Monday, November 5, 2012

მატრიცა: გადატვირთვა

"ვიცი, რომ ჩემი გესმით. მე ვგრძნობ თქვენს არსებობას. ვიცი, რომ გეშინიათ. გეშინიათ ცვლილებების. მე არ ვიცი, რა იქნება მომავალში. არ ვაპირებ მოგიყვეთ, რით დასრულდება ყველაფერი. იმას გეტყვით, როგორ დაიწყება. ახლა ყურმილს დავკიდებ და ვაჩვენებ ადამიანებს იმას, რაც არ გინდათ რომ დაინახონ. ვაჩვენებ სამყაროს თქვენს გარეშე. სამყაროს წესების, კონტროლის, საზღვრების გარეშე... სამყაროს, რომელშიც ყველაფერი შესაძლებელია..."
ალბათ ვაჩოვსკების ფილმში ყველაფერი საკულტოა - პირველი თუ ბოლო ეპიზოდი, ვიზუალური ეფექტები, გმირები. საკმარისია ეკრანზე, ტელეფონის ჯიხურში შავებში გამოწყობილ ადამიანს მოვკრათ თვალი, რომ პირველი ასოციაცია ალბათ სწორედ "მატრიცას" ტრილოგიასთან გაჩნდება. საკულტო ელემენტები აქ სხვაც ბევრია. მაგალითად, ითვლება, რომ ვიზუალური ეფექტი, რომელსაც Bullet time-ს უწოდებენ, ფილმის სავიზიტო ბარათია, რომელიც სწორედ "მატრიცას" გამოსვლის შემდეგ გახდა პოპულარული, თანაც არა მხოლოდ ბოევიკის ჟანრში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში იშვიათად (რბილად რომ ვთქვათ) ვხვდებით პლატონის გამოქვაბულის ალეგორიაზე, დეკარტის და კანტის ფილოსოფიაზე მინიშნებებს, ვაჩოვსკების ნამუშევარი იდეური თვალსაზრისითაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც უნიკალური მოვლენა. თუმცა, ის, რაც პირველ რიგში ფილმიდან გვამახსოვრდება, ალბათ მაინც კოსტიუმებია. ჩაცმულობა აქ ძალიან სპეციფიკურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გმირები მატრიცაში გადადიან. თუ ნეოს კოსტიუმი (გრძელი, შავი მოსაცმელი) საკმაოდ ორდინარულად შეიძლება მოგვეჩვენოს სუპერ-გმირისთვის, ზოგადად, მფრინავი ხომალდის, ნაბუქოდონოსორის მგზავრების გამოგონილ სამყაროში გადასვლა შავი ფერის სამოსით სიმბოლური იდეის მატარებლადაც შეიძლება ჩაითვალოს.
Alexander Wang, fall 2012
ისე კი, შავი ფერის ტანსაცმელი ერთგვარ კლიშედაც კი იქცა, როდესაც ჯაშუშების დრეს კოდზეა საუბარი. საიდუმლო დავალებების შესრულებისას, მათი უმეტესობა სწორედ ამ ფერში იცვამს, რაც გონივრული არჩევანია - ის ხომ თითქმის არ იქცევს ყურადღებას. თუმცა, თუ საუბარი ფილმებზე კი არა, ყოველდღიურობაზეა, საკმარისია ჩავიცვათ ტანზე მომდგარი შავი ტყავის სამოსი, ვატაროთ ამავე ფერის სათვალე და განიერი ქუდი და ყურადღების ცენტრში მოხვედრა გარდაუვალი იქნება. სწორედ ასე მოხდა, როდესაც დიზაინერებმა შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო სამყარო წესების, კონტროლის, საზღვრების გარეშე - ისინი თითქოს საიდუმლოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ შავი ტყავის სამოსის და აქსესუარებისგან შემდგარი total look ამ სეზონის განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო.
თუმცა, წესები მაინც არ იყო მკაცრად განსაზღვრული - შავი ტყავის სამოსის ტენდენცია ბევრნაირ სტილში იყო წარმოდგენილი. პოდიუმზე ვნახეთ ფუტურისტული, გოთური, დეკადენტური, ასევე ძალიან კლასიკური თემები. ამასთან, როგორიც არ უნდა იყოს განწყობა, ერთი რამ ნათელია - შავი ტყავის სამოსი ამ სეზონზე ერთ-ერთ მთავარ, წამყვან ტრენდად იქცა. total look-ის გარდა, მოდური იქნება ნებისმიერი რამ, რაც შავი ტყავისგანაა შეკერილი, იქნება ეს გრძელი პალტო, ვიწრო თუ განიერი შარვალი, საშუალო სიგრძის კაბა თუ ტანზე კარგად მომდგარი პიჯაკი. Lanvin-თან, ასევე Hakaan-ის კოლექციაში არის ფართო ფორმის ქურთუკებიც, თუმცა ყურადღების ცენტრში მოექცა ტყავის პალტოები, რაც კარგად გამოჩნდა Michael Kors-ის, Ralph Lauren-ის, Valentino-ს, Diane Von Furstenberg-ის, Alexander Wang-ის, Gareth Pugh-ს, Loewe-ს, Fendi-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში.
Gareth Pugh fall 2012
ამ ტენდენციას ცოტა მასკულინური ელფერიც დაჰკრავს, რაც ბუნებრივი უნდა იყოს, რადგან შავი ტყავი უნებურად უნისექს მოდასთან ასოცირდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როდესაც ვხვდებით ძალიან ქალურ ფორმებსაც, მაგალითად Gianfranco Ferre-ს, Dior-ის, Moschino-ს კოლექციებში. დიორის კაბით მატრიცას გმირებივით ვერ იჩხუბებ, სამაგიეროდ კლასიკური, ნაზი სილუეტის წყალობით, ბილ გეითენმა მოახერხა იმის დამტკიცება, რომ შავი ტყავის სამოსი სულაც არ არის აუცილებელი მხოლოდ ბაიკერებისთვის და გოთური სუბკულტურის წარმომადგენლებისთვის იყოს განკუთვნილი. ტყავის ყველაზე მინიმალისტური გამოყენებით და არაფრით გადატვირთული სილუეტებით მაინც Valentino-ს და Calvin Klein-ის კოლექციებმა დაგვამახსოვრა თავი, Fendi-სა და Francesco Scognamiglio-სთან კი შავი ტყავისგან შეკერილი ყველაზე ლამაზი ქვედაკაბების პოვნა შეიძლება. ფანქრის, ასევე ასიმეტრიული ფორმის ტყავის ქვედაკაბა ზამთრის მოდის ისეთივე სავიზიტო ბარათად იქცა, როგორც შენელებული კადრის ეფექტი მატრიცას ტრილოგიისთვის.
ამ ტენდენციას აზრთა სხვადასხვაობის გამოწვევა შეუძლია. ისმის კითხვა - რამდენად ლოგიკურია ტყავის ასეთი პოპულარობა მაშინ, როდესაც მსოფლიოში PETA-ს აქტივისტებიც არსებობენ? სიმართლე ისაა, რომ მაღაზიებში ტყავის შემცვლელი მასალით შეკერილი მოდური სამოსის პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს. ამავე დროს, ის არ იქმნება ჰელოუინის ღამისთვის, რომ თრინითის პერსონაჟად გარდასახვა ყველას შეეძლოს. შავი ტყავის ტრენდი ცივ სეზონზე ძალიან პრაქტიკული გამოსავალია, ამასთან, მდიდრული შესახედაობის გამო მინიმალურ აქსესუარებსა და სამკაულებს მოითხოვს, მინიმალიზმი კი ის თავშესაფარია, რომელიც შესაძლოა ნამდვილად დაგვჭირდეს ბაროკოს სტილის მზარდი პოპულარობის ფონზე.
Calvin Klein fall 2012

Gianfranco Ferre fall 2012

Francesco Scognamiglio fall 2012

Valentino
Alexander Wang





12 comments:

  1. მომეწონა კაბები.

    გაგვმართლებია ქართველებს და ეგაა :დ ჩვენი დროც მოვიდა :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. მე ცოტა დამღალა კიდეც ბოლო წლების ზედმეტად ჭრელმა თბილისმა:))
      თან ეს არაა თბილისური სტილი, უფრო გოთურია, ვიდრე ის `polished' სტილი, რაც აქ უყვართ :დ

      Delete
    2. ჭრელი არა ის კიდე :)

      ისე, ჩვენ რომ ასე ჩაშავებულები ვართ - თურქების ბრალია. :) იმათაც ეგრე უყვართ შავი ფერი, გოგოებს განსაკურებით და ჩვენი მაღაზიები კიდე სტამბოლურ მაღაძიების რეპერტუარზე დგას და ბაზრობა ხომ გრანდბაზარის პირდაპირი ფილიალია :)
      ჰოდა, რაც იმათ აცვიათ - ის იყიდება აქაც ;)

      Delete
    3. ჰო მაგრამ შავგვრემნებს მართლა უხდებათ შავი ფერი და ფერმკრთალ კანს - ისე რა :/ ბოლოსდაბოლოს, ონლაინ შოპინგი რისთვის არსებობს?))

      გრანდბაზარში სამოსი იყიდება? მე მარტო ჭურჭელი, აღმოსავლური ჭაღები და შარფები მომხვდა თვალში :დ

      Delete
    4. ჯერ ერთი შავგვრემანი იქ ჩვენზე ბევრი არაა :) და მერე უხდებათ არა ის კიდე.

      გრანდბაზარში ყველაფერია. ტყავის ქურთუკებს მიაქვს იქაურობა.
      ნუ მე ერთხელ ვიყავი მანდ ადრე, მაგრამ ასე იყო. ახლა ბაირამზე დახურული იყო ისედაც. :) მაგრამ მთელი ბაზარი გარეთ იყო გამოტანილი.

      Delete
  2. მოსს უხდებოდა, მარა მაგათ - არა.

    ReplyDelete
    Replies
    1. agree - ვალენტინოს მოდელს განსაკუთრებით

      Delete
  3. შესავალი რა კარგი იყო მატრიცით, კიდევ მეტი მინდოდა, რომ დაგეწერა, ფილოსოფიაზე და რამე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მოდაზეა ეს ბლოგი :დ
    შავი კლასიკაა და როგორც ამბობენ, ერთი გამოსასვლელი გუჩის შავი კაბა თუ გაქვს, მეტი არაფერი გჭირდებაო, მაგრამ ეს ტყავები და თასმები არ მომწონს მე.

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩემი ოცნებაა მატრიცაზე ყველაფერი დავწერო, რასაც ვფიქრობ :) აქ უბრალოდ მინდოდა ინსპირაციისთვის გამომეყენებინა
      აი კარგად რომ აცივდება ჩავუჯდები და სოკრატეზე დავწერ ))))

      თასმები?
      Wang ძალიან მომწონს - ნაჭერთან სინთეზი <3

      Delete
    2. როგორ იქცა ლარი ლანად იმაზეც დაწერე :)

      Delete
  4. არ მომწონს ტყავის ასეთი პოპულარობა, ქვედაბოლო, ქურთუკი, ხელთათმანი კიდევ შეიძლება , მაგრამ მთლიანი კაბა, ტყავის პალტო- არა :შ

    ReplyDelete
  5. თან მაინც და მაინც შავი

    ReplyDelete