Thursday, May 20, 2010

ჩემი scent-ომანია


სუნი - ემოციაა.

თავიდან ყნოსვის რეცეპტორი თავის ტვინის ნაწილის აქტივიზირებას ახდენს. შემდეგ ხდება სუნის „დამუშავება“, ბოლოს კი წარმოიქმნება ემოცია, რომელიც ჩვენი პარფიუმერული მისწრაფებების სათავეა.

თურმე, ადამიანის მგრძნობელობით სისტემაში ყნოსვის ორგანოები ყველაზე სუსტად მუშაობს და მხედველობა და სმენა გაცილებით უკეთ გვაქვს განვითარებული. სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, ჩვენი ყნოსვის გენებიდან უდიდესი ნაწილი, ორი მესამედი არ მუშაობს. თუმცა მაინც არსებობენ ადამიანები - კინესთეტები, რომლებიც სამყაროს ყველაზე მძაფრად შეგრძნებების (ყნოსვის, გემოს, შეხების) საშუალებით აღიქვამენ თუ იმახსოვრებენ.

მეც კინესთეტი ვარ, ოღონდ ჩემს განწყობაზე კარგი არომატი ცოტა უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე გემრიელი კერძი ან სასიამოვნო მატერიასთან შეხება. ყნოსვის გენები სხვა ჰომო საპიენსებთან შედარებით უფრო ძლიერად მიმუშავებს. სუნები რომ არა, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა. ამნეზია მაქვს ყველანაირი ტიპის - მავიწყდება სახეები, სახელები, წიგნის პერსონაჟები, ფილმები... ერთადერთი, რამაც შეიძლება რაღაც დავიწყებული გამახსენოს, სუნია. მაგალითად, მუსკატის და ფორთოხლის სუნის კომბინაციაზე ევრიმაქე მახსენდება (რა გასახსენებელია, ისე). ის ერთი არაფრით გამორჩეული მოქეიფე კაცია, ოდისევსისთვის ცოლის წართმევას რომ ცდილობდა. ნაღდად ვერ გავისხენებდი, ფორთოხალი და მუსკატიანი ჩაი რომ არა, ოდისეას კითხვის დროს რომ ხშირად ვსვამდი ძალიან შორეულ ბავშვობაში.

ყველაფერს თავისი არომატი აქვს. ჩემთვის: Prodigy-ის კომპოზიციებს - ცხელი ასფალტის, საფრანგეთს - ლავანდის მინდვრების.. Massive Attack - Unfinished Sympathy - ზღვაზე წვიმიანი დღის ჰაერის სუნია, ლინდგრენის წიგნები - ახლად გამომცხვარი მაჭკატების.. სხვათა შორის, აზრზე არ ვარ, როგორი სუნი აქვს მაჭკატებს. უფრო სწორად, ნამდვილი მაჭკატის არ ვიცი, თორემ ჩემმა ტვინმა ექსკლუზიურად ჩემთვის შექმნა მაჭკატების სუნი, არ არსებობს სხვა სუნში ამერიოს. რაღაც მობრაწული კარტოფილის სუნია, ოღონდ არანაირად არ ჰგავს არც ფრის, არც ჩვეულებრივი შემწვარი კარტოშკას სუნს. ანდა როგორ ემგვანება, ეს მაჭკატია, ის კიდე ფრი.

ხოდა, რაზე ვწერდი. შესავალივით მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერ გამომდის მაინცდამაინც, რადგან ვერ გეტყვით, რაზე დავწერ ხოლმე ამ ბლოგზე. ალბათ იმ ემოციებზე, რომლებსაც ჩემში იწვევენ მუსიკა, კინო, წიგნები, მოვლენები. ოღონდ ამ ემოციებს თავიანთი სუნი ექნებათ, რადგან ჩემთვის

ემოცია - სუნია.

13 comments:

  1. გილოცავ ნინ! წარმატებებსა და ხალხის სიმრავლეს გისურვებ! :))) :*
    ასევე კინესთეტი – ერმონია ლონგო, იგივე მე. :D

    ReplyDelete
  2. მადლობა :) ხალხის სიმრავლე რა, Главное - не количество, а качество! :))

    ReplyDelete
  3. სუნს სურნელი არ აჯობებდა?

    ReplyDelete
  4. აზრზე არ ვარ:) უფრო კარგად ჟღერს თუ სხვა დატვირთვა აქვს?

    ReplyDelete
  5. იცი მე მგონი სუნი უფრო ასოცირდება ცუდ რამეებთან (მაგ: იღლიის სუნი ფეხის სუნი) და სურნელი სასიამოვნო რამეებთან (მაგ: ყვავილის სურნელი, სუნამოს სურნელი). ადრე დავდიოდი ლიტერატურაზე და პედაგოგმა ასე აგვიხსნა. ნუ ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ აჯობებს ;)))

    ReplyDelete
  6. აა მივხვდი რას გულისხმობდი :)სუნი ზოგადი სიტყვაა, სურნელი კი მარტო კარგ რამეებთან იხმარება და ამის ფონზე ჩანს 'სუნი' ცუდად. ზღვის სუნი შეიძლება ვიღაცას ისე არ მოსწონდეს რომ 'სურნელად' ვერ აღიქვას. ამიტომ კლასიფიკაციას და სუნის ჩარჩოში ჩასმას მოვერიდები, ვითომ პანკი ვარ (ან შეიძლება ვარ კიდეც:) )

    ReplyDelete
  7. ნინო ზუსტად ;))
    პანკობა მაგარია !! ;))

    ReplyDelete
  8. welcome to me:)) რა საინტერესოა და საინტერესოდ დაწერილი, მინდოდა კიდე გაგრძელებულიყო... საღოლ ნინა, good luck :*

    ReplyDelete
  9. welcome :* გავაგრძელებ :) მადლობა ლიკ :)

    ReplyDelete
  10. მეც ვგიჟდები სუნებზე.. ან სურნელზე ;) anyway..ყველა საყვარელი ადამიანის სურნელი მახსოვს და ამით ვგრძნობ ხოლმე რომ ეს ადამიანი ჩემი ახლობელია..

    ReplyDelete
  11. მე მგონი ძალიან მგრძნობიარე ცხვირი მაქვს :))
    ამის გამო ხან უხერხულად ვარ ხოლმე, რადგან შეიძლება ძალიან განმიზიდოს ზოგიერთმა სუნმა, რომელიც გარშემომყოფებს არ უქმნის დისკომფორტს
    იქნება ეს სუნამო (მათი), სუნი ოთახში, ან უბრალოდ საკვების..
    ყოფილა, რომ არ მიყიდია ჩასაცმელი, რადგან ქსოვილს ჰქონდა თავისებური სუნი

    საინტერესო იქნება ამ თემაზე პოსტის წაკითხვა :)

    ReplyDelete
  12. ბევრ სურნელოვან პოსტს დავწერ, ახლა უბრალოდ ჩემი ბლოგი შვებულებაშია გასული ))

    ReplyDelete
  13. მაშინ შვებულებიდან დაბრუნებას დაველოდები :)

    ReplyDelete