Monday, November 12, 2012

პროფესია: თავისუფალი - ნიკოლა გესკიერი


ორიოდე წლის წინ, როდესაც ეკითხებოდნენ, რას გააკეთებდა ათი წლის შემდეგ, ამბობდა, რომ საკუთარი თავი ისევ და ისევ Balenciaga-ში წარმოედგინა. ბრენდის კრეატიული დირექტორი არ გამორიცხავდა იმასაც, რომ შეიძლებოდა მხოლოდ ამით აღარ ყოფილიყო დაკავებული. "წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებდი ჩემი საკუთარი კოლექციისთვის, თუ ერთ დღეს მის შექმნას გადავწყვეტდი. Balenciaga-ში იმდენს ვდებ, რომ თუ დღეს ოთახში ჩამკეტავთ და მეტყვით, "მოდი, სცადე ნიკოლა გესკიერის პროექტის გაკეთება" არაფერი გამომივა."
როგორც ჩანს, ნიკოლა გესკიერმა მაინც გადაწყვიტა საკუთარი თავი Balenciaga-ს აღარ მიუძღვნას. სულ რამდენიმე დღის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი (თხუთმეტი წლის) მუშაობის შემდეგ, მან უარი თქვა საკუთარ პოზიციაზე. მიზეზები, რომელთა გამოც გესკიერმა ასეთი ნაბიჯი გადადგა, ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა კულუარებში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიღებული არ ყოფილა და ამაზე დიზაინერი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფიქრობდა. შესაძლო მიზეზად კი სახელდება როგორც ფინანსური საკითხები, ასევე ბრენდის ხელმძღვანელობის სტრატეგია, მისი პროექტების უფრო მეტად კომერციალიზაციასთან დაკავშირებით. არავინ გამორიცხავს იმას, რომ PPR-თან თანამშრომლობის გაწყვეტა არა სამუდამო, არამედ დროებითი იყოს, მაგრამ რეალობა ერთია - Balenciaga ნიკოლა გესკიერის გარეშე დარჩა, დიზაინერის, რომელიც წლების წინ ბრენდს მესიად მოევლინა.
90-იანების ბოლოდან, Balenciaga გესკიერმა, შეიძლება ითქვას, მეორედ შექმნა. კრისტობალ ბალენსიაგას ბრენდი უკვე აღარ იყო არც პრესტიჟული და არც გავლენიანი, როგორც გასული საუკუნის შუა ხანებში. არა კენედისა და ჰეპბერნის წონის პერსონებისთვის, არამედ საშუალო ფენისთვისაც კი ბალენსიაგას სახელი საინტერესოდ აღარ ჟღერდა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგმა დიზაინერმა ყველაფერი თავიდან დაიწყო და იმას მიაღწია, რომ ბოლო წლებში კრიტიკოსები თითქმის ვეღარ წერდნენ უარყოფით შეფასებებს მის კოლექციებზე, ხოლო ძალიან ვიწრო შარვლების და ორთოპედიული ფეხსაცმლის მზარდი პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით სხვა არაფერია, თუ არა გესკიერის ნამუშევარი.
ნიკოლა გესკიერმა ბავშვობა საფრანგეთში, შუა საუკუნეების პერიოდის პატარა ქალაქ ლუდუნში გაატარა. თორმეტი წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა დიზაინერი გამხდარიყო - არა იმიტომ, რომ ეს თავის მოწოდებად მიაჩნდა, არამედ უფრო პროვინციის მოწყენილობისგან თავის დასაღწევად. კერავდა ფარდებისგან სამოსს, ბებიამისის ჭაღიდან კი ბროლის კრისტალებს ხსნიდა და საყურეებს აკეთებდა. მოგვიანებით, გადაწყვიტა საქმისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი. მამა წერილების წერაში დაიხმარა და საბოლოოდ მოახერხა, რომ საზაფხულო არდადაგებზე Agnes B-სთან სტაჟირება გაევლო - მართალია, ოფისში დოკუმენტების ბეჭდვა და ყავის მოდუღებაც კი უწევდა, მაგრამ ასევე აკვირდებოდა მოდის სამყაროში მიმდინარე პროცესებს.
ზაფხული მიილია და ნიკოლა სახლში დაბრუნდა, თუმცა უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რა უნდოდა. მამას განუცხადა, რომ ფიზკულტურის მასწავლებელი არ გახდებოდა და მომავალ წელს ისევ პარიზში წავიდა - უკვე სამუდამოდ. "ისე იყო, როგორც კინოში ხდება - სადგური, ჩემოდნები, დედა ტირის, მეც ვტირივარ... " მაგრამ მისთვის ხელის შეშლა უკვე აღარაფერს შეეძლო.
კარიერის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო. თავიდან გესკიერი სენის მარცხენა სანაპიროზე აფრიკულ ქანდაკებებსაც კი ჰყიდდა, რომ თავი როგორმე გაეტანა, თუმცა ბედმა მალე გაუღიმა და ჟან პოლ გოტიეს ასისტენტი გახდა. ეს ოცნების ახდენას ჰგავდა, მაგრამ გოტიესთან მუშაობას გესკიერმა თავი მალე დაანება, რადგან არაკეთილმოსურნე გარემოს ვერ გაუძლო. 1995 წელს Balenciaga-ში გადავიდა, რაც მისთვის ერთგვარი ჩამოქვეითებაც იყო, რადგან არაპრესტიჟული მიმართულებების ხელმძღვანელობა უწევდა, თუმცა სამი წლის მერე მისი მდგომარეობა შეიცვალა, როდესაც ბრენდის პარიზის სახლის მთავარ დიზაინერად დანიშნეს.
მაშინ Balenciaga-ს სახლი ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთ დროს ძალიან გავლენიანი ბრენდის სახელისგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. გესკიერმა დროთა განმავლობაში მოახერხა ბრენდისთვის ახალი სული შთაებერა. ცნობილი სკაფანდრის ფორმის სილუეტები, არქიტექტურული ფორმები, რეტრო-ფუტურისტული შიკი - ის, რითაც თანამედროვე სამყარო Balenciaga-ს იცნობს, სწორედ გესკიერის ნახელავია.
2010 წელს, Interview Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომ ფორდმა (ინტერვიუერის როლში სწორედ ის იყო) გესკიერს ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა საკუთარ სტილს ფრანგულად. "საერთოდ არ მაქვს ასეთი შეგრძნება. ეს არასოდეს ყოფილა ჩემი საზრუნავი, ამას გარდა, ასე ფიქრი შეზღუდვას ნიშნავს. როდესაც ვიწყებდი, მინდოდა, რომ Balenciaga ინტერნაციონალური ყოფილიყო. ვფიქრობდი, ფოკუსი უნდა გაკეთებულიყო შეერთებულ შტატებზე, სადაც ყველაზე მეტად მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები." როგორც თვითონ ამბობს, მისი ქალი არ შეიძლება იყოს რომელიმე ერთი ეროვნების წარმომადგენელი - ის გამხდარია, თავდაჯერებული სიარულის მანერა აქვს და ოდნავ მასკულინურია, მაშინაც კი, როდესაც ატარებს საკმაოდ სექსუალურ სამოსს. "მირჩევნია ასეთ ქალებს მივმართო, ვიდრე მხოლოდ მათ, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ," - ამბობს გესკიერი.
დროთა განმავლობაში ნიკოლა გესკიერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, შეიძლება ითქვას საკულტო (ახალგაზრდა დიზაინერებს შორის მაინც) დიზაინერი გახდა. 2000 წელს VHI/Vogue Fashion დაჯილდოებაზე წლის ავანგარდულ დიზაინერად აღიარეს, 2001-ში კი CFDA-მ წლის დიზაინერად დაასახელა. წარმატების მიზეზი მარტივი იყო: "ფორმები, რომლებსაც ქმნი, ძალიან შთამაგონებელი და არქიტექტურულია. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ვაღმერთებ შენს სამოსს არა მხოლოდ კონცეპტუალურობის გამო. ქალის სხეულს ყოველთვის ლამაზად წარმოაჩენ და ეს შენი წარმატების საიდუმლოდ მიმაჩნია", - უთხრა ტომ ფორდმა ინტერვიუს პროცესში ნიკოლა გესკიერს.
როდესაც მუზაზე ეკითხებიან, გესკიერს შეუძლია დაუსრულებლად ილაპარაკოს. უმთავრესად იმიტომ, რომ ფიქრობს, მუზა შეიძლება ბევრი, ძალიან ბევრი იყოს, თუმცა თავად მის დიზაინზე რამდენიმე ადამიანმა მოახდინა გავლენა. პირველ რიგში, ეს შარლოტ გენსბურია, რომელთანაც წლების მეგობრობა აკავშირებს. "რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დიზაინის მოფიქრებისას შარლოტზე ვფიქრობდი, მისი გავლენა ძალიან დიდია", - გამოტყდა ერთხელ გესკიერი. არის კიდევ ერთი ქალი - დომინიკ გონსალეს-ფორსტერი, რომელმაც Balenciaga-ს მაღაზიების დიზაინზე იზრუნა.

რას გააკეთებს გესკიერი მომავალში, არავინ იცის,მათ შორის, შესაძლოა, თავად დიზაინერმაც კი და მაინც, ალბათ უკვე დადგა საკუთარი ბრენდის შექმნის დროც. ერთადერთი, რაზეც ხუთიოდე წლის წინ დიზაინერი გადაჭრით ამბობდა უარს, მაღალი მოდის სფეროში მუშაობა იყო. გესკიერი ამბობს, რომ ოტ კუტიურის ადგილი თანამედროვე სამყაროში აღარ არის და მისი ოქროს ხანა დიდი ხნის წინ დამთავრდა. "მე მაქვს იმის ფუფუნება, გამოვიყენო ოტ კუტიურის ტექნიკა პრეტ-ა-პორტეს შექმნის დროს,"- ამბობდა დიზაინერი. როცა საქმე გესკიერის დიზაინს ეხება, ეს ალბათ, საკმარისი უნდა იყოს.

Monday, November 5, 2012

მატრიცა: გადატვირთვა

"ვიცი, რომ ჩემი გესმით. მე ვგრძნობ თქვენს არსებობას. ვიცი, რომ გეშინიათ. გეშინიათ ცვლილებების. მე არ ვიცი, რა იქნება მომავალში. არ ვაპირებ მოგიყვეთ, რით დასრულდება ყველაფერი. იმას გეტყვით, როგორ დაიწყება. ახლა ყურმილს დავკიდებ და ვაჩვენებ ადამიანებს იმას, რაც არ გინდათ რომ დაინახონ. ვაჩვენებ სამყაროს თქვენს გარეშე. სამყაროს წესების, კონტროლის, საზღვრების გარეშე... სამყაროს, რომელშიც ყველაფერი შესაძლებელია..."
ალბათ ვაჩოვსკების ფილმში ყველაფერი საკულტოა - პირველი თუ ბოლო ეპიზოდი, ვიზუალური ეფექტები, გმირები. საკმარისია ეკრანზე, ტელეფონის ჯიხურში შავებში გამოწყობილ ადამიანს მოვკრათ თვალი, რომ პირველი ასოციაცია ალბათ სწორედ "მატრიცას" ტრილოგიასთან გაჩნდება. საკულტო ელემენტები აქ სხვაც ბევრია. მაგალითად, ითვლება, რომ ვიზუალური ეფექტი, რომელსაც Bullet time-ს უწოდებენ, ფილმის სავიზიტო ბარათია, რომელიც სწორედ "მატრიცას" გამოსვლის შემდეგ გახდა პოპულარული, თანაც არა მხოლოდ ბოევიკის ჟანრში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში იშვიათად (რბილად რომ ვთქვათ) ვხვდებით პლატონის გამოქვაბულის ალეგორიაზე, დეკარტის და კანტის ფილოსოფიაზე მინიშნებებს, ვაჩოვსკების ნამუშევარი იდეური თვალსაზრისითაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც უნიკალური მოვლენა. თუმცა, ის, რაც პირველ რიგში ფილმიდან გვამახსოვრდება, ალბათ მაინც კოსტიუმებია. ჩაცმულობა აქ ძალიან სპეციფიკურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გმირები მატრიცაში გადადიან. თუ ნეოს კოსტიუმი (გრძელი, შავი მოსაცმელი) საკმაოდ ორდინარულად შეიძლება მოგვეჩვენოს სუპერ-გმირისთვის, ზოგადად, მფრინავი ხომალდის, ნაბუქოდონოსორის მგზავრების გამოგონილ სამყაროში გადასვლა შავი ფერის სამოსით სიმბოლური იდეის მატარებლადაც შეიძლება ჩაითვალოს.
Alexander Wang, fall 2012
ისე კი, შავი ფერის ტანსაცმელი ერთგვარ კლიშედაც კი იქცა, როდესაც ჯაშუშების დრეს კოდზეა საუბარი. საიდუმლო დავალებების შესრულებისას, მათი უმეტესობა სწორედ ამ ფერში იცვამს, რაც გონივრული არჩევანია - ის ხომ თითქმის არ იქცევს ყურადღებას. თუმცა, თუ საუბარი ფილმებზე კი არა, ყოველდღიურობაზეა, საკმარისია ჩავიცვათ ტანზე მომდგარი შავი ტყავის სამოსი, ვატაროთ ამავე ფერის სათვალე და განიერი ქუდი და ყურადღების ცენტრში მოხვედრა გარდაუვალი იქნება. სწორედ ასე მოხდა, როდესაც დიზაინერებმა შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო სამყარო წესების, კონტროლის, საზღვრების გარეშე - ისინი თითქოს საიდუმლოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ შავი ტყავის სამოსის და აქსესუარებისგან შემდგარი total look ამ სეზონის განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო.
თუმცა, წესები მაინც არ იყო მკაცრად განსაზღვრული - შავი ტყავის სამოსის ტენდენცია ბევრნაირ სტილში იყო წარმოდგენილი. პოდიუმზე ვნახეთ ფუტურისტული, გოთური, დეკადენტური, ასევე ძალიან კლასიკური თემები. ამასთან, როგორიც არ უნდა იყოს განწყობა, ერთი რამ ნათელია - შავი ტყავის სამოსი ამ სეზონზე ერთ-ერთ მთავარ, წამყვან ტრენდად იქცა. total look-ის გარდა, მოდური იქნება ნებისმიერი რამ, რაც შავი ტყავისგანაა შეკერილი, იქნება ეს გრძელი პალტო, ვიწრო თუ განიერი შარვალი, საშუალო სიგრძის კაბა თუ ტანზე კარგად მომდგარი პიჯაკი. Lanvin-თან, ასევე Hakaan-ის კოლექციაში არის ფართო ფორმის ქურთუკებიც, თუმცა ყურადღების ცენტრში მოექცა ტყავის პალტოები, რაც კარგად გამოჩნდა Michael Kors-ის, Ralph Lauren-ის, Valentino-ს, Diane Von Furstenberg-ის, Alexander Wang-ის, Gareth Pugh-ს, Loewe-ს, Fendi-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში.
Gareth Pugh fall 2012
ამ ტენდენციას ცოტა მასკულინური ელფერიც დაჰკრავს, რაც ბუნებრივი უნდა იყოს, რადგან შავი ტყავი უნებურად უნისექს მოდასთან ასოცირდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როდესაც ვხვდებით ძალიან ქალურ ფორმებსაც, მაგალითად Gianfranco Ferre-ს, Dior-ის, Moschino-ს კოლექციებში. დიორის კაბით მატრიცას გმირებივით ვერ იჩხუბებ, სამაგიეროდ კლასიკური, ნაზი სილუეტის წყალობით, ბილ გეითენმა მოახერხა იმის დამტკიცება, რომ შავი ტყავის სამოსი სულაც არ არის აუცილებელი მხოლოდ ბაიკერებისთვის და გოთური სუბკულტურის წარმომადგენლებისთვის იყოს განკუთვნილი. ტყავის ყველაზე მინიმალისტური გამოყენებით და არაფრით გადატვირთული სილუეტებით მაინც Valentino-ს და Calvin Klein-ის კოლექციებმა დაგვამახსოვრა თავი, Fendi-სა და Francesco Scognamiglio-სთან კი შავი ტყავისგან შეკერილი ყველაზე ლამაზი ქვედაკაბების პოვნა შეიძლება. ფანქრის, ასევე ასიმეტრიული ფორმის ტყავის ქვედაკაბა ზამთრის მოდის ისეთივე სავიზიტო ბარათად იქცა, როგორც შენელებული კადრის ეფექტი მატრიცას ტრილოგიისთვის.