Friday, March 16, 2012

როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი

Kate Dardin, 'On The Wire'
მაშინ, როდესაც ყოველდღიური გრაფიკი გაჭირვებით გაძლევს იმის საშუალებასაც კი, რომელიმე გალერეას ახალი გამოფენის დასათვალიერებლად ესტუმრო ან თაროზე შემოდებული წიგნიდან რამდენიმე ფურცელი წაიკითხო, ხანდახან ისეც ხდება, რომ ცოტაოდენი დრო მოულოდნელად თავისუფლდება. ის არც ლიტერატურას გაწვდება და ესეცაა, რომ ასეთ მომენტში რაღაც ისეთის გაკეთების სურვილი ჩნდება, რაზეც სულაც არ ფიქრობდი. უფრო სწორად, სადღაც გაიგონე ამის შესახებ და მეხსიერებაში ჩაგრჩა, რომ მსგავსი რამ არასოდეს გამოგიცდია.
ამიტომ იყო, რომ ახლახანს, როცა ამინდი ამისთვის საკმარისად თბილი მომეჩვენა, გადავწყვიტე სულ ცოტა ხნით მოყვარული ორნიტოლოგის ამპლუა მომერგო. Birdwatching-ის ფენომენმა ჩემი ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც გავიგე, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული და მოდური გასართობი ყოფილა. იმდენად, რომ ტურისტული ფირმები საგანგებო მარშრუტებს ადგენენ, იშვიათი ჯიშის ჩიტების ნახვის მიზნით. იშვიათზე პრეტენზია არ მქონდა, ამიტომ მეგობარს ძველი ბინოკლი გამოვართვი და უახლოეს პარკში გავეშურე, ჩიტებზე გამოცდილი დამკვირვებლის გამომეტყველებით. ეს უკანასკნელი დროებითი იყო, რადგან გამოცდილების არქონამ თავისი საქმე გააკეთა - ჩიტები თითქმის არ მინახავს, თუ რამდენიმე მობუზულ არსებას არ ჩავთვლით. როგორც ჩანს, თბილი ქვეყნებიდან მოფრენილებმა, ამინდი მაინც არასაკმარისად მზიანად მიიჩნიეს იმისთვის, რომ გამოჩენილიყვნენ.
Marc by Marc Jacobs SS 2012
არა უტილიტარული, არამედ ესთეტიკური განზრახვით ჩიტების თვალიერების მიმართ ინტერესი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ევროპაში გაჩნდა. მაშინ ეს საქმიანობა ყველაზე თავშესაქცევად ბრიტანელებს მოეჩვენათ. ცოტა მოგვიანებით, როდესაც ავტომობილების ფართოდ წარმოება დაიწყეს, ჩიტებზე დამკვირვებლებს იმის საშუალება მიეცათ, უცხო ქვეყნებიც მოენახულებინათ. 1965 წელს კომპანია Ornitholidays-იც დაარსდა, რომელმაც დიდ მანძილზე ტურების დაგეგმვა დაიწყო. დღეს ეს საქმიანობა კიდევ უფრო პოპულარულია, ვიდრე მაშინ. ახლა ჩიტებზე დაკვირვება ზოგიერთის ცხოვრების სტილიც კი გახდა. Birdwatcher-ების ჯგუფები დროგამოშვებით შეჯიბრებებსაც აწყობენ, მაგალითად, იმაში, თუ განსაზღვრულ დროში ვინ მოახდენს მეტი სახეობის იდენტიფიცირებას და საველე დღიურებსაც აწარმოებენ. მათში შეტანილი ინფორმაცია ხანდახან მეცნიერებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება ხოლმე. როგორც უნდა იყოს, ეს მაინც ჰობია, ვიდრე მეცნიერება და პარკში გატარებული მცირე დროის განმავლობაში იმასაც მივხვდი, რაში არის მისი ხიბლი, მიუხედავად იმისა, რომ ჩიტებზე ჩემი დაკვირვება არ შედგა. Birdwatching-ი და ზოგადად, ბუნებაზე ბინოკლით დაკვირვება ის იშვიათი საქმიანობა აღმოჩნდა, როდესაც ყოველდღიურობის გიჟურ რიტმს მთლიანად ეთიშები - მას გაცილებით დიდი სიმშვიდის მოტანა შეუძლია, ვიდრე სპა სალონში გატარებულ რამდენიმე საათს.
Carolina Herrrera SS 2012
სანამ რიგიანად არ დათბება, ორნიტოლოგობაზე ფიქრი არ ღირს, სამაგიეროდ ამის არცთუ ცუდი ალტერნატივა არსებობს. ჩიტებზე დაკვირვების საშუალებას წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის მოდაც ხომ იძლევა. საქმე ისაა, რომ დიზაინერებს მობეზრდათ ყველაფერზე კატებისა და ვეფხვების გამოსახვა და ფრინველები გაიხსენეს. თუ ყვავილის პრინტი გაზაფხულის კოლექციებში ყოველთვის ზედმეტად მოსალოდნელია, ვიტყოდი, კლიშეც, ჩიტები სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ისინი აღმოჩნდნენ Carolina Herrera-ს კაბაზე და ამით კოლექციაში ფერადოვნება შეიტანეს. ჩიტების კიდევ უფრო ცოცხალი, დინამიური გამოსახულება Marc by Marc Jacobs-თან ვნახეთ. Suno-ს გაზაფხულის კოლექცია ცოტა უფერულად გამოიყურება, ამ შემთხვევაში ექსპერიმენტებმა პრინტთან ნაკლებად გაამართლა, თუმცა სწორედ ის კაბა, რომელზეც ჩიტია დახატული, ყველაზე წარმატებული ნამუშევარი მგონია.
Birdwatching-ი ასევე კარგად ჩაივლის, თუ Jill Stuart-ს მოვინახულებთ. ამ უკანასკნელის კოლექციაში სეზონის ორი ძლიერი ტრენდი ხვდება ერთმანეთს - პასტელის ტონალობა და ჩიტებიანი ნახატი. ისიც უნდა ითქვას, რომ სამოსის გარდა, ჩიტებს აქსესუარებზეც ხშირად ვხვდებით. გაზაფხულის მოსვლის უტყუარი ნიშნებია MiuMiu-ს ფეხსაცმელზე (რომელიც მხიარულია, მაგრამ რაღაც მეტისმეტად უზარმაზარი, თუმცა მბზინავი თვლების გარეშე, ტენდენციების გათვალისწინებით, ნორმალურად გამოიყურება), Accesorize-ის ჩანთაზე, ჩიტების თემა ასევე იყო გამოყენებული Swarowski-ის სამკაულების შესაქმნელად.
Swarowski
ჩიტებზე დაკვირვებისთვის ალბათ კარგი იქნებოდა არომატის შერჩევა, რომელიც ჰაეროვნების, ფრთების ასოციაციას გამოიწვევდა. ჩემი კოლექციიდან ასეთი მხოლოდ Lancome - O de L`orangerie მახსენდება, ისიც იმიტომ, რომ მისი დაბოლოება ბრიზის შეგრძნებას იწვევს. ფრთებზე ასევე გამახსენდა Nina Ricci და მისი L`air du Temps, თუმცა მუშკის, მერქნისა და ყვავილების არომატის სიმძაფრე აქ ადგილს არ ტოვებს "ჰაერისთვის". სხვა საქმეა 2011 წლის L’air, რომელსაც ჟასმინისა და იების მსუბუქი, თბილი და ძალიან ნაზი არომატი მოაქვს - ზუსტად ისეთი, როგორიც გაზაფხულს.
MiuMiu
ბინოკლით ხელში რომელიმე პარკში თუ კიდევ აღმოვჩნდი, ჩიტებზე დაკვირვების პროცესში ჩემი მუსიკალური არჩევანი Balam Acab - See Birds იქნება. შესაძლოა, მკითხველმა იფიქროს, რომ ალექ ქუნის (Balam Acab-ის "უკან" სწორედ ეს სახელი იმალება) მუსიკა "იძულებით", თემიდან გამომდინარე შევარჩიე, მაგრამ ამის აუცილებლობას სრულიად ვერ ვხედავ. აქ შეიძლებოდა Young Magic-ის ახალი ალბომის პატარა რეცენზია ყოფილიყო, რადგან სწორედ ისეთ მედიტაციურ მდგომარეობას იწვევს, როგორსაც ბინოკლით ჩიტების თვალიერება. სიმართლე ისაა, რომ ამ წერილის დაწერისკენ სწორედ ქუნის მინი ალბომმა See Birds მიბიძგა, რომელიც არც ისე ახალია - 2010 წელს იყო გამოშვებული. 20 წლის პენსილვანიელი ბიჭის მუსიკალური პროექტი ახლახანს აღმოვაჩინე. მთავარი ის არაა, რომ ამ ასაკის სტუდენტს ასეთი ელეგანტური ელექტრონული მუსიკის კეთება შეუძლია. ის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, როცა გვაჩვენებს, რომ witch house შეიძლება ასეთი მელოდიური და ჰაეროვანი იყოს. დრიმ პოპის ელემენტები ამ მუსიკას იმ ემოციურ მუხტს აძლევს, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორი იქნებოდა, თუ კოსმოსში სამოგზაუროდ წასვლის წინ ფლეილისტის შედგენას დავიწყებდი. იქ, ღრუბლებს მიღმა, ასეთ მუსიკას უნდა უსმინო.

9 comments:

  1. ჩიტების თემაზე შექმნილ რაიმე აქსესუარს ან ჩასაცმელს სიამოვნებით ვატარებდი. ის კი არა, მგონი ერთადერთი ტატუ, რომელიც მომწონს, ჩიტია :)
    ჩიტებზე დაკვირვებამ მართლა როგორი გათიშვა იცის. შარშან ეზოში დავდევდი კამერით ერთ გულწითელა ჩიტს, რომელიც მგონი მეთამაშებოდა – შორიახლოს ჯდებოდა და მთელი ეზო მომატარა, ჰოდა ფოტოც ვერ გამოვიდა ამ სირბილში :)
    მაგრამ მგონია, დიდი ნებისყოფა სჭირდებათ, ვინც სერიოზულად გატაცებულია ჩიტებზე დაკვირვებით. მე ყოველდღიურად ძირითადად ერთ ყვავს ვაკვირდები ხოლმე, ფანჯრის მოპირდაპირე სახურავზე მოდის ხშირად :))

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო დილეტანტური ორნიტოლოგობაც რთული საქმე უნდა იყოს :)

      ამას ვუყურებ ეს დღეები, მგონი ვიყიდი :)
      http://us.asos.com/pgeproduct.aspx?iid=1991889

      Delete
    2. ვერ გავხსენი ლინკი :( თან ასე გვიან ვნახე. იყიდე? :)

      Delete
    3. ბეჭედი და სამაჯურია ჩიტებით გადაბმული :))
      ფერადთვლიანი გულსაბნევი ვიყიდე, ეს აღარ :)

      Delete
  2. Replies
    1. ენგრიბერდსებიც :)

      Delete
    2. ისე, მე მთელი ფაუნა მაქვს ჰალსუხებზე - ძაღლები, კატები, სპილოები, აქლემები, ვეშაპები, ლომები და ფრინველებიც.

      Delete