Friday, May 27, 2011

The Kills - Blood Pressures, 2011

შეფასება: 4/5

ისინი ქმნიან მუსიკას, რომელიც ადრე არავის მოუსმენია - ინდის, პანკის, ბლუზის, როკ ენ როლისა და გარაჟის როკის არაჩვეულებრივ სინთეზს. ამ დროს კი  ყველა The White Stripes-ის მიმბაძველობას აბრალებს. მათ მინიმალისტურ სტილზე ხანდახან ისე საუბრობენ, თითქოს ის პრიმიტიული იყოს, ჯეიმი ჰინსის მუსიკალურ ნიჭზე მეტად კი მისი და ქეით მოსის ურთიერთობის პიკანტური დეტალები აინტერესებთ. ამის მიუხედავად, The Kills-ისთვის კომპლექსები აქამდე არავის შეუმჩნევია. მისი მეორე წევრი, ელისონ მოსჰარტი ახალ მუსიკალურ ჯგუფ The Dead Weather-ში ჯეკ უაიტთან, The White Stripes-ის ყოფილ წევრთან  ერთადაც კი მღერის.

მოსჰარტის და უაიტის ტანდემი წარმატებული რომ იქნებოდა, ალბათ ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი. და მაინც, ის ქიმიური რეაქცია, რომელიც ჯეიმი ჰინსსა და ელისონს შორის მუსიკალური ურთიერთქმედების დროს წარმოიშობა, განუმეორებელია. ამის დასამტკიცებლად The Kills-ის ძველი შემოქმედებაც გამოდგება და ახალი ალბომიც, Blood Pressures, რომელმაც კრიტიკოსებისა და მსმენელის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. ერთნი თვლიან, რომ ის ამ დუეტის ყველაზე დახვეწილი ალბომია, სხვები ამბობენ, რომ ჯგუფი არასოდეს ყოფილა ასეთი მოსაწყენი და მან ის პოსტპანკური მუხტი დაკარგა, რომელიც წინა ორ ალბომში ასე კარგად იგრძნობოდა.

სიმართლე ისაა, რომ Blood Pressures-ში ყველაფერია, რაც ჯგუფის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა - რაფინირებული პანკ-ბლუზი, გოთიკური სიმძიმე, გარაჟის ხმაურიანი ატმოსფერო, მინიმალისტური როკი. ელექტროპოპის და რეტროს მიმართულება ალბომს ზედმეტ ეკლექტურობას ანიჭებს. ვფიქრობ, The Kills-ის  მთავარი ღირსება ისაა, რომ დრამ-მანქანით, გიტარით, სექსუალური დაძაბულობით შეუძლია ძალიან სახასიათო მუსიკის შექმნა, რომელიც სწორედ მინიმალიზმის დამსახურებით გამახსოვრდება. ბითლზისთვის დამახასიათებელი მელოდიურობა და რომანტიკული ბალადები ჰინსს და მოსჰარტს, უბრალოდ, ინდივიდუალურობას აკარგვინებს. თუმცა, ამ მრავალფეროვანი ალბომით დუეტი დიდ ნიჭსა და განვითარების სერიოზულ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.


Future Starts Slow:

Nail In My Coffin:

Wild Charms:


© ტაბულა, №55

Wednesday, May 25, 2011

Turkish Highway

Эй вы, расисты проклятые! Вы считаете, что турки – это такие усатые толстячки из «Полночного экспресса»? Вы забыли роскошь Византии, ставшей Константинополем, а потом Стамбулом? Поскольку Нью-Йорк теперь в дауне, чтобы оторваться, приходится ехать в мусульманские страны (в Дубай, как Усама, или в Турцию, как Оскар). Турки похожи на итальянцев, они высокие и одеты лучше, чем вы. Женщины у них потрясающие (Моники Беллуччи без Венсана Касселя!)...


აქ უნდა შეწყვიტო ბეგბედერის აღტაცებული კომენტარის კითხვა სტამბულზე („რომანტიკული ეგოისტი“). პირველ რიგში, იმიტომ, რომ ქალებზე გადააჭარბა. თუ ათი სტამბულელი ბიჭიდან ცხრა ძაალიან სიმპატიურია და მართლა კარგად აცვია (მე ვიტყოდი ელეგანტურად, სპორტული სტილის შემთხვევაშიც), ლამაზ გოგოს აქ ათში ერთს შეხვდები. ჩემი მეგობარი მეუბნება, ეგ შენი ნატურალიზმის ბრალია, მარტო ბიჭები გიზიდავსო, ამიტომ სპეციალურად დავიწყე თურქ გოგოებზე დაკვირვება და დიდი ძებნის შემდეგ აღმოვაჩინე ორი მომხიბვლელი არსება - ერთი პიერლოტის ქუჩაზე და მეორე ზარას მაღაზიაში. სულ ეს იყო.


მეორე რიგში, იმიტომ უნდა შეწყვიტო ფრედის დღიურის კითხვა, რომ თავად გადაამოწმო -  მართლა ასეთი მაგარი ქალაქია სტამბული თუ ასეთი რამ ფრედმა ჩილიმით გაბრუებულ მდგომარეობაში დაწერა. მითუმეტეს, რომ ორი საათიც კი არ გინდა ამ უძველეს და ულამაზეს ქალაქში მოსახვედრად. ჰოდა, ორიოდე კვირის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ირენემ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტი განვახორციელეთ. ჩავედი საკმაოდ მოუმზადებელი, რადგან ფრენამდე ოთხი საათი რომ იყო დარჩენილი, მაშინ დავიწყე გუგლში ძებნა, სად იყო ალჟირის ქუჩა და როგორ იყო თურქულად „მადლობა“. დილის ექვს საათზე რომ ჩავედი, არცერთი აღარ მახსოვდა. სტამბულს უკვე ეღვიძა (საზარელი საცობები დამხვდა), საკმაოდ ციოდა და მე იმაზე ფიქრი დავიწყე, როგორი დამამახსოვრდებოდა ეს ულამაზესი ქალაქი - ღრუბლიანი, გაყინული, საცობებიანი. ახლა კი, ამ პოსტს რომ ვწერ, მიხარია, რადგან ზღვისპირზე გაბნეული იასამნისფერი ხეები, ბოსფორზე არეკლილი მზე და ყავისა და ლოკუმის არომატი მახსენდება. <3

Wednesday, May 11, 2011

Alcoholic provocateur

ქენ ევგინი ამბობს, რომ ინტერნეტი უდაბნოა. რომ მას უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნია. თუ ეს ასეა, მაშინ ინტერნეტსა და ჩვენს ცხოვრებას შორისაც შეიძლება პარალელის გავლება. ცხოვრება, როგორც უდაბნო, რომელშიც ხანდახან შეცდომით ხედავ ოაზისებს და ხანდახან პოულობ კიდეც. სიმართლე გითხრათ, ფილოსოფიური აზრები ფხიზელ გონებაზე მაშინ უფრო მაწუხებდა, სტუდენტობას რომ ვიწყებდი, ახლა ამისთვის მინიმუმ 100 მლ ღვინო მჭირდება. უბრალოდ ჩემი გიჟური სიყვარულის ობიექტის,  ოლივიე ზამის ვიდეო მომეწონა და მინდა გაგიზიაროთ:


Nowness-ზე აღნიშნეს, რომ შორთის გადასაღებად სტამბული შემთხვევით არ შეირჩა - ის ყველაზე ქაოტური ქალაქია მსოფლიოში. ამას რომ ვკითხულობდი, მივხვდი, რატომ მინდოდა ბოლო ხანებში იქ მოხვედრა. ეს მოუწესრიგებლობის და ანარქიულობის დეფიციტი დიდი ხანია მაქვს. რა თქმა უნდა, მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, დიდ როლს აქ ბაზილიკა ცისტერნა, ჩემი აზიურ-ბიზანტიური საწყისი და თურქული ტკბილეულობაც თამაშობს.  ოღონდ ეგაა, ისლამურ სამყაროს ჩემს თვალში ერთი დიდი ნაკლი აქვს - აქ ღვინო ნაკლებად უყვართ.

ღვინის თემა ამეკვიატა, ალბათ იმიტომ, რომ მთელი წლის განმავლობაში რომ ველოდებოდი, ის დღე უჩემოდ ჩაივლის. (ვერაფერს ვიზამ, ერთი თვით ადრე ნაყიდი ბილეთების გადაცვლა რთული საქმეა.)  ახალი ღვინის ფესტივალზე ვამბობ, რომელიც შაბათს, ეთნოგრაფიულში გაიმართება. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ღვინის ჟურნალისტი ვარ. თუ ღვინო გიყვართ, ეს შეიძლება ყველაზე ნათელი, მხიარული, სურნელოვანი დღე გახდეს მთელი წლის განმავლობაში. ღვინის ბუკეტი ბალახში, მზის სხივების ქვეშ სულ სხვანაირად იხსნება, ასე შემიყვარდა გასულ წელს ერთ-ერთი ვარდისფერი ღვინო, რომლის გემოც შეუძლებელია დახურულ შენობაში გაიგო. მოკლედ, იმედია თქვენ წახვალთ და მერე შთაბეჭდილებებზე დაწერთ პირადულ, არააკადემიურ, აკაციის ყვავილით გაჟღენთილ პოსტებს. როგორც ვიცი, რამდენიმე ათეულობით საუკეთესო ღვინო იქნება წარმოდგენილი. ჩემი რჩევაა, ჯაყელების ბიოღვინო გასინჯოთ, თუ აქამდე არ დაგილევიათ. თაფლის და სხვადასხვა ყვავილების ნოტების კომპოზიციაა და სუფთა ჰაერზე საერთოდ ხელოვნების ნიმუში ხდება, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დეგუსტაციური მომენტი გახდა.

აბა ჰე, ბევრი დალიეთ და ნაკლები იფილოსოფოსეთ :დ

Tuesday, May 10, 2011

რადიოაქტიური ხელოვნების კვირა

ფსიქოდელია, შორეული აღმოსავლეთი და მინიმალ ტექ-ჰაუსის რიტმები... ბოლო დღეებმა  საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. იაპონიაში არ ვყოფილვარ და არც მაქვს ამის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ რადიოაქტიური ნიშანი ჩემთვის წმინდა სიმბოლოა (მელომანები მიხვდებიან რატომაც). უბრალოდ კარგი მუსიკით „დავსხივდი“, 3d-ში მომავალი საუკუნის ჩაცმულობა ვნახე და ორიგამით შთაგონებული ახლა ამ პოსტს ვწერ, საკმაოდ დამღლელი თბილისის მოდის კვირეულის შემდეგ. 

Alexander Maxwell
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მუსიკამ მოახდინა (მუსიკის სიყვარული ჩემში ყოველთვის გადაწონის მოდისადმი ინტერესს, ეს გენეტიკურია). ჩვენებების  გასაფორმებლად მოწვეული იყო ალექსანდრ  მაქსველი და მისი ჯგუფი MODE-F. ალექსი გავიცანი, ძალიან კარგი ტიპია, თავისი „კამანდა“ - ნანო დე კლოზელი და ლორან ბალოც გამაცნო. მუსიკოსები არიან, „ხმის ინჟინრები“, რომლებიც მოდის ჩვენებებისთვის ექსკლუზიურად ქმნიან ან მიქსავენ მუსიკას, ლინკს თუ გაყვებით, ნახავთ რომ გერლენისა და დიორის სახლებისთვის მუშაობენ და მართლა მაგრები არიან თავიანთ საქმეში. სამწუხაროდ მუსიკას ვერ გასმენინებთ, ალექსმა საიდუმლო ფასვორდი მომცა და მკაცრად გამაფრთხილა, რომ ის მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი.  მასთან ბევრი ვისაუბრე, ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით დავწერ ტაბულასთვის. 

რაც შეეხება მოდას, ჩვენებები შერატონში გაიმართა და ეს კარგი არჩევანი იყო პოდიუმების მოწყობის მხრივ. შემოდგომა-ზამთრის კოლექციების დიდი ნაწილი არაადეკვატური გამოდგა - სულ შიფონის მსუბუქი კაბები და მოშიშვლებული მხრები. თუმცა ყველა დიზაინერი საქმეს ასე არასერიოზულად არ უდგება. მაგალითად, ძალიან კარგი ნამუშევრები ჰქონდათ დანიაში მცხოვრებ ქართველ დიზაინერს გიორგი შაღაშვილს, ატელიე ექსპერიმენტს... შაღაშვილის ჩვენების არცერთი ფოტო არ მაქვს, რადგან ჩვენება საღამოს 11 საათის შემდეგ დაიწყო და მანამდე ჩემი ციფრულის ელემენტი მოკვდა :/ ეფექტური იყო დათუნა სულიკაშვილის აეროპორტში გამართული ჩვენება. ალექსი ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, აეროპორტის ფოტოებიც წინასწარ მანახა, დაგვპატიჟა კიდეც მე და ირაკლი ბლუიშვილი (ტაბულას ფოტოგრაფი), მე წაგიყვანთო, არ იცოდა რომ აკრედიტაცია იქაც გვქონდა. მოკლედ, ძალიან სასიამოვნო და ნიჭიერი ადამიანია, შეყვარებული ვარ და ეს სულ ცოტა მომავალი ერთი-ორი კვირა გაგრძელდება, ამიტანეთ ))