Olivier and me. Kate Moss is reincarnated Me :) |
ორი დღის წინ, როცა ღვინის ფესტივალზე წასასვლელად ვემზადებოდი, საინტერესო ამბები გავიგე. პირველი - ოლივიე ზამს და მე იდენტური იდეები გვაქვს მოდის და არტის შესახებ, ეს კი, ზოგადად, ძალიან სექსუალური ამბავია. საერთოდ, თუ აღმოვაჩენ, რომ მე და ოლივიეს ბავშვობაში ერთნაირი მულტფილმები გვიყვარდა, ესეც ძალიან სექსუალური იქნება (რაც მეეჭვება, იმიტომ, რომ მე Ну, Погоди!-ზე ვიყავი შეყვარებული, ოლივიეს კი არ მგონია მგელზე რამე სმენოდეს). უბრალოდ, ზამზე თუ ფიქრობ, პარალელურად სხეულში ოქსიტოცინი აქტიურდება, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა ეს თმადაუვარცხნელი და გიჟი ფოტოგრაფი.
მეორე ის იყო, რომ მივხვდი, თურქული ყავა ირლანდიური ნაღების არომატით, რომელიც ჩემთვის რელიგიაა, დიდ სიამოვნებას აღარ მანიჭებს. ისევე, როგორც სხვა რელიგიები ჩემს ცხოვრებაში - გარეტ პიუს მოდის ჩვენებები, ჰომეროსი, Massive Attack-იც კი... ერთ ბიჭს ვიცნობ, რომელიც ყოველთვის ხელიდან წასული ჰედონისტი მეგონა, მაგრამ უკვე წლებია ლენინგრადს უსმენს. ასე რომ, იცოდეთ, ხელიდან წასული ისაა, ვისი სხეულის და ტვინის უჯრედები ზედმეტად მოკლე ხანში ეჩვევა სასიამოვნო გამღიზიანებლებს და მათზე ძალიან აღარ რეაგირებს. მგონი მზად ვარ ახლო აღმოსავლეთში ომის რეპორტიორადაც კი წავიდე, ოღონდ ახალი addiction-ით მიღებული ადრენალინი სისხლში კიდევ ვიგრძნო.
რაც არასოდეს იცვლება - ის, რომ France freak-ის ბლოგს კითხულობთ. ყოველთვის მაინტერესებს გავსინჯო რაღაც ფრანგული, თუნდაც ეს საპონი იყოს. ამიტომ იყო, რომ L'Occitane-ის მაღაზიას ვესტუმრე.
აქამდე ჩემთვის ნაცნობი იყო ივ სენ ლორანის სუნამოების, ბურგუნდიის ვენახების, ზამის ფოტოების, ბეგბედერის მაისურების და ბორის ვიანის წიგნების სუნი, ახლა ისიც გავიგე, როგორი არომატი აქვს პროვანსში ალუბლის ყვავილობას.
იმ ფრანგების სიაში, ვინც ჩემში ოქსიტოცინის გააქტიურებას იწვევს, ოლივიე ბოსანის სახელიცაა, რომელმაც 30 წლის წინ ძველი მედიტერანული ტრადიციების აღდგენა გადაწყვიტა და მარსელის საპნის გაკეთება დაიწყო. ის, რის გამოც L'Occitane-ის პროდუქცია მიყვარს, ისაა, რომ ყველაზე ნატურალური, ჰიპოალერგიული, ფრანგული, არომატული და ეკოლოგიურად სუფთაა. აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია: ადგილი, მოსავლის აღების დრო, ტექნოლოგია - პროდუქტი ხელით მზადდება. ზეთებს აქ ორთქლის დისტილაციის მეთოდით ამზადებენ, რაც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მეთოდად ითვლება (თუმცა ეს ფასზეც აისახება, ნუშის ზეთში გასულ წელს 40 ამერიკული დოლარი გადავიხადე).
ესაა Fleur de cerisier - საპონი ალუბლის ყვავილის არომატით. ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მქონია (გაითვალისწინეთ, რომ ჩემი შემოსავლის მეხუთედს კარგი ხარისხის საპონსა და ყავაში ვხარჯავ :D ) - ფორმას არ კარგავს, კანს ატენიანებს და საერთოდ არ აქვს სინთეტიკური სურნელი.
და Pivoine Flora, პიონის ლოსიონი სხეულისთვის - თავის მოვლის ყველაზე საგაზაფხულო საშუალებაა, ციტრუსის და პიონის მსუბუქი არომატით. პროვანსის რომელიმე მზიან ბაღში ტრანსპორტირების ყველაზე იოლი საშუალებაც.
ნინაა! ეს პოსტი რატომ გამომრჩა, არ ვიცი. არადა ისეთი მომწონს! ფრანგულ–არომატული <3
ReplyDeleteჰო, იდენტური იდეები მართლა სექსუალურია :) და ახალი შეგრძნებებიც ხანდახან ჰაერივით საჭიროა.
ფრედერიკი რა ტიპია :))
<3 ჰო, მეც ძალიან არომატული შეგრძნებით ვწერდი :))
Deleteძალიან სასაცილოა ფრედი :)
"ერთ ბიჭს ვიცნობ, რომელიც ყოველთვის ხელიდან წასული ჰედონისტი მეგონა, მაგრამ უკვე წლებია ლენინგრადს უსმენს" - მივხვდი უკვე, ვიზეც არის საუბარი. :)))
ReplyDeleteილაპარაკო ფრანგულ რაღაცებზე - Это cвятое дело." - ვაიმე, როგორ არ მიყვარს არაფერი ფრანგული გარდა ფრედისა და ოდრი ტატუსი. ა, და კიდევ გინსბურგიც მიყვარს და მისი ქმარიც. და მარიონიც და გიომიც. უჰ :D
ფრედის დიჯეიობა არ გაიშვას. :))))
ენ ხო ყველაზე ყველაფერი იცი :)))
Deleteგიყვარს. კრუასანები და ყველი მაინც ხო გიყვარს? :)) ან ნიკოლია დიუვოშელი?)
გოგო, არ გინდა ღვინის ფესტივალის სურათები??? :D
ReplyDeleteმინდა და დრო რომ გექნება მომეცი :)
Delete