Monday, January 31, 2011

I may be paranoid, but not an android

იდეალიზმის სენი ყველაზე უცნაურია, რაც შეიძლება შეგეყაროს. მითუმეტეს, როცა საქმე კაცებს ეხება. უფრო მითუმეტეს, თუ მისი იდეალი ყველაზე აბსტრაქტულია აბსტრაქციებს შორის და ამის მიუხედავად, ახერხებს კაცთან შენს ურთიერთობებში მესამის როლის თამაშს და menage a trois-ს ეფექტის შექმნას. 

ეს მესამე ანდროგენია. ესე დავარქვი. ბავშვობაში ბერძნულ მითოლოგიაზე მქონდა გაჭედილი და მაშინ წავიკითხე მითი ანდროგენებზე - ორსქესიან, სრულყოფილ არსებებზე, რომელთა ძლიერების ზევსს ისე შეეშინდა, რომ ორ ნაწილად გაჭრა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გადაკარგა, რომ ერთმანეთი ვეღარ ენახათ. ამ მითის მიხედვით, ყველა მათგანი მას შემდეგ დაკარგულ ნახევარს ეძებს, რომ სრულყოფილება აღიდგინოს. პოვნის შემდეგ კონდიცია ალბათ ისეთი იქნება, სხვა რომ აღარაფერი გინდა, პერფექციონიზმის კომპლექსისგან თავისუფლდები და უფრო მშვიდად სუნთქავ. ამის გამო უნაკლო ადამიანზეც შეიძლება უარი თქვა, რადგან აპრიორი სულაც არ იგულისხმება, რომ სრულყოფისთვის იდეალური კაცი (ქალი) გჭირდება (შენც ხომ გაქვს უკვე რაღაც ღირსებები, დალახვროს ეშმაკმა!). 

ძიება ჯერ არ მომბეზრებია, მაგრამ თქვენს შორის თუ ვინმეს დაემართა ეს, მინდა გაცნობოთ, რომ მეცნიერებმა თქვენზეც იზრუნეს. ანდროგენი არა, მაგრამ ანდროიდი, რომელსაც შეუძლია დაგპატიჟოთ პაემანზე და შემდეგ დაუვიწყარი ღამეც გაჩუქოთ, უკვე 2016 წლისთვის გაჩნდება. მოულოდნელი არაფერია - უკვე არსებობს Aiko (შეუძლია კითხვა, საუბარი, რეაგირება გარეგან გამღიზიანებელზე), Kismet (შეუძლია ადამიანური ემოციების იმიტირება), COG (ხელოვნური ინტელექტით), ასევე იბნ სინა (ის არა, რობოტი), უნიკალური შესაძლებლობით, დააფიქსიროს თქვენი მიმიკა+ემოცია. ახლახანს სადღაც წავიკითხე, რომ რეალურია მათი ფუნქციების გაერთიანება, რის შედეგადაც იდეალურ საყვარელს მივიღებთ. როგორც ჩანს, ჩემს ანდროგენს სულ რაღაც ხუთი წელი აქვს იმისთვის, რომ გამოჩნდეს, ისევე, როგორც მე იმის გასაანალიზებლად, შეიძლება თუ არა ჩემი ანდროგენი ანდროიდი იყოს. 

როცა უელბეკი ამბობდა, ადამიანს იმდენად აღარ მოსწონს თავისი თავი, რომ თვითდესტრუქციის მექანიზმი აუმოქმედდა და ამიტომ ცდილობს ხელოვნური ინტელექტის შექმნასო, ეს დამაჯერებლად ჟღერდა. როცა ნიცშე ამბობდა, რომ ადამიანი არის არა მიზანი, არამედ ხიდი და ის უნდა გადაილახოსო, ეს უცნაურად ჟღერდა. ბერდიაევი საფლავში გადატრიალდება, რომ იცოდეს, რომ თანამედროვე ადამიანი, რომელზეც მან თქვა, რომ ტექნიკური ცივილიზაციის გავლენით ფუნქციებად დაიშალა, ახლა ამ ფუნქციებსაც კარგავს. კამიუს მერსოსთვის („უცხო“ - ში რომ ტიპია) მხოლოდ ბიოლოგიური არსებობა იყო ფასეული, რის გამოც მოკლა ადამიანი, რომელიც გაგრილების საშუალებას არ აძლევდა. ჰოდა, კამიუსაც მაგრად არ ესიამოვნებოდა, რომ გაეგო, რა რეტროდ იქცა მისი ნააზრევი, რადგან ადამიანისთვის მისი ბიოლოგიური ფუნქციაც აღარ არის მნიშვნელოვანი. 

წავედი მე, ჩემს დეტექტიურ თამაშებს მივხედო...

მითუმეტეს, რომ 

Countdown: 4 years, 11 months...

ისე, თეთრკანიანის ანდროგენი შეიძლება რომ შავკანიანი იყოს? <3
http://www.youtube.com/watch?v=V5ZWNOm4r2k
embedding disabled - არამზადები :/

Thursday, January 27, 2011

საკმაოდ სკანდინავიურ სტილში


ამ დღეებში ხელში ასტრიდ ლინდგრენის "მადიკენი" ჩავიგდე. ხელში ჩასაგდები ისეთი არაფერი სჭირდა, "ჯეოპრინტმა" ის ჯერ კიდევ 2005 წელს გამოსცა, მაგრამ რამდენჯერაც წიგნის მაღაზიაში წავაწყდი, იმდენჯერ მეცა თვალში ცუდად დაბეჭდილი ადგილები. ჰოდა, მეც იმ იმედით, რომ უკეთესი ხარისხის ეგზემპლარს შევხვდებოდი, ვაჭიანურებდი მის ყიდვას. ამ დღეებში კი მეგობართან აღმოვაჩინე და იმანაც ძალიან კარგი რეკომენდაციებით გამომატანა სახლში, "ბიულერბიუელ ბავშვებს" ჰგავს და ძალიან მოგეწონებაო.
"ბიულერბიუსგან" განსხვავებით, აქ პატარა ბავშვების სიმცირე იგრძნობა - წიგნი პატარა მადიკენსა და მის უმცროს დაიკოზე, ლისაბეტზეა. ისე ძალიან ცელქებიც არ არიან, როგორც, მაგალითად, ლიონებერგელი ემილი, თუმცა უჩვეულო გასართობის გამოგონებაში ტოლს არავის დაუდებენ. დასამახსოვრებელი ფრაზებით კი წიგნი "კარლსონს" უფრო ჰგავს, მაგ. ლისაბეტის "შენ სულ გააფრინე, მადიკენ" და ა.შ. ახლა კი წიგნს ნამდვილად ვიყიდი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცი, რა მოხდება, თუ ფარდულის სახურავიდან ქოლგით გადმოფრინდები, რატომ გააფრინა მადიკენმა აფსელუტურად და რომ ლისაბეტის სკოლაში ბავშვებს მხოლოდ თითო ნესტო აქვთ.
მოკლედ, იუნიბაკენის წითელი სახლის ბინადრების იდილიური ყოფის ძალიან შემშურდა. თანაც, წიგნის კითხვის დროს მსოფლიოში ოთახების ყველაზე სწრაფი დამლაგებელი კარლსონისა და ერთი გრძელწინდიანი გოგოს ამბების ისეთი ნოსტალგია გამიჩნდა, რომ მტკიცედ გადავწყვიტე, ერთი კარგი სკანდინავიური უიკენდი ჩემთვისაც მომეწყო. დროდადრო პატარა ლისაბეტის საყვარელი ფრაზა "შენ სულ გააფრინე" ჩამესმოდა, ოღონდ ჩემი მისამართით ნათქვამი. თუმცა ჩრდილოეთში მოგზაურობა არც ისეთი დიდი ავანტიურა აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სკანდინავიური სტილის ტენდენციები პოდიუმებზე ძალიან სწრაფად აღმოვაჩინე, თუმცა აღმოსაჩენი, მაინცდამაინც, არაფერი სჭირდა. სამაგიეროდ, ამას ვერ ვიტყვი ფილმებზე, რადგან სკანდინავიური კინემატოგრაფი არც ისეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენში და იმ ენებზე, რომლებიც ჩემთვის გასაგებია, ნაკლებად ითარგმნება ან ძნელად ხელმისაწვდომია. მუსიკის შემთხვევაში კი იოლად გადავრჩი, რადგან წინასწარ საკმაოდ ბევრი ალბომი მქონდა შეგულებული და მოსმენილიც. ასე რომ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, თუ ჩემთან ერთად ჩრდილოეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ზამთრის განწყობის შექმნაა, რაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, საკმაოდ რთულია ნანატრი თოვლის გარეშე.

Monday, January 24, 2011

მანდალა და წუთებში მოქცეული კოსმოგენია

იმ დღეს ამელი ნოტომს ვკითხულობდი. რაღაცებს წერდა ჩინელ და იაპონელ მონებზე, რომლებიც თმას უვარცხნიდნენ ხოლმე. ჩინელს ჩჟე ერქვა და ნოტომს ასეთი საშინელი სახელის ქონა დაუშვებლად მიაჩნდა. იმ ბიჭს, დიუმას ცენტრში რომ მუშაობს, ალბათ ის მიაჩნია დაუშვებლად, რომ მე ამას ჯერ კიდევ ვკითხულობ, რადგან მისთვის წიგნები ორი კვირის წინ უნდა დამებრუნებინა. რას ვამბობდი. სასიყვარულო საბოტაჟი - ასე ჰქვია წიგნს, რომლის მხოლოდ ორი ფურცელი წავიკითხე. მერე გავიგე, ნოტომი თურმე დღეში 4 საათს უთმობს რომანის წერას, არც მეტი, არც ნაკლები. ამაზე სულ გამიფუჭდა განწყობა, თან მისი წიგნებისთვის დამახასიათებელი პედანტიზმის მიზეზსაც მივხვდი - ამ ქალს ლიტერატურის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორიც მე ფრანგულის გრამატიკის მიმართ - 15 წუთი დღეში (გშურდეთ ჩემი ფენომენალურობის :) ) თან მეც შემშურდა, ხანდახან პოსტის წერის განწყობაც არ მაქვს, იმას კიდევ ასე გამოზომილად ეწერინება ყოველ ცისმარე დღეს. 

ჯერ ლორდს ერთი თვის შემდეგ გავუგზავნე ჩემი გესთ-პოსტი, მერე დათოს ინტერვიუს საწერად ორ კვირაზე მეტ ხანს ველოდე განწყობას. კარგია, როცა ინტერვიუერის როლს სხვას უცვლი, თუმცა წერა-საუბრის ხასიათზე მთელი თვეა არ ვარ. ნოტომის შემდეგ - არც კითხვის. სამაგიეროდ ახალი „გასართობი“ ვნახე - ხატვა. მართალია ამის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ მე რასაც ვხატავ, ამას დიდი მონაცემები არც სჭირდება.

მანდალა კოსმოსის დიაგრამაა, სამყაროს გამოსახულება წრეში, რომელიც კვადრატში  ზის, ის კი თავის მხრივ ისევ წრეში. გარე წრე სამყაროა, შიდა - ალბათ, მე, რადგან ეჭვი მაქვს მინიატურული კოსმოგენია მე უნდა ვიყო. კვადრატის ოთხი გასასვლელი ორიენტირებულია დედამიწის ოთხ მხარეზე და თავადაც დაყოფილია ოთხ ნაწილად. (აქ რასაც ხედავთ, ტრადიციული მანდალაა, უფრო არასტანდარტულები და კრეატიულებიც არსებობს). მეხუთე ნაწილი - ეს მისი ცენტრია. ხუთივე ნაწილს თავისი ფერი გააჩნია, ასოცირდება გრძნობის ერთ-ერთ ორგანოსთან... მთავარი 'იზიუმინკა' იმაშია, რომ ფერებს და ფიგურებს თავად ირჩევ და საბოლოოდ ხატავ შენს თავს ამ სამყაროში. ალბათ ამიტომ, კარლ იუნგი მანდალას ფსიქოანალიზის საუკეთესო საშუალებად თვლიდა. 

ცენტრში მინდა მე ვიყო, პატარა ბაღი, მზე ანათებდეს, ახალი მბზინავი 'ბალეტკები' მეცვას, თეთრი ღვინით სავსე ბოკალში ჟოლოს ვყრიდე და მზეზე ვათბობდე. (სანამ მე ამას დავხატავ, რაგნაროკი მოვა, ჰოდა დავწერ მაინც). ჩემთვის მთავარი რაც არის კოსმოსში, არომატი და მელოდია, მანდალაში გათვალისწინებული არაა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ხუთივე ნაწილს თავისი არომატი და მუსიკა მოვუძებნო და სურნელოვან-მუსიკალური მანდალა გავაკეთო. თუმცა ყველაზე რთული აქ მანდალაზე მპ3-ის დატანა კი არა, საკუთარი თავის გააზრება მგონია, განცალკევება დროის და სივრცის ჩარჩოებისგან, რაც ჩვენი კულტურისთვის ისე უცხოა, რომ აღმოსავლეთში გაზრდილმა ნოტომმაც კი ასე ცუდად გაითავისა.


ყველაზე გენიალური მომენტი მანდალას შექმნის პროცესში, როცა მას ქვიშით აკეთებენ ბუდისტი ბერები, მისი დასასრულია. რამდენიმეთვიანი წვალების შემდეგ მას უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით ანგრევენ, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყველაფრის წარმავლობას, მარადიულის არარსებობას მატერიალურ სამყაროში.

მიყვარს შორეული აღმოსავლეთი, როდესაც მასზე ევროპელი ფსიქოპათები არ მესაუბრებიან.

Monday, January 17, 2011

დარია

Unkle-ის ბოლო ალბომს ვუსმენ, როცა მოულოდნელად თავს მატყდება. მუქი წითელი სვიტერი აცვია და სულაც არ გამოიყურება ისე, როგორც ყველაზე ლამაზი გოგო, რომელსაც კი ოდესმე შევხვედრივარ. იწყებს  მოყოლას იმაზე, რომ ვიღაცას უთქვამს, თითქოს ელფის თვალები ჰქონდეს, იცინის და მოულოდნელად თემას ცვლის - ფერწერაზე გადადის. მოულოდნელად-მეთქი,  პირობითად ვამბობ, თქვენთვის, თორემ დარიას ძალიან უყვარს მხატვრებსა და მუზეუმებზე საუბარი და ხანდახან თავადაც კი ხატავს რაღაცებს.

დარია კანადელია, წარმოშობით უკრაინელი. შესაბამისად უყვარს ბორშჩის და პელმენების დამზადება. მსოფლიოში ყველა გოგოზე მეტად უხდება ყვითელი ფერი და ბალმენის მილიტარი პიჯაკები. ერთმანეთთან ბევრ საერთოს ვპოულობთ, მაგალითად, ის ნამდვილი უკრაინოფილია, მე კი ძალიან მომწონს უკრაინული ენა, ბიჭები და ბორშჩი. ერთი საერთო კიდევ გვექნებოდა, ოთხ-ხუთ კილოგრამს რომ მოიმატებდეს, მაგრამ ამას ვერ იზამს, რადგან ცნობილი მოდელია. მე შემიძლია თუნდაც ოცი მოვიმატო, რადგან ჩემი ამჟამინდელი პროფესია ადამიანებს სასწორზე არ წონის, მაგრამ ვეუბნები, რომ ამას არ ვიზამ, რადგან ზედმეტად მიყვარს ჩემი ჯინსის შარვალი და ჩემი თავი მასში. ამის შემდეგ ენას ვუყოფ და მპ3 არქივში ახალი მუსიკის ძებნას ვიწყებ. ისიც ენას მიყოფს და ჩემს სუნამოების მაგიდასთან მიძვრება, თუმცა მის მიერ რეკლამირებულ ლანკომის ჰიპნოზს იქ ვერასოდეს აღმოაჩენს. საშინლად არ გიხდება ეგ აფთიაქის არომატი-მეთქი, სულ ვეუბნები. ვიცი და ყოველ წუთას ნუ მახსენებო, ისიც სულ მეუბნება. 

უხარია ჩემი ბლოგის ჰედერზე თავის ფოტოს რომ ხედავს. ეს რა არის-მეთქი და ერთ მეზობელ ბლოგზე შემყავს, რომლის ავტორიც ძალიანაა შეყვარებული დარიაზე. ბიჭი რომ არის, იმიტომ მოვწონვარ ასეო. მე დელიკატურად ვჩუმდები: დარია ერთადერთი გოგოა მსოფლიოში, რომელიც მაეჭვებს იმაში, ნატურალი ვარ თუ არა, თუმცა მხოლოდ მაეჭვებს და ჩემნაირი ჰეტეროს შემთხვევაში ესეც დიდი მიღწევაა. დარია ჩემთვის ყოველთვის იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ვინმე ბიჭი - მხოლოდ მას შეუძლია მითხრას, როგორ უნდა გამოვიყურებოდე იმ ვინმესთვის. როგორც  she who is weak or who is wild in a pleasant ways, as an alien or a citizen…

Friday, January 7, 2011

ნიცშე, ფრუსტრაცია და დაგვიანებული seazone

არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო. იმან მკითხა, ბათუმში ხო არ წავიდეთო. მე ვუთხარი, მცივა და მეზარება-მეთქი. აბა მაშინ, კინოში ხო არ წავიდეთო. მე ვუთხარი, ვნახოთ, თუ მოვასწრებ, წავიდეთ-მეთქი. შხაპის მიღება, შემდეგ კი ყავის დალევა უნდა მომესწრო. ორ საათში ეგ კი არა, ყავაზე ფორთოხლის მიყოლებაც მოვახერხე, თუმცა კინოში მაინც დავიგვიანე. ეს ჩემი კარმაა ასეთი, ყველგან უნდა დამაგვიანდეს, რაც არ უნდა ადრე გავიდე სახლიდან. 

ხომ გეუბნებით, ყველაფერი ნამდვილად კარგად დაიწყო-მეთქი. ის იჯდა და მხიარული გამომეტყველებით მელოდებოდა. დაგვიანებულზეც უპრობლემოდ შეგვიშვეს, დარბაზშიც საუკეთესო ადგილები შეგვხვდა (შეგვხვდა რა, ავირჩიეთ) და მხიარულებაც დაიწყო. დაცარიელებული ბათუმი, ოთხი ბიჭი, გართობის ყველანაირი საშუალება ხელმისაწვდომი - არტ ფილმის სანახავად არც წავსულვართ, მაგრამ კარგი ფანტასტიკის თუ არა, უბრალოდ მხიარული სანახაობის მოლოდინი მაინც გვქონდა. შედეგად პირველი 15 წუთის (ანუ მეორე, თხუთმეტი წუთით ჩვენ დავაგვიანეთ) განმავლობაში იმედიანად ვახრამუნებდით პოპკორნს, შემდეგი თხუთმეტი წუთი ისე მოვიწყინეთ, რომ ჩემმა მეგობარმა პოპკორნის თავში სროლა დამიწყო, მე კი შევეცადე ჩემი თმის სამაგრით მისთვის ცხვირი მეტკინა, კიდევ თხუთმეტი წუთი (ფილმში გოგოები რომ გამოჩნდნენ) იმედი მ(გვ) ქონდა, რომ სექსის ხარისხიან სცენას მაინც ვნახავდით, ამის მომდევნო თხუთმეტი წუთი ფრუსტრირებულს ახალი იმედი გამიჩნდა, რომ ვინმე მაინც მოკვდებოდა და რადგან არც ეს გვეღირსა, სასწრაფოდ დავტოვეთ დარბაზი, რადგან ჩვენს ახალ სურვილს უკვე სუიციდის სუნი ასდიოდა.

ფილმის კონცეფცია - „ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია“ (ევრიკა!), ლაიტმოტივი - „ღმერთი მოკვდა, არა, კი არ მომკვდარა, ჩვენ ვიქცევით ისე, თითქოს მოკვდა". სცენარისტმა ნიცშე წაიკითხა, ან რაც უფრო სარწმუნოა, მისი ცნობილი ფრაზები დაგუგლა. გავაკეთებ ჩემი მეგობრის (რომელიც ამ ფილოსოფოსს კარგად იცნობს) ნათქვამის ციტირებას: „ფილმში „გამოყენებული“ ნიცშე ისე შეეფერებოდა მას, როგორც თავად ფილმს დარბაზში მაყურებელი“.  ვერაფერს იტყვი, დაუფარავად ენამწარეობს, თუმცა სამართლიანად - ჩვენ იქ „სხვა“ ფილმის სანახავად მივედით. მე კი, მართალია, ზარატუსტრა დღემდე არ მაქვს წაკითხული (რა ვქნა, ვერაფერს ვუდებ გულს, რაც მოსაწყენია), თუმცა სხვადასხვა ფილოსოფიური ნარკვევებიდან ნიცშეს ნააზრევზე ბევრი რამ ვიცი. ფილმის ყურების დროს განსაკუთრებით ის ამომიტივტივდა გონებაში, რომ ამბობს, სიხარულის მოსაპოვებლად, ისევე როგორც არსებობისთვის, უნდა იბრძოლო, სიხარული ეგრე უბრალოდ ადამიანთან არ მოდისო. ამან გამაძლებინა რუსთაველში თითქმის საათნახევარი, თუმცა ნანატრი სიხარულის გრძნობა მაინც არ მეწვია. სამაგიეროდ, გამიჩნდა კითხვა: როდის გადაიღებენ ქართველი რეჟისორები ისეთ ფილმებს, რომ მათი ყურების დროს განცდილი ყველაზე მძაფრი ემოცია თავში ნასროლ სიმინდის მარცვალთან არ იყოს დაკავშირებული?!

წავსულიყავით ბათუმში...



Wednesday, January 5, 2011

ნომინაცია: სტილის შემოქმედი 2010


დეკემბრის ბოლო გასული წლის მოვლენების შეჯამების დროა. ყველაზე კარგად ეს მოდის ჟურნალებმა იციან, რადგან სწორედ მათ უწევთ ყველაზე მეტი ანალიზიც და მის შედეგად უამრავი "ტოპ 10" სიების შედგენაც.
ამ "ყველაზე ყველაზე" სიებში არა მხოლოდ საუკეთესო დიზაინერები ხვდებიან, არამედ მათი კოლექციები, ყველაზე ცუდი ნამუშევრები, საუკეთესო სახეები, ყველაზე გემოვნებიანი ადამიანები, ყველაზე ხმაურიანი მოვლენები...
პირველ ადგილებზე მსჯელობა დაუსრულებლად შეიძლება. რთულია შეთანხმება იმაზე, თუ ვისი კოლექცია იყო საუკეთესო, რადგან, ჯერ ერთი, დიზაინერების ნამუშევრები არა მხოლოდ ვიზუალურად, თემატურადაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთან, უფრო ადვილია და სამართლიანიც, საუკეთესო კოლექციებს არა დანომრილი ადგილები, არამედ ნომინაციები მიანიჭო. ასე რომ იყოს, ყველაზე მრავალფეროვანი კოლექციისთვის ჯილდოს მარკ ჯეიკობსი მიიღებდა, ყველაზე ეკლექტიკურისთვის, ალბათ, Wunderkind. თუმცა, არის საკითხები, რომლებზეც დავა აზრს მოკლებულია. არ არის საჭირო მაიევტიკის მეთოდის გამოყენება, რომ სწორ პასუხს მიაგნო - წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა მოდის სამყაროში ალექსანდრ მაკქუინის თვითმკვლელობაა, ყველაზე ხმაურიანი პროექტი - ლანვინის და H&M-ის ერთობლივი კოლექცია, რომელმაც ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.

Sunday, January 2, 2011

31 557 601

365,25 დღე და 86,400 წამი. ანუ სულ 31 557 600 წამი.

როდესაც ამას ერთი წამი ემატება, ძალიან უცნაური რამეები ხდება. ზოგიერთი ჩვენგანი, ესე იგი იმათგანი, რომლებიც ცენტრალურ ამერიკაში ცხოვრობენ, ღრიალს და ხმაურს იწყებენ, რომ ბოროტი სულები დააფრთხონ, ცოტა ჩრდილოეთით მცხოვრები ადამიანები ხილით სავსე ქოთნებს ამტვრევენ, მეორე ნახევარსფეროში ვიღაცები კი შუქს აქრობენ...

ჰო, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება თურმე ამ 31 557 601 წამზე. წარმოიდგინეთ, ფანჯრიდან წყლის გადაღვრაც მიღებული ყოფილა იმისთვის, რომ შემდეგი 31 557 599 წამი სუფთა და კამკამა იყოს.

კიდევ შეგიძლია ამ მომენტში მთელი ეს სისტემები თავის იულიუსიანად ჯანდაბაში გაუშვა. ის უცნაური ქმნილებებიც, აივანზე გაყინულები რომ დგანან და წყლის გადასხმაზე ოცნებობენ. ოცდათერთმეტ მილიონ რაღაც მეერთე წამი სრულიად არ არის საჭირო იმისთვის, რომ „ის“ მოიყვანო. Замри, გაიაზრე, რა შემთხვევაში დადგება შენთვის მართლა „ახალი წელი“, უფრო სწორად, რის გარეშე აღარ შეგიძლია ამ ახალი წლების დახვედრა. ნუ კარგავ მილიონ წამებს იმაში, რომ რაღაც უხეში და უსულო ენები ისწავლო, როცა ფიქრობ, რომ სპარსული თუ პორტუგალიური ყველაზე კეთილხმოვანია იმ სისტემაში, რომელშიც დაიბადე. დაიწყე ფულის შეგროვება მაჩუ პიკჩუზე წასასვლელად. უთხარი, რომ როცა შენთანაა, ბერქშირული ნიუ რეივიც კი ნაკლებად გაღიზიანებს. თავში ქვა იხალე, თუ ეს ისაა, რაზეც დღედაღამე ოცნებობ. 



ეს კი იყოს მაინც, იქნებ მართლა გამოჩნდნენ ბოროტი სულები: