Showing posts with label Kate Moss. Show all posts
Showing posts with label Kate Moss. Show all posts

Thursday, May 17, 2012

ოლივიე ზამი - მოდის სამყაროს ცუდი ბიჭი


აცვია, როგორც ყოველთვის - ჯინსის თეთრი შარვალი და ტყავის ქურთუკი. თმაც, ჩვეულებრივ, არც ისე დავარცხნილი აქვს. Purple Institute-ში, საკუთარ კაბინეტში ისეთი გამომეტყველებით შედის, თითქოს ახლახანს ალბერ კამიუსთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.თუმცა, ვინც ოდნავ მაინც იცნობს, იცის, რომ მისი ოდნავ აპათიური სახე მხოლოდ ნიღაბია - ოლივიე ზამს ასეთს ვერაფრით უწოდებ. აპათიური პიროვნებისთვის ის ზედმეტად ბევრი რაღაცითაა დაინტერესებული და გატაცებული. გარდა იმისა, რომ მოდით და ხელოვნებით ცხოვრობს, უყვარს თავისი Honda 750 - მოტოციკლეტი, რომელიც ოცდახუთი წლის ასაკში იყიდა და დღესაც ატარებს, ცხოვრება არ შეუძლია სიგარისა და Dupont-ის ოქროს სანთებელის, ასევე ივ სენ ლორანის ტყავის ქურთუკის გარეშე. როდესაც სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანსა და ღირებულზე ჩამოვარდება, აღარც თავისი ჰონდა ახსენდება და არც ხელოვნება და მოდა. "ქალი ერთადერთი მთავარი მიზეზია იმისთვის, რომ იცხოვრო", - ამბობს ზამი. ფლეიბოის იმიჯი უკვე დიდი ხანია მოირგო, ასე რომ, ამ სიტყვებით ვერავის გააკვირვებს, მოდის სამყაროშიც კი.
ოლივიე ზამი ჟურნალის Purple Fashion მთავარი რედაქტორია, რომელსაც მისივე დაარსებული Purple Institute გამოსცემს. ზამი ასევე ავტორია ბლოგის Purple Diary, რომელსაც 2009 წლიდან წერს. ეს ერთგვარი დღიურია, რომელიც ოლივიეს ცხოვრებას მისი გადაღებული ფოტოებით წარმოგვიდგენს. ოლივიე ზამი და მისი ბლოგი ერთი მთლიანის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, ალბათ ამიტომ იყო, რომ ერთ-ერთმა სტილისტმა ის ერთხელ ცოცხალ ფეისბუქის გვერდს შეადარა.

Thursday, February 10, 2011

მოსის ფაქტორი


პატარა ვიყავი, ალბათ თორმეტი ან ცამეტი წლის, როდესაც რომელიღაც ჟურნალში მასზე სტატია წავიკითხე. ერთ-ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული წერილი იყო მოდელზე, რომელმაც წარმატებას მიაღწია. სტატიის ბოლოში რამდენიმე სიტყვით იყო მოთხრობილი ამ მოდელის უცნაურ დამოკიდებულებაზე ჩაცმულობის მიმართ - ის ძირითადად ძველმანებით და მეორადი მოხმარების ტანსაცმლით იმოსებოდა და როგორც ფოტოებიდან ჩანდა, ახერხებდა მასში ძალიან მომხიბვლელი ყოფილიყო.
ამ ინფორმაციამ ჩემს ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა. ეს მაშინ იმდენად უჩვეულო იდეა იყო, რომ ძლიერი შთაბეჭდილების გავლენით ახლაც კი შემიძლია აღვიდგინო მეხსიერებაში სტატიის ფორმატი, ასევე ფოტოები, რომლითაც ის გაფორმდა. დღეს, როდესაც ვცდილობ ახალი, მოდური ტანსაცმელი ვინტაჟს შევუხამო, ყოველთვის ქეით მოსზე ვფიქრობ, იმაზე, თუ ის როგორ არჩევანს გააკეთებდა. მისი ჩაცმულობისთვის იშვიათად მიმიბაძავს, თუმცა ყოველთვის მინდოდა მქონოდა ისეთი აზროვნების სტილი, რომლითაც ეს ქალი გამოირჩევა - ანუ კლიშეებისგან თავისუფალი. რატომ უნდა ჩაიცვა მდიდრულ საღამოს კაბაზე ასეთივე ქურქი, თუ თვლი, რომ მას ბაიკერის სტილის ტყავის ქურთუკი უფრო უხდება? ვის აქვს უფლება, შენს მაგივრად გადაწყვიტოს, რა არის მისაღები და რა არა?