Saturday, May 26, 2012

Tbilisi Fashion Week fall 2012

გასულ წელს გოდფრი დინიმ მითხრა, მოდის კვირეულების გარეშე ცხოვრება არც ისე საინტერესო იქნებოდაო. მართლა არის ამ მოვლენაში რაღაც ისეთი, მე ვიტყოდი - magic, როცა ჩვენებიდან ჩვენებამდე უსაქმურობისგან შოურუმში ტრიალებ, ნაცნობ სახეებს ეძებ, ფოტოებს იღებ, მაგრამ მაინც მარტო ერთ რაღაცაზე ფიქრობ - როგორი იქნება შემდეგი კოლექცია. ეს კონდიცია რთული ასახსნელია. თუ მთელი წლის განმავლობაში შენი დღე დიზაინის სიახლეების კითხვით იწყება და საერთოდაც, ამ სფეროთი ცხოვრობ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს პერმანენტული მოლოდინის შეგრძნება მაინც განსხვავებულია.

გასული წლებისგან განსხვავებით, ვნახეთ არა ოცდაათამდე, არამედ 8-9 კოლექცია - იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოდის კვირეული არ ჩატარდა და თბილისის კვირეულზეც ბევრმა დიზაინერმა კოლექცია არ აჩვენა. ეს ცოტა გულდასაწყვეტია - როცა რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩნდებიან შენთვის ფავორიტი დიზაინერები, ელოდები ახალ ნამუშევრებს, მაგრამ სტაბილურად ყველა სეზონზე მათი ჩვენება არ ხდება. 

წელსაც სიამოვნებით ვნახავდი გიორგი ქებურიას, გიორგი ამირეჯიბის, ნინო ჩუბინიშვილის კოლექციებს. ნინომ რამდენიმე თვის წინ მითხრა, რომ მოდის კვირეულმა ჩვენში მხოლოდ გასართობი ივენთის დანიშნულება შეიძინა. ვფიქრობ, მოდის სფეროს განვითარებისთვის კარგი ინფრასტრუქტურის გარდა სწორედ ესაა საჭირო - საზოგადოების სწორი დამოკიდებულება, ინტერესი თვითონ მოდის სფეროს და არა ივენთის მიმართ.

რადგან ვიცი, რა სირთულეებს აწყდება დიზაინერი საქართველოში (მარტო ფინანსებს და მასალას არ ვგულისხმობ, ნიკუშა გრიგორიანმა მომიყვა, როგორ გაუფუჭეს თითქმის მთელი კოლექცია მკერავებმა წინა კვირეულზე), კრიტიკის სურვილი ნაკლებად მაქვს. მხოლოდ ის მინდა, რომ კოლექციებში მეტად დავინახო რეალური განწყობები, რეალური შთაგონების წყარო. ჩვენს სივრცეში ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება და თუ ეს მოდაში აისახება, გაცილებით საინტერესო იქნება, ვიდრე, ვთქვათ, იაპონურ-აზიური თემატიკა, რომელიც ხშირადაა ჩვენი დიზაინერების ინსპირაცია. კიდევ ერთხელ გამახსენდა, გასულ შემოდგომაზე ვოგის რედაქტორმა, ნორა ბალდენვეგმა რაც მითხრა - ავთენტურობა თქვენი ძირითადი კოზირი შეიძლება იყოს, აქ რომ ჩამოვდივარ, მინდა ვნახო რაღაც ორიგინალური, მაგალითად, დაკავშირებული თქვენს ისტორიასთან, რასაც სხვაგან ვერ ვნახავო.

კვირეული ბუდა ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ბეტონის სივრცე ძალიან საინტერესოა, აუცილებლად მოვაწყობდი აქ ტექნო მუსიკის ივენთებს, ასეთ რაღაცებს რომ ვაკეთებდე.



ვიცი, რომ ცუდი ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ რაღაცებს მაინც გაგიზიარებთ -  იმას, რაც მომეწონა და რაც ქენონმა შეძლო დაეფიქსირებინა. btw მუდმივ კითხვაზე, რომელი ჯობია, ქენონი თუ ნიკონი, პასუხი ალბათ არის - ნიკონი :)

EKA BALANCHIVADZE




 მოდელი ცისფერ კაბაში ვის გაგონებთ? :)


მე ევა გრინს :)
..........................................................

AKA NANITASHVILI
აკა ნანიტაშვილმა ტრადიციას არ უღალატა - კოლექციაში ისევ აქვს მაისურები ფოტოს პრინტით. გასული სეზონისგან განსხვავებით, რეტრო განწყობა ნაკლებადაა, თუმცა მე ძალიან მომწონდა თვლების ჩარჩოში ჩასმული ფოტოები. ეს კოლექცია ძალიან  ფერადი და საზაფხულო გამოვიდა


LELA ELOSHVILI
ინფორმალის ყოფილმა წევრმა, ლელა ელოშვილმა საკუთარი კოლექცია გვაჩვენა. ესეც  საზაფხულო კოლექციაა ძალიან ლამაზ ფერებში, ზუსტად პასუხობს candy pastel-ის აქტუალურ ტენდენციას





....................................................
GEORGE SHAGHASHVILI
როგორც ყოველთვის, „ძალიან შავი“ კოლექციით წარსდგა პუბლიკის წინაშე. არის ორი რამ, რაც ყოველთვის მომწონდა გიორგის ჩვენებებზე - ის, რომ აქ სქესი თითქმის არ არსებობს, რაც ძალიან სექსუალურია. აქტუალურიც, რა თქმა უნდა. და მეორე, ჩვენებაზე მუსიკა ყოველთვის ძალიან ორგანულია და შეუძლია, კოლექციის ხასიათი გადმოგცეს.
ზოგადად, შაღაშვილს ბევრი სხვა ღირსება გააჩნია - თუნდაც ის, რომ კაცების ჩაცმულობაზეც ზრუნავს. 


His woman is so COOL!

.........................................................

BIBI BAKHTADZE

ფოტო: LIG Studio
ეს დიზაინერი გერმანიაში მოღვაწეობს, პირველად მქონდა მისი კოლექციის ნახვის შესაძლებლობა. 

ძალიან მომწონს კაბა ქვედა ფოტოზე - princess chic. ჩემი ბოლო სტატიაც ზუსტად ამ თემაზეა. როგორც ჩანს, ამ სეზონზე დიზაინერებმა გადაწყვიტეს, ისეთი კაბები შექმნან, როგორებზეც ყველა გოგონა ბავშვობაში ოცნებობს. გავიხსენოთ თუნდაც Valentino-ს SS 2012 კოლექცია.



კვირეული დათუნა სულიკაშვილის ჩვენებამ დაასრულა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი. კოლექციის ნახვის გარეშეც, ეს დიზაინერი კომპლიმენტებს იმსახურებს , რადგან შოუსთვის ყოველთვის ალტერნატიულ სივრცეს ეძებს - გასულ წელს ჩვენება აეროპორტის რკინიგზის რელსებზე მოაწყო, ახლა კი ტელევიზიის პავილიონში. მომწონს ეს მიდგომა, very Lagerfeld. იმედი მაქვს, მალე ქართველი გარეტ პიუც გამოჩნდება და რამე digital age-ის შესაფერისს შემოგვთავაზებს.

სანამ ალექსანდრე ბაგრატიონი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რატომ არაა ბევრი თეთრი ნივთიერება ჩვენი მოდის კვირეულის შემადგენელი ნაწილი, მე უფრო მოკრძალებულ სურვილს დავწერ - მინდა, მომავალ სეზონზე გაზაფხულის კოლექციები ვნახო, პალტოების და ჩექმების გარეშე. უხერხულია, როცა ვოგის მწერალი გეკითხება, რატომ არის ზამთრის კვირეულზე ამდენი შიფონის კაბა და სანდლები, როცა ქვეყანაში ზამთარში მკაცრი კლიმატია და პასუხად შენ ცდილობ, გაიხსენო სტატია, რომელიც The Guardian-ში გლობალურ დათბობაზე წაიკითხე...

Thursday, May 17, 2012

ოლივიე ზამი - მოდის სამყაროს ცუდი ბიჭი


აცვია, როგორც ყოველთვის - ჯინსის თეთრი შარვალი და ტყავის ქურთუკი. თმაც, ჩვეულებრივ, არც ისე დავარცხნილი აქვს. Purple Institute-ში, საკუთარ კაბინეტში ისეთი გამომეტყველებით შედის, თითქოს ახლახანს ალბერ კამიუსთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.თუმცა, ვინც ოდნავ მაინც იცნობს, იცის, რომ მისი ოდნავ აპათიური სახე მხოლოდ ნიღაბია - ოლივიე ზამს ასეთს ვერაფრით უწოდებ. აპათიური პიროვნებისთვის ის ზედმეტად ბევრი რაღაცითაა დაინტერესებული და გატაცებული. გარდა იმისა, რომ მოდით და ხელოვნებით ცხოვრობს, უყვარს თავისი Honda 750 - მოტოციკლეტი, რომელიც ოცდახუთი წლის ასაკში იყიდა და დღესაც ატარებს, ცხოვრება არ შეუძლია სიგარისა და Dupont-ის ოქროს სანთებელის, ასევე ივ სენ ლორანის ტყავის ქურთუკის გარეშე. როდესაც სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანსა და ღირებულზე ჩამოვარდება, აღარც თავისი ჰონდა ახსენდება და არც ხელოვნება და მოდა. "ქალი ერთადერთი მთავარი მიზეზია იმისთვის, რომ იცხოვრო", - ამბობს ზამი. ფლეიბოის იმიჯი უკვე დიდი ხანია მოირგო, ასე რომ, ამ სიტყვებით ვერავის გააკვირვებს, მოდის სამყაროშიც კი.
ოლივიე ზამი ჟურნალის Purple Fashion მთავარი რედაქტორია, რომელსაც მისივე დაარსებული Purple Institute გამოსცემს. ზამი ასევე ავტორია ბლოგის Purple Diary, რომელსაც 2009 წლიდან წერს. ეს ერთგვარი დღიურია, რომელიც ოლივიეს ცხოვრებას მისი გადაღებული ფოტოებით წარმოგვიდგენს. ოლივიე ზამი და მისი ბლოგი ერთი მთლიანის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, ალბათ ამიტომ იყო, რომ ერთ-ერთმა სტილისტმა ის ერთხელ ცოცხალ ფეისბუქის გვერდს შეადარა.

Monday, May 14, 2012

Not yet bored. From Provence

Olivier and me. Kate Moss is reincarnated Me :)

ორი დღის წინ, როცა ღვინის ფესტივალზე წასასვლელად ვემზადებოდი, საინტერესო ამბები გავიგე. პირველი - ოლივიე ზამს და მე იდენტური იდეები გვაქვს მოდის და არტის შესახებ, ეს კი, ზოგადად, ძალიან სექსუალური ამბავია. საერთოდ, თუ აღმოვაჩენ, რომ მე და ოლივიეს ბავშვობაში ერთნაირი მულტფილმები გვიყვარდა, ესეც ძალიან სექსუალური იქნება (რაც მეეჭვება, იმიტომ, რომ მე Ну, Погоди!-ზე ვიყავი შეყვარებული, ოლივიეს კი არ მგონია მგელზე რამე სმენოდეს). უბრალოდ, ზამზე თუ ფიქრობ, პარალელურად სხეულში ოქსიტოცინი აქტიურდება, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა ეს თმადაუვარცხნელი და გიჟი ფოტოგრაფი.

მეორე ის იყო, რომ მივხვდი, თურქული ყავა ირლანდიური ნაღების არომატით, რომელიც ჩემთვის რელიგიაა, დიდ სიამოვნებას აღარ მანიჭებს. ისევე, როგორც სხვა რელიგიები ჩემს ცხოვრებაში - გარეტ პიუს მოდის ჩვენებები, ჰომეროსი, Massive Attack-იც კი... ერთ ბიჭს ვიცნობ, რომელიც ყოველთვის ხელიდან წასული ჰედონისტი მეგონა, მაგრამ უკვე წლებია ლენინგრადს უსმენს. ასე რომ, იცოდეთ, ხელიდან წასული ისაა, ვისი სხეულის და ტვინის უჯრედები ზედმეტად მოკლე ხანში ეჩვევა სასიამოვნო გამღიზიანებლებს და მათზე ძალიან აღარ რეაგირებს. მგონი მზად ვარ ახლო აღმოსავლეთში ომის რეპორტიორადაც კი წავიდე, ოღონდ ახალი addiction-ით მიღებული ადრენალინი სისხლში კიდევ ვიგრძნო. 

რაც არასოდეს იცვლება - ის, რომ France freak-ის ბლოგს კითხულობთ. ყოველთვის მაინტერესებს გავსინჯო რაღაც ფრანგული, თუნდაც ეს საპონი იყოს. ამიტომ იყო, რომ  L'Occitane-ის მაღაზიას ვესტუმრე.