ბარში, პოსტ-ეიფორიული განწყობის და ეგზისტენციალური კაეშნის გავლენით, ნარკოტიკების მიღებას რომ ახლავს თან. იგივე განწყობა ექნებოდა მაშინაც, როცა პარიზის ცენტრში პოლიციამ კოკაინის ყნოსვის ფაქტზე წაასწრო და ორი ღამე გისოსებს მიღმა გაატარებინა. ქალაქის ცენტრში, დღისით კოკაინის საჯაროდ ყნოსვა არცთუ ჭკვიანური საქციელია, მაგრამ რას იზამ, თუ არ იცი, სხვანაირად მარტოობას და მოწყენილობას როგორ გაექცე. ბეგბედერი ხშირად ახსენებს ხოლმე ოსკარ უაილდის სიტყვებს: "მე ბედნიერება კი არა, სიამოვნება მჭირდება"-ო. ბედნიერების ფენომენს ვერაფერი გაუგო. "ბედნიერების ცნება საუკუნეების განმავლობაში რელიგიას უკავშირდებოდა. ადრე, როდესაც ყველაფერი უკეთ იყო ორგანიზებული, ადამიანებს იშვიათად უჩნდებოდათ კითხვა, თუ რა არის ბედნიერება. მაშინ ის სიკვდილის შემდეგ მოდიოდა. დღეს, როდესაც რელიგიამ რაღაც დოზით დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ადამიანებმა კი - რწმენა, ჩვენი არსებობა უფრო მტკივნეული გახდა. ღმერთის არარსებობა აიძულებს ადამიანებს ბედნიერება სხვადასხვა ადგილზე ეძებონ. ვფიქრობ, ეს ძიება ადამიანს უბედურს ხდის," - თქვა ბეგბედერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
შეიძლება, სწორედ ბედნიერებისკენ სწრაფვამ აქცია ის ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰედონისტად. ის ხომ წლების განმავლობაში პარიზული ბომონდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო, მონაწილეობა მიიღო პორნო ფილმში, მის სახელთან ასოცირდება წვეულებები, ქალები, ნარკოტიკები... ფრედერიკის ბოჰემური ცხოვრების სტილზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. ახლახან კი მოულოდნელად აღიარა, რომ ეს ჰედონისტური, სიამოვნებით სავსე გლამურული სამყარო აბსოლუტურად ცარიელია და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ როგორმე საკუთარი თავი დაივიწყო. ხომ არ იფიქრეთ, რომ ბეგბედერმა ცხოვრების სტილი შეიცვალა და ასკეტივით სახლში გამოიკეტა? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, თუ ადრე მხოლოდ თავისი წიგნების მეშვეობით ცდილობდა დაპირისპირებოდა ნიჰილიზმსა და გლამურული ცხოვრების სიცარიელეს, ახლა ამაზე ჟურნალისტებთან პირად საუბარსაც აღარ ერიდება.
ამასთან, დროთა განმავლობაში ბეგბედერმა მოწყენილობისგან თავდასაცავად ახალი მეთოდი გამონახა - წერა. თავიდან ჩანაწერებს ბარში, ნასვამი ან ნარკოტიკის გავლენის ქვეშ აკეთებდა. ამის შედეგად მოევლინა ქვეყანას "კაიფში დაწერილი ნოველები". მერე თანდათან მიხვდა, რომ წერა ექსტაზის გარეშეც კარგად გამოსდიოდა. "...რა საჭიროა რაღაც კაფსულა იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უცნობებს ვუამბოთ? ლიტერატურა ხომ სწორედ ამისთვის არსებობს?!" - წერს ის. ხშირად სწორედ თავის ცხოვრებაზე გვიყვება. ამბობს, ჩემს გმირებს ძალიან ბევრს ვაძლევ ჩემივე ცხოვრებიდანო. ის არის იგივე ოქტავ პარანგო, მარკ მარონიე და ა.შ. 2005 წელს გამოსცა "რომანტიკული ეგოისტი", რომელიც დღიურის სტილშია დაწერილი და დიდი დოზით ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. "მე ვარ ოსკარ დიუფრენი, მოდური მწერალი, რომანტიკული ეგოისტი, საყვარელი ნევრასთენიკი. ველოსიპედიანი ქერა ქალების შესწავლით ვარ დაკავებული," - ამბობს ის რომანის დასაწყისში და ეჭვი აბა როგორ შეგეპარება, რომ ოსკარი იგივე ფრედი არაა. წიგნში არ არის ერთი სიუჟეტი ან ცენტრალური თემა, მაგრამ არის თვითონ ოსკარი, მოთხოვნადი მწერალი, ელიტის სული და გული, რომელიც ჩვეული იუმორით გვიყვება პოსტინდუსტრიულ აპოკალიფსზე, ანუ რომანტიზმის ნაკლებობაზე ჩვენს საუკუნეში.
მოთხოვნადი მწერალი ნამდვილად არის. მისი წიგნები დიდი ტირაჟით იყიდება, არის გამომცემელი, რედაქტორი, კოლუმნისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ბოლო დროს ჟურნალისტიკითაც დაინტერესდა. ამასთან, დააარსა ლიტერატურული პრემია "ფლორა", რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდა ნიჭიერ ავტორებს.
რაც შეეხება მის წიგნებში ავტობიოგრაფიულ ელემენტებს, ისინი არის "99 ფრანკში"-ც, რომელიც ერთგვარი სატირაა სარეკლამო ბიზნესზე. მისი მთავარი გმირი, პიარის სპეციალისტი - თანამედროვე დონ კიხოტია, რომელმაც გააცნობიერა რა, რომ კონფორმიზმი დამღუპველია, ცდილობს შეცვალოს ტელევიზიით ზომბირებული ადამიანების დამოკიდებულება რეკლამის მიმართ. იმ პერიოდში, როცა წიგნი გამოვიდა, ფრედი სარეკლამო კომპანიაში მუშაობდა, საიდანაც, რა თქმა უნდა, დაითხოვეს.
ბოლო პერიოდში მეამბოხე სული მისი შემოქმედებიდან გაქრა, მისი ადგილი კი აღსარებამ დაიკავა. როგორც თვითონ ამბობს, ეს სტილი კამიუსგან აიღო. "იდეალი" ოქტავის აღსარებაა მღვდელთან, "ფრანგული რომანი" კი, საერთოდ ბეგბედერის ბავშვობაზე, პირველ პირშია დაწერილი. აქამდე მის პერსონაჟებს არ ჰქონდათ წარსული ან მომავალი, რაღაცნაირად აწმყოში იყვნენ გამომწყვდეულნი. ახალი ფრედერიკი კი ანალიზს უკეთებს თავის ცხოვრებას, ცდილობს ახსნას, საიდან მოვიდნენ ეს ოქტავი და მარკი, რატომ გახდნენ ასეთები. უკან მიხედვა ზრდასრულობის მთავარი ნიშანიაო, ამბობს. გული წყდება იმაზეც, რომ ამნეზია გლობალური მოვლენა გახდა. არ მოსწონს, რომ საფრანგეთი თავის ტრადიციებს ივიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ მოსაწყენად მიაჩნია.

არ მგონია, ფრედი ამ ყველაფრით იმიჯის შეცვლას ცდილობდეს. ის ყოველთვის სერიოზული იყო, როცა თანამედროვე მსოფლიოს ნაკლოვანებებზე წერდა, მერე რა, რომ ზოგიერთი მისი რომანებიდან მხოლოდ იმას გებულობდა, რომელი ბრენდის სათვალე იყო cool და როგორ უნდა მოქცეულიყო, სნობების საზოგადოებაში რომ მიეღოთ. უბრალოდ, ფრედი ყველაფერს ლამაზად ფუთავს, ისე როგორც კოპოლას ფილმებშია - არამზადები ისეთი მაგარი ტიპები არიან, მიბაძვის სურვილი გიჩნდება. ოღონდ ბეგბედერის გმირები, ასე ლამაზად ჩაცმულები და რესპექტაბელურები, თავიანთი შეცდომებით არ ამაყობენ - მათთვის მორალი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, სატირა - ეს ყველაზე ზნეობრივი ჟანრია და რას იზამ, თუ ყველა ვერ იგებს.
ავტობიოგრაფიული რომანის გამოსვლის შემდეგ, ფრედმა თქვა, რომ სენტიმენტალურ ჟანრს დროებით თავს გაანებებს და გმირ-ცინიკოსს დაუბრუნდება. შემდეგი წიგნის სავარაუდო თემა კი ფეისბუქია. თუ 90-იანები რეკლამის ბატონობის ხანა იყო, ახლა მთავარ პრობლემად რეალური ურთიერთობების გაქრობა მიაჩნია.
მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველაზე დიდი ცინიკოსები ასევე ყველაზე მგრძნობიარე რომანტიკოსები იყვნენ.

11 comments:

  1. ამ მეამბოხის არაფერი მაქვს წაკითხული და კი ვაპირებ;)
    უი, მე შემიძლია გითხრა, რომ ჰობმა მიხსნა უამრავი ნიჰილიზმისა და დეპრესიისგან. ჰობი რომ არ მქონოდა, აქმდე თვითმკვლელობათა სერიას მოვაწყობდი:D
    არა, ჰობი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია;)

    ReplyDelete
  2. რა ჰობი გაქვს ამისთანა? ჩემი ჰობი ნიჰილიზმის წინააღმდეგ ვერ მუშაობს :/ შენ მე მეტყვი, მე ფრედს მივწერ და გადარჩება მსოფლიო :D

    ყველაზე კარგი არის ლუბოვ ჟივიოტ ტრი გოდა, 99 ფრანკი და რომანტიკული ეგოისტი ))

    ReplyDelete
  3. 3 უმნიშნელოვანესი: 1.წერა. 2. კინემატოგრაფი და 3. მუსიკა
    კიდევ პატარ-პატარა გატაცებები ;))

    სპ რჩევისთვის, სამივე ქართულადაა ხომ ნათარგმნი?

    ReplyDelete
  4. კარგი კაცი, მართალი კაცი. მომწონს მისი დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ ... "ექსტაზში" ყველაზე მეტას ის მოთხობა მომწონს, სიყვარულს რომ უმტკიცებს შეყვარებული წყვილი ერთმანეთს ... 99 ფრანკი ოდავოდ ძალიან მაგარია ... ასევე ვიცი მე კიდევ ერთი მისი რომანი არდადეგები კომაში, რომელიც გადმოწერილი მაქვს და არ წამიკითხავს ჯერ )))

    ReplyDelete
  5. როდრიგო,

    ეგ გატაცებები მეც მაქვს, მაგრამ აშკარად უფრო მაგდებს ნიჰილიზმში, ვიდრე პირიქით :დ
    ქართულად მხოლოდ კაიფში დაწერილი ნოველებია ნათარგმნი. არადა სხვებთან შედარებით ეს ძალიან სუსტია. სამივე რაც ჩამოვთვალე პარნასში ჰქონდათ რუსულად )

    ihugrobots

    თან ძალიან ორიგინალურად უმტკიცებენ : ))))))))
    ისე, ექსტაზსაც და კომასაც გააცილებით ჯობია ის რომანები, მე რომ ჩამოვთვალე, ანუ ლუბოვ ჟივიოტ ტრი გოდა, 99 ფრანკი და რომანტიკული ეგოისტი
    აუცილებლად დაგილინკავ თუ ვნახე

    ReplyDelete
  6. 99 ფრანკი მაქვს რუსულად ელექტრონული ვერსია ))) დანარჩენებს კი თუ გაჩითავ მე მხოლოდ მადლობელი ვიქნები )))

    ReplyDelete
  7. ihugrobots

    http://www.begbeder.net.ru/
    აქედან მგონი გადმოწერაც შეიძლება

    ბოლო ყველაზე კარგია любовь живет три года.

    არდადეგები კომაში აქაც დევს )
    http://lib.ru/INPROZ/BEGBEDER/kanikuly.txt

    ReplyDelete
  8. ძალიან დიდი მადლობა წიგნებისთვის, გადმოვწერე რაც არ მქონდა )))

    ReplyDelete
  9. რა მადლობა, მიხარია ასეთი რაღაცების სხვებისთვის გაზიარება :)

    ReplyDelete
  10. ხო, კაიფში დაწერილი ნოველები ვიცი ))
    და ჰობს რაც შეეხება..
    ხსენება აღარ მინდა :) ჩემი ჰობი ის საქმეა, რომელსაც ვაკეთებ, პლუს, როდრიგოსი არ იყოს, წერა.
    მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობები ( :D ) გარშემომყოფებზე ცუდად მოქმედებს. დღეს პირველი სერიოზული შეტაკებმა მქონდა :))
    და გადვწყვიტე, ყველაფერს შევეშვა. ჰობსაც და გარშემომყოფებსაც ))

    ReplyDelete
  11. ზურ :) რა გჭირს, რა დაგემართა? :/

    ReplyDelete