Thursday, September 30, 2010

მე სკოლაში მივდივარ


ჰო, სკოლაში მინდა წასვლა. დოქტურანტურაზე ფიქრს თავი დავანებე. კარგად მახსოვს უნივერსიტეტის წლები, მერე მაგისტრატურა - ეს ყველაფერი საინტერესო, მაგრამ მაინც მოსაწყენი იყო დაუსრულებელი სემინარებით, სერიოზული სახეებით, კოლოქვიუმებით, თავისუფალი დრეს-კოდით. საკონტროლოების წერა მომენატრა, მასწავლებლის ზურგს უკან ჩუმად ამოფარება და ჟურნალში ფარულად ჩახედვა, გემრიელი ღვეზელები შესვენებაზე და "შატალოები".

ვიცი, საშუალო სკოლებში ჩემი ასაკის ადამიანებს, თანაც მაგისტრის ხარისხით არ იღებენ, მაგრამ წინ ვერაფერი დამიდგება, ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონზე მაინც. ამჯერად კი ჩემს ჩაცმულობაზე მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები იზრუნებენ. უცნაურია, მაგრამ ისინი რამდენიმე თვის წინ წინასწარ მიხვდნენ ჩემს განწყობას და თავიანთ საშემოდგომო კოლექციებში დიდი რაოდენობით წარმოადგინეს სასკოლო სტილის ტანსაცმელი, რომელიც ჩემსავით დიდ გოგოებსაც ისევე მოუხდებათ, როგორც მოსწავლეებს.
ე.წ. შპარგალკა არასოდეს გამომიყენებია. ერთხელ დავიწყე წერა და სანამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი, მივხვდი, დახარჯული დრო თავისუფლად ეყოფოდა იმის სწავლას, წვრილი ასოებით წვალებით რაც დავწერე ფურცლის პატარა ნაგლეჯზე. წელს გადავწყვიტე ამ ჩვეულებას ვუღალატო და პატარა შპარგალკა გავაკეთო, ოღონდ მას იმისთვის გამოვიყენებ, რომ ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე დიდხანს ფიქრი არ მოვანდომო იმას, თუ რას ჩავიცვამ. ასე არც დავიგვიანებ და საუზმისთვისაც დრო დამრჩება. ბოროტი არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომ შპარგალკიდან თქვენც გადაგაწერინებთ, თან უფლებას გაძლევთ შინაარსი არ შეცვალოთ. გული მიგრძნობს, ერთი და იმავე სტილის არჩევისთვის ამ შემოდგომაზე არავინ დაგვსჯის.
სანამ ჯერ კიდევ დროა, ჩაცმულობის გარდა წინასწარ ბევრი რამე მაქვს მოსაფიქრებელი. პირველ რიგში, ახალი სიმღერები მჭირდება, რომლებსაც ჩუმად მოვუსმენ ქიმიის გაკვეთილებზე (ეს საგანი არასოდეს მაინტერესებდა). წინასწარ არის მოსაძებნი კლასგარეშე ლიტერატურა, რომელსაც თავისუფალ უიკენდზე წავიკითხავ ხოლმე. მოვძებნო სუნამო, რომელიც მთელ კლასს თავს არ აატკიებს, ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც მავიწყდება... ფურცელი, რომელზეც ამ ყველაფერს კომპაქტურად და იოლად გასარჩევი კალიგრაფიით დავწერ.
სამოსი:
წელს ბევრი დიზაინერი შეეცადა სკოლის სტილში ტანსაცმლის შექმნას, ყველაზე ტრადიციულად კი ეს DKNY-ს გამოუვიდა. მისი შთაგონების წყარო 60-იანი წლები იყო, შესაბამისად მის კოლექციაში არის წინდები და მოკლე, პლისირებული კაბები ნაცრისფერ და ქვიშისფერ ტონალობებში. ამ კოლექციის ფავორიტი შოტლანდიური პრინტია, ისევე როგორც Miu Miu-სთან, რომლის შემოქმედებაც უფრო მომეწონა გაცილებით თანამედროვე და ელეგანტური დიზაინის გამო. მის სარეკლამო კამპანიაში საკმაოდ პომპეზურ სტილს შეხვდებით, ძალიან ლამაზ, წელში გამოყვანილ პალტოებს და ყვავილებით გაფორმებულ კაბებს.
დემოკრატიული მაღაზიებიდან აღნიშვნის ღირსია Forever 21, რომელმაც ახალ კოლექციაში ჰიპსტერის დახვეწილი სტილი წარმოადგინა. მაღალყელიანი წინდები, კუბოკრული პერანგები - რამდენადაც მოწესრიგებულია მისი გოგო სკოლაში, იმდენად თავისუფალია მის კედლებს გარეთ. ამაში მას ეხმარება მაისურები თამამი ნახატებით, ბოიფრენდის სტილის ჯემპერები, ზომაზე დიდი პერანგები. მთელი თავისი პროტესტის მიუხედავად, ის მაინც სკოლის ბეჯით მოსწავლედ რჩება დიდი ზომის ოპტუკური სათვალეების წყალობით, რომელიც ამ სეზონზე კოლექციის ფავორიტი აქსესუარია.
სეზონის კლასიკური ჩაცმულობა: Miu Miu-ს მოდელი ცისფერ შოტლანდიურ კაბაში, თეთრ პერანგსა და ლურჯ ჯემპერში. შესაფერისი აქსესუარი: Proenza Schouler -ის ასევე ლურჯი ფერის PS 1 ჩანთა.
დიზაინერები, რომელთა კოლექციები სასკოლო ტენდენციებით ხასიათდება: Miu Miu, Cynthia Steffe, Rag&Bone, DKNY, Tommy Hilfiger, Proenza Schouler.



სუნამო:
სურნელი, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება სკოლის სტილის ტანსაცმელს, იქნება ახალგაზრდული, მსუბუქი და თანაც ახალი პროდუქტი... მისი პოვნა იოლი არ ყოფილა. გამოსავალი ემილიო პუჩისთან ვნახე - Miss Pucci, 2010 წლის და სამი პარფიუმერის ქმნილება. კომპოზიცია ციტრუსის არომატით იხსნება, შემდეგ კი თან მოაქვს ჟასმინის, ფორთოხლის ყვავილისა და ვარდის ნაზი სურნელი. საბაზისო ნოტები უფრო თბილია: ფლორენციული ზამბახი, კედრი, მუშკი. კარგი არჩევანია ახალგაზრდებისთვის, ვინც მსუბუქ ყვავილოვან არომატს ანიჭებს უპირატესობას. ციტრუსი განწყობასაც ამაღლებს და გვიანი შემოდგომის სურნელს გვახსენებს. თუმცა Miss Pucci თბილი ამინდის სუნამოა, ამიტომ ამ ყვავილოვანი სურნელით თავის განებივრება მანამ უნდა მოვასწროთ, სანამ პირველ სიცივეებს დაიჭერდეს.
კლასგარეშე ლიტერატურა:
რა არის ცუდი იმაში, თუ გიყვარს წიგნების კითხვა, მარკების შეგროვება და ხარ ვეგეტარიანელი? ასეთი ინტელექტუალი შვილით ნებისმიერი მშობელი იამაყებდა, მაგრამ ჰერიბერტის მამა ლომია, რომელსაც მიაჩნია, რომ თავისნაირები აუცილებლად სისხლიან ხორცს უნდა მიირთმევდნენ, ბიბლიოთეკაში წიგნების კითხვის ნაცვლად კი - ნადირობდნენ. პატარა ჰერიბერტის მამამ ის კი ვეღარ გაითვალისწინა, რომ შვილები ყოველთვის მშობლებს არ ემსგავსებიან. რომელი მხარე გაიმარჯვებს "მამათა და შვილთა" ბრძოლაში, ამას გერმანელი მწერლის, ჰანს ციპერტის (Hans Zippert) გონებამახვილურ ზღაპარში "როგორ გახდე ნამდვილი ლომი" შეიტყობთ. წიგნი ჯერ ქართულად არ არის ნათარგმნი, თუმცა შესაძლებელია მისი შეძენა ინტერნეტში რუსულ ენაზე და რა თქმა უნდა, ორიგინალშიც.
მუსიკა:
Klaxons - Surfing The Void - ანცმა კლაქსონებმა აგვისტოში კიდევ ერთი ალბომი გამოუშვეს. ეს სწორედ ის მუსიკაა, რომელიც მაიძულებდა სკოლის ცხოვრებისთვის გულგრილად შემეხედა, მეორე სართულის მილს ჩავყოლოდი და თუნდაც მარტო გავპარულიყავი შატალოზე, გამეხადა მოსწავლის ფორმა და ჰიპსტერის ანთებული გულით და მშიერი კუჭით გავქცეულიყავი საკონდიტროში. არა, იმიტომ არა, რომ ალბომია დამტკბარი, პირიქით, სწორედ იმიტომ, რომ ის მცირე რაოდენობის შაქარიც დააკლდა, რაც ადრე კლაქსონებს ჰქონდათ. Psychedelic / Progressive / Pop - ასე განმარტავდნენ უწინ საკუთარ სტილს მაისფეისის გვერდზე. ცოტა ფსიქოდელია დარჩა, დრაივიც იგივეა, შესამჩნევი პროგრესიც სახეზეა.
კლაქსონებმა ახალი ალბომისთვის ცოტა დაამძიმეს მუსიკა, ამასთან უფრო ექსპერიმენტული გახადეს. სხვანაირად არც შეიძლებოდა, კრებულის მთავარი შთაგონების წყარო ხომ მაიას კულტურა, მათი წინასწარმეტყველებანი და ზოგადად, სამყაროს დასასრული იყო. დაივიწყეთ 2012, იცხოვრეთ ისე, თითქოს მომავალში იყოთ, აპოკალიფსი უკვე მოხდა. კლაქსონებისთვის ეს განვლილი დროა, ისინი პოსტაპოკალიფსური უდაბნოდან გვიმღერიან სამყაროს დასასრულზე, როგორც მოგონებაზე. სინამდვილეში კი ისინი ისევ ის ენერგიული ბიჭები არიან, It’s not over yet-ს და Golden Skans-ს რომ მღეროდნენ, უბრალოდ დისკო-პანკს მეტი როკი დაამატეს და ამას სიცარიელეზე ცურვა დაარქვეს.
ფავორიტი კომპოზიციები ახალი ალბომიდან: Echoes, Extra Astronomical, Surfing The Void.
სხვა ახალი სიმღერები, რომლებიც ფლეილისთში შევა: Matthew Dear - Little People (Black City), Best Coast - Boyfriend, Ac Acoustics ft Brian Molko - Crush.


სამოსი, მუსიკა, საკითხავი, სანახავი და ა.შ.
რა გახდება შთაგონების მთავარი წყარო და სად შეგვეძლება ამ ყველაფრის ერთად ნახვა? რა თქმა უნდა, ყველაზე მოდურ ახალგაზრდულ სატელევიზიო დრამაში Gossip Girl. სესილი ფონ ციგეზარის წიგნის ეკრანიზაცია 2007 წელს დაიწყო CW არხზე. ნიუ-იორკის ელიტარული ოჯახის შვილების ცხოვრებისა და ჩაცმის სტილი მალევე გახდა მისაბაძი მათი თანატოლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სერიალის მეოთხე სეზონი პარიზული ვოიაჟითა და შესაბამისად, ყველაზე მოდური სამოსის "დეფილეთი" 13 სექტემბერს გაიხსნა. მართალია, სერენას და ბლერის ახალი სამოსი ზედმეტად მდიდრულია ყველაზე ელიტარული სკოლის მოსწავლისა და იელის სტუდენტისთვისაც კი, მაგრამ ის, რაც ამ შემთხვევაში გვჭირდება, შეიძლება დიდი რაოდენობით ვნახოთ სერიალის პირველ სეზონში - წინდები, მოკლე სასკოლო კაბები და ბლერის ცნობილი თმაზე გასაკეთებელი აქსესუარებიც.
ჩაცმულობის გარდა ამ დრამაში ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი მუსიკალური გაფორმება. აქ ყოველთვის ჟღერს ის, რასაც ქმნიან დასავლელ ახალგაზრდებში პოპულარული შემსრულებლები - LCD Soundsystem, The Virgins, Anya Marina, Does it offend you, yeah?, Washington Social Club, The Kills...
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ეს ყველაფერი თავს მოგვაბეზრებს? საკმარისია იმის გახსენება, თუ რა არის სკოლაში სიარულის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გარემოება - ყოველთვის შეგიძლია მოიმიზეზო კბილის ტკივილი და წასვლას თავი აარიდო. თუმცა წელს ამის საბაბს ვერ ვხედავ - გასართობის არჩევანი დიდია, შპარგალკაც გამზადებული, მთავარია არავინ წაგვასწროს, როცა მას რვეულის ქვეშ ამოვიდებთ...

17 comments:

  1. უი... რამდენი მოგისწრია.

    სკოლაში მისაბრუნებელი აბა მე ვყოფილვარ, მაგისტრატურიდან გამოგდებული :(

    ReplyDelete
  2. მიგაბრუნებდი, მაგრამ ჩასაცმელი რომ არაფერი გექნება :)

    ReplyDelete
  3. წერის სტილს რომ თავი დავანებოთ, ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს. Echoes მომეწონა.

    ReplyDelete
  4. მარია, ძალიან მიხარია ასეთი შეფასება :*

    ReplyDelete
  5. აი ეს სასწავლო წელი ჩავიარო და მეც მაგისტრის დიპლომი მექნება. ხოდა მეც შემეძლება სკოლაში მისვლა.
    ტანსაცმელი მაქვს რაღაც-რაღაცეები, პლუს მუსიკა და ლიტერატურებიც შერჩეული. კარგი აზრია. :D

    ReplyDelete
  6. სკოლა იმდენად მძულდა, რომ...
    მარა აი ესეთ სკოლაში კი ვივლიდი თავიდან. ”მიუ-მიუს” კოლექცია ფანტასტიკურია მოსწავლეებისთვის;))

    ReplyDelete
  7. Kate,
    ხოო სკოლაში მარტო მაგისტრებს უშვებენ :D:D

    როდე,
    თავის დროზე არც მე ვგიჟდებოდი, სიბერეში ნოსტალგია იცისო რო ამბობენ ეგაა :D :miumiu:

    ReplyDelete
  8. ხოდა ანუ შეგვიძლია :D :D :D

    ReplyDelete
  9. რა კარგი წერილია ესაც!
    წავიდე, ჩაი დავისხა, ისევ დავბრუნდე... დამიგროვდა წასაკითხი :)

    ჩანთა მომეწონა და სუნამოს დაყნოსვა მომინდა :) ისეთი შემადგენლობა აქვს, უმეტესად ყველა კომპონენტი რომ მომწონს ცალ–ცალკე და საინტერესოა ერთად :)

    ReplyDelete
  10. ცივ ამინდში არ გესიამოვნება :) თუ დათბა, პუჩი მერე გასინჯე )
    ჭიქა ჩაიზე თუ კითხულობ ჩემს სტატიებს, მიხარია, მართლა :) ეს ალბათ ყველაზე სასიამოვნოა, რაც ჯერჯერობით უთქვამთ ჩემ წერილებთან დაკავშირებით)))))

    ReplyDelete
  11. კი, შენი პოსტები მართლა ძალიან საინტერესოა.

    ReplyDelete
  12. ასე ვიზამ – სუნამოსთან დაკავშირებით :)

    კი, ნამდვილად ასე იყო და სასიამოვნოა შენი სიტყვების წაკითხვა :)

    ReplyDelete
  13. სკოლის პერიოდი ყველაზე ტკბილია ჩემთვის,კლასის მეგობრები - ყველაზე საყვარლები. ჰოდა,აღმოვაჩინე,რომ ამ პოსტისაგან დამოუკიდებლად მიყიდია გრძელი წინდები,შოტლანდიური ქვედაბოლოები და კუბოკრული პერანგები. და ეს პოსტი რომ წავიკითხე,ახლა მივხვდი,თურმე სკოლაში ვბრუნდები :)

    ძალიან საინტერესო იყო,დიდი სიამოვნებით წავიკითხე

    ReplyDelete
  14. Keti, :*

    mariefille,

    გმადლობ:)რა კარგი ინტუიცია გქონია მოდასთან დაკავშირებით :))

    ReplyDelete
  15. წერის მანერა და კლაქსონი მომეწონა! ორივე ძალიან! მადლობა!

    ReplyDelete