Thursday, February 10, 2011

მოსის ფაქტორი


პატარა ვიყავი, ალბათ თორმეტი ან ცამეტი წლის, როდესაც რომელიღაც ჟურნალში მასზე სტატია წავიკითხე. ერთ-ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული წერილი იყო მოდელზე, რომელმაც წარმატებას მიაღწია. სტატიის ბოლოში რამდენიმე სიტყვით იყო მოთხრობილი ამ მოდელის უცნაურ დამოკიდებულებაზე ჩაცმულობის მიმართ - ის ძირითადად ძველმანებით და მეორადი მოხმარების ტანსაცმლით იმოსებოდა და როგორც ფოტოებიდან ჩანდა, ახერხებდა მასში ძალიან მომხიბვლელი ყოფილიყო.
ამ ინფორმაციამ ჩემს ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა. ეს მაშინ იმდენად უჩვეულო იდეა იყო, რომ ძლიერი შთაბეჭდილების გავლენით ახლაც კი შემიძლია აღვიდგინო მეხსიერებაში სტატიის ფორმატი, ასევე ფოტოები, რომლითაც ის გაფორმდა. დღეს, როდესაც ვცდილობ ახალი, მოდური ტანსაცმელი ვინტაჟს შევუხამო, ყოველთვის ქეით მოსზე ვფიქრობ, იმაზე, თუ ის როგორ არჩევანს გააკეთებდა. მისი ჩაცმულობისთვის იშვიათად მიმიბაძავს, თუმცა ყოველთვის მინდოდა მქონოდა ისეთი აზროვნების სტილი, რომლითაც ეს ქალი გამოირჩევა - ანუ კლიშეებისგან თავისუფალი. რატომ უნდა ჩაიცვა მდიდრულ საღამოს კაბაზე ასეთივე ქურქი, თუ თვლი, რომ მას ბაიკერის სტილის ტყავის ქურთუკი უფრო უხდება? ვის აქვს უფლება, შენს მაგივრად გადაწყვიტოს, რა არის მისაღები და რა არა?

ქეით მოსი წესებს ყოველთვის თავად ადგენდა და ეს მხოლოდ მის ჩაცმულობას არ ეხება. დღეს, როდესაც მოდელებსა და ჩვეულებრივ ქალებზე საუბრობენ, პირველში გამხდარს, დისტროფიულს (ხშირად ანდროგენული სხეულის) გულისხმობენ, მეორეში კი - ჯანმრთელს, ნორმალური წონისას. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის მაქსიმა არ ყოფილა, პირიქით, როდესაც ქეითი სამოდელო კარიერას იწყებდა, პოდიუმის ქალღმერთები ჰელენ კრისტენსენი, სინდი კროუფორდი და მისნაირები იყვნენ - მაღალი, წარმოსადეგი ქალები ასე თუ ისე მომრგვალებული ფორმებით. მოსმა კი მოდის ინდუსტრიაში ამ მხრივ რევოლუცია მოახდინა, თანაც საკმაოდ დიდი ხნით - თხელი, ბიჭური აღნაგობის ფიგურა იდეალურ სტანდარტად აქცია, ისევე, როგორც შეცვალა მიდგომა პარამეტრებისადმი - 172 სანტიმეტრის სიმაღლით მოახერხა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი მოდის ისტორიაში.
ქეით მოსი - ეს თანამედროვე მეამბოხის პროტოტიპია, რომელსაც არ აღელვებს სოციალური ჩარჩოები და საზოგადოების ირონიული განწყობის მიუხედავად აკეთებს იმას, რაც თავად მიაჩნია სწორად. ის ხომ დასაწყისშივე არ გამხდარა ყველას მიბაძვის ობიექტი, პირიქით, მის ჩაცმულობას დასცინოდნენ, ეჭვის თვალით უყურებდნენ, თუმცა რამდენიმე წელიწადში ყველას უნდოდა სწორედ მისნაირი სტილი ჰქონოდა. ახლახან ჟურნალმა ვოგმა ქეითი უკანასკნელი დეკადის საუკეთესო ჩამცმელად, ე.წ. სტილის კერპად დაასახელა. ვოგის სტილის დირექტორის, ალექსანდრა კოტურის განცხადებით, არავის მოუხდენია ისეთი უზარმაზარი გავლენა თანამედროვე ქალების ჩაცმულობაზე, როგორც ეს მოსმა შეძლო. ვფიქრობ, ეს ყველაზე ცოტაა, რაც შეიძლება ქეითზე თქვა. პირველ რიგში, მან თავად შექმნა კოლექციები ტოპშოპისთვის, რომლებმაც მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. მანამდე კი ქეითმა თავად მოდის შემქმნელებზეც მოახდინა დიდი გავლენა - ყველას დაანახა, რომ ჯინსთან ერთად ბრილიანტების ტარებაა შესაძლებელი, ხოლო გრანჟი და გლამური სულაც არ არის ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებები...
ჰო, ქეით მოსი არ არის ის გოგო, რომელიც წესებს დაემორჩილებოდა. სინამდვილეში, მას არ მოსწონს, როდესაც ისინი სხვისია, თავის მიერ შექმნილს კი ერთგულად მისდევს და თითქმის არასოდეს ღალატობს. სამაგიეროდ, მათ უკვე წლებია მდედრობითი სექსის წარმომადგენლები გარდერობის შედგენისას ვითვალისწინებთ.
თუ ფიქრობთ, რომ ის, რამაც მოსი ლეგენდად აქცია, ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალი და პიტ დოერტის ფაქტორია, დროა აზრი შეიცვალოთ. ეს ლეგენდა სულ სხვა კომპონენტებისგან იქმნებოდა:
დრეს-კოდის უარყოფა - არასოდეს არავინ იცის, რას ჩაიცვამს ქეით მოსი მორიგ წვეულებასა თუ ოფიციალურ ღონისძიებაზე. მაშინ, როდესაც სხვა ქალები ელი სააბის ძალიან მდიდრულ კაბებში გამოწყობილები ჩნდებიან, მოსი მათ გვერდით შეიძლება ჯინსში ჩაცმული ვიხილოთ. ერთხელ ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის წვეულებაზე შავი ტყავის შარვალში გამოწყობილიც კი გამოჩნდა. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ასეთ დროს მის გვერდით სხვები უფრო ჩანან არასათანადოდ ჩაცმულნი, ვიდრე მოსი.
პრინტისადმი ერთგულება - ქეითს რამდენიმე აქვს არჩეული, რომელსაც სულ ატარებს. მნიშვნელობა არ აქვს, მოდაშია თუ არა ზოლიანი მაისურები ან ლეოპარდის პრინტი, მას ისინი უბრალოდ მოსწონს და იცვამს ყოველთვის, როდესაც მათი ჩაცმის ხასიათზეა. საზღვაო ტიპის მაისურები, ისევე, როგორც ლეოპარდის ნახატი მან უბრალო, დროგამოშვებით არსებული ტენდენციიდან კლასიკად აქცია.
მოდის იგნორირება - რა მნიშვნელობა აქვს, აღმოსავლური სტილის შარვალია ახლა მოდაში თუ ვიწრო? ქეითი იცვამს იმას, რაც უხდება. ძირითადად, ტანზე ძალიან მომდგარ, შარვალ-სიგარეტს. ის დღეს უამრავი ქალის გარდერობშია, თუმცა სწორედ ქეითის დამსახურებაა, რომ ასეთი პოპულარული გახდა ბოლო წლების განმავლობაში. ასეთივე თავდაჯერებით ატარებდა ქეითი თრენჩს მანამ, სანამ ის ასე მოდური გახდებოდა. ან რაში გჭირდება დიზაინერების ნებართვა თრენჩის ტარებაზე, როდესაც ინგლისელი ხარ?!
ეკლექტიკა - საღამოს კაბაზე ტყავის ქურთუკი, ჯინსზე ბრილიანტები და ძვირფასი ბეწვის ქურქი, ფორმალურ კოსტიუმთან დაბალძირიანი, "საშინაო" ფეხსაცმელი... ამ ბოლო დროს ეს ყველაფერი ბლეიქ ლაივლისა და ალექსა ჩანგზე ვნახეთ. ამას დეჟა-ვიუს ვერ უწოდებ, ეს კლასიკაა და ის ქეითის დამკვიდრებულია.
ხარისხი პრიორიტეტულია - მითუმეტეს, როდესაც საქმე აქსესუარებს ეხება. ქეითი ხშირად შეიძლება უბრალო ჯინსსა და მაისურში ჩაცმული იხილო, მაგრამ მისი ჩანთა და ფეხსაცმელი აუცილებლად ძვირფასი და უმაღლესი ხარისხის იქნება, რაც ერთგვარ ბალანსს ქმნის მის ჩაცმულობაში, რის გამოც ეს უკანასკნელი არასოდეს არ ჩანს, როგორც "იაფფასიანი".
იმისთვის, რომ გამოიყურებოდეთ, როგორც სტილის ლეგენდა, ძალიან მარტივი კომპონენტების დამახსოვრებაა საჭირო, მაგალითად ისეთების, როგორიცაა მოკლე ქურქი, მაღალყელიანი ჩექმა, შავი ფერი, ვიწრო შარვალი... შეიქმნა თქვენს წარმოდგენაში იდეალი, რომელიც ათწლეულის განმავლობაში მილიონების მიბაძვის ობიექტია? საეჭვოა, რადგან დეტალების გათვალისწინება ადვილია, გახდე მეორე ქეით მოსი - ძალიან რთული. როგორც თავად ამბობს, ადამიანს კარგი გემოვნება ან გააჩნია, ან არა და არ აქვს მნიშვნელობა, საიდანაა თვითონ ის წარმოშობით. უფრო მეტიც, მიაჩნია, რომ სწორედ ქროიდონმა (უბანი სამხრეთ ლონდონში, სადაც ქეითი დაიბადა) ჩამოაყალიბა მისი უნიკალური სტილი, რადგან გარეუბნებში მეტად ფიქრობენ ჩაცმულობაზე და ნაკლებად იზიარებენ მასის გემოვნებას. პარადოქსია, მაგრამ ამ უკანასკნელის შემქმნელად ისევ ქეით მოსი მოგვევლინა. როდესაც ამგვარი წრე იკვრება, ისღა დაგრჩენია, ალექსანდრა კოტურის საპასუხოდ თქვა: ჩაცმულობა, პირველ რიგში, შინაგანი სამყაროს ინდიკატორია, ამიტომ ქეით მოსი ის ქალი კი არ არის, ვინც შარვალი-სიგარეტის ჩაცმა გვასწავლა, არამედ ის, როგორ გააკეთო ის, რაც საჭიროდ მიგაჩნია, მიუხედავად საზოგადოებრივი აზრისა. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე მოდა, ან თუნდაც სტილი - ეს ამბოხია, რომლის განსხეულებაც, საბედნიეროდ, ესთეტიკური თვალსაზრისითაც ამართლებს.

29 comments:

  1. არ ვიცი საიდან, მაგრამ უცნაური დამოკიდებულება მაქვს მოსის მიმართ.
    შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან პოპულარულია და მე კიდე კერპები არ მიყვარს..
    არ ვიცი.
    გავლენიანია, ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მაინც ვერ მოვუშვი ახლოს, მოკლედ უცნაურია :)

    ReplyDelete
  2. არც ჩემი cup of tea არ არის :) ქალის იდეალი, მითუმეტეს

    მაგრამ როცა სტატიის დაწერა გადავწყვიტე (ვოგის დამსახურებით) მეტი გზა არ მქონდა, ობიექტური უნდა ვყოფილიყავი

    და თუ სუბიექტური მე-სთვის მოსი ჯასთ დოერტის ნაშა იყო, ობიექტურისთვის ის სტილის გენიოსი აღმოჩნდა ))

    საკულტოა, როგორც ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე :))

    ReplyDelete
  3. და ძუძუების არარსებობა :)

    ReplyDelete
  4. რა ვიცი, თეთრეულის რეკლამებში ისეთი მკერდი აქვს ხოლმე.. )))) სენ-ლორანის პარიზიანის ფილმშიც ))

    ReplyDelete
  5. ეეე....
    თეთრეულის რეკლამებში მეც ისეთი მკერდი მაქვს, რო...

    ReplyDelete
  6. ho, nina
    rakargia obieqturoba statiebshi, vafaseb :))

    ReplyDelete
  7. არ მომწონს ეს გოგო საერთოდ არაფრით და მომკალით თუ გინდათ.

    საერთოდ არაფერია ჩემთვის. ერთი ნარკომანი, სკილეტაა. დაბალი მოდელი. რა უნდოდა მაგას სამოდელო ბიზნესში, არ მესმის.

    ReplyDelete
  8. კი ქეით ეგეთია :/

    მაგრამ მოდელზე არ იყო ეს პოსტი :/

    ReplyDelete
  9. ვიცი :/
    მაპატიე. :(

    ReplyDelete
  10. ჰა-ჰა...
    ეგეც მე ვარ?
    აი, თვით k84u-ც ვერ იგებს რა თემაზე წერ, იმდენ რამეზე წერ ერთდროულად. :):)
    კონცენტრაცია, ფრეია, მეტი კონცენტრაცია. :)

    ReplyDelete
  11. ამ პოსტში ეკლექტიკის ნასახი არაა, ჯასთ ქეითზეა
    თქვენ კონცენტრირდით თუ კარგია :)))

    კონცენტრირებული სტატიები ვიკიპედიაზე იკითხეთ <3 :დ

    ReplyDelete
  12. ჰეე, ეს 24 საათში წავიკითხე და ამ ბოლოს +ერთი გასართობი მაქვს, ვდგავარ და ვითვლი, შენ სტატიებს უფრო ადრე ვკითხულობ თუ პოსტებს :)

    ხოოდა, არც მე არ მიყვარს დიდად, ბოლო წლები სულ მაგისი გადამეტებული ალკოჰოლის და ნარკოტიკების დოზა მესმის მაგრამ ისე გიწერია, უცბად მოვლბი :)

    ReplyDelete
  13. ძალიან ვაფასებ იმ კომპონენტებს, რაც ჩამოთვალე – არა მარტო კეიტში, ზოგადად, როცა ქალს შეუძლია ასეთი იყოს.
    გარეგნობა–პარამეტრები და კონეკრეტული სახელი კი, ეს უბრალოდ გემოვნების საკითხია, ვის როგორი ქალები მოსწონს :)

    ReplyDelete
  14. ნასტა, ჰაჰა ალბათ სტატიებს უფრო ადრე, იმიტომ რომ მე საიტზე რამდენიმე დღით გვიან ვაქვეყნებ ხოლმე :)
    მეც მოვლბი რომ ვწერდი :დ

    ქეთი, როგორ მიყვარს სამართლიანი ადამიანები :* :*

    ReplyDelete
  15. ჰოდა მით უარესი - ხალხი დაეძებს შავ კატას შენს პოსტებში, მაშინაც, თუ იგი იქ არ არის.

    ReplyDelete
  16. ვერ ვიტან კატებს :( ჩემს პოსტებში არანაირი ფერის არ ეძებოთ, მაინც არ იქნება :(

    ReplyDelete
  17. მეც ვერ მიტან ხო??? :დდდდ

    ReplyDelete
  18. შენ როგორ ვერ გიტან :))) :* ნუ მოსი რომ ვიყო, დავფიქრდებოდი :დ

    ReplyDelete
  19. და ასავალ-დასავალში რომ წერდი აღარ?

    ReplyDelete
  20. აჰა, გასაგებლარია :დდდ

    ReplyDelete
  21. მოსის მერე რომ პოსტი იყო, რომელზედაც მე არაჩვეულებრივად და გულისამაჩუყებლად საქებარი კომენტარი დავწერე რათ წაშალე? რათა? რათა?

    ReplyDelete
  22. ააჰაჰ, ქეითმა როგორ უცებ მოჭრა, ძალიან ბევრი ვიცინე მის პირველ კომენტარზე :D

    მე პირადად დიდად არ ვიცნობ მოსს, დაახლოებით ის წარმოდგენა მქონდა, რაც ქეითმა თქვა :))

    ReplyDelete
  23. Lord, არ მინახავს კომენტარი :// დრაფტის წაშლა მინდოდა და ეგ წამეშალა :((

    ნატალია, სიმართლე გამხელილი ჯობს და მეც ეგ წარმოდგენა მქონდა წლების განმავლობაში :დ

    ReplyDelete
  24. მია - მე "ტოპკა" ჩავაგდე ხო მაგ კომენტარით??? :დდდდდდ

    ReplyDelete
  25. მე აქ მთელი ოდა და ოსანა მოგიძღვენი - შენ კი მოსრე... და მერე კიდევ იტყვი, სულ მაკრიტიკებო.

    ახლა მე გავალ და კარებებსაც გავიხურავ.

    ReplyDelete
  26. მე მომიძღვენი? :(

    თრეში მაინც ქონდეს, აღვადგენდი და არ აქვს :/ ჩემი პოსტი :(

    ReplyDelete