Thursday, January 27, 2011

საკმაოდ სკანდინავიურ სტილში


ამ დღეებში ხელში ასტრიდ ლინდგრენის "მადიკენი" ჩავიგდე. ხელში ჩასაგდები ისეთი არაფერი სჭირდა, "ჯეოპრინტმა" ის ჯერ კიდევ 2005 წელს გამოსცა, მაგრამ რამდენჯერაც წიგნის მაღაზიაში წავაწყდი, იმდენჯერ მეცა თვალში ცუდად დაბეჭდილი ადგილები. ჰოდა, მეც იმ იმედით, რომ უკეთესი ხარისხის ეგზემპლარს შევხვდებოდი, ვაჭიანურებდი მის ყიდვას. ამ დღეებში კი მეგობართან აღმოვაჩინე და იმანაც ძალიან კარგი რეკომენდაციებით გამომატანა სახლში, "ბიულერბიუელ ბავშვებს" ჰგავს და ძალიან მოგეწონებაო.
"ბიულერბიუსგან" განსხვავებით, აქ პატარა ბავშვების სიმცირე იგრძნობა - წიგნი პატარა მადიკენსა და მის უმცროს დაიკოზე, ლისაბეტზეა. ისე ძალიან ცელქებიც არ არიან, როგორც, მაგალითად, ლიონებერგელი ემილი, თუმცა უჩვეულო გასართობის გამოგონებაში ტოლს არავის დაუდებენ. დასამახსოვრებელი ფრაზებით კი წიგნი "კარლსონს" უფრო ჰგავს, მაგ. ლისაბეტის "შენ სულ გააფრინე, მადიკენ" და ა.შ. ახლა კი წიგნს ნამდვილად ვიყიდი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცი, რა მოხდება, თუ ფარდულის სახურავიდან ქოლგით გადმოფრინდები, რატომ გააფრინა მადიკენმა აფსელუტურად და რომ ლისაბეტის სკოლაში ბავშვებს მხოლოდ თითო ნესტო აქვთ.
მოკლედ, იუნიბაკენის წითელი სახლის ბინადრების იდილიური ყოფის ძალიან შემშურდა. თანაც, წიგნის კითხვის დროს მსოფლიოში ოთახების ყველაზე სწრაფი დამლაგებელი კარლსონისა და ერთი გრძელწინდიანი გოგოს ამბების ისეთი ნოსტალგია გამიჩნდა, რომ მტკიცედ გადავწყვიტე, ერთი კარგი სკანდინავიური უიკენდი ჩემთვისაც მომეწყო. დროდადრო პატარა ლისაბეტის საყვარელი ფრაზა "შენ სულ გააფრინე" ჩამესმოდა, ოღონდ ჩემი მისამართით ნათქვამი. თუმცა ჩრდილოეთში მოგზაურობა არც ისეთი დიდი ავანტიურა აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სკანდინავიური სტილის ტენდენციები პოდიუმებზე ძალიან სწრაფად აღმოვაჩინე, თუმცა აღმოსაჩენი, მაინცდამაინც, არაფერი სჭირდა. სამაგიეროდ, ამას ვერ ვიტყვი ფილმებზე, რადგან სკანდინავიური კინემატოგრაფი არც ისეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენში და იმ ენებზე, რომლებიც ჩემთვის გასაგებია, ნაკლებად ითარგმნება ან ძნელად ხელმისაწვდომია. მუსიკის შემთხვევაში კი იოლად გადავრჩი, რადგან წინასწარ საკმაოდ ბევრი ალბომი მქონდა შეგულებული და მოსმენილიც. ასე რომ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, თუ ჩემთან ერთად ჩრდილოეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ზამთრის განწყობის შექმნაა, რაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, საკმაოდ რთულია ნანატრი თოვლის გარეშე.

ისე კი, საკმარისია D&G შემოდგომა-ზამთრის კოლექციას გადაავლოთ თვალი, რომ თოვლიანი განწყობაც თვალის დახამხამებაში მოვა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მისი შექმნის დროს დიზაინერები ჩრდილოეთ პოლუსზე იყვნენ და შთაგონებას თოვლიან პეიზაჟებში ეძებდნენ. შედეგად მათ ტანსაცმელზე გაჩნდა ფიფქებისა და ირმების ორნამენტები, ფეხისა და თავის აქსესუარები კი სქელი ბეწვით დაიფარა. მამაკაცის კოლექცია ნამდვილად უფრო თბილია გაბერილი, დათბილული შარვლებით და ძალიან სქელი შარფებით, ქალს კი შიფონის კაბების ტარების უფლება აქვს, თუმცა თემა ერთი რჩება - ცივი, ცივი ჩრდილოეთი.
                      
თუ ზოგადად ფიფქებიან და ირმებიან ნაქსოვ სვიტერებს საბავშვო ჩასაცმელად აღიქვამდით, ამ სეზონზე თამამად შეგიძლიათ გამოეწყოთ ამგვარ სამოსში - ინფანტილიზმში ვერავინ დაგადანაშაულებთ. D&G არ არის ერთადერთი, რომლის შთაგონების წყაროც სკანდინავია გახდა. მსგავსი ტენდენციების აღმოჩენა სხვებთანაც შეიძლება და სია საკმაოდ გრძელია: Givenchy, Proenza Schouler, Isabel Marant, Jean Paul Gaultier, Missoni... სკანდინავიური ორნამენტები გვხდება დემოკრატიული ბრენდების სამოსშიც, მაგალითად H&M-თან, Topshop-თან. Max Mara-სთან ვნახეთ ძალიან სქელი ბეწვიანი პალტოები, რომელთა მსგავსიც, ალბათ, თავის დროზე ბრუნჰილდეს ეცვა (ასოციაცია ნიბელუნგებთან), ყოველ შემთხვევაში, ფილმში ნამდვილად ასე იყო. ისე კი, აქტუალური სკანდინავიური "ლუქი" უფრო სქელი ნაქსოვი ჟაკეტების ტარებას გულისხმობს, რომელთა აღმოჩენაც იოლად შეიძლება როგორც ადგილობრივ, ისე ონლაინ მაღაზიებშიც. კიდევ ერთი აქტუალური ნივთი: ნაქსოვი, მაღალყელიანი წინდა. მთავარია, თბილი იყოს და ზედ ირმის, ფიფქის ან ნორვეგიული ორნამენტები ჰქონდეს. ფეხსაცმელი კი, შესაბამისად, დიდი ზომის არის საჭირო. იმხელაც არა, ალბათ, პეპის რომ ეცვა, მაგრამ საკმარისად დიდი, რომ ასეთი სქელი წინდის ჩაცმა იყოს შესაძლებელი.
სკანდინავიური მუსიკა, ალბათ, ყველაზე პირქუში და მელანქოლიურია ჩემს საკმაოდ დიდ მუსიკალურ არქივში. ეს განსაკუთრებით ეხება მუსიკას ფოლკლორული ელემენტებით. ყველაზე გავრცელებული და ეთნიკური, ბუნებრივია, ვიკინგ მეტალია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა გესაუბროთ იმაზე, რასაც გადმოცემით ვიცნობ. სამაგიეროდ დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს შვედ Fever Ray-სთან, იგივე კარინ დრეიერ ანდერსონთან, The Knife-ის წევრთან, რომელიც ძალიან ინდივიდუალურ, მისტიკურ მუსიკას ქმნის ემბიენტის ჟანრში. 2009 წლის ალბომი, სახელად ასევე Fever Ray, არა მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით გამოდგა წარმატებული, არამედ კრიტიკოსებმაც ძალიან დადებითად შეაფასეს.
დანიური Valravn - ნამდვილი ნორდიკული ფოლკია. მისი სოლისტის, ანა კატრინის ვოკალს ხშირად ადარებენ ბიორკის ხმას. ჩემი აზრით, ეს შედარება არასწორია, რადგან მათ შორის საერთო მხოლოდ სიმღერის შესრულების მანერაში შეიმჩნევა, ისე კი, ანა კატრინის, როგორც ფოლკლორის შემსრულებლის ქარიზმა, გაცილებით დიდია. ჯგუფის კიდევ ერთი ღირსება: მათი სიმღერები ძველ ფარერულ ენაზე სრულდება. სხვა ღირსება: მუსიკაში ელექტრონული ელემენტებია, რაც მას თანამედროვე ხასიათსაც აძლევს.
სხვისი რჩევა იმისთვის, რომ აღმოაჩინოთ Royksopp და Mando Diao, რა თქმა უნდა, არ დაგჭირდებათ. სამაგიეროდ, შეიძლება არ იცოდეთ დანიური ალტერნატიული როკ-ჯგუფი The Fashion, რომელიც ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარულია და მელოდიური პოპ-როკ-ჯგუფი John Olav Nilsen & Gjengen ნორვეგიიდან. აქ კი მუსიკაზე საუბარს შევწყვეტ და კინოზე გადავალ, რადგან ერთი სული მაქვს, ორ ფილმზე მოგიყვეთ, რომლებსაც სკანდინავიური წარმოშობის გარდა სხვა ღირსებებიც მრავლად გააჩნიათ.
თავიდან ორი ბანალური იდეა მქონდა - მენახა ტრიერის ან ბერგმანის რომელიმე ფილმი. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე, ჩემთვის უცნობი რეჟისორების ნამუშევრებს გავცნობოდი.
ანდერს ტომას იენსენის "მოციმციმე ნათურები" (Blinkende Lygter) დანიელმა მეგობარმა მირჩია. ფილმი დანიურ-შვედურია და ოთხ წვრილფეხა განგსტერზე მოგვითხრობს, რომლებიც ბანდის მეთაურს ფულს მოჰპარავენ და გადაწყვეტენ ბარსელონაში გაიქცნენ. ტორკილდს, რომელიც ყველა წამოწყებას უდგას სათავეში, ყოველთვის უნდოდა სადმე სოფლად, მშვიდად ეცხოვრა, ამიტომ როდესაც გზაში დანგრეულ, ყველასგან მიტოვებულ რესტორანს ნახავს, იყიდის მას მოპარული ფულით და მეგობრებთან ერთად შენობის გალამაზებას შეუდგება. დრამა, კომედია, კრიმინალური თრილერი - რთულია იენსენის ნამუშევარი რომელიმე ერთ ჟანრს მიაკუთვნო. მთავარია, რომ ეს არის ძალიან კეთილი და მხიარული (პირობითად მხიარული, იმის გათვალისწინებით, რამდენად იგებთ სკანდინავიურ იუმორს) ფილმი ოთხ ძალიან რომანტიკული სულის განგსტერზე, მეგობრობაზე, მორალზე, ცხოვრებაზე... აქ ვერ ნახავთ ჰოლივუდის სპეცეფექტებს, არც დაძაბული სიუჟეტის იმედი გქონდეთ, რადგან ეს მშვიდი, ნორდიკული ფილმია, სადაც მთავარი ადგილი პიროვნების თემას ეთმობა.
მეორე, ნორვეგიული "საკმაოდ კეთილი ადამიანი" (En Ganske Snill Mann) იმ კრიტერიუმით ავარჩიე, რომ გასული წლის ბერლინალეზე ერთ-ერთი პოპულარული ფილმი გახლდათ. აღმოჩნდა, რომ მთავარი გმირი აქაც კრიმინალია და ისიც ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ჰანს პეტერ მოლანდის ამ შესანიშნავ ფილმს პირველთან ცოტა რამ აქვს საერთო. მთავარი გმირი, ულრიკი, 12 წელი მკვლელობისთვის ციხეში იჯდა და მაინც, ის ყველაზე უწყინარი და გულკეთილი პერსონაჟია, რომელიც ამწუთას კინოდან მახსენდება. ამ ფილმზე წერდნენ, რომ ის ზედმეტად სკანდინავიურია, ალბათ იმის გამო, რომ მისი ყველა გმირი თითქოს აუტიზმითაა დაავადებული და პირქუშ ცხოვრებას ეწევა. ჩემი აზრით კი, "საკმაოდ კეთილი ადამიანი" ძალიან სასაცილო ფილმია. როგორც არტ-მეინსტრიმის პროდუქტი, ადვილად მისაღებია ფართო პუბლიკისთვის, თუმცა მორალური თვალსაზრისით ორაზროვნების შეგრძნებას ტოვებს, ტიპური ნორდიკული აბსურდულობის მიღმა კი საკმაოდ რთული, დოსტოევსკის რომანების საპირწონე პრობლემები იმალება. ფილმის ნახვა თუნდაც სტელან სკარსგორდის გამო ღირს, რომელიც შესანიშნავად თამაშობს ფილმში მთავარ როლს.
იმედია, თქვენი უიკენდი არც ისეთი პირქუში გამოვა. ჩემს შემთხვევაში მან საკმაოდ მხიარულად ჩაიარა, სუსხთან საბრძოლველად კი ერთი კარგი საშუალება მქონდა - Chloe-ს ახალი სუნამო, Love, Chloe. იგი ყვავილოვანი, მაგრამ საკმაოდ თბილი და მძიმე არომატიც კი არის, მუშკის და ბრინჯის პუდრის საბაზისო ნოტებით. ჰელიოტროპის და იასამნის ნაზი სურნელი კი გაგახსენებთ, რომ გაზაფხული არც ისე შორსაა, ისევე, როგორც ნორდიკული ხასიათი არაა ისე მკაცრი, როგორც ამას სტერეოტიპების გავლენით ამბობენ ხოლმე.

18 comments:

  1. ომგ, რა დ ენდ გ–სავით ბუთხუზინფორმატიული პოსტი იყო!
    ასტრიდის ის ახალი წიგნიც მომინდა და ეს ორი ფილმიც.
    დ&გ ეგ კოლექცია ძალიან მომეწონა და მისონის 2011/12 წლის კოლექციაც. დიდი სიამოვნებით შევიძენდი რაიმეს.

    ReplyDelete
  2. ბუთხუზინფორმატიული :)))))
    მისონის 2010 წლის კოლექციის ნახვა სად მოასწარი :)) მართლა უმაგრესია- ფერებიც, ბოჰემური სტილიც <3

    და ეს ფილმები მართლა კარგია, პირველი უკვე ჩემს ოფიციალურ fav list-ში შევიყვანე :)

    ReplyDelete
  3. როდე, 2010 კი არა 12, ბეჭდვა დამავიწყდა კი არა და მეძინა :))

    ReplyDelete
  4. Fever Ray ჩემი გატაცება ძალიან დიდხანს იყო )))

    ReplyDelete
  5. ჯერ FTV-ზე ვნახე და მერე აქ:
    http://coolechicstyletodressitalian.blogspot.com/2011/01/missoni-mens-2011-2012-fallwinter.html

    ისე უკვე ძალიან ბევრთან შევნიშნე კუბოკრული და ეს ტენდენცია მატულობს ხო ალბათ? ჩემი საყვარელი სტილია :*

    ReplyDelete
  6. D&G კოლექციის ვიდეო, როცა ვნახე, მაშინვე ფავორიტებში შევინახე – ეგ შიფონის კაბები და ირმებიანი სვიტრები მომეწონა ძალიან :)
    მისონს საღამოს ვნახავ..

    აი, ლინდგრენი... <3 :)

    ისეთი სკანდინავიური განწყობა შექმენი!... :)

    ReplyDelete
  7. ზურა,
    სხვათაშორის ვიცოდი და არ მახსოვს საიდან :)

    როდე,
    რავიცი ყოველ წელს არის ეგ ტენდენცია : ) წელსაც იყო, მაგრამ თბილისში რატომღაც არ აიტაცეს

    ქეთი,
    მეც მომეწონა მაგრამ პრაქტიკაში კი არა ზამთარში შიფონი... ))) აი ირმები <3

    ReplyDelete
  8. მეც მომინდა ეგ წიგნი <3

    ხოდა, სკანდინავიური მუსიკის ტალღამ გადაიარა პრინციპში, რამდენიმე წლის წინ მარტო მაგათი ბგერები მქონდა ყურებში გამჯდარი მეც და მსოფლიოსაც, კაცმა რომ თქვას.

    აი, ფილმებით არასოდეს დავინტერესებულვარ,ეტყობა ლინდრენის და სიგურ როსის სიყვარული და ისლანდიაში წასვლაზე ოცნება საკმარისი მეგონა :)

    ReplyDelete
  9. ნასტასია

    ბიორკს გულისხმობ ალბათ ) სკანდინავიური მუსიკა ფეშენ ტრენდი არაა, ტალღასავით გადაიაროს, შეიძლება გაფეტიშდეს ერთი შემსრულებელი და მერე მისმა პოპულარობამ იკლოს, ესაა და ეს )

    ისლანდია და ფინეთი ვეღარ ჩავტიე, ჯასთ სკანდინავია :/ იქნებ გავაკეთო მერე მთელ ნორდიკულ ქვეყნებზე ერთი სტატია )

    ReplyDelete
  10. ეგ ირმები, წითელი ფერი და კასკა - ჩაჩქანი თუ რაც ქვია.
    სუპერ.

    აი, კარგი სკანდინავიური ფილმი. თან საშობაო ზღაპარია.
    http://avoe.ge/movies/one.php?mid=13871

    ReplyDelete
  11. ვაიმე, კარლსონის ეს ნახატი როგორ მომწონს, წიგნში ვუღებდი მობილურით ფოტოს და არ გამომდიოდა კარგი. ისე გამიხარდა აქ რომ დავინახე :))

    კარლსონის გარდა, აქ მოხსენიებული სხვა ყველაფერი უცნობია ჩემთვის [ფილმები, მუსიკოსები], ნუ დ&გ-ს თუ არ ჩავთვლით :))

    აი, პირველი ფილმის ნახვა მომინდა, ყოვლგვარი ჰოლივუდური სპეცეფექტების გარეშე. ასეთ ფილმებს ვეძებ სანთლით :))

    ReplyDelete
  12. მგონი ერთხელ უკვე გეწერა მაგაზე რაღაც და მაშინ დავაკომენტე, არა? :დ
    იმიტომ, რომ ეგ როცა დავწერე, დეჟა ვიუ მქონდა :D

    ReplyDelete
  13. ლორდ,
    ტრეილერი ვნახე და უჟასტიკს ჰგავს, რა ზღაპარი :/

    ნატალია
    http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=409001
    აი აქ არის, ტორენტებთან თუ კარგი ურთიერთობა გაქვს. რუსულადაა, კარგი გახმოვანებით, ხარისხსაც არა უშავს )

    ReplyDelete
  14. აღასპერ, არა სხვათაშორის ეხლა ვნახე და ჩემთან არ დაგიწერია :)))

    ReplyDelete
  15. ჰო, პრაქტიკაში ცოტა არ იყოს, ძნელია შიფონით სიარული :) არადა როგორი ლამაზი ქსოვილებია :)

    ReplyDelete
  16. სკანდინავია...
    ჩემს აჩუყებულ გულს ეს უნდოდა კიდევ?..

    პირველად გავიგე ასტრიდ ლინდგრენის ამ მოთხრობის შემდეგ და პრაღული ეიფორია როცა გამივლის, მერე მოვძებნი.

    სტელან სკარსგარდი "მამა მიას" ერთერთი კაცია ხო? სიმპათიური შვილები ჰყავს, რამდენადაც მახსოვს ;)

    ReplyDelete
  17. სან, რამ აგიჩუყა? :) მამა მია ფილმია? არ მაქვს ნანახი..

    ReplyDelete