Thursday, September 30, 2010

მე სკოლაში მივდივარ


ჰო, სკოლაში მინდა წასვლა. დოქტურანტურაზე ფიქრს თავი დავანებე. კარგად მახსოვს უნივერსიტეტის წლები, მერე მაგისტრატურა - ეს ყველაფერი საინტერესო, მაგრამ მაინც მოსაწყენი იყო დაუსრულებელი სემინარებით, სერიოზული სახეებით, კოლოქვიუმებით, თავისუფალი დრეს-კოდით. საკონტროლოების წერა მომენატრა, მასწავლებლის ზურგს უკან ჩუმად ამოფარება და ჟურნალში ფარულად ჩახედვა, გემრიელი ღვეზელები შესვენებაზე და "შატალოები".

Friday, September 24, 2010

სიყვარული, როგორც კოგნიტიური ფენომენი

ფროიდი ამბობდა, რომ სიყვარული ირაციონალურია და მას სულიერი საწყისი არ გააჩნია. ამ ლოგიკით მან დაასკვნა, რომ სიყვარულის სუბსტანცია სექსია. ჩემი სიყვარული რაციონალურზე რაციონალურია და არც სექსუალურ საწყისთან აქვს რამე საერთო (მგონი).

ის, ვის გამოც ჭკუას ვკარგავ, სუნთქვა მეკვრის, ტვინში დოპამინის დონე იმატებს, ვიღვიძებ ეიფორიულ ექსტაზში და ჰორმონალური აფეთქებები მჭირს, ჰქვია: Mr. Summer. მისი სახელი დღემდე ვერ დავადგინე, რაც დიდად არ მანაღვლებს, იმიტომ, რომ როგორც იმ ფილმშია, 'Last tango in Paris': 'We don't need names here! სამაგიეროდ, წარმოშობა დავადგინე:

He is Indian! He is Mr. Indian Summer!

მაშ ასე, ბატონო ფროიდ, მიყვარს იმიტომ, რომ:

Wednesday, September 15, 2010

Without a mask

Who am I? როცა About Me-ს გრაფაში რაღაცების ჩაწერა გადავწყვიტე, კითხვის რიტორიკულობამ დამაბნია.




ამდენი ხანია ვპოსტავ, მკითხველისთვის კი მაინც ანონიმად ვრჩები. როცა ბლოგს ვქმნიდი, არც მიფიქრია, რომ ჩემი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე უნდა მესაუბრა, მაგრამ ის მაინც ზედმეტად ჟურნალისტური გამოვიდა - ძირითადად ჩემს სტატიებს ვდებ. რადგან მეც მაქვს სურვილი, ის ბლოგერები ვიკითხო, ვის პიროვნებაზეც რაღაც წარმოდგენა მაქვს, მაშინ ჩემზეც მოგიყვებით რამეს. თუ ფრედერიკ ბეგბედერი ამდენ რომანს თავის თავზე წერს და ხალხი კითხულობს, ალბათ ერთი პოსტი ჩემზე არც ისეთი რთული წასაკითხი იქნება. :)
                                                              
მე და ფრედერიკს საერთო მართლა გვაქვს.  ორივე პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდით და ეს განათლება არაფერში გამოგვდგომია (ჯერჯერობით მაინც). სამაგიეროდ, წერა დავიწყეთ :D აქ გავჩერდები, რადგან ფრედი ფრანგული ლიტერატურის გავლენიანი ფიგურაა, მე კი მხოლოდ ორი გვერდი მაქვს 24 საათის „Weekend“-ში. წერა ღვინოზე მალხაზ ხარბედიასთან დავიწყე „მარანში“ (მკითხველებმა იცით, რომ ჩემი საყვარელი წერილები ბლოგზეც გადმომაქვს ხოლმე). 

რაც შეეხება ჩემს საავტორო გვერდს, ის სტილის შესახებაა. ვწერ ყველაფერზე, რასაც შეიძლება სტილი ჰქონდეს - მუსიკაზე, მოდაზე, ფილმებზე, წიგნებზე, მოკლედ, ყველაფერზე, რასაც ინდივიდუალიზმი თუ არა, ხასიათი მაინც გააჩნია. ამის გამო გახდა ჩემი ბლოგი „სტილის მაძიებლის ბლოგი“. სამსახურებრივი ფაქტორი არაფერ შუაშია, მართლა ვიღებ სიამოვნებას - ხასიათების ძიების პროცესს ხშირად იმ ტენდენციებამდე მიყავხარ, რაც მართავს მსოფლიო განწყობას, ხან პირიქითაც, განწყობა მართავს ხელოვნებას. საკმარისია დააკვირდე მილიტარისტულ პალტოებს, რომანტიზმისადმი უიმედო ნოსტალგიას პოდიუმებზე თუ რომანებში, კინემატოგრაფში დამკვიდრებულ აპათიას, უნისექს არომატებზე კლებად მოთხოვნას, მუსიკის ტექნოსადმი დამორჩილების პროცესს - იღებ მაგიურ სინთეზს, რასაც დღევანდელი სამყაროს ევოლუციის დაშიფრულ ინფორმაციამდე მიყავხარ. 

ამ დაშიფრულ ინფორმაციას ათიოდე წლის შემდეგ ჩემს ფილოსოფიურ ესსეებში მოგაწვდით :დ  

მანამ კი, სანამ არტურ შოპენჰაუერი გავხდებოდე, ვარ:

ფრედივით ჰედონისტი და ნიჰილისტი. გულის სიღრმეში, ალბათ, რომანტიკოსიც. ოღონდ სიღრმეში. 

მიყვარს: მთები, კლიმტის და კანდინსკის მხატვრობა, ძილი, სპონტანურობა, საფრანგეთი, მწვანე ფერი, ესპრესო. ვუსმენ ბევრნაირ მუსიკას, მიყვარს - ელექტრონული, კლასიკა და ალტერნატიული როკი. 

არ მიყვარს: დოგმები, კამპარი, ვალენტინოს მოდის სახლი, ხალხი, ვინც არ მაძინებს და მერე მაღვიძებს - ანუ ჩემი მეზობლები, ბაროკოს ეპოქის ხელოვნება.

და მაინც, რა თვითიდენტიფიკაცია მეტაკა ამ სიცივეში? დილით რომ გავიღვიძე, მარტო ის მინდოდა ჩემს ოთახში ვაშლის ნამცხვარი და ალუბლის წვენი მომემარაგებინა, პლედში გავხვეულიყავი და მაწანწალა რასმუსის ამბები მეკითხა. მერე შემთხვევით გავიგე, რომ თურმე ნინა გორეცკი მეტალს უსმენს. ერთ კვირით ადრე - რომ პიარშიკი ვარ. საიდან ვრცელდება ასეთ უხამსი ჭორები, მხოლოდ ყოვლისშემძლე ოდინმა უწყის - მე მინდოდა ჩემი პორტრეტის საკუთარი ვერსია შემომეთავაზებინა, სანამ კიდევ შეეცადნენ ხალხისთვის ტვინის არევას :d



Thursday, September 9, 2010

And I Said Yeah? Nah, Oui!

ხვალ პარიზში მივდივარ.

დიდი ხნით კი არა, ერთი-ორი დღით, რომ სიტეს და პარიზული სახლების სახურავებს დავხედო. ამ სახურავებზე მეტად ფრედ ბეგბედერიც კი არ მყვარებია. ამ ბებერი ხულიგანის ნახვა კი არ მინდა. სად არის ახლა, თავის ქალაქში? თუ ჩაგიგდო ხელში, დაიწყებს რაღაცების როშვას. „მე მხოლოდ ის მინდა, რომ მუცელში პეპლები დაფრინავდნენ, როცა ვინმეზე ვფიქრობ“- განმიცხადა უკანასკნელი შეხვედრის დროს. კარგი ერთი, ფრედ. შენს წიგნებში სიყვარულს ისეთი პურიტანული გულგრილობით ეძლევიან ხოლმე, თითქოს მისი პერსონაჟები სექსი დიდ ქალაქში-ს გმირები იყვნენ. ბუდა ამბობდა, ჩვენ ის ვართ, რის შესახებაც გვიფიქრიაო - ისიც შენნაირი ცრუპენტელა იყო. ყოველ შემთხვევაში, იყო რომანტიკული, არ ნიშნავს იმას, რომ სიყვარულის რამე გაგეგებოდეს. ახლა ვუყურებ შენს დიდ ცხვირს და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ ამას წყალი არ გაუვა.


მოკლედ, პარიზს ორ დღეში დავტოვებ და ლიონისკენ გავუტევ. ორ დღეზე მეტ ხანს ამდენ აფრიკელს ლუდოვიკოს ქალაქში ჩემმა მტერმა უყურა. მოსიე კონსტრუქტორი ეიფელის აღმართული ჯართიც, კიჩის მოყვარულები მუდამ თან რომ დაათრევენ ჩანთებზე ჩამოკიდებულს თუ მაისურზე მიხატულს, ცუდად მეჩხირება თვალში. ლიონიდან უკან წამოვალ, ბურგუნდიაში. კოლა ბრონიონისთვის სიტყვა მაქვს მიცემული, შემოგივლი და ახალი სახლის აშენებაშიც დაგეხმარები-მეთქი. თანაც ახლა ხომ რთველია, ხელს წავაშველებ. მერე ერთად დავლევთ შავ პინოს და გავიხსენებთ, როგორ მოვხვდი საფრანგეთში, რატომ მივატოვე თბილისური ცხოვრება, ოჯახი, მეგობრები, დეპოზიტიდან მთელი ფული მოვხსენი და გალების ქვეყანაში გავუტიე. კოლა მეტყვის, მთლად დალაგებული ვერ ხარო. მე არაფერ შუაში ვარ, ეს გიჟური იდეა გასპარისგან მოდიოდა. თქვენ არ ვიცი, იცნობთ თუ არა - გასპარ ულიე ჩემი ძველი მეგობარია. ერთმანეთს რომ გადავეყარეთ, პატარა ბიჭი იყო და მარეს კვარტალში მონათესავე სულს სიყვარულს უხსნიდა, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ იმ სულმა ფრანგული ძალიან ცუდად იცოდა. ნამდვილი ისტორიაა, გას ვან სენტიც დამემოწმება ამაში: http://www.youtube.com/watch?v=BCcDN8HifvA

უკანასკნელად კი ორიოდე კვირის წინ ვისაუბრეთ. მაშინ მითხრა, მარტინ სკორსეზეს გადავეყარე, შანელისთვის რაღაც შორთს იღებს და მეც ჩამითრია ამ ამბავშიო. ამ საუბრის მერე მივხვდი:
 I'm not going to be the person I am expected to be anymore.

ხოდა, ასე დაიწყო


უფრო სწორად ამ ფრაზით დამთავრდა ჩემი ძველი ცხოვრება. ახლა უკანასკნელად მივირთმევ ანტრეში გამომცხვარ კრუასანებს, ბარგს ვალაგებ და როლინგების She Said Yeah-ს ვუსმენ. So did I - I said Oui!