Friday, February 25, 2011

ტანგოს რიტმში

ბუენოს-აირესში ახლა თბილა. ტემპერატურა თითქმის ოცდაათ გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც შესანიშნავი მიზეზია იმისთვის, რომ მაისის გამზირზე გაისეირნო, რომელიმე კაფეში დაჯდე და ხვალინდელ დღეზე იფიქრო.
ხვალ მზე ისევე ხალისიანად გამოანათებს, როგორც დღეს, განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ცხოვრებით ტკბობისთვის მეტი თავისუფალი დრო გაჩნდება. შეგიძლია სან ტელმოს ძველ უბანში ნელა გაისეირნო, მე-19 საუკუნის დიდებული არქიტექტურით დატკბე, შემდეგ კი დორეგოს მოედნისკენ გაუხვიო. ხვალ ხომ მისკენ მიმავალი ქუჩები ტანგოს მოცეკვავეებით იქნება სავსე. თუმცა ისინი უქმეებზე ყველგან იქნებიან: კაფეებში, სან ტელმოს ბოჰემურ უბანში, ქალაქის ყველაზე ღარიბ და ფერად ნაწილშიც, რადგან ტანგო არგენტინელებისთვის ხელოვნება ან უბრალოდ ცეკვა კი არა, ცხოვრების სტილია.

დავა იმაზე, რომელი ქვეყანაა ტანგოს სამშობლო - არგენტინა თუ ურუგვაი, ალბათ თავად ამ ცეკვასავით ძველია. ამბობენ, რომ პირველი ტანგო, სახელად "ლა მოროჩა" ურუგვაელმა ენრიკე საბორიდომ შექმნა. აკი ხორხე ლუის ბორხესიც წერდა, ტანგო ლა-პლატას საკუთრებაა, ურუგვაული მილონგას შვილი და ჰაბანერას შვილიშვილიო. ჩემი აზრით ომას, რომ ლა პლატას რომელ ნაპირზე ჩაისახა ეს ენერგეტიკული ცეკვა, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ბოლოსდაბოლოს, ტანგო ფინურიც არსებობს, მაგრამ მხოლოდ არგენტინელებისთვის არის ის ყველაზე მშობლიური, ყველაზე ორგანული ნაწილი, რომელიც ფორმას აძლევს მთელ არგენტინულ კულტურას. შეიძლება ეს უკანასკნელი უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ არგენტინაა ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეს ცეკვა ბოლომდე თავისად აქციოს, რადგან არსით ორივე ერთია. ტანგო, ისევე როგორც არგენტინული ერი, ცხელი, სამხრეთული, მაგრამ ევროპულად დახვეწილია და აერთიანებს ესპანურ ჰაბანერას, პოლონურ მაზურკას, აფრიკულ კანდომბეს, გერმანულ ვალსს... შეუძლებელია წარმოიდგინო არგენტინა ტანგოს, როგორც ბუენოს აირესი კაფე ტორტონის გარეშე, ბორხესის ბოჰემური თავშესაფრის, რომლის უკანა ოთახშიც ბანდონეონის თანხლებით წყვილები დღესაც ასრულებენ ამ ცეკვას ვიწრო, მაგრამ თბილი და შინაური პუბლიკის წინაშე.
კარგია სამხრეთ ამერიკის პარიზის ქუჩებში ხეტიალი და ტანგოს სალონების გაკვეთილებზე დასწრება. მაგრამ, თუ შვებულებამდე დიდი დროა დარჩენილი, საბანკო ანგარიში კი დედამიწის მეორე ნახევარსფეროში მოხვედრის საშუალებას არ გაძლევს, ისღა დაგრჩენია, შინ მყუდროდ მოკალათდე და გრინფილდის "მატე აგუანტე", არგენტინელების საყვარელი ჩაი მიირთვა. ის ალბათ ისეთი გემრიელი არ არის, როგორც გუარანის ტომის ინდიელების დამზადებული, თუმცა აღწერას კი ემთხვევა - მსუბუქია, მაცოცხლებელი, ტონუსის მომმატებელი სუსტი ციტრუსოვანი არომატით. მართალია, ჩვენებური თებერვლის ამინდებში დარიჩინიანი ჩაი სჯობს, მაგრამ თუ ამ უიკენდის ტანგოს რიტმში გატარებას გადაწყვეტთ, "მატე" შეუცვლელი იქნება.
რიტმების ძებნა თავიდან, რა თქმა უნდა, ასტორ პიაცოლას შემოქმედებაში დავიწყე. თუ ვიტყვი, რომ მის ერთი თვის წინ გამოშვებულ "პიკასო"-ში დიდი დოზითაა ტანგო, გამოვა, რომ არაფერი მითქვამს, რადგან ამ ადამიანის შემოქმედება სწორედ ამ ცეკვის ფენომენით სუნთქავს. ისე კი, ახალ ალბომში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ძველ, კარგად ნაცნობ მელოდიას აღმოაჩენთ, ყველაზე საყვარელ კომპოზიციებს (Adios Nonino, Milonga del Angel, Oblivion) ვერ ნახავთ. ამიტომ პიაცოლას ძველი კრებულები მოვძებნე, რომლებმაც, თავიანთ მხრივ, მადა გამიღვიძეს და Gotan Project გამახსენეს. ღირსშესანიშნავი ვერც ამ ტრიოს ახალ კომპიზიციებში ვნახე ვერაფერი (შესაძლოა მომეჩვენა, მაგრამ Rayuela-ში არც მათი ჩვეული ხასიათი ჩანდა, სტილსა და ენერგეტიკაზე რომ აღარაფერი ვთქვა). ის იყო, ხელის ჩაქნევას ვაპირებდი, რომ last.fm-ის რადიომ მოულოდნელად ახალი სახელი, Bajofondo Tango Club მიჩვენა.
Bajofondo Tango Club ტანგოს ახალ მუსიკას ქმნის. ამ ჯგუფმა ჩემი მხრიდან მოწონება და პატივისცემა მანამ დაიმსახურა, სანამ მის შემოქმედებას მოვუსმენდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს სამხრეთ ამერიკული ჯგუფი რვა მუსიკოსს აერთიანებს. გამოიცანით, რომელი ქვეყნებიდან? არგენტინასა და ურუგვაიდან. აქ სწორედ ის ხალხია, ვინც ტანგოს მუსიკას უნდა ქმნიდეს, კამათის, უთანხმოებისა და პაექრობის გარეშე (თუ, რა თქმა უნდა, შემოქმედებით პაექრობაზე არ ვსაუბრობთ). ამასთან, ეს ადამიანები ე.წ. ნეო-ტანგოს ქმნიან, ანუ ტრადიციულ მუსიკას ელექტრონული მუსიკის ჟანრში, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ტანგოს რიტმები ახალი თაობებისთვის ანაქრონიზმად არ იქცეს. 2008 წელს ჯგუფმა სახელი შეამოკლა და უბრალოდ, Bajofondo დაირქვა, რადგან თავს ერთი სტილის ჩარჩოებში მოქცეულად თვლიდნენ. მათ სამივე ალბომს ეს არანაირად არ ეტყობა, რადგან ტანგოს რიტმები საკმაოდ მრავალფეროვან ჟანრში აქვთ გადმოცემული. ტანგოს ტექნოსთან, ჩილაუთსა და ჰაუსთან სინთეზი მათ შემოქმედებას თანამედროვე მსმენელისთვის უფრო სასიამოვნოდ აღსაქმელს ხდის, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ პრიმიტიულსაც. მათი 2007 წლის Mar Dulce ძალიან საინტერესოა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთ-ერთ კომპოზიციას ნელი ფურტადოს ვოკალით, რომელიც ზედმეტ მეინსტრიმულ და არალათინურ ხასიათს აძლევს ტანგოს მუსიკას. ასევე ძალიან კარგია პირველი, 2002 წლის ალბომიც - Bajofondo Tango Club, ფრანგული ჰაუსის და ალაგ-ალაგ ტრიპ-ჰოპის ელემენტებითაც კი. ტანგო რელაქსაციის ეფექტით - სწორედ ისაა, რაც უქმეებზე გვჭირდება.
განწყობის შესანარჩუნებლად კარგი აზრია კარლოს საურას 1998 წლის ფილმის, "ტანგოს" ნახვა. ეს ფილმი მხოლოდ სახელის გამო არ შემირჩევია. საურამ ის არამხოლოდ კარგად გადაიღო, სცენარიც სწორად შეურჩია. თუ ტანგოს არსი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მდგომარეობს, საურას ფილმი სასიყვარულო სამკუთხედზეა. მთავარი გმირი, საყვარელ ქალთან განშორებით დასევდიანებული რეჟისორი, მარიო სუარესი, მუსიკალური ფილმის გადაღებას გადაწყვეტს ტანგოს შესახებ და თავისი ინვესტორის მეგობარი ქალი, ელენა (მის როლს არაჩვეულებრივად თამაშობს არგენტინელი მია მაესტრო) უყვარდება. რა თქმა უნდა, ფილმში არის ტანგოს სცენები, თუმცა ეს მეტია, ვიდრე უბრალო მიუზიკლი. კაცმა რომ თქვას, ეს მიუზიკლზე მეტად სასიყვარულო, ფსიქოლოგიური დრამაა. საურას შრომა სათანადოდ დაუფასეს: ფილმმა 1998 წელს კანის კინოფესტივალზე ტექნიკური გრანპრი აიღო, ასევე ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.
ტანგოს სტილის პოვნა დიზაინერთა კოლექციებშიც ვცადე. ამ წელს, ვგონებ, მსგავსი არაფერი გველოდება, სამაგიეროდ კაროლინა ერერას 2010-ის წინასაშემოდგომო კოლექცია სწორედ ტანგოს ნოტებზეა აწყობილი. "მინდოდა ყველაფერი ბუმბულივით მსუბუქი ყოფილიყო", - აღნიშნა დიზაინერმა და კოლექციაც სწორედ ასეთია, განსაკუთრებით რამდენიმე კაბა და ქვედაკაბა გრაფიკული ნახატით ზუსტად რომ შესაფერისია ცეკვისთვის. კრის ვან აშის 2008 წლის შემოდგომის კოლექციასთან ოდნავი მსგავსებაც არ არის, თუმცა ტანგო ასევე იქცა ამ დიზაინერის შთაგონების წყაროდაც. ვან აში შეეცადა დაეცვა უნიკალური ბალანსი ძალიან ძლიერ მამაკაცსა და ასეთივე ქალს შორის. შედეგად ჩვენ ვნახეთ კაცის კოსტიუმსა და მკაცრ ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ძალიან ქალური ქალები. სტილი მკაცრია, სერიოზული მასკულინური მინიშნებებით, თუმცა ზურგიდანაც მიხვდები, რომ ეს ქალისთვის შექმნილი სამოსია (აქ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც თამაშობს თავის როლს). ისე კი, კოლექციაში ბევრი შარვალია, რომლითაც ტანგოს ცეკვა არცერთი სქესის წარმომადგენელს არ მოუნდება. ასე რომ, ვან აშის კოლექციაში მეტი ფილოსოფიური სიმბოლიზმია, ვიდრე ტანგოსთვის მისაღები სილუეტები.
სილუეტებს რაც შეეხება, ტანგოს საცეკვაოდ მთავარია ტანსაცმელი მჭიდროდ მომდგარი არ იყოს ტანზე, რაც მოძრაობას მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს. კაცებისთვის კლასიკური ან სწორი შარვლების ჩაცმაა რეკომენდებული, ქალებისთვის - მოკლე ან მუხლის სიგრძის თავისუფალი ფორმის კაბების. არასასურველი სამოსის სიის სათავეში მძიმე, მოუხერხებელი გრძელი ქვედატანი და ჯინსია. ისე კი, მეეჭვება, რომ უბრალო არგენტინელები ტანგოს ცეკვისთვის სპეციალურად იმოსებოდნენ, რადგან მათთვის სპონტანურობა და სურვილი ამ საქმეში საუკეთესო პრინციპია. უფრო მეტიც, როგორც არგენტინელი მოცეკვავეები ამბობენ: "ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ტანგოს ვერ იცეკვებ, თუ არგენტინელი არ ხარ, ცდებიან. ტანგო ემიგრანტების მუსიკაა...
ამიტომ მას ეროვნება არ აქვს. ერთადერთი პასპორტი, რომელიც დაგჭირდება, გრძნობაა. ტანგო ის ცეკვაა, სადაც ქორეოგრაფიული შესაძლებლობების დემონსტრირება კი არა, საკუთარი გრძნობების ინტერპრეტაცია უნდა შეძლო". გრძნობების ექსპრესიისთვის კი, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს ჩაცმის საკუთარი, განსაკუთრებული სტილი გააჩნია.

17 comments:

  1. ამ ფილმს აუცილებლად ვნახავ, ყველაზე უაზრო და დეგენერატული მიუზიკლიც კი მიყვარს ))
    ტანგო ვიცი. ისე მიყვარს <3
    დიდი ხანია, არ მიცეკვია. იმედია, მახსოვს :დ

    ReplyDelete
  2. ტანგოზე "გოთან პროექტი" და "ქალის სურნელი" მახსენდება.
    კიდევ ჯეილოსა და გირის წყვილი. :*
    მშვენიერი სტატიაა ;))

    ReplyDelete
  3. რაა? ტანგო იცი? :)) რა მაგარია <3
    ჰო, შენ ალბათ მოგეწონება :) ტიპიური „ესპანურენოვანი“ ფილმია. დუხი აქვს რა ეგეთი :)

    ReplyDelete
  4. გოთან პროექტი პიაცოლას მერე ყველაზე მაგრად მიყვარს, მაგრამ იმდენად ყველამ იცის, აღარ მინდოდა მათზე დაწერა :)
    მადლობა, როდე :*

    ReplyDelete
  5. აა, ზურამ ტანგო იცის! ნინა, მეც შენსავით სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ამ აღმოჩენით :დ

    ჰო, მთავარი - დღეს მთელი დღეა ისედაც არგენტინაში ’ვარ’ და შენი პოსტიც დამხვდა. და ჩემი ერთ-ერთი ოცნება კიდევ - ტანგო ქუჩაში. ვაიმე, ჟრუანტელმა დამიარა :))

    პ.ს ესეც თემასთან ახლოსაა, ზუსტად ახლა ვუყურებ ფილმს the city of your final destination [http://www.imdb.com/title/tt0896923/] და მოქმედება ურუგვაიში ვითარდება. ანუ, არგენტინასა და ურუგვაიში ვარ ზუსტად :))

    ReplyDelete
  6. ძალიან მომწონს ბუენოს აირესზე რასაც წერ და ისევ მომინდა წასვლა :)

    კარლოს გარდელი, კარლოს დი სარლი, ოსვალდო პუგლიესი, მარიანო მორესი და სხვა სახელები – გოთან პროჯექტის, პიაცოლას და სხვების მყარი საფუძვლები :)

    ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ტანგო:)
    http://www.youtube.com/watch?v=Yst_W6b7M_4

    ReplyDelete
  7. ეგ უკვე მართლა კლასიკაა :)

    ისე რა დიდი განსხვავებაა გარდელს და ბაჰოფონდოს შორის :) ინსტრუმენტებს არ ვგულისხმობ :)

    ReplyDelete
  8. რა დამთხვევაა.
    ეს დღეები ვამბობდი, ნეტავ ვინმე ტანგო მაცეკვოს–მეთქი.

    ReplyDelete
  9. აგერ მერე აღასპერს ცოდნია ქეით ;) :)

    ReplyDelete
  10. ნუ ახლა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ყველაფერი იცის :დდდ

    ReplyDelete
  11. მელოდიების მოტივები არც ისე განსხვავდება ხოლმე :)

    ReplyDelete
  12. მოტივები არა, მათ მიმართ მიდგომა განსხვავდება. როგორ ვთქვა. სხვა ხასიათია

    ReplyDelete
  13. ტანგო იქეთ იყოს და მახსოვს ერერას 212 პირველად რომ დავყნოსე...
    ვაჰ... ძაან მაგარი იყო რა.
    სადა და თან ძალიან მაგარი.
    აი, თითქმის ორგაზმივით მაგარი. :)

    და CH სარეკლამო პოსტერი იყო ძაან ბლოუაფი.

    ReplyDelete
  14. რა პარალელია :))))

    მე ახალი 212 VIP მომწონს, ორიგინალი არც ისე. თავს მატკიებს.

    ReplyDelete
  15. მე men-ზე ვამბობ

    ReplyDelete
  16. აღაპერს მართებს ერთი ტანგო ჩემთან :პ

    ოჰ, ნინა, ზუსტად იმაზე წერ, რაზეც ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ – ტანგოსა და მზიან ბუენოს აირესზე, რომელიც შეიძლება არაფერი განსაკუთრებული იყოს, მაგრამ ოცნებებში მაინც ასეთი ჩანს – მიმზიდველი, წითელი, მატეს არომატიანი და "ემიგრანტული".

    ReplyDelete
  17. ნეტში ნახე სოფ ამ ქალაქის ქუჩები, მერე აღარ შეგეპარება ეჭვი იქნებ არაფერია განსაკუთრებულიო :) მეორე ნახევარსფეროში უფრო ლამაზი არქიტექტურა არსადაა :)
    და ხალხი მერე... ვგიჟდები არგენტინულ ესპანურზე და ხალხზე :)

    ReplyDelete