Thursday, May 17, 2012

ოლივიე ზამი - მოდის სამყაროს ცუდი ბიჭი


აცვია, როგორც ყოველთვის - ჯინსის თეთრი შარვალი და ტყავის ქურთუკი. თმაც, ჩვეულებრივ, არც ისე დავარცხნილი აქვს. Purple Institute-ში, საკუთარ კაბინეტში ისეთი გამომეტყველებით შედის, თითქოს ახლახანს ალბერ კამიუსთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.თუმცა, ვინც ოდნავ მაინც იცნობს, იცის, რომ მისი ოდნავ აპათიური სახე მხოლოდ ნიღაბია - ოლივიე ზამს ასეთს ვერაფრით უწოდებ. აპათიური პიროვნებისთვის ის ზედმეტად ბევრი რაღაცითაა დაინტერესებული და გატაცებული. გარდა იმისა, რომ მოდით და ხელოვნებით ცხოვრობს, უყვარს თავისი Honda 750 - მოტოციკლეტი, რომელიც ოცდახუთი წლის ასაკში იყიდა და დღესაც ატარებს, ცხოვრება არ შეუძლია სიგარისა და Dupont-ის ოქროს სანთებელის, ასევე ივ სენ ლორანის ტყავის ქურთუკის გარეშე. როდესაც სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანსა და ღირებულზე ჩამოვარდება, აღარც თავისი ჰონდა ახსენდება და არც ხელოვნება და მოდა. "ქალი ერთადერთი მთავარი მიზეზია იმისთვის, რომ იცხოვრო", - ამბობს ზამი. ფლეიბოის იმიჯი უკვე დიდი ხანია მოირგო, ასე რომ, ამ სიტყვებით ვერავის გააკვირვებს, მოდის სამყაროშიც კი.
ოლივიე ზამი ჟურნალის Purple Fashion მთავარი რედაქტორია, რომელსაც მისივე დაარსებული Purple Institute გამოსცემს. ზამი ასევე ავტორია ბლოგის Purple Diary, რომელსაც 2009 წლიდან წერს. ეს ერთგვარი დღიურია, რომელიც ოლივიეს ცხოვრებას მისი გადაღებული ფოტოებით წარმოგვიდგენს. ოლივიე ზამი და მისი ბლოგი ერთი მთლიანის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, ალბათ ამიტომ იყო, რომ ერთ-ერთმა სტილისტმა ის ერთხელ ცოცხალ ფეისბუქის გვერდს შეადარა.

თუმცა მისი მუდმივი სიყვარულის საგანი, უფრო ზუსტად კი, ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი არც ჰონდაა და არც მდედრობითი სქესის რომელიმე წარმომადგენელი. როდესაც ოლივიეს ეკითხებიან, რა დააქვს თან ყოველთვის მოგზაურობის დროს, Lumix GF1-ზე იწყებს საუბარს. ფოტოკამერა ყოველთვის თან აქვს - მოგზაურობის, მუშაობის, ძილის, სადილის დროს. ის ყველაფერს უღებს ფოტოს, რასაც კი ამჩნევს - ესე იგი, რაც მოსწონს. ალბათ სწორედ ამიტომაც გახდა ფოტოგრაფი.
ხელოვნების ყოფილი კრიტიკოსი, ოლივიე ზამი 1963 წელს, პარიზში დაიბადა. ეს ის ადამიანია, რომლის სახელიც მოდის სფეროთი საშუალოდ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლოა უფრო ხშირად ჰქონდეს გაგონილი, ვიდრე, ვთქვათ, აზედინ ალაიას ან ჯერემი სკოტის. მართალია, ის მოდას არ ქმნის (ამ ფრაზის ტრადიციული მნიშვნელობით), მაგრამ ეს ხომ ამ სფეროში ხშირად არც არის მთავარი. ოლივიე ზამს უფრო დიდი ბონ ვივანის სახელი აქვს, ვიდრე ფრედერიკ ბეგბედერს და კიდევ უფრო ცუდი ბიჭის იმიჯი, ვიდრე როკის ნებისმიერ თანამედროვე ვარსკვლავს. არც იმის აღიარება უჭირს, რომ საკუთარი თავი, როგორც ბრენდი, თავად შექმნა. "დღეს მოდა ცნობილი ადამიანის ფენომენთან არის დაკავშირებული, ამიტომ თუ გინდა სერიოზულად აღგიქვან ისეთ ზედაპირულ გარემოში, როგორიც მოდის სამყაროა, გლამურული უნდა იყო. ადრე ვფიქრობდი, რომ თუ გინდა სერიოზულად გიყურებდნენ, ჯობს არ ჩანდე. ეს ოთხმოცდაათიანებში იყო."

ოთხმოცდაათიანების შემდეგ კი მართლაც დიდი დრო გავიდა. თუმცა ზამი თვლის, რომ ამ პერიოდს და ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულს შორის მხოლოდ კალენდარული განსხვავებაა, როდესაც 80-იანები აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენი იყო. ოლივიემ, პროფესიით ფილოსოფოსმა, მაშინ გადაწყვიტა ძალები ხელოვნებაზე წერაში მოესინჯა და ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდა - წერდა ჟურნალებისთვის Artforum, Art Press, Flash Art, Texte Zur Kunst... მოგვიანებით კურირებდა არტ-გამოფენებს პომპიდუს ცენტრში, PS1-სა და MoMA-ში. 1992 წელს, 80-იანების გაცვეთილი გლამურის საწინააღმდეგოდ ჟურნალი Purple შექმნა, რომელიც თავისი ესთეტიკით ერთგვარი კონტრ-კულტურა გახდა, ე.წ. anti-fashion-ის ნაწილი. დღეს ითვლება, რომ ჟურნალი უკვე მეინსტრიმია - წელიწადში ორჯერ 60 000-იანი ტირაჟით გამოდის, ხოლო ბლოგს დღეში საშუალოდ 20 000 უნიკალური მნახველი ჰყავს.

ეს ალბათ მაინც არ არის ასე. Purple Fashion-ს ზედმეტად ინდივიდუალური ესთეტიკა აქვს იმისთვის, რომ ოდესმე ისეთივე მეინსტრიმი გახდეს, როგორც ჟურნალი ვოგი. ეს არ არის "ბრენდების კატალოგი" და უფრო იმ ადამიანებისთვის კეთდება, ვისაც ხელოვნებაც არანაკლებ აინტერესებს, ვიდრე ახალი სამოსი. "ის, რასაც მე ვაკეთებ, ფეისბუქს უფრო ჰგავს, ვიდრე ისეთ ჟურნალს, როგორიცაა Cosmopolitan. ის მეგობრებთან ერთად იქმნება მეგობრებისთვის და მათთვის, ვისაც ჩვენნაირი გემოვნება და სტილი აქვს."
ერთხელ თქვა, რომ ჟურნალს ნიუ-იორკის კრეატიული ნაწილისთვის ქმნის. საინტერესოა, რომ ზამს ნიუ-იორკის კულტურა გაცილებით უფრო საინტერესოდ მიაჩნია, ვიდრე პარიზის. ამბობს, რომ ნიუ-იორკის დაუნთაუნი ერთი დიდი არტისტული მანქანაა, რომელში მოხვედრის დროსაც უბრალოდ აუცილებელია, რომ შემოქმედებითად იაზროვნო. თავად ფრანგი, შეერთებული შტატების დედაქალაქს ინოვაციურს უწოდებს, მაშინ, როდესაც პარიზი სნობების ქალაქად მიაჩნია. ამ უკანასკნელში თავს ისე გაჩვენებენ, თითქოს მათთვის სულ ერთი იყოს, წარმატებას მიაღწევენ თუ არა. ნიუ-იორკში კი ხელოვნების შექმნის პროცესი არასოდეს მთავრდება, გარემო ისეთი კონკურენტულია, რომ სულ მობილიზებული უნდა იყო, - ამბობს ზამი.
ოლივიე ზამი არც ცუდი ბიჭია, არც სექსისტი და უკვე აღარც მეამბოხე. უბრალოდ, ეგზიბიციონისტია და ამას თავად აღიარებს. საკუთარ ბლოგზე ძირითადად შავ-თეთრ ფოტოებს დებს, რომლებსაც გამოფენებსა თუ მოდურ წვეულებებზე იღებს. იმისთვის, რომ ამბავი მოყვე, უნდა აჩვენო, როგორ იცვამენ ადამიანები, როგორ ატარებენ სამოსს, რა განწყობით, როგორ ერთობიან - მის ვირტუალურ ფოტო-დღიურსაც სწორედ ეს დანიშნულება აქვს. არ ესმის თანამედროვე საზოგადოების - ფიქრობს, რომ მისი ბებია და ბაბუაც კი, რელიგიისა და სოციალური დოგმების გავლენის ქვეშაც კი, უფრო თავისუფლები იყვნენ. "დღეს ჩვენ არ გვაქვს არანაირი რელიგია, გვჯერა, რომ აბსოლუტურად თავისუფლები ვართ. გვჯერა, რომ ვცხოვრობთ დროში, როცა ყველას შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა და არ არის არანაირი აუცილებლობა, წესები დაიცვა. ეს აბსოლუტური სიცრუეა, რადგან ამ ახალი წესების თანახმად, ყველას შეუძლია იყოს თავისუფალი საიდუმლოდ, საკუთარ პირად სივრცეში".
ალბათ ამიტომ, ოლივიეს თავისუფალი სიყვარულის ადვოკატს უწოდებენ. ნუდისტურ ფოტოებს მის ბლოგზე მართლაც ხშირად აღმოაჩენთ, თემები სექსზე არც ჟურნალისთვისაა უცხო. მიაჩნია, რომ სექსი ნებისმიერი მოდის ჟურნალის განუყოფელი ნაწილია, უბრალოდ, მისი სტილი უფრო პირდაპირია, რადგან ამის არ ეშინია. ისიც უთქვამს, რომ ნუდისტური ფოტოები ჟურნალსა და ბლოგზე სხვა არაფერია, თუ არა სილამაზის კვლევა. ეს მისი მანიაკალური გატაცებაა, ყველაფერში - სხეულში, სამოსში, ინტერიერსა თუ პეიზაჟებში სილამაზე აღმოაჩინოს. თუმცა აღნიშნავს: "მოდა ამით იწყებოდა და ამით დამთავრდება - არაფერი არსებობს უფრო ლამაზი, ვიდრე ქალის სხეული".








source: purple.fr/diary



2 comments:

  1. კარგი ტიპი ჩანს ზამი :) წავედი ახლა მისი დღიურის დასათვალიერებლად, ძალიან დამაინტერესე ამ პოსტით...

    ReplyDelete
  2. ვახ ეს ვინ ყოფილა.
    ისე კი მოეხსნა სათვალე, მაინტერესებდა მის გარეშე როგორია. :დდ


    "ახალი წესების თანახმად, ყველას შეუძლია იყოს თავისუფალი საიდუმლოდ, საკუთარ პირად სივრცეში". რა კარგი ნააზრევია. მომწონს. თუმცა ცუდია, რომ თავისუფლება მხოლოდ საკუთარ პირად სივრცეში უნდა აღიქმებოდეს. ოოო, არ მომწონს. არ მინდა მხოლოდ ჩემთვის ვიყო თავისუფალი.

    ReplyDelete