Thursday, June 24, 2010

Sex and the City 2 - ლეგენდარული ბრენდის დასასრული?!


ისტორიას ახსოვს ქალები, რომლებმაც მოდა და მისდამი დამოკიდებულება შეცვალეს.
ისინი ათწლეულების და ხანდახან საუკუნეების განმავლობაშიც კი გვევლინებოდნენ სხვების მიბაძვის ობიექტებად: კლეოპატრა, რომელმაც ზოგადად ანტიკური სამყაროს სილამაზის სტანდარტები შეცვალა, ელიზაბეტ თიუდორი - თავისი ბიჭური ფიგურითა და მკვეთრი ფერის კაბებით, მარლენ დიტრიხი - მამაკაცურ კოსტიუმში გამოწყობილი, სიგარეტით ხელში და მაინც საოცრად ქალური, კოკო შანელი თავისი პატარა შავი კაბით, ოდრი ჰეპბერნი, მერლინ მონრო, ლედი დი...



ჩვენს საუკუნეში, უფრო სწორად გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე მოყოლებული, მსოფლიო მოდის კანონმდებელი ოთხი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი იყო სერიალიდან Sex and The City - ქერი, შარლოტა, მირანდა და სამანტა. დიზაინერები სპეციალურად მათთვის ქმნიდნენ განუმეორებელ სტილს, რომელსაც იმეორებდნენ ქალები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. იმის მიხედვით, თუ რა სამოსში გამოჩნდებოდა ქერი ბრედშოუ ეკრანზე, ცხადი ხდებოდა, რა იქნებოდა მოდური შემდეგი სეზონის განმავლობაში.
მათი ასეთი გრანდიოზული წარმატების საიდუმლო საკმაოდ მარტივია. პერსონაჟებმა მოირგეს ქალის ოთხი უნივერსალური ტიპი: ბოჰემური ჟურნალისტი ქერი, რომანტიკული და ტრადიციების მოყვარული შარლოტა, საქმიანი მირანდა, ღიად სექსუალური სამანტა. ნებისმიერი ქალი, რომელიც სერიალს უყურებდა, საკუთარი ჩაცმის სტილს რამდენიმესთან თუ არა, ერთ-ერთ მათგანთან მაინც აკავშირებდა. მათთვის კი, ვისაც საკუთარი სტილი საერთოდ არ გააჩნდა, ეს პროექტი იდეების შესანიშნავი გენერატორი იყო.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო ისიც, რომ "სექსი დიდ ქალაქში"-ს ერთადერთი ღირსება მოდური ტენდენციების დამკვიდრება არ ყოფილა. უამრავი კვლევა ჩატარდა და ნაშრომი დაიწერა იმაზე, თუ როგორ შეცვალა ამ ოთხმა პერსონაჟმა ზოგადად ქალების ცხოვრების სტილი და სამყაროსადმი დამოკიდებულება. სერიალის სოციალური ასპექტები მართლაც ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანია. ეს არ არის თინეიჯერული სერიალი, ან ლათინური საპნის ოპერა. გმირები ჩამოყალიბებული, ზრდასრული და პროფესიული თუ მატერიალური კუთხით წარმატებული, ჭკვიანი ქალები არიან. მათ ასაკში მიღებულია ოჯახების შექმნა, ამას მოითხოვს მათი სოციალური სტატუსიც, ამ დროს კი ისინი არჩევანს დამოუკიდებლობაზე აკეთებენ, თანაც ისე, რომ არ გვევლინებიან აგრესორ ფემინისტებად. შესაძლოა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ მართალია, მათში ფემინიზმი დიდი დოზითაა (თუ შარლოტას არ ჩავთვლით, რომელიც გათხოვების იდე ფიქსით იყო შეპყრობილი), მაგრამ ამას საერთო არაფერი აქვს იმ უსახურ, ზედმეტად მასკულინურ და აგრესიულ 50-იანების ამერიკელ ქალებთან.
თუმცა, ეს ყველაფერი მაინც სერიალის 6 სეზონს ეხება. ფილმები - პირველიც და მეორეც, იგივე პერსონაჟებითა და სახეებით, სერიალისგან ძალიან განსხვავებული გამოვიდა. განსაკუთრებით კი, სექსი დიდ ქალაქში 2, რომელიც სულ ცოტა ხანია, რაც ჩვენს კინოთეატრებში გაუშვეს. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი გაზეთების ძალიან მკაცრი რეცენზიების წაკითხვის შემდეგ მეშინოდა, რომ კინოში რაღაც საშინელებას ვნახავდი. არ გეგონოთ ვაჭარბებდე. მაგალითისთვის, Times-ის კრიტიკოსი წერდა: "ეს არ არის სექსი დიდ ქალაქში, ეს არის მენოპაუზა უდაბნოში და ოთხი დიდებული პერსონაჟის გაცდენა". შემიძლია დაგარწმუნოთ, ეს ფილმის ერთ-ერთი რბილი შეფასებათაგანია. The Mirror-ის ჟურნალისტმა სერიალის მოყვარულებს იმისკენაც კი მოუწოდა, არ წასულიყვნენ ფილმის სანახავად, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იგივეა, ორსაათნახევრის განმავლობაში უყურო საყვარელი მეგობრის სასტიკ მკვლელობას.
ფილმის სანახავად მაინც წავედი. რა შეიძლება თქვა გრძელი მოდური კლიპის ნახვის შემდეგ? ეს არის ძალიან ლამაზი და ამასთან, მართლაც უსაშველოდ გრძელი სანახაობა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში დიდი დოზითაა იუმორი, სანახაობა ისეთი ხანგრძლივია, მომენტებში აუცილებლად მოიწყენ. თუმცა, ვიმეორებ, ფილმი ისეთი სახალისო და ლამაზი საყურებელია, ეს ფაქტი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი არც არის. თუმცა გული დამწყდა იმაზე, რომ აქ არ იყო ნიუ იორკი, თბილი, ყველასათვის უკვე საყვარელი მანჰეტენი, კოქტეილი კოსმოპოლიტენი... ეს იყო ათას ერთი ღამის ზღაპარი რომანტიზმის გარეშე, სადაც ოცნების მამაკაცს გაურბიან იმიტომ, რომ მას ტელევიზორის ყურება და კომფორტული მოკასინები უყვარს. არ ვიცი, შესაძლოა ოჯახური ცხოვრება მართლა ასეთი მოსაწყენია, მაგრამ მომეჩვენა, რომ სერიალში გმირებს გაცილებით ნამდვილი ცხოვრება ჰქონდათ, რეალური პრობლემებითა და სიხარულით სავსე. სწორედ ამიტომ, სერიალი შეიძლება კიდევ ბევრჯერ ვნახო, ეს ფილმი კი - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთში მოგზურობას დავაპირებ. სახალისო ტურისტული მეგზური ვიპ-პერსონებისთვის ჩემი საყვარელი გმირების მონაწილეობით - ასეთია ფილმის ჩემი სუბიექტური შეფასება.
რაც შეეხება მთავარს, ანუ ტანსაცმელს, ის ორი სიტყვით შეიძლება დაახასიათო - დიდებული და მოსაწყენი. ყველა ნორმალურ ქალს, რომელიც ქერის ახალ გარდერობში შეიხედავს, უჩნდება შურის გრძნობა და სურვილი, ჰქონდეს ასეთივე. მე კი, როდესაც ბრედშოუმ თავის ძველ ბინაში ჩვენთვის ნაცნობი გარდერობის კარი გამოაღო, მივხვდი, რომ ძველი ტანსაცმელი მომენატრა... და ეს არ იყო უბრალოდ ნოსტალგიის გრძნობა. ფილმებში, სადაც ასეთი მოდური და თვალისმომჭრელი სამოსისა და აქსესუარების გამოფენაა, დაიკარგა მთავარი - ის განუმეორებელი სტილი, რომელიც "სექსი დიდ ქალაქში"-ს სავიზიტო ბარათი იყო. ჩაიცვა ისე, როგორც ამას ბოლო ფილმში აკეთებენ, უბრალო საქმეა, მთავარია იცოდე ფერების შეხამება და გქონდეს ბევრი ფული. არანაირი იმპროვიზაცია და ეკლექტიკა, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მთავარი გმირი ერთი შეხედვით შეუსაბამო სამოსიდან გაბედულ და განუმეორებელ სტილს ქმნიდა. მხოლოდ ბოტეგა ვენეტას კაბის გადაცმითა და კრისტიან ლუბუტენის ქუსლებზე შედგომით კი, ბუნებრივია, მსოფლიო ტენდენციებზე გავლენას ვერ მოახდენ. ასე რომ, სტილისტური თვალსაზრისით, ეს ფილმი მხოლოდ სხვა ცნობილი დიზაინერების ნივთების დეფილეა, თავად Sex and The City კი, როგორც მოდური ბრენდი, აქ აღარ არსებობს.
ყველაზე კარგად ჩაცმული გმირები ფილმში ქერი და მირანდა არიან. ამ უკანასკნელს ყოველთვის საქმიანი, მრავალფეროვნებას მოკლებული სტილი ჰქონდა, ამ ფილმში კი, საკმაოდ თვალისმომჭრელია, განსაკუთრებით Zero + Maria Cornejo-ს კაბასა და ასევე, თეთრი ვინტაჟის სტილის შლაპაში. სამანტა დიდებულად გამოიყურებოდა ჟან პოლ გოტიეს მოსაცმელში - ის იმ უსახური მაისურების მშვენიერი ალტერნატივაა, დასვენების საათებში რომ გვიყვარს ჩაცმა. ქერი ბრედშოუს ემილიო პუჩის ულამაზესი კაბა ეცვა, როდესაც ეიდანთან ერთად ვახშმობდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია აქსესუარები - ქერის ლუბუტენის ფეხსაცმელები და ზაკ პოზენის ქამარი, ასევე შანელის ქამარი შარლოტას თავზე, სამანტას ძვირფასეულობა.
სამოსი, რომელიც ამ ფილმიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდება, ესაა ქერის ჩაცმულობა აბუ დაბის ბაზარში - მაისური J’Adore Dior, ზაკ პოზენის იასამნისფერ ასიმეტრიულ ქვედაკაბასთან და მანოლო ბლანიკის სანდლებთან. ეს არის ის, რასაც ნამდვილი Sex and The City-ის სტილი ჰქვია და რაც ასე ძალიან მომენატრება, როდესაც მოდური იდეების ძიებაში Gossip Girl-ის მორიგი სეზონის ყურებას დავიწყებ.

27 comments:

  1. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ძალიან მიყვარს ეს სერიალი და ყოველთვის შემიძლია ვუყურო...თუმცა ფილმი ნამდვილად არ არის ის რად უნდა იყოს, ან იქნებ არც უნდა იყოს...ჩემი აზრით სერიალმა და ამ გმირებმა თავისი სათქმელი დიდი ხნის წინ თქვა და ...ეხლა ალბათ უკვე ახალი თაობის დროა...

    ძალიან კარგი დაწერილია, მომეწონა :)))

    ReplyDelete
  2. მშვენიერია! ერთადერთი რაშიც არ გეთანხმები 50-იანი წლების ქალების მიწასთან გასწორებაა. :D

    მსგავსი ფილმები ნამდვილად არ მიზიდავს. არც ამ ფილმს ვნახავ, მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, ამ რევიუს ვერ აჯობებს. :)

    ReplyDelete
  3. თეო,

    მეც ძალიან მიყვარს, კვირაში ერთ სერიას მაინც სულ ვუყურებ ხოლმე. აი ფილმები მეორედ არ მინახავს :/ არადა თუ ადრე შეეძლოთ, ახლაც რა პრობლემაა რამე დასამახსოვრებელი გადაიღონ :(

    ლაშა,

    50-იანების ქალები საკამოდ უსახურები იყვნენ (მასაზე ვამბობ) იმიტომ რომ ცდილობდნენ კაცებს დამსგავსებოდნენ :)
    თუ სერიალი არ გაქვს ნანახი, არც გირჩევ. მე ძველის ხათრით ვუყურებ ამ ფილმებს

    ReplyDelete
  4. meore nawili ar minaxavs, magram pirveli didad ar momewona . seriali jobia, raga tqma unda.

    gossip girltanac bevri paraleli sheizleba gaivslo isev da isev modis gamo :)

    ReplyDelete
  5. ხო, ეგ შეიძლება, რადგან მაშინ მართლაც ფემინიზმის აღზევება დაიწყო, მაგრამ იმ პერიოდის ფილმებში (ამერიკულშიც და ევროპულშიც) უმრავლესობა მშვენიერი ქალები და გოგონები არიან, რომელთაც არც შარმი, არც სექსუალურობა და არც ქალურობა აკლდათ. :)

    ReplyDelete
  6. babisa,

    პირველის მსგავსია, ლამაზი და აზრს მოკლებული

    gossip girl-ში ადამიანებს რეალური პრობლემები აქვთ, აქ უკვე - აღარ, ჩაცმის სტილიც უკვე იქ უფრო მომწონს

    ლაშა,

    ფილმებში შეიძლება. მე ვგულისხმობ, რომ ზედმეტი ფემინიზმი არასოდესაა მიმზიდველი, მითუმეტეს საწინააღმდეგო სქესისთვის. გარეგნობაზე არაა მთავარი აქცენტი )

    ReplyDelete
  7. მაგაში, რა თქმა უნდა, გეთანხმები. ;)

    ReplyDelete
  8. მაგააარ;))
    მე სერიალი მომწონდა. ფილმები არა. არადა პარკერი როგორი მაჯია, მარა აქს რაღაც ;)

    ReplyDelete
  9. ხო პარკერი არაა მაინცდამაინც ლამაზი :) პერსონაჟს აქვს ხიბლი სამაგიეროდ ))

    ReplyDelete
  10. მგონია ჩემთვის დაწერე ეგ პოსტი :)) ნახევარი საათია რაც კინოდან დავბრუნდი და რაღაც იმედგაცრუებულივით ვარ.. მეგონა ჩვეულებრივ რომანტიკულ კომედიას ვუყურებდი და არა იმ სერიალის გაგრძელებას, ასე რომ მიყვარს. იმედია მესამე ფილმი უკეთესი იქნება (თუ იქნება საერთოდ)

    ReplyDelete
  11. ლიკ, ჩემთვის ეგ რომანტიკაც არ ყოფილა, კომედია კი ))

    ამიტომ უნდა იკითხო ხოლმე უიკენდი,წინასწარ მოემზადები, ეს სტატია ერთი კვირისაა უკვე :D:D

    ReplyDelete
  12. ძალიან მომეწონა პოსტი.. მეც რომ ვიყავი კინოში, მინდოდა დამეწერა ჩემს ემოციებზე ამ ფილმთან დაკავშირებით, მაგრამ არ გამომივიდა. შენ კი ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ აღწერე ...

    ReplyDelete
  13. ket_eva_n

    ქეთი, ასეთ რამეს ძალიან ცოტა ადამიანი თუ მეტყოდა. მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა :*

    ReplyDelete
  14. ამ ფილმის რა გითხრა, მაგრამ ბოლო სურათი ძალიან მომეწონა, მართლა მაგარი ზმანია )))

    ReplyDelete
  15. ihugrobots

    ეს ზმანი მთელ ფილმად ღირს :))

    ReplyDelete
  16. ეხლა მივხვდი, რა ვნახე. კინოდან გამოსვლისას ვერ გავაანალიზე, მარტო სიცარიელე დამრჩა! :დ :*

    ReplyDelete
  17. pinkibu

    და მე შევსების მეტყობოდა რამე? :D:D

    ReplyDelete
  18. me mgonia rom sex and the city ukve meekvse sezonis bolos damtavrda da arc ert pilms serialtan kavshiric ki ar hkonda :D
    4-idan sami personaji gatxovda, da meotxe - samanta ukve 60 wlisaa.

    miuxedavad amisa, orive pilmi arc iseti sashinelia rogorc kritikosebma sheapases. getanxmebi rom orive pilmi tipikuri amerikuli komediaa.
    aranairi sighrme, gansakutrebuloba an is ganumeorebeli stili, rac serials konda.

    da saertod aset karg revius rac shen dawere, ar imsaxurebs!

    ReplyDelete
  19. Ana_T

    ალტეერ :)))

    ვიცოდი რომ ჩემნაირად ფიქრობდი :* რევიუში კარგი რა დავწერე, ლამაზი სანახაობა მართლა იყო :D

    ReplyDelete
  20. lamazi sanaxaoba iyo namdvilad. da cota cheesy - mariajic. cnobili saxeebis mcire epizodebshi gamochenac - part of cheesiness :O)

    ReplyDelete
  21. da Jador dior maisuric chemi pavoritiaa :)

    ReplyDelete
  22. xo penelopes gamochena ver mivxvdi saertod ra iyo :)) albat zustad is rac tqvi - mariajoba ))

    ReplyDelete
  23. Mineli ar gamaxseno, filmi isec bebruli gamovida da kidev eg moiwvies, s uma soiti

    ReplyDelete
  24. chemi pavoriti personajia irlandieli dzidza biusthalteris garesheee :D :D

    ReplyDelete
  25. აა ის ლესბიანკა :D:D რამდენი მაცინა, არა მაინც მხიარული ფილმი გამოვიდა : )))

    ReplyDelete