იღვიძებ. ფანჯარას აღებ.
გარეთ გვიანი გაზაფხულის თბილი, ოდნავ მოღრუბლული დღეა.
თითქოს ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის, მაგრამ უცებ ხვდები, რომ რაღაც გაკლია. ეს რაღაც ცოტათი სუფთა, კრისტალურ ჰაერს ჰგავს, ცოტათიც - ხეების გამაბრუებელ სუნს. მოკლედ, იმას, რაც ასე გაკლია ზაფხულში დიდ ქალაქში - სუფთა ჰაერი, სიმწვანე, სითბონარევი სიგრილე.
სწორედ ასეთია Issey Miyake-ის ახალი ქმნილება, უბრალო სახელით - A Scent. საერთოდაც, ეს სუნამო უბრალოების და მინიმალიზმის პოეტური გამოხატულებაა. ისეი მიაკის ნაცნობი ესთეტიკა - ეგოს მოკლებული, გამჭვირვალე, სუფთა. სუნი ისეც იტყვის თავის სათქმელს, ყოველგვარი პომპეზური დიზაინის დახმარების გარეშე.
A Scent - ით მიღებული ჩემი პირველი შთაბეჭდილება არც ისეთი ძლიერი იყო. შესხურებისას ცოცხალი ბალახის სუნი მეცა. "კიდევ ერთი ზაფხულის "მწვანე" სუნამო ხასიათის გარეშე" - გავიფიქრე და უცებ დავივიწყე მისი არსებობის შესახებ. ერთი-ორი საათის შემდეგ საოცრად სასიამოვნო სუნი ვიგრძენი, ოპტიმისტური, თბილი, ახალგაზრდული და თან საოცრად დახვეწილი. მინდოდა მეკითხა, ვის ჰქონდა ახალი სუნამო, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ მარტო ვიჯექი Marie Claire-ის ახალ ნომერთან ერთად და როცა მაჯა შემთხვევით თავთან ახლოს მივიტანე, მივხვდი - ისეი მიაკის "სუნმა" თავისი საქმე გააკეთა.
A Scent-ის უკან Daphne Bugey-ის ცხვირია. მისი შთაგონების წყარო იაპონიის მთებია, ცისფერი ცა, მონღოლეთის ველური სტეპები, უსასრულო მინდვრები. უნდოდა შეექმნა სურნელი, რომელიც სიმწვანის და ძალიან სუფთა ჰაერის ასოციაციას გამოიწვევდა.
ხანდახან ხდება, პარფიუმერები ვერ აღწევენ დასახულ მიზანს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, სუნამო უფრო უკეთესი, უფრო საინტერესო გამოვიდა, ვიდრე თავიდან იყო ჩაფიქრებული.
ზაფხულის სუნამოებს შორის A Scent ჯერჯერობით ყველაზე განსხვავებული და შეიძლება ითქვას, უნიკალურიც კი მგონია. პირველ რიგში იმიტომ, რომ საოცრად ამბივალენტურ ემოციებს იწვევს. პირველი ნოტი, რაც იგრძნობა, ციტრუსია. თითქოს მწვანე ბალახში ზიხარ და უცებ ვიღაც ცივი ანკარა წყლით სავსე ჭიქას მოგაწვდის, რომელშიც ლიმონის თხელი ნაჭერია ჩაგდებული. ეფექტი გამაცოცხლებელია, ოპტიმისტური, მთელი ეს "freshness" მთლიანად ავსებს შენს არსებას, ენერგიით გმუხტავს.. და უეცრად, მინდვრის ყვავილებიდან მობერილ სიოს გრძნობ, თბილს, ჟასმინის და ჰიაცინტის მსუბუქ, რომანტიკულ შლეიფს, რაც საოცრად გამშვიდებს, ბოლო აკორდი კი - მუშკისა და კედარის არომატი სიმყუდროვის და დაცულობის შეგრძნებას ერთდროულად ბადებს. უნიკალურია კიდევ იმიტომ, რომ ბუკეტი აბსოლუტური ჰარმონიულობითაა შექმნილი. მინდვრის სუნი, რომელიც სუნამოების უმეტესობაში მეტისმეტად მძაფრი და გამაღიზიანებელია, აქ მხოლოდ სიმშვიდის შეგრძნებას ტოვებს. აქვს სუფთა არომატი ყოველგვარი საპონის სუნის გარეშე. რაც მთავარია, მიაკიმ შეუძლებელი შეძლო, ის, რასაც ამდენი წლების განმავლობაში სუნამოებში უშედეგოდ ვეძებდი - შექმნა ზაფხულის არომატი, რომელიც არ არის მხოლოდ კრისტალურად სუფთა - ჟასმინის და ლიმონის კომბინაცია არაჩვეულებრივად რომანტიკულ შლეიფს ქმნის, ყოველგვარი სიმძიმის, სიტკბოს და შესაბამისად, თავის ტკივილის გარეშე.
მილან კუნდერამ ერთხელ თქვა: "ყველა დიდი მოთხრობა, ყველა ნამდვილი მოთხრობა, ბისექსუალურია"-ო. A Scent ქალის სუნამოა, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდები, შეიძლება აღმოაჩინო, რომ ნამდვილ ხელოვნებას მართლაც არ აქვს სქესი. A Scent არ ჰგავს უნისექსის სტილის სუნამოებს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მამაკაცის სხეულის ქიმიას ადვილად დაუმეგობრდება და ყვავილების რომანტიკული, ქალური სუნიც სხვანაირად გაჟღერდება. ექსპერიმენტი ჯერ არ ჩამიტარებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ მას თაროზე გამოსაჩენ ადგილზე დადებთ, აუცილებლად მიიპყრობს მამრობითი სქესის ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში, მე გაგაფრთხილეთ...
24 საათი/“WEEKEND“
24 საათი/“WEEKEND“
ერთი ეს სუნამო ვერ დავაჭაშნიკე, არადა როგორ მაინტერესებს ამ რეცენზიის მერე... :D
ReplyDeleteდღეს ვიყიდე "Weekend" – ფრიად ვისიამოვნე. :)
ლოლ ტესტერი კი მაქვს სადღაც :)
ReplyDeleteჩემი ფრედი ხო საყვარელია? ეს ნომერი მეც მიყვარს ♥
მომწონს, ამ ბლოგის სურნელი. :)
ReplyDeleteმე კიდევ შენი ჰანა მომწონს :))
ReplyDeleteნამდვილი არომათერაპია იყო...შეგრძნება მაქვს რომ სურნელი ვიგრძენი და მესიამოვნა..."სუნიანი" პოსტია" :)
ReplyDeleteთეო, ამ ბლოგზე წესით სულ სუნიან პოსტებს უნდა ვდებდე, მაგრამ სამწუხაროდ სუნამოების რეცენზიებისთვის ყოველთვის არ მაქვს დრო :( მიხარია, რომ მოგწონს :)
ReplyDeleteSen ar ici rogor damexmare
ReplyDeleteswored es bolo dReebia veZeb axal sunamos
da zustad iseTs pirvel abzacSi rom gaqvs
me samwuxarod didi xania maRaziebSi ver Sevsulvar aq :( Ziritadad internetidan vicer xolme :)
თაა,
ReplyDeleteინტერნეტიდან ვიწერ მეც, აქ ისეთი არარეალური ფასები და ცუდი ხარისხი აქვთ. მაგრამ სანამ გამოიწერ, ჩვენს მაღაზიებში ნახე მაინც ტესტერი, ზოგის body chemistry საერთოდ ვერ 'ხსნის' ამ სუნამოს : )
უნდა ვაღიარო და სუნამოს არ ვუთმობ ყურადღებას. ეს იმიტომაც, რომ არ ვიცი როგორ აღმოვაჩინო ჩემი სურნელი. იქნებ მერე რაკომენდაციები დაწერო როგორ აღმოვაჩინოთ თუკი არსებობს ასეთი რამ;))
ReplyDeleteრაც მახსოვს , ადერ ვისხმადი "პასკტონ" , კარგად აღარ მახსოვს სახელი ,და იმის მერე ვეძებ მაგ სუნამოს, მაგრამ ვეღარსად ვნახე, არადა რაღარ მაგარი სურნელი ჰქონდა....
როდე, ცოტა რთული კი იქნება, რადგან არ მგონია ოქროს წესი არსებობდეს : ) მე მაინც შევეცდები, თავისუფალი დრო რომ მექნება )
ReplyDeleteპასკტონ რა ბრენდის სუნამო იყო თუ გაიხსენებ, უცებ მოგიძებნი, მეტი რა ვიცი :დ
ok ;))უნდა მივაკვლიო მაგ სუნამოს, თუ რამე გამახსენდა გეტყვი ;))
ReplyDelete