Monday, February 28, 2011

წიგნი თუ... ელექტრონული წიგნი?


ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა იყო, სანამ ელექტრონული წიგნის კითხვა მხოლოდ კომპიუტერებში იყო შესაძლებელი. მიუხედავად ნაბეჭდი წიგნის მაღალი ფასისა მის ელექტრონულ ვერსიასთან შედარებით, მკითხველისთვის კიდევ უფრო ფასეულს მისი საკუთარი მხედველობა წარმოადგენდა. ელექტრონული წიგნების საკითხავი (e-book reader) ტექნიკის გამოგონებამ საქმე რადიკალურად შეცვალა. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით ისინი თვალების გადაღლას არ იწვევს, ამასთან არ აქვს გამოსხივება, როგორც კომპიუტერებს, შესაბამისად, კომფორტულობით ნამდვილ წიგნს თითქმის არ ჩამოუვარდება.
პლანშეტური კომპიუტერები წიგნის წამკითხავი ფუნქციით შორეულ 90-იანებში გამოიგონეს, თუმცა ტექნოლოგიურად ისინი არც ისე დახვეწილი იყო, საკმაოდ ძვირიც ღირდა და ამიტომ საზოგადოებაში ფართოდ არც გავრცელებულა. სულ სხვა საქმეა ახალი თაობის "რიდერები": Sony Reader, Amazon Kindle, Nook (Barnes & Noble)... მათ ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ მაღაზია ამაზონის მონაცემებით ელექტრონულმა წიგნებმა უკვე გაუსწრეს გაყიდვებით სქელყდიან წიგნებს, ხოლო ამ წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ რბილყდიანებსაც უკან მოიტოვებენ.
მართლაც, ელექტრონულ წიგნებს მათ ნაბეჭდ ვერსიებთან შედარებით, უამრავი უპირატესობა გააჩნიათ. პირველ რიგში, ალბათ ის, რომ მათი წარმოება ნაკლებ რესურსს მოითხოვს და უამრავ ხეს არ ანადგურებს. ამიტომ, ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით, შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს მათი წარმოებით ნაბეჭდი წიგნების ჩანაცვლება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა. ელექტრონული წიგნების ექსპანსია ჯერჯერობით არააგრესიული, არასავალდებულო გზებით ვრცელდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ელექტრონულ წიგნს არ ძალუძს იყოს ნაბეჭდის ღირსეული კონკურენტი?

Friday, February 25, 2011

ტანგოს რიტმში

ბუენოს-აირესში ახლა თბილა. ტემპერატურა თითქმის ოცდაათ გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც შესანიშნავი მიზეზია იმისთვის, რომ მაისის გამზირზე გაისეირნო, რომელიმე კაფეში დაჯდე და ხვალინდელ დღეზე იფიქრო.
ხვალ მზე ისევე ხალისიანად გამოანათებს, როგორც დღეს, განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ცხოვრებით ტკბობისთვის მეტი თავისუფალი დრო გაჩნდება. შეგიძლია სან ტელმოს ძველ უბანში ნელა გაისეირნო, მე-19 საუკუნის დიდებული არქიტექტურით დატკბე, შემდეგ კი დორეგოს მოედნისკენ გაუხვიო. ხვალ ხომ მისკენ მიმავალი ქუჩები ტანგოს მოცეკვავეებით იქნება სავსე. თუმცა ისინი უქმეებზე ყველგან იქნებიან: კაფეებში, სან ტელმოს ბოჰემურ უბანში, ქალაქის ყველაზე ღარიბ და ფერად ნაწილშიც, რადგან ტანგო არგენტინელებისთვის ხელოვნება ან უბრალოდ ცეკვა კი არა, ცხოვრების სტილია.

Tuesday, February 22, 2011

ლოტოსის ჩაი, ანუ როგორც ოდისევსი მთავარი მიზნის გარეშე

გრინფილდის ლოტოსის ჩაი იშვიათი საზიზღრობაა. კოლოფს აწერია, რომ ის რელაქსაციისთვის განგაწყობთ და საკაცობრიო დარდებს დაგავიწყებთ. ჰოდა, გრინფილდმა მაგრად გამაცურა.  ვიცოდი, რომ ოდისევსივით გამჭრიახი არ ვიყავი, მაგრამ ადამიანმა სხვების მაგალითზე უნდა ისწავლო და შეცდომები არ დაუშვა. მე კიდევ მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ. სხვა დროს სხვა გრინფილდს ვიყიდი.

მიხვდებოდით, ოდისევსი ლოტოსმა რატომ გამახსენა.  პირველად ჰომეროსთან წავიკითხე, რომ ლოტოსი იჭმევა. ვისაც არ წაგიკითხავთ: ოდისევსი და მისი თანამგზავრები სახლისკენ მიმავალ გზას ადგანან და ლოტოფაგებთან მოხვდებიან, რომლებიც, ციკლოპისგან განსხვავებით, კეთილი მასპინძლები აღმოჩნდებიან და მგზავრებს ლოტოსით გაუმასპინძლდებიან. ეს ჯადოსნური საკვებია, რომელიც ყველას ყველაფერს ავიწყებს, ამიტომ ოდისევსის ძმაკაცებს სამშობლოც დაავიწყდებათ, ვიზიტის მიზანიც, საკუთარი თავიც და მათ ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ. ისე, ვისაც თავში ჭკუა არ აქვს და პირში გემო, უარესის ღირსია. საბედნიეროდ, მრავალნაცადი ოდისევსი გაუძლებს ამ გემრიელი საკვების გასინჯვის ცდუნებას და თავის ძმაკაცებს სულ ყურით აათრევს ხომალდზე. ასე კეთილად მთავრდება ეს ეპიზოდი, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს ჩაის ცერემონიაზე.

ბავშვობაში ოდისევსი ჩემი გმირი იყო, გაუტეხელი ნებისყოფის, მიზანმიმართული ადამიანი, რომელიც ბოლომდე არ მოეშვა, სანამ სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ აიხდინა. ის მომენტი, „მხოლოდ კვამლი, ითაკის მიწიდან ადენილი კვამლი დაინახოს და მერე თუნდ მოკვდეს“ ნაკლებად მესმოდა ხოლმე. ალბათ, პატრიოტიზმი არაა ის გრძნობა, რომელიც ჩაის სმისა და ფროდიჯის მოსმენის დროს მოდის. თუმცა დღეს სხვანაირად გამოვიდა. ჩაის სმამ გამახსენა ლოტოფაგებიც, ოდისევსიც, მისი სამშობლოს ნოსტალგიაც, მაგრამ არ გამახსენა ერთი ძალიან სასურველი რაღაც - როგორი ჰაერია იქ, სადაც არის ჩემი ითაკა.

Saturday, February 19, 2011

You can leave your hat on

ქუდები გიყვართ? მე? რედიოჰედი? ისე რა, ძალიან, ხანდახან - ჩემი პასუხებია. ანუ ქუდები - ისე რა, საკუთარი თავი - ძალიან, რედიოჰედი კი - ხანდახან. ქუდს გააჩნიაო, მეტყვით, მაგრამ ჩემთვის არ გააჩნია - საერთოდ არ მაქვს და არც... არა, მომენტებში მინდება ხოლმე რომ მქონდეს. კაუფმანის „აუტანელს“ რომ ვუყურებ, მინდება რომ ზუსტად საბინასნაირი შევიძინო, თუმცა ფილმის დამთავრებისთანავე ვხვდები, ქუდი აქ მხოლოდ სიმბოლოა კლიშეებთან, მოძველებულ მორალთან, კიჩთან ბრძოლის. ამაღამ ისევ მომინდა, რომ ქუდი მქონდეს, ოღონდ კუნდერას საბინა ახლა არაფერ შუაშია. 

მთელი კვირა ვფიქრობდი, პარასკევს სერიოზული ნაით-აუთი მექნება-მეთქი, მაგრამ დღეს დილით სეირნობის დროს გადავიფიქრე. სურნელოვანი აბაზანის, შპენგლერის კითხვის და  შოკოლადის თერაპიის სურვილმა გადაწონა გარეთ გართობის იდეა. ან ინტუიციურად ვიცოდი, რომ რედიოჰედის ახალი ალბომი ერთი დღით ადრე გამოვიდოდა. ყიდვას მარტის ბოლომდე ვერ შეძლებთ, თუმცა შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ. (მადლობა funkysouls-ის ფორუმელებს ასეთი ოპერატიულობისთვის).

სერიოზული რეცენზიის დაწერას არ ვაპირებ, ამისთვის ორ ჭიქა წითელ ღვინოს უნდა გავუკეთო undo და როგორ, ეგ აღარ ვიცი. ორი ტრეკი ძალიან მომეწონა. დანარჩენი ისეთია რა, ძველ სტილში (კრიტიკოსები უკვე ენამწარეობენ, რამე ახლის შექმნა დაეზარათო). მე რომ მასივს და თრიქის დითირამბებს ვუწერ ინოვაციურობისთვის, თქვენ წარბს მიწევთ, სტილი დაკარგეს, რა გიხარიაო და ა.შ. ჰოდა ალბათ ეს მოგეწონებათ, ახალი მართლა არაფერი არაა. არის ძალიან სექსუალური ტომ იორკი მმმ ძალიან მაგარი ქუდით და მშვენიერი სიმღერით Lotus Flower. 


All I want is the moon upon a stick
Dance around a pit...

Thursday, February 10, 2011

მოსის ფაქტორი


პატარა ვიყავი, ალბათ თორმეტი ან ცამეტი წლის, როდესაც რომელიღაც ჟურნალში მასზე სტატია წავიკითხე. ერთ-ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული წერილი იყო მოდელზე, რომელმაც წარმატებას მიაღწია. სტატიის ბოლოში რამდენიმე სიტყვით იყო მოთხრობილი ამ მოდელის უცნაურ დამოკიდებულებაზე ჩაცმულობის მიმართ - ის ძირითადად ძველმანებით და მეორადი მოხმარების ტანსაცმლით იმოსებოდა და როგორც ფოტოებიდან ჩანდა, ახერხებდა მასში ძალიან მომხიბვლელი ყოფილიყო.
ამ ინფორმაციამ ჩემს ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა. ეს მაშინ იმდენად უჩვეულო იდეა იყო, რომ ძლიერი შთაბეჭდილების გავლენით ახლაც კი შემიძლია აღვიდგინო მეხსიერებაში სტატიის ფორმატი, ასევე ფოტოები, რომლითაც ის გაფორმდა. დღეს, როდესაც ვცდილობ ახალი, მოდური ტანსაცმელი ვინტაჟს შევუხამო, ყოველთვის ქეით მოსზე ვფიქრობ, იმაზე, თუ ის როგორ არჩევანს გააკეთებდა. მისი ჩაცმულობისთვის იშვიათად მიმიბაძავს, თუმცა ყოველთვის მინდოდა მქონოდა ისეთი აზროვნების სტილი, რომლითაც ეს ქალი გამოირჩევა - ანუ კლიშეებისგან თავისუფალი. რატომ უნდა ჩაიცვა მდიდრულ საღამოს კაბაზე ასეთივე ქურქი, თუ თვლი, რომ მას ბაიკერის სტილის ტყავის ქურთუკი უფრო უხდება? ვის აქვს უფლება, შენს მაგივრად გადაწყვიტოს, რა არის მისაღები და რა არა?

Wednesday, February 9, 2011

Your move, Flynn...



რამდენი ხანია ჯემის უოლფეიფერი მაქვს დაყენებული და დღეს შევცვალე ოლივია უაილდით. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ჩემში კეთილმა იუზერმა გაიღვიძა. ჰოდა, კეთილი იუზერი გთავაზობთ რამდენიმე საუნდტრეკს 320 ხარისხით მათ, ვინც ტორენტებთან არ მეგობრობთ. სორრი, 165 მბ-ს ატვირთვას ჩემი ნეტი ვერ გაუძლებს. თუ რომელიმე კონკრეტული კომპოზიცია ან რომელიმე ბონუს ტრეკი გინდათ, მითხარით და ცალკე აგიტვირთავთ.


P.S. ან როგორ არ იქნები კეთილი, საყვარელ ჟურნალში რომ უცებ ამას აღმოაჩენ :)


Saturday, February 5, 2011

მეტაფიზიკური ფაბ ქროლი - What is there?


დღეს შაბათია. სამუშაო მაქვს და სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებ, თუმცა არ ვნანობ - კვირის ნებისმიერ დღეს წავალ თბილისის რომელიმე ბარში და ზუსტად იგივე სიტუაცია დამხვდება, რაც დღეს. ქლაბერობაზე უარი დიდი ხნის წინ ვთქვი, მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა ტექნო კულტურის მიმართ. ეს უკანასკნელი, ჯერ ერთი, ჩვენში არ არსებობს (თუ ვინმე მეგობარმა დიჯეიმ დაგპატიჟა სადმე პადვალში, მადლობა უნდა თქვა და იქაც ორიგინალურს ვერაფერს მოისმენ), ისე კი, აქაური კლუბების (?!) მუსიკა ისეთი ერთფეროვანია (მინიმალი + ხანდახან ტრანსი), შეიძლება ჰარაკირი გაიკეთო.


რჩება პეროვსკაია და მისი მიმდებარე ტერიტორია ცოცხალი მუსიკით. (შარდენის sophisticated (თარგმანში: მკვდარი) ბარები არ განიხილება). არის რამდენიმე ფავორიტი ადგილი (ნალი, CCCP, ფარენჰაიტი), სადაც ხანდახან დავდივარ, მაგრამ ამათაც მაგრად მომაბეზრეს თავი რეპერტუარით, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლება - Knock Knock Knockin' on heaven's door, ზუსტად იცი, რომ იქნება ფარენჰაიტში, ნალში და დუბლინში რომ ჩახვალ, იქაც იქნება, აბა რა... Yellow lemon tree? Really? რომელი საუკუნეა? თუმცა დასაწყისი აქტუალური აქვს: I'm sitting here in the boring room, it's just another... fucking old song I guess... ფიქრობთ, რომ ეს სიმღერები არ მიყვარს? ცდებით. უბრალოდ, ბობ დილანი რეტროა, კლასიკა, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად არ უნდა ასმენინო. იმის მერე პანკი იყო, გრანჟი, ემო, ნეო-პანკი, ჰარდქორი, d'n'b, ნიუ რეივი, რა ვიცი, რა ჯანდაბა აღარ იყო. ფოთლებსა და შემოდგომაზე სიმღერა არ გინდა, ოკ, მაგარი ხარ, მაგრამ რამე ახალს თუ არ ქმნი, ახალი მაინც იმღერე. 2011 წელია, ინდი როკმა მაინც არ უნდა მოაღწიოს აქ?


ეს დღეებია (თუ ღამეები) მამარდაშვილის ლექციებს ვკითხულობ. პირველი ოთხი ერთი დიდი მოსაწყენი ნიცშე იყო, ახლა მეხუთეზე გავჩერდი, სადაც კირკეგორმაც ამოჰყო თავი. შეიძლება ამიტომაც ძალიან ჩამრჩა გონებაში, როცა Angst-ის ფენომენზე იყო ლაპარაკი. ეს იგივე შიშია, „ტასკა“, რომელიც ადამიანს ეძალება, როდესაც თავისუფლების, ანუ პასუხისმგებლობის წინაშე დგება, ამიტომ როცა მას გაურბის, სიცარიელეში იძირება. ქართულ კულტურაშიც (ანუ, საზოგადოებაშიც) რაღაც ასეთი ხდება, შიში კითხვის წინ „შევძლებ“? ამიტომ ჯობია ის ვაკეთო, რაც უკვე დიდი ხნის გაკეთებული და ყველას მიერ მოწონებულია. ამიტომ ვერ იქნება საქართველო ახალი ჟანრების, მიმდინარეობების პირველი კერა. ჯერ დასავლეთში გასინჯონ ინდიტრონიკა, თუ კარგი გამოდგა, 20 წლის მერე ნიკაკოიც დაგვიწერს რაღაც მიმსგავსებულს და ჩვენც ამით ეგზალტირებულები კიდევ 20 წელი ბედნიერები ვიქნებით.


I wanna tell you there's a really good reason
Why I came home wasted in the middle of the night...


Thursday, February 3, 2011

როცა ფრენა შესაძლებელია


Pitchfork-ის 2010 წლის საუკეთესო სიმღერების ასეულში ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი სიმღერა ვერ მოხვდა. რა მოხდა მერე, ხდება ხოლმე, რომ Pitchfork-ის განწყობა ჩემსას არ ემთხვევა. თუ ათეულში კანიე უესტი აღმოჩნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის Runaway-ს Heligoland-ის (Massive Attack-ის ბოლო ალბომი) კომპოზიციებზე მეტად მოვუსმენ. თუმცა ეს, პირველ რიგში, ინდივიდუალური გემოვნების ფაქტორზეა დამოკიდებული და ასევე იმ კრიტერიუმებზე, რითიც ჩვენ კარგ მუსიკას ნაკლებად მიმზიდველისგან გამოვყოფთ. სიმღერა, რომელიც დასაწყისში ვახსენე, იტალიურ-ბელგიურ დუეტს, Aeroplane-ს ეკუთვნის და მისი სახელი ძალიან პესიმისტურად ჟღერს - We Can’t Fly (ჩვენ არ შეგვიძლია ფრენა). ამან არ მოგატყუოთ, კომპოზიცია საკმაოდ ენერგიულ და ხალისიან განწყობას ატარებს. 80-იანების დასაწყისის ელექტრონული მუსიკისა და დისკოს რიტმები ჩემთვის უცხოა (შეიძლება ითქვას, არასოდეს ვუსმენ) და ამიტომ, სიმართლე რომ ვთქვა, მას ვერც ჩემი საყვარელი სიმღერების სიაში შევიყვანდი, თუმცა კარგ ხასიათზე მაყენებს და ვფიქრობ, ეს უკვე არის იმის წინაპირობა, რომ დროდადრო მოვუსმინო.
კომპოზიციის დასაწყისში პატარა ბიჭუნას ხმა ისმის, რომელიც ხალისიანად ამახვილებს ყურადღებას ადამიანების შეზღუდულ შესაძლებლობებზე (ანუ იმაზე, რომ ჩვენ ფრენა არ შეგვიძლია), თუმცა მის ხმაში უიმედობა არ იგრძნობა, პირიქით, მოუწოდებს მსმენელს, სცადოს და შეეხოს ცას. სიმღერაში არ ჩანს, ეს რამდენად შესაძლებელია, გადამწყვეტ როლს ალბათ ის ფაქტორი ითამაშებს, იგრძნობთ თუ არა მისი მოსმენის დროს თავს ისე, თითქოს დაფრინავდეთ. პირადად მე ფრენის არა, მაგრამ მზიანი დარის, ხალისიანი ფერის კოქტეილების, პლაჟზე მოწყობილი წვეულებების ასოციაცია გამიჩნდა.
თუ ამ სიმღერის მოსმენის შედეგად მეცხრე ცაზე არ აღმოჩნდით, არა უშავს, მთავარი ის არაორდინარული იდეაა, რომელსაც Aeroplane გვაწვდის, საშუალებების მონახვა კი სხვაგანაც შესაძლებელია. ეს თემა გასულ წელს დიზაინერებმაც აიტაცეს და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში ფართოდ წარმოადგინეს ნივთი, რომლის პირდაპირი დანიშნულება ფრენას უკავშირდება. საუბარია ე.წ. ბომბერ ჟაკეტებსა და ქურთუკებზე, რომელთა ფუნქცია დიდი ხანია, რაც საავიაციო დანიშნულებას გასცდა.