Tuesday, February 22, 2011

ლოტოსის ჩაი, ანუ როგორც ოდისევსი მთავარი მიზნის გარეშე

გრინფილდის ლოტოსის ჩაი იშვიათი საზიზღრობაა. კოლოფს აწერია, რომ ის რელაქსაციისთვის განგაწყობთ და საკაცობრიო დარდებს დაგავიწყებთ. ჰოდა, გრინფილდმა მაგრად გამაცურა.  ვიცოდი, რომ ოდისევსივით გამჭრიახი არ ვიყავი, მაგრამ ადამიანმა სხვების მაგალითზე უნდა ისწავლო და შეცდომები არ დაუშვა. მე კიდევ მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ. სხვა დროს სხვა გრინფილდს ვიყიდი.

მიხვდებოდით, ოდისევსი ლოტოსმა რატომ გამახსენა.  პირველად ჰომეროსთან წავიკითხე, რომ ლოტოსი იჭმევა. ვისაც არ წაგიკითხავთ: ოდისევსი და მისი თანამგზავრები სახლისკენ მიმავალ გზას ადგანან და ლოტოფაგებთან მოხვდებიან, რომლებიც, ციკლოპისგან განსხვავებით, კეთილი მასპინძლები აღმოჩნდებიან და მგზავრებს ლოტოსით გაუმასპინძლდებიან. ეს ჯადოსნური საკვებია, რომელიც ყველას ყველაფერს ავიწყებს, ამიტომ ოდისევსის ძმაკაცებს სამშობლოც დაავიწყდებათ, ვიზიტის მიზანიც, საკუთარი თავიც და მათ ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ. ისე, ვისაც თავში ჭკუა არ აქვს და პირში გემო, უარესის ღირსია. საბედნიეროდ, მრავალნაცადი ოდისევსი გაუძლებს ამ გემრიელი საკვების გასინჯვის ცდუნებას და თავის ძმაკაცებს სულ ყურით აათრევს ხომალდზე. ასე კეთილად მთავრდება ეს ეპიზოდი, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს ჩაის ცერემონიაზე.

ბავშვობაში ოდისევსი ჩემი გმირი იყო, გაუტეხელი ნებისყოფის, მიზანმიმართული ადამიანი, რომელიც ბოლომდე არ მოეშვა, სანამ სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ აიხდინა. ის მომენტი, „მხოლოდ კვამლი, ითაკის მიწიდან ადენილი კვამლი დაინახოს და მერე თუნდ მოკვდეს“ ნაკლებად მესმოდა ხოლმე. ალბათ, პატრიოტიზმი არაა ის გრძნობა, რომელიც ჩაის სმისა და ფროდიჯის მოსმენის დროს მოდის. თუმცა დღეს სხვანაირად გამოვიდა. ჩაის სმამ გამახსენა ლოტოფაგებიც, ოდისევსიც, მისი სამშობლოს ნოსტალგიაც, მაგრამ არ გამახსენა ერთი ძალიან სასურველი რაღაც - როგორი ჰაერია იქ, სადაც არის ჩემი ითაკა.

იქ რომ მოხვდე, თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მანქანით ასე ორი საათი უნდა იარო. ამის მერე ძალიან პატარა ქალაქში შეხვალ, რომელიც არასდროს დამითვალიერებია და ახლა გული მწყდება. იქ უკვე იგრძნობა იმ ჰაერის სუნი, რომელიც მე, მსოფლიოში ყველაზე დიდმა კინესთეტმა ახლა ვერ გავიხსენე. მერე იწყება მგზავრობის მეორე ეტაპი, საოცრად ვიწრო გზაზე, რომელიც სულ უფრო მაღლა მიდის. სადღაც ერთი საათის მერე უკვე იმ ჰაერს ისუნთქავ, რომელიც პირადად ჩემთვის სამშობლოსთან ასოცირდება. 

ნახევარ საათში უკვე ადგილზე ვარ. ამ ხეობაში რა არ გადამხდენია, მანქანით გზიდან გადავვარდნილვარ, ადიდებულ ქსანზე ფეხით გადავსულვარ, რომ სახლამდე მიმეღწია... ის ამად ღირდა. ორსართულიანი ქვის სახლი, რომელიც ჩემმა წინაპრებმა მთის ძირში ააშენეს მას შემდეგ, რაც მთის წვერიდან მდინარეზე საბანაოდ სირბილი მოსწყინდათ. იქ ისეთი სუფთა ჰაერია, თავიდან უხერხულობასაც კი გრძნობ მისი სუნთქვისას. ან რა დააბინძურებს, როცა მანქანა ხეობაში კვირაში ერთი-ორჯერ თუ გამოჩნდება. სახლის ზემოთ ბილიკს თუ აუყვები, ძალიან ლამაზ, საოცრად ჩუმ ხევში მოხვდები, სადაც ყველა სეზონზე წითელი ფოთლები შრაშუნობს ფეხქვეშ, ალბათ მზის სხივი რომ ნაკლებად აღწევს, იმიტომ. სანამ მინდორში ახვალ, ამ ხევში ბილიკზე დიდ ხის ფესვს უნდა წამოკრა ფეხი(ან გადაახტე). ერთხელ, რომ ღამდებოდა, მამაჩემმა სახლამდე ხუთ წუთში ჩამომიყვანა მთის ზედა ნაწილიდან, სადამდე ასვლას ნახევარი საათი მაინც უნდა. ზურგზე მოვკიდე ხელები და ჩემთვის უცნობი მოკლე გზით ჩამოვგრიალდით. ძალიან მაგარი იყო.

ჩემი სახლის გვერდით, მეზობელ მამულში ალვის ხეებია, ქარში სულ ირწევიან ხოლმე. იქ  დიდი კაკლის ხეცაა, რომლის ძირშიც შეგიძლია პიკნიკები მოაწყო. არავინ დაგიშლის, იმ სახლის ბავშვები საზაფხულო არდადაგებზე იშვიათად ჩამოჰყავთ ხოლმე. თანაც, ეს კაკლის ხე ჩვენია.

რომ ღამდება, მოპირდაპირე მთის შუაში ჯგუფად მდგარი მანათობელა სოკოები ჩნდებიან. სინამდვილეში, ისინი სახლებია, სადაც ხალხი ცხოვრობს. სამიოდე წლის წინ ნამდვილად ცხოვრობნდნენ, ახლა ეგრე ზუსტად არ ვიცი. იმ მთასთანაც მაგარი მოგონებები მაკავშირებს, ისე დავაფრთხე ერთხელ იქ ორი პატარა ხბო, დღესაც თუ ცოცხლები არიან, ეხსომებათ. მათი მდინარის მეორე ნაპირზე გადმოყვანა მთხოვეს (ჰო მართლა მთებს შორის ჭალაა და მდინარე ჩამოდის, ცხრაძმულა, მერე ქსანს უერთდება). სანამ იმ საწყლებს მივახვედრე, რა მინდოდა მათგან, მთელი საათი გიჟივით ვარბენინე. ძალიან საყვარლები იყვნენ, ოღონდ თავიდან მოვიშოროთო და სულ კუნტრუშით მივიდნენ სახლში. მაგ მთის წვერზე კი ხევსურული სახლია (უფრო სწორად, მისი ნანგრევები), რომელიც ჩემმა წინაპარმა ხევსურებმა ააშენეს მას შემდეგ, რაც ამ ხეობაშ გადმოსახლდნენ.

კიდევ რა არის, რაც ლოტოსის ჩაიმ არ დამავიწყა? ქსნის ხეობაში ყველაზე ლამაზი განთიადი იცის. გამჭვირვალე სილურჯეში წითელი მზე ამოდის, ყვითელი კი არა, წითელი. ცხენით ზემოთ მდინარეს თუ აუყვები და სათავესთან ახვალ, ჩანჩქერთან მოხვდები, სადაც სულ ნისლია, მზე არასოდეს აღწევს და ზაფხულშიც კი ორი „ტელეგრეიკა“ გჭირდება, რომ უკან კბილები მთელი ჩამოიტანო. მთიულები იქ ხატობაზე ადიან ხოლმე, ქადებით, ჭარხლის ფოთლის ხაჭაპურებით და ბევრი სასმლით და თავისებურად ილხენენ. არავინ გითხრათ, რომ სერიოზული ხალხია, მე მაგათი სერიოზულად ნათქვამი სიტყვა არ გამიგონია. სულ რაღაცაზე ღადაობენ, რომ დალევენ მერე ხომ საერთოდ, ისე ხმაურობენ, ყურებზე ხელი უნდა აიფარო.

ფოტოზე ხედავთ მსოფლიოში ყველაზე მაგარ ადგილს, სადაც შეგიძლია შუადღეზე წიგნებით და მწვანე ვაშლებით ჩახვიდე, რამდენიმე საათის განმავლობაში მზეს მიეფიცხო და ჯანმრთელი და ბედნიერი დაბრუნდე სახლში დამწვრობის და თავში მზის ჩავარდნის გარეშე. აქ გაკეთებული კიდევ ერთი აღმოჩენა: ქსნის გველები პატარები არიან და ლიტერატურის მოყვარულ ბავშვებს არ კბენენ.



P.S. 2008 წელს ტვ-დან პირველად გავიგე, რომ ეს მხარე თურმე სადაო ტერიტორია იყო და „სხვების“ იყო. ქსნის ხეობა „უკანა მხარეა“, ქართლის მთიულეთი, სადაც ყველას იდენტობა „მთიულია“ და არა ოსი, ან ქართლელი და ა.შ. უბრალოდ, აქაური მთიელი. ამ პოსტის წერის დროს მაინცდამაინც თანაბრად ვერ ვსუნთქავდი, ხოდა ალბათ მეც იმათიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ დავბადებულვარ, სკოლაში არ მივლია და ა.შ. 

ეს პოსტი იმისთვის დავწერე, რომ იქაურობა გავიხსენო, თუ „ლოტოსის ჩაი“ კიდევ დამავიწყებს რაღაცებს. ვორდში დაგეწერაო, მეტყვით, მაგრამ შეიძლება არის ჩემნაირი ხალხი, ვისთვისაც სახლი იმ მთებთან ასოცირდება და ჩემსავით ოდისევსის ძმაკაცების სინდრომი დაეწყო. ნუ დამიტოვებთ კომენტარებს „აბა აბა ეგ რა მოხდა, რა ცუდია რომ ვეღარ ადიხარ იქ“... ჩემი გვარით და შესაბამისი საბუთებით ამიშვებენ, მაგრამ არ მინდა იქ უცხოსავით ჩავიდე და საზღვარზე (საზარელი სიტყვაა) ამისთვის ვიღაცებს ნებართვა ვთხოვო. თუ ჩემი შვილი იქ არდადაგებს ვეღარ გაატარებს, ეგეც არაფერია, რადგან მივხვდი, როცა არ უნდა დავიბრუნოთ ის მხარე, ჩემი შთამომავლებიც ისე ჩავლენ იქ, როგორც სახლში, რადგან კანით იგრძნობენ იქაურობას, ისე, როგორც მე ვგრძნობდი ხოლმე ოციოდე კილომეტრის დაშორებითაც კი.




10 comments:

  1. აუჰ რა კარგი იყო ♥ მართალია მე ერთ კონკრეტულ ადგილთან არ მაქვს მასეთი გრძნობები და ჩემთვის სუნთქვის შემკვრელი ბევრი ადგილია მაგრამ მაინც კარგია . კარგია შეგრძნება როპმელიც ფრთებს შეგასხავს და რაღაც ენით აუწერელი სიმსუბუქით გავსებს ♥

    ReplyDelete
  2. miuxedavad imisa, rom es mxare ar minaxavs, kargad mesmis,ras sheizleba grznobde mshobliuri mxaris mimart da albat metanxmebi, rom am shemtxvevashi iseti subieqturebi vart, yvelas imdenad gviyvars is, rac chvenia da rasac ""kanit vgrznobt" adgilmdebareobis da qalaqebis dasaxlebebis gareshec shegvizlia paralelebis gavleba da ertmanetis grznobebis gageba :))

    odisevsi kide, oh, miyvars rogor
    magram penelope ufro <3 <3

    ReplyDelete
  3. მარიამ, შენ მოგეწონებოდა ეს ადგილი
    ჰაიკინგი და ეგეთი რამეები ხო გიყვარს :)

    ნინო, ჰო აბა რა, ყველას თავისი „ითაკა“ აქვს :)) პენელოპე :/ ერთგულების იდეალი <3

    ReplyDelete
  4. dzalian sasiamovnod ikitxeba martla..
    "იქ ისეთი სუფთა ჰაერია, თავიდან უხერხულობასაც კი გრძნობ მისი სუნთქვისას." - ai es frazac mekofoda imis misaxvedrad tu rogor gikvars iqauroba..

    ReplyDelete
  5. კი მაქვს ასეთი ადგილი და ზუსტად ვიცი რასაც გრნობ <3 რაჭა <3 არის ჩემი ითაკა, ჩემი ოცნება და ჩემი რეალობიდან გასასვლელი კარიბჭე ... არც ჩემი პატარა მდინარე იკბინება, რას ჰქვია იკბინება იზიდავს, მწვანე, ზაფხულის ვაშლებს და მზეს :) გამახსენდა სიცოცხლე : )

    ReplyDelete
  6. ზამთრის გაწყალებული ამინდები და მოახლოებული გაზაფხულები ზუსტად იდეალური დროა ითაკებსა და მწვანე ადგილებზე საფიქრ/საწერად...

    მაგ ხეობაში ზუსტად ომის წინა წელს ვიყავი და 2008ში მთების დალაშქვრას ავპირებდით, დაგეგმილიც კი გვქონდა სად, როდის და როგორ.
    ხოდოა, მანამდე ყელის ტბაზე რომ ვერ ავდიოდი იმას ვჯავრობდი, მერე გამიბევრდა საჯავრელები.
    ჭარხლის ფოთლიანი ხაჭაპურები კიდე მარტო ხევსურების მეგონა, ბებო აკეთებს ხოლმე :)

    ReplyDelete
  7. თაკა,
    გმადლობ :)

    LIFE,
    სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი :)

    ნასტასია,
    ცხრაძმულას ხეობაში საუკუნეების წინ ხევსურული ოჯახები გადმოსახლდნენ და ჭარხლის ხაჭაპურებიც ალბათ იმათ მოიტანეს
    არ ვიცოდი, ხევსური თუ იყავი (ან არ მახსოვდა) :)

    ReplyDelete
  8. უჰ, უთბილესი იყო და უსუფთავესჰაერიანი. მთაში მეც ასეთი განწყობა მიჩნდება სუფთა ჰაერის სუნთქვისას. უზომოდ მიყვარს! :)

    ამ ლოტოსის ჩაის კი აღარ გავსინჯავ ალბათ:) რედიოჰედის მერე ლოტოსის ჩაი რაღაცნაირი გადასვლა იყო. აი, ის კომპოზიცია მიყვარს :)

    ReplyDelete
  9. აი ეს გადასვლა მხოლოდ შენ შეგეძლო შეგემჩნია ქეთი :)) ის კი არა, მეც არ გამიაზრებია :))
    :*

    ReplyDelete