Friday, October 15, 2010

15 წუთის დაგვიანებით, საფრანგეთში


პარიზი. 1905 წელი.
ჰაერში ისე, როგორც არასდროს, ბოჰემის სუნი ტრიალებს. ახალი არქიტექტურა, სკულპტურა, ბულვარები, ფოტოგრაფია, კაბარე, დიაგილევის რუსული ბალეტები - la belle epoque ეს-ესაა დაიწყო და მალე განვითარების პიკს მიაღწევს.


დედაქალაქი თითქმის ისეთია, როგორიც ერთი საუკუნის შემდეგ იქნება - შემოქმედებითი, რომანტიკული. ერთი ესაა, ეიფელის კოშკზე განათება ჯერ არ გაუკეთებიათ. ჯერჯერობით ის "რკინის მონსტრია", რომლის აღმართვაც მოპასანში ისეთ აღშფოთებას იწვევს, რომ მწერალი პროტესტის ნიშნად ქალაქს ტოვებს, ვერლენი კი პარიზში ადგილების ძებნას იწყებს, საიდანაც კოშკს ვერ დაინახავს. თუმცა არა, ამ დროში მოგზაურობამ ცოტა დამაბნია - ეს ხომ თხუთმეტიოდე წლის წინ იყო. წელს კი, 21 ივნისს, ამ ქალაქში ჟან-პოლ სარტრი დაიბადება, კაცი, რომელიც თავის ცხოვრებას ეგზისტენციალიზმისა და თავისუფლების პრობლემებს მიუძღვნის. ეს უკანასკნელი მუდამ როგორც მისი ფილოსოფიის, ასევე ფრანგებისთვისაც ცენტრალური თემა იყო. აბა სხვა რომელი ხალხი იცით, ამხელა რევოლუცია მოეწყოს და ამდენი წიგნი დაეწეროს ამ თემაზე? თუმცა იყო თავისუფლების მებაირახტრე, საკმაოდ რთულია. სარტრმა აკი თქვა კიდეც, რომ ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით. ის აბსოლუტურია, წინ უსწრებს ადამიანის არსს და აიძულებს მას, პასუხი აგოს ყველა მის მოქმედებასა თუ გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, სარტრმა დაასკვნა, რომ თავისუფლება ადამიანისთვის არის მძიმე ტვირთი.

ტვირთის ტარება სასიამოვნო სულაც არ არის და მითუმეტეს, ისეთი ჰედონისტი ხალხისთვის, როგორიც ფრანგები არიან, ეს ნამდვილი ტანჯვა უნდა იყოს. თუმცა ტანჯული გალის წარმოდგენა ბევრს გაუჭირდება - ეს ხომ კოლა ბრონიონის სამშობლოა, მაშასადამე, მოლხენის, პოეზიის, ღვინისა და სიყვარულის ქვეყანა. აქ დარდს სიყვარულში იქარვებენ. ეგზისტენციალური გაგებით, სიყვარულს ხომ თავისუფლების შებოჭვასთან მივყავართ. ამიტომ გიყვარდეს, ეს საუკეთესო გამოსავალია იმისათვის, რომ თავისუფლების მძიმე ტვირთი შეიმსუბუქო. აბა რა გეგონათ, ფრანგები გონიერი ხალხია.
პაემანზე ძალიან შეყვარებული ფრანგი ქალები 15 წუთით იგვიანებენ, ისინი კი, ვინც გულგრილად არიან განწყობილნი - 30-40 წუთითაც კი. თუმცა ვინ იცის, მათი ტუალეტი იმდენად სკრუპულოზურია, შესაძლოა სარკემ შეაყოვნოთ და არა არასასურველმა სატრფომ.
იმისთვის, რომ საფრანგეთთან პაემანზე არ დაგაგვიანდეთ, ყველა დეტალის წინასწარ გათვლაა საჭირო. მიუხედავად ამისა, არ ღირს იმის დავიწყება, რომ ამ ქვეყანაში მანერებს დიდ ყურადღებას აქცევენ, ასე რომ, ძალიან დაგვიანებასაც ისევე ჩაგითვლიან ცუდ ტონად, როგორც ლაკირებული ტყავის სამოსის ან აქსესუარების ტარებას.
* * *
"დროს ხომ ვერ დაეწევი. გგონია, ეს-ესაა არდადაგები დამთავრდა და აღმოჩნდება, რომ სექტემბერმაც გაიფრინა. დაიწყო წვიმები, შენ ფიქრობდი: "შემოდგომა დადგა" - და რა თქმა უნდა, გესმოდა, რომ მოახლოვდა ზამთრის პრელუდია. და მაინც, ქვეცნობიერად რაღაცას ელოდი." მწერალი კიდევ რაღაცას ყვება ძალადაკარგულ მზეზე, ოქტომბრის ღვინისებრ სითბოზე, პირველ ოქროსფერ ფოთლებზე და როცა გააცნობიერებს, რომ ზაფხული უკან არ დაბრუნდება, იმ გადაწყვეტილებამდე მიდის, რომ საჭიროა შემოდგომისთვის ახალი სვიტერი შეიძინოს.
როგორი ფერის იქნება ის? მწვანე? მოწითალო? ფილიპ დელერმს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ერთი რამ ზუსტად იცის: სვიტერი ისეთი უნდა იყოს, რომ მასში შემოდგომის ნაწილი გახდე - სეზონურ ფერებში, ზომაზე ცოტა დიდი, რომ თავი კომფორტულად იგრძნო. უბრალო, მყუდრო სვიტერის არჩევა მთელი ხელოვნება და ერთი დიდი სიამოვნებაა. ამიტომ მთავარი - ცხოვრებით ტკბობაა და არა მოდის სახლების მიერ დაკანონებული წესების ცოდნა. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ ფილიპ დელერმის მოთხრობათა კრებულს "ლუდის პირველი ყლუპი და ცხოვრების სხვა პატარა სიამოვნებანი"-ს თვალს გადაავლებთ. დელერმი სამშობლოში ძალიან ცნობილი მწერალია, არანაკლებ პოპულარული, ვიდრე თავის სფეროში დიორი ან ჟან-პოლ გოტიე. რამდენად იზიარებენ ფრანგი დიზაინერები დელერმის სვიტერისადმი დამოკიდებულებას ამ სეზონზე, ამას ქვემოთ აუცილებლად ვნახავთ, მანამ კი ფრანგული (შესაბამისად, რომანტიკული) განწყობის შესაქმნელად კიდევ რამდენიმე იდეას მოგაწვდით.
- იან კუნენმა ("დობერმანი"-სა და "99 ფრანკი"-ს რეჟისორმა) გასულ წელს, კრის გრინჰალის რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო, რომელშიც 1920 წლის ამბავს გვიყვება, როცა კოკო შანელისა და იგორ სტრავინსკის რომანი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ წელს შეიქმნა ცნობილი სუნამო "შანელი N5". კარლ ლაგერფელდმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა და კამბონის ქუჩაზე შანელის აპარტამენტები გაუღო. ფილმის ნახვა სასიამოვნო ემოციებს იწვევს - მთლიანობაში იქმნება განწყობა, რომელსაც იმ ეპოქაში გადაჰყავხარ, როცა ფრანგული მოდის ისტორია იქმნებოდა. ანა მუგლალი შესანიშნავად მოერგო როლს - შექმნა დახვეწილი, ვნებიანი და მიზანდასახული ქალის სახე, ისეთის, როგორიც კოკო იყო.
- ლანკომმა ამ წლის გაზაფხულზე საზოგადოებას ახალი სუნამო, სახელად Tresor In Love წარუდგინა. ის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული, ელეგანტური და სასიამოვნო სურნელია, რაც კი წელს შექმნილა, ბერგამოტის, ნექტარინისა და მსხლის ზედა აკორდებით. გულში არომატული ატმისა და ვარდის სურნელი იგრძნობა, კომპოზიციას კი მუშკი და კედრი ასრულებს, რაც სუნამოს განსაკუთრებულ სითბოს ანიჭებს. ეს არის ძველი ტრეზორის უფრო რბილი და ახალგაზრდული ვერსია, ნაკლებად მკვეთრი და უფრო ბუნებრივი სურნელით.
- 2010 წელს შედარებით იმპოზანტურ საღამოს სურნელს უნდა ვუმადლოდეთ დიორის სახლს - Hypnotic Poison Eau Sensuelle, უფრო ოპტიმისტურსა და ახალგაზრდულს კი ლანვინს - Marry Me.
- აგვისტოში მამაკაცის სუნამოს Bleu de Chanel-ის გამოჩენას საკმაოდ ხმაურიანი კამპანია მოჰყვა მარტინ სკორსეზეს გადაღებული სარეკლამო ფილმის თანხლებით. ამის მიუხედავად, მან ჯერჯერობით ვერ დაჩრდილა ივ სენ ლორანის La Nuit de l’Homme, რომელიც რომანტიკული ხასიათის მიუხედავად, ძალიან ინტენსიური, სუფთა მამაკაცური სურნელია ილისა და კედრის არომატებით.
- როცა გონებაში ფრანგულ მელოდიას ვეძებ, უპირველეს ყოვლისა იან ტიერსენის კომპოზიციები მახსენდება, ყველაზე ფრანგული ინსტრუმენტის, აკორდეონის თანხლებით. შემთხვევითი არაა, რომ ტიერსენმა მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული გოგონა - ამელისთვის მუსიკა დაწერა. გახსენებაზე, "ამელი"-ს გარდა, კიდევ არის ერთი კარგი ფილმი საფრანგეთსა და სიყვარულზე - რიდლი სკოტის "კარგი წელი", რომელიც ეკრანებზე ჯერ კიდევ 2006 წელს გამოვიდა. ეს არის ბრიტანული კინოს ძალიან ფრანგული ნიმუში, პროვანსის პეიზაჟებით, ვენახებითა და რომანტიკული ისტორიით, რომელიც ისევე შეგაყვარებს საფრანგეთს, როგორც ეს მის მთავარ პერსონაჟს, მაქს სქინნერს (რასელ ქროუ) დაემართა. ფილმში მონაწილეობას ასევე იღებენ ცნობილი ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარი და დიდიე ბურდონი.
ჰო მართლა, სვიტერი...
ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფრანგი ქალი პაემანზე დელერმისეულ სვიტერში გამოწყობილი წავა. ათწლეულების წინ კრისტიან დიორის მიერ შექმნილი ცნობილი სილუეტი (მხედველობაში მაქვს მაღალწელიანი ფართო ქვედაკაბები მუხლს ქვემოთ, ტანზე მომდგარ პიჯაკებთან და დახვეწილ ფეხსაცმელთან) კვლავ პოდიუმებზე დაბრუნდა და არა მხოლოდ ფრანგი დიზაინერების კოლექციებში. გამოყვანილი, მაღალი წელის თემა ერთ-ერთი წამყვანია Dries Van Noten, Paul Smith, Prada, Fendi-ისთან და სხვა უამრავ დიზაინერთან. 50-იანების ეს ყველაზე ქალური და დახვეწილი სტილი არა მხოლოდ ქვედაკაბებს, კაბებს და პალტოებსაც კი შეეხო. მოკლედ, წელის დაფიქსირება და მაღალწელიანი ფართო კაბა წელს ყველაზე მოდურ და ფრანგულ იმიჯს შექმნის. ასეთ სილუეტს კი ისეთი ვიწრო სვიტერები უხდება, როგორც Vuitton და Hilfiger-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში ვნახეთ, აქსესუარებიდან კი - თხელი ქამრები და მცირე ზომის ჩანთები პატარა ყურით.
მათზე, ვისაც არ მოსწონს ქალური სტილი, დიდი ხნის წინ ივ სენ ლორანმა იზრუნა. კლასიკური შარვალი მამაკაცურ კოსტიუმთან, ჰალსტუხი და მკაცრი სტილის ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე - სულ ესაა, რაც შარლოტა რემპლინგის სტილის ასლის შესაქმნელადაა საჭირო. დეტალების ნახვა შესაძლებელია დიზაინერებთან: Balmain, Dsquared, Gap, Marc Jacobs, Akris, Ann Demeulemester...  
                             
საფრანგეთიდან სამშობლოში ახლახანს დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელს, მიშა ბარაბაძეს ვკითხე, როგორ დაახასიათებდა ფრანგი კაცების წლევანდელ სტილს. "წვეტიანი ფეხსაცმელი მთავარია, ის იქ ყველას აცვია", - მითხრა მან. მართლაც, ქართველ კაცებში ფეხსაცმლის არც ისე პოპულარულ ფორმას თითქმის ყველა წამყვან ფრანგ დიზაინერთან შეხვდებით. ასევე, პარიზის ქუჩებში ახალგაზრდა კაცები ჯერ კიდევ იწონებენ თავს ძალიან ვიწრო შარვლებით, თუმცა ეს უკვე აღარც ისეთი მოდურია. წელს ფრანგი მამაკაცი ძალიან საქმიანია კლასიკური სტილის პიჯაკებით, დიდი ზომის პორტფელებით, მუხლამდე პალტოებით "ორ ღილზე". დიორმა და ლუი ვიტონმა შარვლის სიგრძე შესამჩნევად დაამოკლეს. ივ სენ ლორანი შეეცადა კაცისთვის უფრო ბოჰემური სახე მიეცა დიდი ზომის პალტოებით და განიერი შარვლებით. მისი და ვიტონის ზოგიერთი პალტო მართლაც რაღაცით მოგვაგონებს წინა საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში პოპულარულ დაუდევარ სტილს ა ლა მოდილიანი.
რა არის ის, რაც ვერ ვნახეთ პოდიუმებზე, მაგრამ აუცილებლად იქნება საფრანგეთის ქუჩებში? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ბერეტი და შარფი, რომლებიც ფრანგის გარდერობის განუყოფელი ნაწილია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ის ნაკლებად ატარებს დიზაინერების ტანსაცმელს. მისი ელეგანტურობის გასაღები კი სისადავეშია - ჩაცმულობაში არ უნდა იყოს რამე ისეთი, რაც "იყვირებს". ძალიან დეტალურად მოფიქრებული ვარცხნილობა და მაკიაჟიც ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს მათზე საათები კი არა, წამები დახარჯულიყოს. როგორც კოკო შანელმა თქვა: "თუ თქვენ მოიხიბლეთ ქალის სილამაზით, მაგრამ ვერ იხსენებთ, რა ეცვა, ესე იგი მას იდეალურად ეცვა". ეს არის ის, თვალისმომჭრელი სისადავე, "პატარა შავი კაბის" საიდუმლო. ამას კი, თანდაყოლილი გემოვნების გარდა, ძალიან ხარისხიანი ტანსაცმელიც სჭირდება. მოდა ხომ ფრანგისთვის იგივეა, რაც საკვები - ის არ იყიდის სუპერმარკეტში ყველაფერს დიდი ოდენობით, არამედ პატარა, ძვირფას მაღაზიაში ერთს და განსაკუთრებულს შეიძენს. მერე მას შეუხამებს რამე ისეთს, რაც ერთი შეხედვით, შეუსაბამო იყო და საბოლოოდ მიიღებს ეკლექტიკური ხელოვნების ნიმუშს, რომელშიც დისონანსის მარცვალიც არ იქნება. ასე რომ, ხარისხი, ზომიერების გრძნობა და ბერეტი. ვუალა!

24 comments:

  1. თავით ფეხამდე ფრანგული პოსტი იყო :) საერთოდ, შენი პოსტები ისეთია, რომ კომენტარი ზედმეტი მგონია ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც გადავწყვიტე წასვლამდე რამე მეთქვა.

    ფრანგები რაღაც განსაკუთრებული ხალხია, სტილის და მოდის შეგრძნება გენებში აქვთ, ასე მგონია. 'ფრანგი ქალის' გაგონებაზე, წარმომიდგება დაახლოებით ისეთი ქალი, როგორც შენ აღწერე - სადად ჩაცმული, არაფერი თვალშისაცემი და საოცრად დახვეწილი.

    ჰო, 'კარგი წელი' არ მინახავს და აუცილებლად ვნახავ. რასელ კროუ არ მიყვარს და ამიტომ მის ფილმებს არ ვწყალობ. ოღონდ რა დამიშავა, არ ვიცი.

    ReplyDelete
  2. ტრადიციულად გემრიელ, მარა, ნინა, აზიის ან ლათინური ამერიკის რომელიმე ქვეყანაზედ რომ მოსინჯო მსგავსი სტატია, ვერ ეგების? :) სტილი იქაც აქვთ, თანაც საინტერესო. .)

    ReplyDelete
  3. Natalia

    გენები არ ვიცი, უბრალოდ ფრანგ გოგოებს ისე ზრდიან, 7 წლის ასაკში უკვე ზეპირად იციან რა არის ბონ ტონი და პირიქით, როგორ ჩაცმა არ შეიძლება ))
    კროუ, უნდა გამოვტყდე, არც მე მიყვარს. ფილმმა თემატიკის გამო დამაინტერესა და არ მინანია რომ ვნახე, რასელი ამ როლს კარგად მოერგო ))

    ERM0NIA

    რთველის პერიოდში ფრანგულ სტილზე სტატია მასთ რაითი იყო ჩემთვის. თან ეს ფრანგული 'ობრაზი' ზოგადად აქტუალურია ამ სეზონზე. არააქტუალურობის გამო აზიაზე ჯერ ვერაფერს დავწერ, არგენტინულ შემოდგომაზე კი აუცილებლად, სულ მალე )

    რომერის შემოდგომაზე მინდოდა ამ სტატიაში დამეწერა, მაგრამ საერთოდ ვერ ვიკაიფე, ვერც პერსონაჟებით, ვერც სიუჟეტით :/ იმ მევენახისთვის კაცის ძიების პროცესმა ხო მთლად ბოლო მომიღო ))

    ReplyDelete
  4. ჟალ' რომ ვერ იკაიფე, თუმცა დიდად არ გამკვირვებია... :)

    არგენტინაზე კი ველი ინტერესით რას დაწერ. .)

    დღეს სტილზე მომუშავე ბლოგერებზე რომ გეწერა, იმ სტატიას გადავხედე, თუმცა ბოლომდე ვერ ჩავედი. მერე გაზეთი სხვა რედაქციებმა წაიღეს... :D :)

    ReplyDelete
  5. ეგენი ლეგენდარული ხალხია. გავაბლოგებ მომავალ კვირაში )

    ReplyDelete
  6. მე სუნთქვას მიკრავს ამდენი სტილი და ფრანგები და მათი ზედმეტად გამოფრანგულება =))) ჟული დელპის "2 დღე პარიზში" იცი? სასწაული ფილმია და ზუსტად იქ აჩვენებს იმ საფრანგეთს და ფრანგებს, რაც რეალობაშია.

    ჰოდა, შენ საფრანგეთი სულ არ გჭირდება, ისედაც სასწაულ პოსტებს წერ.

    ReplyDelete
  7. :)

    მგონი ეგ ერთადერთი ფილმია, სადაც ჟულის ოდნავ ფრანგულ სტილში აცვია.)) საერთოდ კი უფრო წაუ-იანკებს, ამერიკამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა მასზე, სუფთა ფრანგად ვერ აღვიქვამ, ფილმებში განსაკუთრებით

    არის კიდევ ერთი ამერიკული ფილმი, თუ იცი, Le divorce, ქეით ჰადსონი პარიზში რომ ჩადის და სტილს იცვლის :D too cheesy :))

    მოკლედ, ბევრნაირი ფრანგული რეალობა არსებობს, მე უბრალოდ იმაზე ვწერ, რაც მერე მსოფლიო მოდაზე ახდენს გავლენას, casual french კიდევ სხვა რამეა, არანაკლებ საინტერესო, ბერეტებით და სადა ჩაცმულობით, რაზეც სტატიის ბოლოში ვწერდი :)

    ReplyDelete
  8. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ casual french-ზეც კი იგივე შანელი ახდენს გავლენას (მაგალითად შარვალი ქალზე მისი იდეა იყო) და ფესვები ასეთი ლეგენდების სახელოსნოებში უნდა ეძებო ;)

    ReplyDelete
  9. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი მეზიზღება, მაინც მიყვარდება ხოლმე, როდესაც მსგავსი შინაარსის პოსტებს ვკითხულობ შენთან.

    "კარგი წელი" ისე მიყვარს, ისე. ძალიან სასიამოვნო ფილმია.

    ReplyDelete
  10. პაემანზე კი არა ყველგან იგვიანებენ ეგენი. საკმაოდ არაპუნქტუალური ხალხია, მაგრამ ჩვენ ვერ გვჯობნიან.

    ქალის ჩაცმის სტილი კი - ივ სენ ლორანი, რა თქმა უნდა, თუმცა, ტედ ლაპიდუსიც, რომლისგანაც ლორანმა ბერვი რამე "ისესხა". მილითარი, "მამაკაცური" პიჯაკები და ა.შ. ეს ყველაფერი სწორელ ლაპიდუსმა ჩააცვა ქალებს პირველმა...

    ძალიან კარგი პოსტი იყო. მეც მაქვს პოსტი პარიზზე. სულ ვფიქრობდი, ჩემს ბლოგზე დავდო თუ არა მეთქი...
    ახლა ვხედავ, რომ არ ღირს. :)

    ReplyDelete
  11. @Kate
    ერთმა თქვა ჩურჩხელა არ მიყვარსო.
    - თხილი გიყვარსო, - კითხეს.
    - კიო.
    - ფელამუშო?
    - ეგეცო.
    - აბა ძაფს არც ჩვენ ვჭამთო.

    ეგ იმ პონტში რომ, ფრანგული ღვინო არ მგონია, არ მოგწონდეს, ალბათ, არც ფრანგულ საჭმელს დაიწუნებ, ფრანგული ლიტერატურა არ გიყვარდეს, ვერ დავიჯერებ, ფრანგული კინო გეზიზღება? არ მგონია, ფრანგული მხატვრობაც ალბათ მოგწონს... ჰოდა ძაფს არც ამ ბლოგის ავტორი ჭამს. არც მე.

    ReplyDelete
  12. Kate
    :* რატო გეზიზღება, იტალიელებს რომ უყვართ? :)))))

    Lord Vader
    კომპლიმენტი მივიღე, მაგრამ... კარგი რა, მე ძალიან მაინტერესებს შენი პოსტი პარიზზე :)

    ლაპიდუსზე ვეცდები დავწერო, როცა მილიტარის თემას ავიღებ, word count ძალიან მზღუდავს ზოგადად :/

    ბიბამუსი :D:D არადა ღვინოზე აქ ისე იშვიათად ვწერ :))) შენ ეტყობა რომ იცი ჩემი „პროფილი“, ბლოგზეც ასეთი განწყობით შემოდიხარ :D:D

    p.s. ფრანგული მე ძაფიც მიყვარს :D

    ReplyDelete
  13. აუ რავიცი საშინლად მეზიზღება.
    ენაც და ხალხიც.

    ლორდ - ლოოოოოლ :დ :დ:დ::დ
    არ გამოვრიცხავ ამის მერე სხვანაირად შევხედო ამ ქვეყანას.

    ReplyDelete
  14. კარგი წელი - მიყვარს ეს ფილმი.

    ReplyDelete
  15. Nina Gorecki
    იშვიათად კი არა, ლურსმანას პოსტიც კი ღვინის არომატითაა გაჟღენთილი :)
    ნინო ტეფნაძე რაზეც არ უნდა წერდეს - მაინც სექსზე გამოსდის.
    შენ რაზეც არ უნდა წერდე მაინც ღვინო მოედინება. :)

    შთაბეჭდილებები 4 ქალაქზე მათ შორის პარიზზეც ერთ-ერთი რუსული ტურისტული საიტისთვის დავწერე თავის დროზე. მაგრამ ჩემს ბლოგზე რომ დავდო, უნდა ვთარგმნო/გადავწერო ქართულად და მეზარება.

    აი მაგ ადამიანზე http://wp.me/pBTza-p2

    ReplyDelete
  16. ლოლ სად იყნოსე ლურსმანასთან ღვინის არომატი :D

    სექსზე წერის რა გითხრა, მე უფრო ვფიქრობ რომ, massive attack-ის სიმღერაში როგორცაა love, love is a verb, love is a doing word :D

    შენც რუსულად გააბლოგე, ვისაც არ ესმის ნუ წაიკითხავს :))

    ReplyDelete
  17. რუსულად ხომ ისედაც არის.
    http://bit.ly/9PRwg4

    თან დღეს რაღაცეები შესაცვლელია. ეგ პირველი შთაბეჭდილება იყო. მაგის მერე კიდევ უფრო ჩავეხუტე. :)

    ReplyDelete
  18. Париж кажется тебе родным а сам себе ты кажешься блудным сыном возвратившимся в родной дом.

    ძალიან მომეწონა :)

    ReplyDelete
  19. მე ნამდვილად ეგეთი განცდა მქონდა პირველად რომ ჩავედი. მეგონა რომ უკვე ვიყავი ნამყოფი და ყველაფერი კარგად იყო ნაცნობი. :)

    საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე როგორც ტურისტული მანუალი იმ პონტშია დაწერილი.

    ამერიკა-პარიზი-პრაღა-ნორვეგია... ვენაზე და ჰოლანდიაზეუნდა დამეწერა კიდე მარა მერე მობეზრდა... ამასობაში საკუთარი ბლოგიც გამიჩნდა :)

    ReplyDelete
  20. პრაღაზე გაქვს დაწერილი? :O დადე რა ეგ ლინკები სადმე..

    ReplyDelete
  21. პრაღაზე ცოტა რამ ჩემს ბლოგზეც მიწერია http://wp.me/sBTza-reduta და კიდევ მე და ერთ კარგ ადამიანს სპეც-ბლოგიც გვაქვს "პღაღის ბლოგი" ქვია... ცოტა მივაგდეთ ამ ბოლო დროს... ცოტა კი არა კარგად მივაგდეთ. თუ გინდა, დაწერე რამე პრაღაზე ჩვენი ბლოგისთვის.

    ჰო, ჩეხურ ლუდზე გეგმაში მაქვს პოსტი. :)

    ReplyDelete
  22. ცალკე პრაღის ბლოგი მაგარია :)))
    წინადადება მომწონს, მაგრამ გაზაფხულზე თუ წავედი პრაღაში მაგაზე მერე ვიფიქრებ. ძალიან მინდა და ყველა მეუბნება ვიზას არ მოგცემენო :/

    ReplyDelete
  23. მე არ მომცეს ერთხელ ვიზა.
    ტრანზიტული ვიზა მინდოდა 2 დღიანი - პარიზში მივფრინავდი ჩეხური ავიახაზებით და მეთქი ერთ დღეს ავიღებ და პრაღაში გავივლი-თქო. არაო კონსულმა. მატარებლით რომ მიდიოდე პრაღიდან გასაგებია და მიფრინავო და არ გჭირდება ქალაქში გასვლაო.
    მე ვუთხარი შენგენის ვიზა მაქვს და პარიზის ბილეთი და პრაღა კი მიყვარს მაგრამ ისე არა რომ პარიზის მაგიერ მანდ დავრჩე მეთქი და წამოვედი.


    იმისთვის რომ ვიზა მოგცენ თადარიგი დაიჭირე - ღვინოს შეეშვი ცოტა ხანს და ლუდზე წერე :)

    ReplyDelete
  24. მომეწონა ბლოგი, წავირე ჩემთან, და საფრანგეთი სანახავად შეგიძლია ბლოგზე შემომიარო :)

    ReplyDelete