Monday, October 4, 2010

არომატი: პერსონიფიცირების ისტორია




ივ სენ ლორანმა ერთხელ თქვა, რომ ფიზიკურ ტკივილს ანიჭებდა მოდის მსხვერპლად ქცეული ადამიანის დანახვა. დაახლოებით მსგავსი შეგრძნება მაქვს, როდესაც პარფიუმის მოდის მსხვერპლ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. ასეთები კი ხშირად მხვდებიან, რადგან სეზონის ჰიტ სუნამოს შეუძლია მთლიან ქალაქს თავისი სურნელი მისცეს. თბილისში თავის დროზე მსგავსი რამ მოხდა დიორის Jadore - თან მიმართებაში - ყოველ მეორე ქალს მისი შლეიფი მიჰყვებოდა. გასულ წელს ჩვენი დედაქალაქი მუშკის, ფორთოხლის ყვავილის, ამბრის სურნელით გაიჟღინთა. ალბათ მიხვდით, ეს ნარცისო როდრიგესის ცნობილი სუნამოს, Narciso Rodriguez For Her დამსახურება გახლდათ. სადაც უნდა შესულიყავი, თითქმის ყველა დაწესებულებაში დომინანტი სწორედ ეს სურნელი იყო. გულახდილად რომ ვთქვა, ეს არ არის საყვედური, რადგან თავადაც არ ვარ გულგრილი როდრიგესის ქმნილების მიმართ. ან სასაყვედუროც რა არის, როდესაც დახურულ სივრცეში ერთმანეთს ათეულობით სურნელი კი არ ერევა, არამედ მხოლოდ ერთი - ეს ხომ ნაკლები თავის ტკივილია.

არც ისე დიდი ხნის წინ, როდესაც თბილისის ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი და უძილო ღამის შემდეგ მოთმინებით ველოდებოდი ჩემს ესპრესოს, ზემოთ ნახსენები სუნამოს მძაფრი სურნელი ვიგრძენი. აგვისტოში - ვანილი, ამბრი, ეგვიპტური მუშკი და... ვეტივერი! პარფიუმერები ამ ინგრედიენტებს სუნამოში იმისთვის იყენებენ, რომ ის უფრო თბილი და ინტენსიური გახადონ. მძაფრი სურნელი კი, შორიდანვე რომ გათბობს, ხომ სწორედ ისაა, რაც ასე გჭირდება აგვისტოს მსუსხავ ამინდში, როდესაც თბილისში მზის ნაკლებობას ასე განიცდი.
სურნელი მეზობელი მაგიდიდან მოდიოდა, სადაც ერთი წუთის წინ გოგონა დაჯდა, 17-18 წლის, გაცვეთილ მოკლე ჯინსებსა და კედებში გამოწყობილი. ასე მივიღე უფასოდ ტონუსის ამწევი საშუალება, თუმცა მაინც გადავწყვიტე ჩემს ფინჯან ყავას დავლოდებოდი და კედებისა და ნარცისოს სინთეზზე ჩავფიქრდი.
არ გაღელვებდეს სუნამოს ხასიათის ამინდთან შესაბამისობა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ტონია. თუმცა ყველაზე სამწუხარო, რაც შეიძლება სუნამოს არჩევისას შეგემთხვეს, მაინც ისაა, რომ საკუთარი სტილი და ასაკი არ გაითვალისწინო. სუნამოები, რომლებსაც როდრიგესი ქმნის, არის პრეზენტაბელური ქალებისთვის ოდნავ აგრესიული სექსუალურობის გამოსახატავად და არა თინეიჯერებისთვის, რომლებიც თავიანთი ასაკის შესაბამისად იცვამენ. მოკლედ, ეკლექტიკა ის სიტყვა არაა, რომელიც პარფიუმერიის სამყაროში სასიამოვნოდ ჟღერს, რადგან სუნამოთი ხაზს საკუთარ ეგოს და სტილს უსვამ, ამ უკანასკნელის გამოყენების იდეა კი იმისათვის, რომ ხასიათს არარსებული შტრიხი შესძინო, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის.

და მაინც, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი - გქონდეს სუნამო, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის შენს ხასიათს, სტილს, გარეგნობას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გადავწყვიტე, პარფიუმერიის სამზარეულოში შემეხედა და თვალი მედევნებინა იმ მნიშვნელოვანი პროცესებისთვის, რომელთა შედეგადაც საბოლოო პროდუქტი იქმნება. მთავარი, რაც აღმოვაჩინე, არის ის, რომ როგორც მწერლები ქმნიან გარკვეული ხასიათის პერსონაჟებს, ასევე პარფიუმერები იგონებენ არომატებს, რომლებსაც თავიანთი ინდივიდუალური "სახე" გააჩნიათ. ეს ძალიან ჰგავს პრეტ-ა-პორტეს კოლექციის შექმნის პროცესს - თავდაპირველად ირჩევ თემას, რომელიც შემდეგ განსხეულებას ტანსაცმელსა და აქსესუარებში ჰპოვებს. სწორედ ასე ხდება სუნამოების შემთხვევაშიც - მარკეტინგის სამსახური წინასწარ საგულდაგულოდ ხატავს პოტენციური მომხმარებლის პორტრეტს - რა აცვია, სად მუშაობს, რა სურვილები და იდეები აქვს, როგორი ტემპერამენტი და ა.შ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სუნამოს შეკვეთა პარფიუმერისთვის. ამიტომ სურნელი, რომელიც იქმნება რესპექტაბელური, ბალზაკის ასაკის ქალისთვის, არ მოუხდება თინეიჯერ გოგონას და პირიქით. გახსოვთ არტურ ჰილერის 1989 წელს გადაღებული "ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის"? პრაიორის გმირი, მიუხედავად იმისა, რომ უსინათლოა, ამოიცნობს ივში საბედისწერო ქალს გერლენის "შალიმარის" სურნელით. რა თქმა უნდა, 80-იანების დასასრულისთვის უკვე შექმნილი იყო უამრავი სხვა, გაცილებით თანამედროვე ხასიათის სუნამო, მაგრამ ამ შემთხვევაში შალიმარზე გაკეთდა არჩევანი, არომატზე, რომელიც 1925 წლიდან მოყოლებული, აღმოსავლური ფუფუნებისა და საბედისწერო ლამაზმანის, მუმთაზ მაჰალის ისტორიას გვიყვება. ასე რომ, როგორც ერთ-ერთი მოდის ვებსაიტის ე.წ. "ბიუთი" - რედაქტორმა მითხრა, სუნამოს არჩევის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია დაფიქრდე იმაზე, თუ რა გაქვს საერთო იმ პიროვნებასთან, რომლისთვისაც ეს პროდუქტი შეიქმნა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მთავარი სუნამოს საკუთარ სტილთან შეხამებაა. სტილი მოიცავს ასაკის, საქმიანობის, პიროვნული თვისებების და ჩაცმულობის მანერის ფაქტორთა სინთეზს. ცნობილმა ადამიანებმა ეს იციან და იშვიათად უშვებენ შეცდომას სუნამოს შერჩევის დროს. მაგალითისთვის, მერილინ მონრო უპირატესობას შანელის N5-ს, ასევე Allure Sensuelle-ს ანიჭებდა. ორივე სუნამო ისეთივეა, როგორიც თავად მონრო - კლასიკური, მგრძნობიარე, ასი პროცენტით ქალური. ნაზ გვინეტ პელტროუს ასევე რბილი და რომანტიკული Dior J'adore მოსწონს. ნარცისო როდრიგესის მამაკაცურ ვერსიას ხმარობს ბრედ პიტი, რაც მშვენივრად ერწყმის მის ელეგანტურ ჩაცმულობას. ლინდსი ლოჰანი ახალგაზრდულ და სიცოცხლისმოყვარე ნატურას DKNY Be Delicious-ით უსვამს ხაზს, რომლის ციტრუსისა და მწვანე ვაშლის ნოტები უადგილო იქნებოდა კარლა ბრუნის სხეულზე. ამ უკანასკნელის საყვარელი სუნამო არის გერლენის 1933 წელს გამოშვებული Vol de Nuit, თბილი, დახვეწილი და კლასიკური სტილის, ისეთივე როგორიც საფრანგეთის პირველი ლედია.
კიდევ ერთი წესი, რომელიც, ვფიქრობ ყველამ იცის, სუნამოს ტიპის გათვალისწინებაში მდგომარეობს. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს იმას, თუ წელიწადის რომელ დროს, როგორ ამინდში შეიძლება მისი ხმარება. ყვავილოვანი სუნამოები გაზაფხულს უხდება, ოკეანის ან ხილის რბილი სურნელი - ზაფხულს, ხის მერქნის, ვანილის, აღმოსავლური არომატი კი ცივი ამინდის შესაფერისია. სუნამოს კომპონენტებისა და ამინდთან და სხვადასხვა სიტუაციასთან შესაბამისობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ საიტზე: www.fragrantica.com, უბრალოდ უნდა მოძებნოთ ბრენდი და მის სამზარეულოში შეიხედოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აპრიორი უპირატესობის მინიჭება ცნობილი ძვირფასი ბრენდისთვის საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. სუნამოს ფასი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნაკლებად განსაზღვრავს რამდენად კარგი და საინტერესოა ის. ალბათ შეამჩნევდით - შანელი შეიძლება ხუთჯერ ძვირი ღირდეს ლოლიტა ლემპიკაზე, მაგრამ არ იყოს უკეთესი. სუნამოს ფასში ხომ ბევრი რამ შედის, მათ შორის უბრალოდ ბრენდის სახელი, რომელიც საერთო ღირებულების 30 პროცენტს და მეტსაც შეიძლება მოიცავდეს. ფასი იზრდება ორიგინალური ჭურჭლის ფორმის შემთხვევაშიც, თუმცა მისი შიგთავსი, ბუნებრივია, იგივე რჩება. ამიტომ სნობიზმი პარფიუმის არჩევის დროს ცუდი მრჩეველია. მთავარი ბრენდი კი არა, შემადგენლობაა - ნოტების სიმდიდრე ხშირ შემთხვევაში განაპირობებს სუნამოს საინტერესო ხასიათს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ სუნამოს, რომლის ბუკეტი აერთიანებს წამყვან, შიდა და საბაზისო ნოტებს და არ არის რომელიმე ორი ინგრედიენტის პრიმიტიული სინთეზი.

სუნამოს შერჩევის ბოლო ეტაპი პარფიუმის თქვენი სხეულის ქიმიასთან თავსებადობის შემოწმებას ითვალისწინებს. სანამ სუნამოს შეიძენდეთ, აუცილებლად იპკურეთ ის მაჯაზე და მხოლოდ მეორე დღეს მიაკითხეთ პარფიუმერიის მაღაზიას, რადგან სასინჯ ქაღალდს, თქვენი კანისგან განსხვავებით, არანაირი სუნი არ გააჩნია. თავის დროზე ასეთ გამოცდას ვერ გაუძლო Burberry-ს შესანიშნავმა სუნამომ The Beat, რომელიც ჩემს კანზე გაურკვეველი ხასიათის არომატად იქცა. მაღაზიის მონახულება კი დილის საათებში ჯობია, ალბათ უქმეებზე, როცა მეტი დრო გექნებათ საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ, რადგან, როგორც L'Artisan-ის პრეზიდენტი ფრანსუა დიუკოსი ამბობს: "პირველი ნაბიჯი (სუნამოს არჩევის გზაზე) საკუთარი თავის შეცნობაა. რა მინდა პირადად ჩემთვის? ნამდვილად რა მომწონს? აქ იგივე მიდგომაა, რაც ტანსაცმლის შერჩევისას - გსურს წარმოაჩინო ის, ვინც ნამდვილად ხარ".
რაც შეეხება მოდას, სჯობს გაითვალისწინოთ ზოგადი ტენდენციები და არა სეზონის ბესტსელერთა სტატისტიკა. ატარებდე სურნელს, რომელსაც ირჩევს ნახევარი ქალაქი, არც ისე საინტერესოა, თუმცა ეპოქას თავისი არომატი აქვს და მას ვერსად გაექცევი. თუ მეოცე საუკუნის პარფიუმის ისტორიას თვალს გადავავლებთ, ამაში იოლად დავრწმუნდებით არა ეპოქის, არამედ დეკადების მაგალითზე. 40-იანებში, როდესაც ქალი ნაკლებად ემანსიპირებული იყო, შესაბამისად კი უფრო ნაზი და მგრძნობიარე, ნინა რიჩის რომანტიკული სუნამო L'air du temps ნამდვილი ჰიტი გახდა. სამაგიეროდ 60-იანებმა მოიტანეს პირველი უნისექსი სურნელი - Eau Sauvage Dior. 90-იანებში, როდესაც ქალი ძალაუფლებით მამაკაცს გაუტოლდა, უნისექსის სტილმა პოპულარობის პიკს მიაღწია (გავიხსენოთ კელვინ კლაინის სუნამოები). ახალი საუკუნის დასაწყისმა კი, ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტუალურობის ფონზე, ნატურალური ხილის არომატი მოიტანა.
ყველაზე ბოლო ტენდენცია პარფიუმის სამყაროში ვარდის დაბრუნებას უკავშირდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ნატურალური კომპონენტი სურნელს მგრძნობიარობას და იდუმალებას მატებს, ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მანდილოსნებს მობეზრდათ საპირისპირო სქესის იმიჯის ტარება. ქალის საუკეთესო სუნამოები, რომლებშიც ბოლო დროს საუკეთესოდ წარმოჩინდა ნოსტალგია საკუთარი სქესის მიმართ, არის: ჯანფრანკო ფერეს Ferre Rose, დოლჩე გაბანას Rose the One, ივ სენ ლორანის Paris Roses Enchantees. ასევე შეგიძლიათ მოსინჯოთ ამ უკანასკნელის Parisienne, თუ მეგობრულად ხართ განწყობილი სინთეტიკური სუნისა და ზედმეტად ტკბილი ვარდის მიმართ. ძლიერ სქესს კი ისღა დარჩენია, მომენტით ისარგებლოს და სანამ ქალებს სინაზე არ მობეზრდებათ, მკვეთრად მამაკაცურ სურნელს მიანიჭოს უპირატესობა. მინიშნების გაკეთება ისევ ივ სენ ლორანს მივანდოთ: La Nuit de l'Homme...

9 comments:

  1. აი ერთხელ, როდესაც დავაპირებ სუნამოს შეძენას აი, ეს ყველაფერი წარმომიდგენა თვალწინ და არჩევანში არ შევცდები ;)))

    ReplyDelete
  2. მე კი როდესაც დავაპირებ შეძენას შენ გთხოვ წაყოლას და დახმარებას :)

    ReplyDelete
  3. undone
    ოო კომპლიმენტი :* ძალიან გამიხარდება თუ ეს ასე მოხდება :)

    Anonymous
    სიამოვნებით, ოღონდ დახმარება მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა პიროვნებაზე რაღაც წარმოდგენა მაინც მაქვს ;))

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი წერილია, მადლობა.
    რაღაცებს მეც ვითვალისწინებ ხოლმე – წელიწადის დროებს – მინდა თუ არა, თავისთავად. მაგალითად ვერსაჩეს სუნამო ვიყიდე ზაფხულში და ვეღარ დავისხი – კანიდან ვეღარ ვიტანდი. ამ შემოდგომით კი ისე მომწონს, რომ....
    ბრენდისა და ორიგინალური ფლაკონის გამო აწეული ფასებიც არ მაცდუნებს ხოლმე :) ერთი ეგ არის, ბევრი სუნამო არასდროს მქონია, რომ სახლიდან გამოსვლის წინ ფართო არჩევანის წინ ვიდგე , რადგან რთულად ვარჩევ სუნამოს და თან მიჩვევაც ვიცი :) თუ "იმ დღის" სუნი არ არის, სულ არ დავისხა, ის მირჩევნია :)
    თბილისში რომ სეზონის ჰიტების სურნელი დგას ხოლმე, ძალიან მოსაწყენია. მიკვირს, ყველას ერთნაირად როგორ მოსწონს რამე. ხომ არის გარკევული სუნები, რომლებიც უბრალოდ არ შეგიძლია ატარო.
    კიდევ არ მიყვარს, "მთელ ფლაკონს" რომ გადაისხამენ თავზე. რთულია ჩემთვის ასეთ ადამიანთან ახლოს ყოფნა, სუნი რომ მომწონდეს კიდეც, მაინც. მხოლოდ მიახლოებისას უნდა იგრძნობოდეს სუნამო, მგონი... ასე გაცილებით ამაღელვებელია – თუ მოგწონს და გაცილებით ნაკლებშემაწუხებელი – თუ არა :)

    ReplyDelete
  5. ქეთი,
    :*
    სეზონს მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს, ზამთარში ფერაგამოს incanto shine ვიყიდე, თავიდან ვერ ვეკარებოდი და მერე მთელი ზაფხული ვატარე ისე შემიყვარდა. ვფიქრობ სუნამოს სწორად მაშინ აღიქვამ, როცა მისი ამინდია გარეთ
    არჩევანით კი ვერც მე დავიტრაბახებ, 10, მაქსიმუმ 15 სუნამო მქონდეს და იქიდან „ჩემი“ ხუთიც არაა, თუმცა ყველას სურნელი ძალიან მომწონს
    მთელი ფლაკონის დასხმის ფაქტორს რაც შეეხება, მე სულაც მგონია, რომ სუნამო, რომელიც შენს კანზე ყვირის, შენი არაა. ადამიანის კანის სუნში და ფერომენებში რომ არის არეული და მხოლოდ 20-30 სმ-ს დისტანციიდან იწყებ აღქმას, ალბათ ეს არის იდეალური არომატი :)

    ReplyDelete
  6. მეც ასე მგონია – სეზონი, ამინდი + კანის თავისებურებები ქმნის საბოლოოო სუნს, რომელიც ან მოგვწონს, ან – არა
    დაახლოებით ეგ დისტანცია ვიგულისხმე სასიამოვნოში :)

    ReplyDelete
  7. ქეთი, სხვათაშორის, ამ სტატიის დაწერის იდეა ნაწილობრივ შენ მომაწოდე (იმ კედებიან გოგოსთან ერთად:D). მიხარია, რომ ჩვენი აზრები პარფიუმთან დაკავშირებით დაემთხვა :)

    ReplyDelete
  8. მართლა? მიხარია!
    და ისიც – ჩვენი აზრები რომ დაემთხვა. საინტერესოა ჩემთვის ეს თემა :)

    ReplyDelete
  9. ქეთის ვეთანხმები. არასდროს არ წამიკითხავს რომელ წელიწადის დროს როგორი სუნამო უხდება, მაგრამ, ორგანულად ვგრძნობ ამას :) ზედმეტად ტკბილი სურნელი ზაფხულში ქრონიკულ თავის ტკივილს მიჩენს! გულისრევის შეგრძნებაც კი მაქვს... სამაგიეროდ სიამოვნებით ვისხამ გრილ სუნამოებს. ზამთარში პირიქით, გრილი სურნელი ნესტოებს მიცივებს :)))))))
    როგორ გეთანხმებით ნარცისოზე და ჯინსებზე! ჩემი და მიეჩვიე დედაჩემის შანელ ნომერ 5! არადა, სასტიკად არ უხდებოდა ეს სურნელი ჯინსებიან სტუდენტს! ვერ დავაჯერე :))) ეგ ბლოგი რომ ხელთ მქონოდა, ხო შევაგნებინებდი :))))

    ReplyDelete