Showing posts with label literature. Show all posts
Showing posts with label literature. Show all posts

Monday, February 28, 2011

წიგნი თუ... ელექტრონული წიგნი?


ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა იყო, სანამ ელექტრონული წიგნის კითხვა მხოლოდ კომპიუტერებში იყო შესაძლებელი. მიუხედავად ნაბეჭდი წიგნის მაღალი ფასისა მის ელექტრონულ ვერსიასთან შედარებით, მკითხველისთვის კიდევ უფრო ფასეულს მისი საკუთარი მხედველობა წარმოადგენდა. ელექტრონული წიგნების საკითხავი (e-book reader) ტექნიკის გამოგონებამ საქმე რადიკალურად შეცვალა. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით ისინი თვალების გადაღლას არ იწვევს, ამასთან არ აქვს გამოსხივება, როგორც კომპიუტერებს, შესაბამისად, კომფორტულობით ნამდვილ წიგნს თითქმის არ ჩამოუვარდება.
პლანშეტური კომპიუტერები წიგნის წამკითხავი ფუნქციით შორეულ 90-იანებში გამოიგონეს, თუმცა ტექნოლოგიურად ისინი არც ისე დახვეწილი იყო, საკმაოდ ძვირიც ღირდა და ამიტომ საზოგადოებაში ფართოდ არც გავრცელებულა. სულ სხვა საქმეა ახალი თაობის "რიდერები": Sony Reader, Amazon Kindle, Nook (Barnes & Noble)... მათ ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ მაღაზია ამაზონის მონაცემებით ელექტრონულმა წიგნებმა უკვე გაუსწრეს გაყიდვებით სქელყდიან წიგნებს, ხოლო ამ წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ რბილყდიანებსაც უკან მოიტოვებენ.
მართლაც, ელექტრონულ წიგნებს მათ ნაბეჭდ ვერსიებთან შედარებით, უამრავი უპირატესობა გააჩნიათ. პირველ რიგში, ალბათ ის, რომ მათი წარმოება ნაკლებ რესურსს მოითხოვს და უამრავ ხეს არ ანადგურებს. ამიტომ, ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით, შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს მათი წარმოებით ნაბეჭდი წიგნების ჩანაცვლება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა. ელექტრონული წიგნების ექსპანსია ჯერჯერობით არააგრესიული, არასავალდებულო გზებით ვრცელდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ელექტრონულ წიგნს არ ძალუძს იყოს ნაბეჭდის ღირსეული კონკურენტი?

Thursday, January 27, 2011

საკმაოდ სკანდინავიურ სტილში


ამ დღეებში ხელში ასტრიდ ლინდგრენის "მადიკენი" ჩავიგდე. ხელში ჩასაგდები ისეთი არაფერი სჭირდა, "ჯეოპრინტმა" ის ჯერ კიდევ 2005 წელს გამოსცა, მაგრამ რამდენჯერაც წიგნის მაღაზიაში წავაწყდი, იმდენჯერ მეცა თვალში ცუდად დაბეჭდილი ადგილები. ჰოდა, მეც იმ იმედით, რომ უკეთესი ხარისხის ეგზემპლარს შევხვდებოდი, ვაჭიანურებდი მის ყიდვას. ამ დღეებში კი მეგობართან აღმოვაჩინე და იმანაც ძალიან კარგი რეკომენდაციებით გამომატანა სახლში, "ბიულერბიუელ ბავშვებს" ჰგავს და ძალიან მოგეწონებაო.
"ბიულერბიუსგან" განსხვავებით, აქ პატარა ბავშვების სიმცირე იგრძნობა - წიგნი პატარა მადიკენსა და მის უმცროს დაიკოზე, ლისაბეტზეა. ისე ძალიან ცელქებიც არ არიან, როგორც, მაგალითად, ლიონებერგელი ემილი, თუმცა უჩვეულო გასართობის გამოგონებაში ტოლს არავის დაუდებენ. დასამახსოვრებელი ფრაზებით კი წიგნი "კარლსონს" უფრო ჰგავს, მაგ. ლისაბეტის "შენ სულ გააფრინე, მადიკენ" და ა.შ. ახლა კი წიგნს ნამდვილად ვიყიდი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცი, რა მოხდება, თუ ფარდულის სახურავიდან ქოლგით გადმოფრინდები, რატომ გააფრინა მადიკენმა აფსელუტურად და რომ ლისაბეტის სკოლაში ბავშვებს მხოლოდ თითო ნესტო აქვთ.
მოკლედ, იუნიბაკენის წითელი სახლის ბინადრების იდილიური ყოფის ძალიან შემშურდა. თანაც, წიგნის კითხვის დროს მსოფლიოში ოთახების ყველაზე სწრაფი დამლაგებელი კარლსონისა და ერთი გრძელწინდიანი გოგოს ამბების ისეთი ნოსტალგია გამიჩნდა, რომ მტკიცედ გადავწყვიტე, ერთი კარგი სკანდინავიური უიკენდი ჩემთვისაც მომეწყო. დროდადრო პატარა ლისაბეტის საყვარელი ფრაზა "შენ სულ გააფრინე" ჩამესმოდა, ოღონდ ჩემი მისამართით ნათქვამი. თუმცა ჩრდილოეთში მოგზაურობა არც ისეთი დიდი ავანტიურა აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სკანდინავიური სტილის ტენდენციები პოდიუმებზე ძალიან სწრაფად აღმოვაჩინე, თუმცა აღმოსაჩენი, მაინცდამაინც, არაფერი სჭირდა. სამაგიეროდ, ამას ვერ ვიტყვი ფილმებზე, რადგან სკანდინავიური კინემატოგრაფი არც ისეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენში და იმ ენებზე, რომლებიც ჩემთვის გასაგებია, ნაკლებად ითარგმნება ან ძნელად ხელმისაწვდომია. მუსიკის შემთხვევაში კი იოლად გადავრჩი, რადგან წინასწარ საკმაოდ ბევრი ალბომი მქონდა შეგულებული და მოსმენილიც. ასე რომ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, თუ ჩემთან ერთად ჩრდილოეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ზამთრის განწყობის შექმნაა, რაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, საკმაოდ რთულია ნანატრი თოვლის გარეშე.

Monday, January 24, 2011

მანდალა და წუთებში მოქცეული კოსმოგენია

იმ დღეს ამელი ნოტომს ვკითხულობდი. რაღაცებს წერდა ჩინელ და იაპონელ მონებზე, რომლებიც თმას უვარცხნიდნენ ხოლმე. ჩინელს ჩჟე ერქვა და ნოტომს ასეთი საშინელი სახელის ქონა დაუშვებლად მიაჩნდა. იმ ბიჭს, დიუმას ცენტრში რომ მუშაობს, ალბათ ის მიაჩნია დაუშვებლად, რომ მე ამას ჯერ კიდევ ვკითხულობ, რადგან მისთვის წიგნები ორი კვირის წინ უნდა დამებრუნებინა. რას ვამბობდი. სასიყვარულო საბოტაჟი - ასე ჰქვია წიგნს, რომლის მხოლოდ ორი ფურცელი წავიკითხე. მერე გავიგე, ნოტომი თურმე დღეში 4 საათს უთმობს რომანის წერას, არც მეტი, არც ნაკლები. ამაზე სულ გამიფუჭდა განწყობა, თან მისი წიგნებისთვის დამახასიათებელი პედანტიზმის მიზეზსაც მივხვდი - ამ ქალს ლიტერატურის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორიც მე ფრანგულის გრამატიკის მიმართ - 15 წუთი დღეში (გშურდეთ ჩემი ფენომენალურობის :) ) თან მეც შემშურდა, ხანდახან პოსტის წერის განწყობაც არ მაქვს, იმას კიდევ ასე გამოზომილად ეწერინება ყოველ ცისმარე დღეს. 

ჯერ ლორდს ერთი თვის შემდეგ გავუგზავნე ჩემი გესთ-პოსტი, მერე დათოს ინტერვიუს საწერად ორ კვირაზე მეტ ხანს ველოდე განწყობას. კარგია, როცა ინტერვიუერის როლს სხვას უცვლი, თუმცა წერა-საუბრის ხასიათზე მთელი თვეა არ ვარ. ნოტომის შემდეგ - არც კითხვის. სამაგიეროდ ახალი „გასართობი“ ვნახე - ხატვა. მართალია ამის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ მე რასაც ვხატავ, ამას დიდი მონაცემები არც სჭირდება.

მანდალა კოსმოსის დიაგრამაა, სამყაროს გამოსახულება წრეში, რომელიც კვადრატში  ზის, ის კი თავის მხრივ ისევ წრეში. გარე წრე სამყაროა, შიდა - ალბათ, მე, რადგან ეჭვი მაქვს მინიატურული კოსმოგენია მე უნდა ვიყო. კვადრატის ოთხი გასასვლელი ორიენტირებულია დედამიწის ოთხ მხარეზე და თავადაც დაყოფილია ოთხ ნაწილად. (აქ რასაც ხედავთ, ტრადიციული მანდალაა, უფრო არასტანდარტულები და კრეატიულებიც არსებობს). მეხუთე ნაწილი - ეს მისი ცენტრია. ხუთივე ნაწილს თავისი ფერი გააჩნია, ასოცირდება გრძნობის ერთ-ერთ ორგანოსთან... მთავარი 'იზიუმინკა' იმაშია, რომ ფერებს და ფიგურებს თავად ირჩევ და საბოლოოდ ხატავ შენს თავს ამ სამყაროში. ალბათ ამიტომ, კარლ იუნგი მანდალას ფსიქოანალიზის საუკეთესო საშუალებად თვლიდა. 

ცენტრში მინდა მე ვიყო, პატარა ბაღი, მზე ანათებდეს, ახალი მბზინავი 'ბალეტკები' მეცვას, თეთრი ღვინით სავსე ბოკალში ჟოლოს ვყრიდე და მზეზე ვათბობდე. (სანამ მე ამას დავხატავ, რაგნაროკი მოვა, ჰოდა დავწერ მაინც). ჩემთვის მთავარი რაც არის კოსმოსში, არომატი და მელოდია, მანდალაში გათვალისწინებული არაა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ხუთივე ნაწილს თავისი არომატი და მუსიკა მოვუძებნო და სურნელოვან-მუსიკალური მანდალა გავაკეთო. თუმცა ყველაზე რთული აქ მანდალაზე მპ3-ის დატანა კი არა, საკუთარი თავის გააზრება მგონია, განცალკევება დროის და სივრცის ჩარჩოებისგან, რაც ჩვენი კულტურისთვის ისე უცხოა, რომ აღმოსავლეთში გაზრდილმა ნოტომმაც კი ასე ცუდად გაითავისა.


ყველაზე გენიალური მომენტი მანდალას შექმნის პროცესში, როცა მას ქვიშით აკეთებენ ბუდისტი ბერები, მისი დასასრულია. რამდენიმეთვიანი წვალების შემდეგ მას უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით ანგრევენ, რაც სიმბოლურად გამოხატავს ყველაფრის წარმავლობას, მარადიულის არარსებობას მატერიალურ სამყაროში.

მიყვარს შორეული აღმოსავლეთი, როდესაც მასზე ევროპელი ფსიქოპათები არ მესაუბრებიან.

Monday, December 13, 2010

Le croissant du trottoir

არის ხოლმე მომენტები, როცა თავი აბსოლუტური ბურჟუა მგონია. ობივატელი, რომელიც წვრილმანი, ძალიან პირადი სიამოვნებებით ცხოვრობს და სხვა ყველაფერი სულელურად მიაჩნია. ეს, ალბათ, მეშჩანურ-ჰედონისტური დამოკიდებულებაა. რა ვქნა, ნაკლებად მჯერა ადამიანების, რომლებიც წვრილმანებით მაქსიმალური სიამოვნების მიღებას არ ცდილობენ. მოკლედ, გადავწყვიტე ფილიპ დელერმის ჩემი საყვარელი ობივატელური ჩანახატი მეთარგმნა. ეს ლიტერატურული თარგმანის ჩემი პირველი, უპრეტენზიო მცდელობაა, ამიტომ კრიტიკას ნუ დაიწყებთ, უბრალოდ წაიკითხეთ, თუ იზიარებთ ცხოვრების ჩემეულ ესთეტიკას. კიდევ ერთი, ის თარგმნილია არა მხოლოდ ფრანგულიდან, რუსულიდანაც. ამ ენაზე ისე ბრწყინვალედ ითარგმნა, რომ მომენტებში ორიგინალს ჯობს კიდეც. ჰოდა, ცდუნებას ვერ გავუძელი და ეს მომენტები რუსულიდან მოვიპარე.

კრუასანი ქუჩაში

გაიღვიძო ყველაზე ადრე. უჩუმრად, როგორ ინდიელმა, ჩაიცვა, გახვიდე გარეთ. მესაათის ზუსტი მოძრაობებით გააღო და მიხურო გასასვლელი კარი შენს უკან. არის! ქუჩაში დილაა, ლურჯი, ვარდისფერი არშიით - შეხამება უხამსი იქნებოდა, რომ არა სტერილური სიცივე. ყველა ამოსუნთქვაზე პირიდან ორთქლი ამოდის. თავისუფლად, მსუბუქად გრძნობ თავს ქუჩაში გამთენიისას და კარგიც კია, რომ საცხობამდე ფეხით გავლაა საჭირო. თითოეული ნაბიჯი - დღესასწაულია. მიაბიჯებ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, კერუაკივით, შენ ყველას და ყველაფერი დაასწარი. საკუთარ თავს იჭერ იმაში, რომ ტროტუარის კიდეზე მიაბიჯებ, როგორც ბავშვობაში, როცა ყველაზე საინტერესო ყოველთვის კიდეზე სიარული იყო. შენ ჩუმად გამოსტაცე დღეს დროის სუფთა პორცია, სანამ ყველას ეძინა.


თითქმის ყველას! აქვე სადღაც უნდა ენთოს და ათბობდეს საცხობის ვიტრინა, მართალია ნეონის შუქით, თუმცა თავად სითბოზე ფიქრი აძლევს მას ქარვის თბილ ფერს. რომ მიუახლოვდები, შუშა დაორთქლილი უნდა იყოს, მცხობელმა კი ის გულღია სალამი შემოგაგებოს, რომელსაც ყველაზე პირველი კლიენტებისთვის ინახავს.


- ხუთი კრუასანი და ბაგეტი, არც ძალიან დამწვარი!


ჯიხურის სიღრმიდან ამოყვინთავს მცხობელი ფქვილით მოსვრილი მაისურით და გიგზავნის მისასალმებელ ჟესტს, როგორც ამხანაგი ბრძოლის წინ. 


და აი, შენ კვლავ ქუჩაში ხარ. გრძნობ, უკანა გზა სულ სხვა საქმე იქნება. ქუჩა ისეთი ცარიელი აღარ არის, ბაგეტით ერთ ხელში და კრუასანების შეკვრით მეორეში წაუბურჟუებ. სამაგიეროდ, კრუასანი მიგაქვს. ის თბილია და რბილი. გამოდის თითქოს ზამთრის დილა იქცა კრუასანის შიგთავსად, შენ კი - ღუმელი ხარ, სახლი, თავშესაფარი. მიდიხარ უფრო ნელა, მიგაქვს შენი სინათლე ამ მონაცრისფრო-ვარდისფერ სილურჯეში. დღე მხოლოდ იწყება, საუკეთესო კი უკვე შენთანაა.



P.S. ჰო, სინამდვილეში ის ობივატელურ-ჰედონისტური ამბები შესავალი იყო.
ამასწინათ ნატალიას საკონდიტროს გახსნის იდეა დაებადა, მე და ქეითმა კი დახმარება შევთავაზეთ. იმედია, ბაბისაც შემოგვიერთდება, ხო იცით რა დესერტებს აკეთებს ხოლმე. ეს პოსტი საკონდიტროს, რომელიც დილით ძალიან ადრე გაიღება ხოლმე, პირველი რეკლამაა, მენიუში კი ნაირნაირი ტკბილეულობა, ფრანგული კრუასანები და იტალიური ნაყინი გელოდებათ. კრუასანებზე კი დელერმის ფანებს პირადად მე, კრუასანების მცხობელი, ფასდაკლებას ვთავაზობ. ეხლა ნატალიას აწეული წარბებიც დავინახე, ამიტომ წინასწარ ვაზუსტებ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ჰონორარიდან გამოიქვითება.
ვიტრინაზე კი კარგად მოაკაკუნეთ.
დილით ძილი ჩემთვის, ბურჟუა ჰედონისტისთვის ყველაზე დიდი ცდუნებაა.

Thursday, November 4, 2010

ბოჰემასა და წესრიგის ზღვარზე


ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთხოვნილებაა იყოს თავისუფალი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციუმის წევრი გახდა, ეს მოთხოვნილება მას კიდევ უფრო გაუმძაფრდა. საზოგადოებამ, მმართველობის ორგანოებმა მისთვის მართლაც უამრავი შეზღუდვა დააწესეს. გარკვეული კანონების და ქცევითი ნორმების დაცვა ხომ ნამდვილად არ არის ის, რაც თავისუფლების ფრთებს გასხამს. თუმცა საზოგადოების და ამ ორგანოების შემქმნელიც და მამოძრავებელი ძალაც ისევ და ისევ ადამიანია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავისუფლების და საკუთარი თავის შეზღუდვის მოთხოვნილება ჩვენში თანაბარი დოზითაა.
მინდა ვიყო თავისუფალი ცუდი ემოციებისგან. მინდა ვიყო თავისუფალი შიშისგან. მინდა გავთავისუფლდე თავსმოხვეული სტერეოტიპებისა და ცრურწმენებისგან. ყველაზე სასურველი მაინც ისაა, რომ თავად მეკუთვნოდეს საკუთარი დრო, აზრები, ბოლოს და ბოლოს, სურვილები.
დროს ვერაფერს მოუხერხებ - მაშინ ან ეგვიპტის პირამიდა უნდა იყო, ან პენსიაზე გასული მილიონერი. სურვილის მიუხედავად, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება მაინც მოგიწევს, რადგან დრო - ფულია, ეს უკანასკნელი კი, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მის შეზღუდვასთან ერთად, საკმაოდ დიდი დოზით თავისუფლებასაც განიჭებს. სურვილების მართვაც რთულია, თუ 21-ე საუკუნეში, პიარ ტექნოლოგიების ხანაში ცხოვრობ.
თავისუფლების პრობლემა გასულ კვირას ნამდვილ თავის ტკივილად მექცა. ჩემს ცნობიერებაში დაინგრა სარტრის მაქსიმა იმის შესახებ, რომ "ადამიანი განწირულია იყოს თავისუფალი". გადავწყვიტე, აუცილებლად მომეძებნა პრობლემისადმი ახალი მიდგომა, თუმცა ეს არ გამომივიდა, რადგან შთაგონების წყარო გასული საუკუნის დიდი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედებაში აღმოვაჩინე.

Thursday, September 30, 2010

მე სკოლაში მივდივარ


ჰო, სკოლაში მინდა წასვლა. დოქტურანტურაზე ფიქრს თავი დავანებე. კარგად მახსოვს უნივერსიტეტის წლები, მერე მაგისტრატურა - ეს ყველაფერი საინტერესო, მაგრამ მაინც მოსაწყენი იყო დაუსრულებელი სემინარებით, სერიოზული სახეებით, კოლოქვიუმებით, თავისუფალი დრეს-კოდით. საკონტროლოების წერა მომენატრა, მასწავლებლის ზურგს უკან ჩუმად ამოფარება და ჟურნალში ფარულად ჩახედვა, გემრიელი ღვეზელები შესვენებაზე და "შატალოები".

Saturday, August 28, 2010

ლურსმანა, ჩემი უნიფორმისტი...

იცი, როგორ გადაიყვანო ყირაზე ჟანდარმები, რომლებსაც გული არ აქვთ? ბანანის ქერქი უნდა შეუგდო ფეხებში.

ისიც ხო იცი, რომ არსებობენ ტანკები, რომლებსაც, სასტიკი ჟანდარმებისგან განსხვავებით, ეს ორგანო გაააჩნიათ. ამდენი თუ გახსოვს, ისიც გემახსოვრება, რომ ბიძიები დაგრეხილი ულვაშებით ბოროტი სულები არიან, მეგობრის გამო დაღვრილ ცრემლებს ძალიან მწარე გემო აქვთ და თუ ასფალტზე დააფრქვევ, ბრილიანტებად იქცევიან იმისთვის, რომ მერე ის მეგობარი შენს კვალს გამოჰყვეს.



თუ არ იცი და თავს არც ათი წლის ადამიანად გრძნობ, მაშინ ვერც ვერასდროს გაიგებ. იმიტომ, რომ ამისთანა რამეების გაგება დიდებისთვის არ შეიძლება. მაგათ უკვე იციან ჟანდარმი ვინ არის, რატომ დადის ხალხი ლომბარდში და კიდევ ის, რომ პროკურორებისთვის სულ ერთია, ვინ ჩაჯდება ციხეში, ოღონდ გასასამართლებელი იყოს ვინმე. ეე...მართალია, დიდებს რაღაცები არ ახსოვთ, მაგალითად ის, რომ ყველა ბავშვს უნდა იყოს ლამაზი, ან კიდევ ის, რომ მანქანები სიცოცხლის გასანადგურებლად კი არა, იმისთვის უნდა შევქმნათ, რომ ხალხს სარგებლობა მოუტანონ. მაგრამ მაგის გასახსენებლად ეს წიგნი აღარ გამოდგება. აქამდე თუ ვერ გაიგეს, გამოსავალი ერთია - პომიდორი ესროლო თავში. მოფარებულიდან ჯობია, სახეს კარგად ვერ გაარჩევენ და დასჯასაც გადაურჩები. სანამ თვალებიდან პომიდორს მოიშორებენ და პატრულს მოძებნიან, სამშვიდობოზე კი არა, იმის იქით იქნები



ისეც, ეს ინსპექტორები თავიანთი ცხვირების იქით მაინც ვერაფერს ხედავენ..


კარგი ჰო, ასეთი ძუნწიც კი არ ვარ :)

კიდევ ერთი ოქროს გულიანი ბიჭის პოსტი ლურსმანაზე :)  http://nextdreamhacker.blogspot.com/2010/03/blog-post_03.html

Friday, July 16, 2010

ჩაალაგე ჩემოდანი გრძელი უიკენდისთვის


ყველა ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება, როდის მოვა შვებულების თუ არდადაგების დრო, რომ დამსახურებულად დაისვენოს და მოწყდეს ყოველდღიურ პრობლემებს.
ჩემი აზრით, შვებულების მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ საშუალება გეძლევა დროებით რუტინას მოწყდე და აბსოლუტურად შეცვალო ცხოვრების სტილი, ასევე დაივიწყო ვალდებულებები. არის მხოლოდ ერთი რამ, რასაც გვერდს ვერ აუვლი - მოდა. ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, იყო ე.წ. fashionista - ჩემოდანის ჩალაგებისას მაინც მოგიწევთ დაფიქრდეთ საკურორტო მოდის მთავარ ტენდენციებზე. ეს აუცილებელია მაშინაც, თუ ქალაქიდან გასვლას არ აპირებთ, რადგან ზაფხულის ცხელ ამინდში საქმიან, ყოველდღიურ ჩაცმულობაში კორექტივების შეტანა მაინც აუცილებელი საქმეა.
საკურორტო მოდაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ის მაქსიმალურად მოსახერხებელია. როგორც თავის დროზე კოკო შანელმა თქვა: "ფუფუნება კომფორტული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ის არ არის ფუფუნება". საკურორტო კოლექციები ძირითადად ეხმიანება ხოლმე ამ სიტყვებს და არც წლევანდელი არ არის გამონაკლისი.

Friday, July 2, 2010

უიკენდი იტალიურად, Carpe Diem!


რა საჭიროა სულ სადღაც მიიჩქაროდე, როცა ცა ასეთი ლურჯია, დღე ასეთი ნათელი და მზეც ასე მხიარულად დაგვნათის თავზე?
ასეთია ტიპური იტალიური ლოგიკა. არ იფიქროთ, რომ იტალიელები ამის გამო არაპუნქტუალურები არიან, ეს უბრალოდ carpe diem-ის ფილოსოფიაა. ეს შესანიშნავი ლათინური გამონათქვამი ქართულად ითარგმნება, როგორც "დაიჭირე დღე" და არის ერთგვარი მოწოდება, რომ ყოველ დღე იცხოვრო სიამოვნებით, ყველაფერში ეძებო დადებითი ემოციები და უბრალოდ, დატკბე ცხოვრებით, რადგან არასოდეს იცი, რა იქნება ხვალ. მშვენიერი ცხოვრებისეული კრედოა და ღირს, სულ ცოტა, უქმეებზე მაინც მოირგო.

Friday, June 18, 2010

ამბოხი ფრანგულ სტილში


ამ ცნობილმა ფრანგმა თავის წიგნში დაწერა, ყველა ადამიანს სჭირდება ჰობი, რომ სტრესს შეებრძოლოს, თუმცა სინამდვილეში ხალხს ეს იმისთვის უნდა, რომ როგორმე ჭკუიდან არ გადავიდეს და ცოცხალი გადარჩესო. ჰობის ამგვარ დანიშნულებაზე არასოდეს დავფიქრებულვარ.
არც კი ვიცი, მაქვს თუ არა ჰობი. ჩემი საყვარელი საქმიანობა ბრისტოლ საუნდის მოსმენა, საყვარელი ავტორების კითხვა და ლაშქრობაში სიარულია. ამ რაღაცეებს თუ არ გავაკეთებ, გადავალ თუ არა ჭკუიდან? არც ეს ვიცი და არც მინდა უახლოეს მომავალში მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება. ამ ფრანგს, რომლის სახელიც ფრედერიკ ბეგბედერია, უყვარს წერა, საპირისპირო სქესი, მოგზაურობა... კიდევ ერთი საინტერესო ჰობი ჰქონდა - ნარკოტიკებით კაიფი, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, შეეშვა. აი რას წერს ის ერთ-ერთ თავის წიგნში: "ექსტაზი ძვირად გვისვამს ქიმიური სიხარულის რამდენიმე წუთს. წინ გადაგვიშლის უკეთეს სამყაროს, საზოგადოებას, სადაც ყველა ხელიხელჩაკიდებულია და თავს მარტოდ აღარ ვგრძნობთ; დაგვაწყებინებს ოცნებას ახალ ერაზე, რომელშიც არ იქნება არისტოტელეს ლოგიკა, ევკლიდეს გეომეტრია, კარტეზიული მეთოდი და ფრიდმანის ეკონომიკა. ცალი თვალით შეგვახედებს და მერე, ხელის ერთი მოქნევით, გაუფრთხილებლად, კარს ცხვირწინ მოგვიჯახუნებს."

Friday, June 4, 2010

მოდური ლიტერატურის მონოპოლია ქართულ ბაზარზე






ჩვენ მათ ყოველდღე, ყოველ წელს ვხედავთ წიგნის მაღაზიის ვიტრინებში.
საზღვარგარეთ, როგორ წესი, მათთვის ცალკე, საპატიო თაროა გამოყოფილი წარწერით "ბესტსელერი", ჩვენთან კი - მთლიანი მაღაზია. ყველა დამეთანხმება, რომ ქართველები უფრო მომგებიან მდგომარეობაში ვართ - უბრალოდ ვერ შეგვაწუხებს კითხვა "რა წავიკითხოთ?", რადგან არჩევანი, ჩვენს მაგივრად, უკვე სხვებმა (აქაურმა გამომცემლობებმა თუ წიგნის შემომტანებმა) გააკეთეს. ან იქნებ, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი და წიგნის ბაზარიც "მოთხოვნა - მიწოდების" პრინციპით მუშაობს?
ერთფეროვნება ყველაზე მეტად წიგნის ფესტივალზეა თვალშისაცემი. დადიხარ სხვადასხვა წიგნის გამომცემლობების სტენდებს შორის, თვალში კი, ძირითადად, ერთი და იგივე ავტორები გხვდება. უცნაურია, მაგრამ ეს ეხება არა მარტო ქართულ თარგმანებს, არამედ რუსულ და ინგლისურ წიგნებსაც - ყველა ენაზე ზიუსკინდი, აკუნინი, ჰამსუნი, მარკესი, კოელიო... თუ რომელიმე ავტორი ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, ეს ფაქტი საზოგადოებაში არც აღნიშნოთ, რადგან ან ვერ გაგიგებენ, ან სულაც დაცინვის ობიექტი გახდებით. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ლიტერატურულ მისწრაფებებს, გემოვნებას ან ბოლოსდაბოლოს, განათლების დონეს - ეს ავტორები უნდა წაიკითხოთ და მორჩა. თუ წაიკითხავ, მასობრივი გემოვნების ძალადობის მსხვერპლი ხარ, თუ არა - პერსონა ნონ გრატა არამხოლოდ ლიტერატურულ, ჩვეულებრივ, სამეგობრო წრეშიც. არჩევანი, ისევ და ისევ, მცირეა.
ბოლო ხანებში მოდური ლიტერატურა ჩვენში ზედმეტად მოდური და კულტურულობისა და კარგი ტონის ინდიკატორი გახდა. საკმარისია სადმე აღნიშნო, რომ ზიუსკინდის რომელიმე ნაწარმოებს კითხულობ, რამდენიმე ადამიანი აუცილებლად აღნიშნავს მოწონებით - "კარგია, ზიუსკინდი მოდურია". თუ რჩევას იკითხავ, გეტყვიან: "ამ გაზაფხულზე დენ ბრაუნს კითხულობენ". რას ნიშნავს ამ გაზაფხულზე? რომ ზაფხულში აღარ უნდა წაიკითხო? ალბათ ასეა, რადგან შემდეგ სეზონზე ახალი ბესტსელერი გამოვა და წინა მოძველდება, შესაბამისად აქტუალურობასაც დაკარგავს. ამიტომ ჩვენში წიგნმა გლამურული მაკულატურის ფუნქცია შეიძინა, მიუხედავად თავისი ჭეშმარიტი ღირებულებისა. ამ უკანასკნელის განსაზღვრა ერთბაშად ცოტა რთულია, რადგან წიგნი ხომ ღვინოს ჰგავს - მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ შეგიძლია დანამდვილებით თქვა, კარგი და ფასეულია თუ არა, მაგრამ ამას ვერ დაადგენ, თუ წიგნს მოდურ ნივთად აქცევ და მაშინვე უკანა თაროზე მოისვრი, როგორც კი მასზე ლაპარაკს შეწყვეტენ.
Photobucket