Friday, October 29, 2010

გრანჟი მოკვდა, გაუმარჯოს გრანჟს!


როცა გარეთ სინათლე იკლებს, ამინდი ფუჭდება და ზამთრის მოახლოებას გრძნობ, პირველი, რაც აზრად მოგივა, თბილად ჩაცმაა. მუქ ფერებში, რამდენიმე ფენად, რომ სიცივემ ვერაფერი დაგაკლოს.
გონივრულია თმის გაზრდაც, თუ გრძელი არ გაქვს - ის ხომ სითბოს შესანიშნავად ინარჩუნებს. ინდიფერენტულად ფურცლავ ვოგისა და მარი კლერის ახალ გამოცემებს და შენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ აცვია ბლუმარინის მოდელს ასეთი სიფრიფანა და მინიატურული ზომის კაბა. ამის გამო მეინსტრიმის მიმართ პროტესტი გიჩნდება, კომფორტული ტანსაცმლის ძებნას იწყებ და თავადაც ვერ ამჩნევ, როგორ ბრუნდები 90-იანების გრანჟის ეპოქაში.
როცა გრანჟის თემაზე ფიქრი დავიწყე, ბავშვობა გამახსენდა, პირქუში 90-იანების დასაწყისი, გლოვა კურტ კობეინზე, ინტელიგენტი პანკების თაობა. ამ მოძრაობის უშუალო მონაწილე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა გრანჟის მიმდევარი სრულიადაც არ არის ის ადამიანი, რომელიც თაროებს მხოლოდ ნირვანასა და საუნდგარდენის კომპაქტური დისკებით გადაავსებს, სტერეოტიპულ ჩარჩოებში ჩაჯდება და ჩაცმულობით რაიმეს აფიშირებას მოახდენს. მისი ინტელიგენტობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ დროგამოშვებით შესაძლოა შუბერტის სონატებს უსმინოს და ამის აღიარების არ შერცხვეს, არც იმაზე მოიკლას თავი, მისი ჩაცმულობა გრანჟის ჭეშმარიტი მიმდევრის შესაფერისი არის თუ არა. მოკლედ, გარეგნული იერი, რა თქმა უნდა, პირველად შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც სულიერი მდგომარეობა და მენტალიტეტია. მენტალიტეტი კი ასეთია: არანაირი პოზა! ჰიპების და მეტალისტებისგან განსხვავებით, გრანჟერებს სატანურ სიმბოლოებთან თუ ყვავილებთან არაფერი ესაქმებათ. წესების დაცვა, გამუდმებით ერთ თემაზე აქცენტის გაკეთება და ერთი და იმავე ნიშნების ტარება შეზღუდულობას ნიშნავს, ამას კი გრანჟის მიმდევარი არასოდეს დაუშვებს. ის ნონკონფორმისტი მაშინაა, როცა რაიმეს მიმართ სამართლიანი პროტესტის გრძნობა ამოძრავებს და 24 საათის განმავლობაში ყველაზე გაბრაზებული და დაბოღმილი არ არის. უყვარს ფილოსოფიური და პოლიტიკური ლიტერატურა, რაც საშუალებას აძლევს ინტელექტუალურ დებატებში ღირსეული მონაწილეობა მიიღოს. გრანჟერებს აღიზიანებთ გლობალიზაცია და მსოფლიო კონტროლი, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათ პიროვნულ თავისუფლებას ემუქრება.
გრანჟერები არ ატარებდნენ ერთნაირ ტანსაცმელს, მაგ. ფლანელის რბილი ქსოვილის პერანგებს იმიტომ, რომ განსაკუთრებული სტილის ჩამოყალიბება სურდათ. უბრალოდ ჩრდილო-დასავლეთის კლიმატისთვის (სიეტლში, სადაც ამ მიმდინარეობას დაედო სათავე) ეს ყველაზე კომფორტული ქსოვილია - რბილი, სასიამოვნოდ რომ გათბობს მიდი-სეზონის ცივ ამინდში. ამიტომ თუ გრანჟერი ხარ, ის უნდა ატარო, რაც ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია და არ გაღელვებდეს, რას გთავაზობს წლევანდელი მოდა.

განწყობის შესაქმნელად მტვრიან ალბომებს გადავავლე თვალი: Nirvana - `Nevermind`, Alice In Chains - `Dirt`, Pearl Jam - `Not for you`... რა შემიძლია მოგიყვეთ ყველასათვის კარგად ნაცნობ, უკვე ცოტა მობეზრებულ მუსიკაზე? ესეც არ იყოს, ნირვანასეული გრანჟი დიდი ხანია წარსულში დარჩა. პოსტ-გრანჟის ეპოქა საკმაოდ დიდი ხნის, თხუთმეტიოდე წლის წინ დაიწყო და დღემდე რამდენიმე სტადიის გავლაც მოასწრო. ჩემთვის ყველაზე საყვარელი მუსიკა პირველ ტალღას ეკუთვნის - Audioslave, რომელიც ლეგენდარული ჯგუფების ნატეხებით შეიქმნა (მხედველობაში მაქვს Rage Against The Machine და Soundgarden). მართალია, 2007 წელს კრის კორნელსა და ჯგუფის სხვა წევრებს შორის არსებული პირადი კონფლიქტის შედეგად Audioslave დაიშალა, მაგრამ, ჩემი აზრით, თავიანთი სათქმელის თუ სამღერის სხვებამდე მიტანა მშვენივრად მოასწრეს. მათი წყალობით, გრანჟი დროებით ზედმეტი აგრესიისგან გათავისუფლდა და რბილი და მელოდიური გახდა, თუმცა ჰარდ როკერული დრაივის შენარჩუნება გარკვეულწილად მაინც შეძლო. მათი ყველა ალბომი საინტერესოა და თითოეულში შეიძლება დაუვიწყარი ჰიტების პოვნა, თუმცა პირადად ჩემი ფავორიტი მაინც სადებიუტო კრებულია, შესაძლოა იმიტომ, რომ სტილის ავთენტურობას ყველაზე მეტად ავლენს.
თუმცა ავთენტურობა იდე ფიქსი სრულიადაც არ არის. გრანჟი მოკვდა და შემდეგ ისევ დაბრუნდა, თუმცა ცოტათი განსხვავებული და სახეშეცვლილი. კარგი სტილის ფესვებზე ხანდახან კიდევ უფრო კარგი მუსიკა იქმნება და ამის აღიარება ყველა გრანჟერს თუ უბრალოდ მელომანს უნდა შეეძლოს. პოსტ-გრანჟის სტილის მუსიკაში მის წინამორბედზე უკეთესი და საინტერესო აღმოვაჩინე-მეთქი, ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ. სამაგიეროდ ჩემთვის აქამდე უცნობ მუსიკალურ ჯგუფს მივაგენი და ეჭვიც არ მეპარება, რომ არანაკლებ სასიამოვნო მოსასმენი იქნება წინა თაობის მუსიკაზე.
ამ აღმოჩენას სახელად The Vines ჰქვია. ჯგუფი წარმოშობით ავსტრალიელია, სულით - რა თქმა უნდა, როკერი და პოსტ-გრანჟი. ეს სახელი ადრეც გამიგონია, მაგრამ მათ შემოქმედებას სულ ახლახანს გავეცანი. ტიპური გრანჟია მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი გამომივა. უფრო გარაჟის როკია, 90-იანების ალტერნატიული მუსიკის პირმშო, 60-იანების როკის გავლენით. ან როდიდან უნდა ანაღვლებდეთ გრანჟერებს სიტყვა "ტიპური"? მთავარი ხომ სულია, ეს კი ამ ჯგუფს ნამდვილად აქვს. ჯგუფის ბიჭები გენიოსები არიან - სულ ექვსი წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ მსოფლიო აღიარება მოეპოვებინათ. რა არის ექვსი წელი როკ-ჯგუფისთვის? წამი მარადისობაში. 2002 წელს პირველმა ალბომმა მათ წარმატება მოუტანა, Rolling Stone-ის ყდაზეც კი მოახერხეს გამოჩენა. დღემდე რამდენიმე მარცხი თუ წარმატება იწვნიეს. მათ წარმატებულ ალბომებად მიჩნეულია Highly Evolved (2002) და Melodia (2008). ჯგუფის შემოქმედებიდან ჩემი ფავორიტი სიმღერებია Outtathaway, Get free.

The Vines - Get Free
from Topshop lookbook fall 2010
ახლა კი, როცა მუსიკალური თემა შერჩეულია და ამინდიც ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ პირქუში და მკაცრი იყო, ამასთან ალბათ ცოტა აგრესიულიც იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება, დროა ჩაცმულობაზეც დაფიქრდე. არა, მე იმის თქმა არ მინდა, რომ გრანჟის მიმდევარი ერთი წუთით მაინც ზრუნავს თავისი ჩაცმულობის სტილზე. მარტივად რომ ვთქვათ, მისთვის სულ ერთია. ამის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე ოქროს წესი, რომელთა დარღვევაც, ხასიათიდან გამომდინარე, უბრალოდ ალოგიკური იქნებოდა. ასეთია ძველი ჯინსების, კედების, ფლანელის პერანგების, თბილი ქურთუკების, მუქი მაკიაჟისა და ზოგადად, ფერების ტარება. საღამოს კაბების ჩაცმა შლაპასთან არის რეკომენდებული. დანარჩენს გულიც გიკარნახებს, მთავარია თავი თბილად და კომფორტულად იგრძნო. თუ გიჭირს მხოლოდ ინტუიციას მიენდო ან უბრალოდ, შთაგონების წყაროს ეძებ, ამისთვის არსებობს Topshop-ის ახალი, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. აქ დაუდევრობა, დიდი ზომის ჯინსის პერანგები, მამაკაცური უხეში ფეხსაცმელი პლისირებული სიფრიფანა კაბების ფონზე ისე ამაღელვებელად გამოიყურება, რომ რწმუნდები, ეს ყველაზე რომანტიკული გრანჟერი გოგოს სახეა მოდის ისტორიაში.         
McQ
შემოდგომის მოდა ამაზე შორს წავიდა. მხედველობაში მაქვს Just Cavalli და Balmain, რომლებმაც გრანჟი თავიანთი შთაგონების წყაროდ გამოიყენეს და სრულიად ახალი სტილი შექმნეს. საუბარია ე.წ. გლამურულ გრანჟზე, წინასწარ საგულდაგულოდ მოფიქრებულ, ძალიან მდიდრულ ჩაცმულობაზე საკმაოდ მყვირალა ფერებში. შედარებით "ადამიანური" კოლექცია შექმნა მოდის სახლმა Rag&Bone, რომელიც, სხვათაშორის, ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული ამ სეზონზე. რამდენიმე ფენიანი ჩაცმულობა თვალს არ ვიცი, მაგრამ სიცივით მობუზულ სხეულს ნამდვილად გაახარებს. პრინციპი მარტივია: შარვალზე ან კაბაზე იცვამ სვიტერს, ამ უკანასკნელზე პიჯაკს, არ ივიწყებ თბილ ნახევარწინდასა და ნაქსოვ შარფს და ზემოდან პალტოს. ბევრია, სამაგიეროდ გრანჟია, თანაც თბილი გრანჟი. ასევე მრავალფენიანი, ოღონდ გაცილებით ტრადიციული გრანჟ ჩაცმულობის ხილვა შესაძლებელია McQ by Alexander McQueen-ის კოლექციაში.
იგივე, ოღონდ მამაკაცზე, ლონდონის მოდის კვირეულის ერთ-ერთ კოლექციაში, JW Anderson-ის მიერ წარდგენილ ნამუშევრებში ვნახე. კუბოკრული ქსოვილი, დახეული ჯინსები, თავისუფალი პალტოები და მოუწესრიგებელი ჩაცმულობა. ამ ყველაფერს თუ ჩამუქებულ თვალებსა და არეულ-დარეულ ვარცხნილობას დავუმატებთ, ფლეშბექი 90-იანებში გარანტირებულია.
ესეც ასე. ვფიქრობ, მთავარი გათვალისწინებულია. ამის შემდეგ არც ცივი ზამთარია საშიში, არც სტერეოტიპები. ერთადერთი, რაზეც მტკიცე უარის თქმა სჯობს, ტანის დაუბანლობაა. შეიძლება კურტ კობეინი არ მეგობრობდა შამპუნთან და სხვა დასაბან საშუალებებთან და ბანაობა დროის კარგვად მიაჩნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, ნებისმიერ მიმდინარეობაზე წინ ჰიგიენა უნდა დააყენო. ასე რომ, გრანჟს, ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობით (grunge - ჭუჭყი) პროტესტს ვუცხადებ. პროტესტი ხომ ჩემი, როგორც გრანჟერის, წმინდა უფლებაა.

17 comments:

  1. hmmm
    mgoni cota granjiseuli elementebi mec momezebneba
    ase chacmis gamo civ amindebs ufro xalixianic ki vxvdebi xolme :)

    ReplyDelete
  2. ნოთ ფორ მი.

    ისე, სიცივე-ჩრდილოეთისა რა გითხრა და არსად არ მინახავს ისეთი ხალისიანი, ფერად-ფერადი ხალხი, როგორც სკანდინავიაში.
    სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ... ასე დნმდშნ რომ არ ციოდეს.

    ქობეინზე არაფერს ვიტყვი, თორემ მაგინებენ :)

    ReplyDelete
  3. ბაბისა,

    ხალისიანი გრანჟი მაგარი მოგიფიქრებია :დ მე ეგრევე ვიღუშები ამ სიტყვაზე )))

    ლორდ,

    ჰო.ჩაცმაში მეც სხვა სტილი მირჩევნია. იდეური პრინციპები უფრო მომწონს)

    რა გინდა ქობეინთან? :))))
    ეგ მაკლია, ჩემ ბლოგზე გინება მოვითმინო :დ მიდი, თამამად თქვი...

    სკანდინავიის მინუსი სიცივე კი არა, მზის ნაკლებობაა. ეგენი შეჩვეულები არიან და ჩვენ რომ იქ ვიცხოვროთ, მთელი წელი სეზონური ასთენია გვექნება :D
    სხვათაშორის, გუშინ მეგობრები ვნახე, ჩემი ალტერ ეგო და მისი დანიელი ქმარი. ხოდა იენსს ვკითხე ხო არ მოგბეზრდა თბილისი მეთქი(თვეზე მეტია აქ არიან) და სულ არაო. ანა ამბობს, დანიაში ყველა ცუდ ხასიათზეა ხოლმე და აქ უფრო ვერთობითო ))

    ReplyDelete
  4. მშვენიერი ნაწერია, პირდაპირ გაზეთში წავიკითხე გამოქვეყნებისთანავე. ;)

    კობეინის მიმართ აგრესია ყოველთვის არსებობდა მძიმე მუსიკის და კლასიკური როკის მოყვარულებში. "ნირვანა" პირველი ჯგუფი იყო, რომელმაც ჰიპ–ჰოპის დრამ-სექციაზე ააგო მძიმე მუსიკა, რის გამოც "მეტალურგები", ჰარდ-როკერები და დავარცხნილი მუსიკის მოყვარულები საოცრად გაღიზიანდნენ. რა თქმა უნდა, კიდევ იყო სხვა მიზეზებიც, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. სამაგიეროდ გრანჟი ძალიან კარგად მიიღეს პანკ-კულტურის მიმდევრებმა. :)

    ძალიან ნათლად მახსოვს 90-იანების გრანჟები, რომლებიც, მართლაც, კობეინთან, მაიკ პეტონთან და საუნდგარდენთან ერთად შუბერტსაც უსმენდნენ და შტოკჰაუზენსაც. კითხულობდნენ ძალიან ბევრს და გრძელსახელოებიანი მაისურები ეცვათ, გამორღვეულ სახელოების ბოლოებში ცერა თითები ჰქონდათ გაყრილი. ესეც არ იყო რაღაც სტანდარტი, მაგრამ ამას თუნდაც იმისთვის აკეთებდნენ, რომ სხვა სტილების მიმდევრებისგან ყოფილიყვნენ განსხვავებულები. უკიდურეს შემთხვევაში ასე იყო ჩვენთან, სხვაგან არ ვიცი. .)

    პირველი გრანჟობა ჩემი თაობაა პრაქტიკულად, რადგან მართალია თინეიჯერობა არა, მაგრამ ყველაზე სისხლსავსე ცხოვრება 20-იან წლებში აქვს ადამიანს და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა გრანჟის გამოჩენა. "ნირვანას" და Faith No More-ს (ეს ცოტა სხვა "პესნაა", მაგრამ მაგ "ტუსოვკაში" კარგად ზის) აბსოლუტურად ყველა ალბომი მაქვს და წელიწადში რამდენჯერმე უდიდესი სიამოვნებით ვუსმენ.

    ცოტა დიდი გამოხმაურება მომივიდა, მარა ნამეტნავად ახლობელი თემაა. :)

    ReplyDelete
  5. რამდენი ვწერე(მთელი 20 წუთი ვწერდი) და არ დამიპოსტა, რაღაც ერორიაო და ნაწერი მთლიანად დავკარგე. :( პლიუს გუგლ ქრომის დეფექტია, რომ არ დააბრუნა ნაწერი. "მოზილას" აღარ ვუღალატებ!

    მოკლედ, ვწერდი, რომ გაზეთში წავიკითხე ეს წინა პარასკევს-მეთქი, გავიხსენე 90-იანების ქართველი გრანჟერები და ვწერდი იმაზეც თუ რა კატეგორიის ხალხი ვერ იტანს კურტ კობეინს... აფსუს! :( :)

    ReplyDelete
  6. მე მიბრუნებს ხოლმე/
    არ მინახავს ადამიანი, ვინც ვერ იტანს ქობეინს და ძალიან მაინტერესებს)შეიძლება არ უსმენდე, მაგრამ აუტანელი რა ჭირდა? (თუ დასაბან თავს არ ჩავთვლით) :დ

    ReplyDelete
  7. კურტი მიყვარს მაგრამ გრანჟ ჩაცმულობა საჩემო არ არის :)
    თუმცა, ამ ახალ კოლექციებში არის რამდენიმე რაღაც, რასაც სიამოვნებით ვატარებდი. მაგალითად დიდ შარფებს :)

    საერთოდ, ბევრი რამის ჩაცმა არ მიყვარს, საკმაოდ თხლად ვიცვამ ზამთარში, ამაში თბილისის კლიმატიც მიწყობს ხელს :)

    ReplyDelete
  8. კობეინი არ უყვარდათ კლასიკური როკის, ჰარდ-როკისა და მეტალის, ანუ მეტ-ნაკლებად დავარცხნილი მუსიკის მსმენელებს. ისინი დღემდე ჯიუტად ლანძღავენ კურტს, თანაც ვერ ამუღამებენ რატომ უყვარდა იგიო ამდენ ადამიანს. :D

    ამავე დროს, კურტ კობეინი, დეივ გროლი და საერთოდ მთელი "ნირვანა" შეეხო მძიმე და კლასიკური როკის მოყვარულთა "წმინდათაწმინდას" – მუსიკალურ რიტმს. პირველი ჯგუფი იყო, რომელმაც "ოფლიან" გიტარებთან ერთად ჰიპ-ჰოპის დრამ-სექცია შემოიტანა, რაც პრაქტიკულად მხოლოდ იმ პერიოდის გრანჟისთვის გახდა დამახასიათებელი.

    აი, თუნდაც მოუსმინე Smells Like Teen Spirit-ს ( http://www.youtube.com/watch?v=hTWKbfoikeg ) და დატოვე მარტო დრამი, ძალიან მკვეთრად არაკლასიკური რიტმია მძიმე მუსიკისათვის, უფრო სწორედ სუფთა ჰიპ-ჰოპ რიტმია. იმ პერიოდში ეს მეტად თამამი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც საშინლად გაამართლა. :)

    მახსოვს კინაღამ გავგიჟდი ეს კლიპი პირველად რომ ვნახე. :) სხვათა შორის, "ნირვანას" მუსიკა იმთავითვე ძირითადად პანკ-კულტურის მოყვარულებმა აბსოლუტურად უპრობლემოდ მიიღეს. :)

    ReplyDelete
  9. ქეთი,
    ტოპშოპის მთლიანი კოლექცია დაათვალიერე, ასეთი თხელი კაბები ზუსტად შენთვისაა ზედგამოჭრილი : )) კედებზე არ ჩაიცვამ და გრანჟიც არ იქნება ))

    ლაშა,
    პანკებმა რა თქმა უნდა მიიღეს. უბრალოდ გრანჟში მეტი თავისუფლებაა, იგივე პანკთან შედარებით - მუსიკაშიც, აზროვნებაშიც, ჩაცმულობაშიც.. ამიტომ ვუწოდე გრანჟერებს ინტელიგენტი პანკები, შტამპები მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი
    კლასიკური როკი ძალიან წესიერი და მოწესრიგებულია :yes: ალბათ დღევანდელი გადასახედიდან, მაგრამ მაინც...

    ReplyDelete
  10. @Nina Gorecki
    მიდი, თამამად თქვი...

    არა, გენაცვალე, მადლობა, მაგრამ როდესაც (მუსიკის) ხარები ჭიდაობენ, კოზაკი ჩუმად უნდა გადგეს გვერდზე, თორემ გაჭყლიტავენ :)

    ReplyDelete
  11. ისე, მე მეგონა ბლოგს ვკითხულობდი და თურმე 24 საათი არ შემომაპარეს?
    წავაგე და ეგაა :(

    ReplyDelete
  12. ლორდ რა ეპითეტებს იყენებ :))) არ ვჭიდაობთ, აზრს გამოვთქვამთ))

    თუ ეს ხასიათს გამოგიკეთებს, გეტყვი, რომ სტატიები დაკვეთილი არაა, საავტორო გვერდიდან გადმომაქვს ))ხოდა ჩათვალე, რომ ნინა გორეცკის კითხულობ, რომელიც იბეჭდება 24-ში და იპოსტება ბლოგზე :D (შენ ოღონდ სტამბის სუნი არ გეცეს და.. :D :ქინდლი: )

    ReplyDelete
  13. სტამბა რა.... ეგ ძველი ამბავია ფეისბუქური.
    მე და პრეზიდენტს ოცშეჯიბრი გვქონდა ვინ უფრო ნაკლებ გაზეთს წაიკითხავდა ;)

    ReplyDelete
  14. დავათვალიერე, იქაც მომეწონა რაღაცები :)
    მგონი ამ კოლექციებიდან საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის :)

    ReplyDelete
  15. კურტიც მიყვარს და ჩაცმულობაც ზუსტად საჩემოა. არ მესმის იმ ხალხის, ვინც სიცივეში სიფრიფანა სარაფნებით დაფარფატებენ. მე მერე ჩემი თავი ავადმყოფი მგონია ხოლმე :D :D

    ReplyDelete
  16. Keti,
    ასე ჩნდება ხოლმე საკუთარი სტილი :))

    Kate,
    ძლივს არ გამოჩნდი ერთი გრანჟერი :))

    ერთხელ მეცვა შიფონის კაბა ჩექმაზე დეკემბერში :)) იმ დღეს გრანჟერებს შეიძლება ეგონათ კიდეც, რომ ავად იყვნენ, მაგრამ მერე მე ვიყავი ავად ერთი თვე ისე რომ არაფერი არ მეგონა :D

    ReplyDelete
  17. :D :D :D

    კი აგერ ვარ. :D

    წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდი.

    ReplyDelete