Pitchfork-ის 2010 წლის საუკეთესო სიმღერების ასეულში ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი სიმღერა ვერ მოხვდა. რა მოხდა მერე, ხდება ხოლმე, რომ Pitchfork-ის განწყობა ჩემსას არ ემთხვევა. თუ ათეულში კანიე უესტი აღმოჩნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის Runaway-ს Heligoland-ის (Massive Attack-ის ბოლო ალბომი) კომპოზიციებზე მეტად მოვუსმენ. თუმცა ეს, პირველ რიგში, ინდივიდუალური გემოვნების ფაქტორზეა დამოკიდებული და ასევე იმ კრიტერიუმებზე, რითიც ჩვენ კარგ მუსიკას ნაკლებად მიმზიდველისგან გამოვყოფთ. სიმღერა, რომელიც დასაწყისში ვახსენე, იტალიურ-ბელგიურ დუეტს, Aeroplane-ს ეკუთვნის და მისი სახელი ძალიან პესიმისტურად ჟღერს - We Can’t Fly (ჩვენ არ შეგვიძლია ფრენა). ამან არ მოგატყუოთ, კომპოზიცია საკმაოდ ენერგიულ და ხალისიან განწყობას ატარებს. 80-იანების დასაწყისის ელექტრონული მუსიკისა და დისკოს რიტმები ჩემთვის უცხოა (შეიძლება ითქვას, არასოდეს ვუსმენ) და ამიტომ, სიმართლე რომ ვთქვა, მას ვერც ჩემი საყვარელი სიმღერების სიაში შევიყვანდი, თუმცა კარგ ხასიათზე მაყენებს და ვფიქრობ, ეს უკვე არის იმის წინაპირობა, რომ დროდადრო მოვუსმინო.
კომპოზიციის დასაწყისში პატარა ბიჭუნას ხმა ისმის, რომელიც ხალისიანად ამახვილებს ყურადღებას ადამიანების შეზღუდულ შესაძლებლობებზე (ანუ იმაზე, რომ ჩვენ ფრენა არ შეგვიძლია), თუმცა მის ხმაში უიმედობა არ იგრძნობა, პირიქით, მოუწოდებს მსმენელს, სცადოს და შეეხოს ცას. სიმღერაში არ ჩანს, ეს რამდენად შესაძლებელია, გადამწყვეტ როლს ალბათ ის ფაქტორი ითამაშებს, იგრძნობთ თუ არა მისი მოსმენის დროს თავს ისე, თითქოს დაფრინავდეთ. პირადად მე ფრენის არა, მაგრამ მზიანი დარის, ხალისიანი ფერის კოქტეილების, პლაჟზე მოწყობილი წვეულებების ასოციაცია გამიჩნდა.
თუ ამ სიმღერის მოსმენის შედეგად მეცხრე ცაზე არ აღმოჩნდით, არა უშავს, მთავარი ის არაორდინარული იდეაა, რომელსაც Aeroplane გვაწვდის, საშუალებების მონახვა კი სხვაგანაც შესაძლებელია. ეს თემა გასულ წელს დიზაინერებმაც აიტაცეს და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში ფართოდ წარმოადგინეს ნივთი, რომლის პირდაპირი დანიშნულება ფრენას უკავშირდება. საუბარია ე.წ. ბომბერ ჟაკეტებსა და ქურთუკებზე, რომელთა ფუნქცია დიდი ხანია, რაც საავიაციო დანიშნულებას გასცდა.
ქურთუკი-ბომბერების წარმოება შეერთებული შტატების არმიის საავიაციო ტანსაცმლის სამმართველომ ჯერ კიდევ შორეულ 1917 წელს დაიწყო. ეს არის ტყავის მოკლე, ელვით შესაკრავი ქურთუკი (ე.წ. "პილოტკა", როგორც ჩვენში უწოდებენ). სინამდვილეში შეერთებულ შტატებზე წინ ის ორი წლით ადრე საფრანგეთსა და ბელგიაში დაამზადეს, თუმცა გარეგნულად ქურთუკი განსხვავდებოდა იმ "ბომბერისგან", როგორსაც ახლა ვიცნობთ - ეს იყო გრძელი ტყავის პალტო და არა მოკლე ჟაკეტი.
ბომბერ-ქურთუკების გამოგონებას ერთობ პრაქტიკული მიზეზი ჰქონდა. ავიაციის განვითარებასთან ერთად შვეულმფრენებმა სულ უფრო სწრაფად და მაღლა დაიწყეს ფრენა. ეს განსაკუთრებით ეხება მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, როდესაც ტექნიკა იმდენად განვითარდა, რომ სიმაღლის მატებასთან ერთად შვეულმფრენების კაბინებში ტემპერატურა მკვეთრად, მინუს ორმოცდაათ გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. ამიტომ ტანსაცმელი, რომელსაც მანამდე მფრინავები ატარებდნენ, გამოუსადეგარი გახდა, რადგან დიდ სიმაღლეზე ვეღარ ათბობდა. ბომბერ-ჟაკეტები, გარდა იმისა, რომ ძალიან თბილია, რადგან ტყავისგან მზადდებ(ოდ)ა, მფრინავებისთვის ძალიან მოსახერხებელიც გახლავთ, რადგან მოძრაობას ხელს არ უშლის.
ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ამერიკის საავიაციო ძალების A2 და G1 ტიპის ბომბერებია. ამის მიუხედავად, დღესდღეობით ყველაზე პოპულარული MA-1 ტიპის, მონაცრისფრო-მომწვანო (ან მუქი ლურჯი) ფერის ბომბერ-ქურთუკია, რომელიც 50-იანების შუა პერიოდში შეიქმნა და არა ტყავის, არამედ მაღალი ხარისხის ნეილონისგან არის დამზადებული.
ცოტა მოგვიანებით ასეთი ქურთუკი ძალიან პოპულარული გახდა ამერიკელ თინეიჯერებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორისაც კი და ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ კომფორტულობის ფაქტორმა ითამაშა. მოგვიანებით ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა სკინჰედებსა და ჰიპ-ჰოპის კულტურის წარმომადგენლებში. დღეს ის ზოგადად ძალიან გავრცელებული სამოსია არა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, არამედ ევროპასა და ავსტრალიაშიც ცივი სეზონების დროს. თუმცა თუ მიმდინარე სეზონზე ვისაუბრებთ, ეს არეალი საკმაოდ ფართოვდება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ჟაკეტი-ბომბერი უბრალოდ მოდური კი არა, სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია გახლავთ.
ქურთუკი-ბომბერები წელს მამაკაცების მოდის ერთ-ერთი მთავარი ჰიტია. ყველაზე პოპულარულ მატერიად კვლავაც ტყავი რჩება, ფერები კი ძირითადად კლასიკური (თუმცა არასამხედრო) იყო არჩეული: შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი. საუკეთესო ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ Gianfranco Ferre, Etro, D&G-ს კოლექციებში. ამ ტიპის სამოსი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გაცილებით პოპულარული გახდა ქალებში, რაზეც უფრო მრავალფეროვანი ფორმები და ფერებიც მეტყველებს. Burberry Prorsum-თან არა ტრადიციული მოკლე, არამედ გრძელი ავიატორი პალტოების ხილვაც შეიძლება. სხვა ბრენდები, რომლებმაც ეს ქალური ტრენდი შესანიშნავად წარმოადგინეს, არიან: Mulberry, Gucci, Derek Lam, 3.1 Phillip Lim, Just Cavalli, Adam... სტილის სრულყოფისთვის არ ღირს ავიატორი სათვალეების დავიწყებაც, რომლებიც ბოლო ხანებში ასევე საკმაოდ აქტუალური გახლდათ. ყველაზე მეტად DKNY-ისა და Dior Homme-ის სათვალეები მომეწონა.
თუ ორიგინალურობისა და "მწვანე" მოდის მომხრე ხართ, უნდა იცოდეთ ბრიტანელი კრისტოფერ რეიბერნის, მოდის სახლის Raeburn Design დამაარსებლის შესახებ. მისი მთავარი კონცეფცია ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვაში მდგომარეობს, რის გამოც არა მხოლოდ ერიდება ბუნებისთვის ზიანის მიყენებას, არამედ ცდილობს უკვე უსარგებლო ნარჩენებიც გამოსადეგი გახადოს. ჰოდა, კრისტოფერმა ასეთი რამ მოიფიქრა: ვადაგასული სამხედრო ნივთებისგან ტანსაცმლის წარმოება დაიწყო. მისი ბოლო გამოგონება ჩამოწერილი პარაშუტების მატერიისგან შექმნილი ქურთუკი-ბომბერებია. გარდა იმისა, რომ ისინი ძალიან გამძლე და მსუბუქია, მოსახერხებელი და ძალიან ორიგინალურიც არის. Anxo-მ ასევე გამოიჩინა თავი ორიგინალურობით, თუმცა დაცვის ობიექტად არა ეკოლოგია, არამედ ადამიანის სიცოცხლე აქცია. მისი ჟაკეტი-ბომბერები აუცილებლად დააინტერესებს მათ, ვინც საშიშ უბანში ცხოვრობს, რადგან ისინი ტყვიაგაუმტარია.
ისე კი, როდესაც ავიაციაზე ფიქრობ, არ შეიძლება ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი არ გაგახსენდეს, ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მფრინავი იყო და მეორე მსოფლიო ომში თავისი სამშობლოს დასაცავად იბრძოდა, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანისტი და პაციფისტიც იყო. მის შემოქმედებას, განსაკუთრებით კი "სამხედრო მფრინავს" ეს შესანიშნავად ეტყობა. თუმცა სენტ-ეკზიუპერსა და ფრენაზე პირველი ასოციაცია მისი "პატარა უფლისწულია", საჰარას უდაბნოში იძულებით დაშვებული მფრინავის გასაოცარი ამბავი. გერლენის შთაგონების წყარო კი მაინც 1931 წელს დაწერილი რომანი "ღამის ფრენა" გახდა. Vol de Nuit - ასე ჰქვია თავად ჟაკ გერლენის არომატს (ისევე, როგორც სენტ-ეკზიუპერის რომანს), რომელიც მან 1933 წელს შექმნა. გერლენმა ახალი სუნამო Air France Company-ის მამაც მფრინავებს მიუძღვნა. ფრანგული კომპანია "აეროპოსტალი"-ს მფრინავები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვისაც კონტინენტიდან კონტინენტზე ფოსტა გადაჰქონდათ. ამ ოპერაციებს კი სწორედ ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი ხელმძღვანელობდა.
Vol de Nuit ქალისთვის განკუთვნილი არომატია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის ცივ, მერქნის ნოტებს, ხასიათი უფრო მამაკაცურია, ვიდრე ქალური. საუკუნის წინ შექმნილ სუნამოებს აქვთ ეს თვისება, უფრო სწორად, უცნაური სიმწარე, რაც ნაკლებად ასოცირდება იმ რბილ, ნაზ არომატებთან, რომლებიც თანამედროვე ქალისთვის იქმნება. საწყისი ფაზა ციტრუსებს, ნარცისს, ბერგამოტს მოიცავს. გულის და საბაზისო ნოტები გაცილებით თბილია - აქ გვხვდება ვანილი და მერქანი. მიუხედავად სიმძაფრისა, ის არანაირად ასოცირდება ჰაერში სახიფათო ფრენასთან - Vol de Nuit თბილი, ელეგანტური სურნელია ასეთივე ქალებისთვის (სხვათა შორის, საფრანგეთის პირველი ლედის, კარლა ბრუნის საყვარელ სუნამოდაა მიჩნეული). 2007 წელს გერლენმა ამ სუნამოს ახალი ვერსია, Vol de Nuit Evasion გამოუშვა, რომელიც ასევე აღმოსავლური ტიპის, თბილი არომატია, თუმცა უფრო თანამედროვე და ამიტომ წინამორბედისგან საგრძნობლად განსხვავდება. ამას საწყისი ნოტებიდანვე იგრძნობთ, რომელსაც ატმისა და ვარდის რბილი, სასიამოვნო სურნელი მოაქვს.
ეს ყველაფერი კი მაინც სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა იმის გარეშე, რაც ძმებ ვაჩოვსკებს ფრენისთვის მთავარ წინაპირობად მიაჩნიათ - რწმენა, რომ შეგიძლია ეს გააკეთო. ისევე, როგორც ეკზიუპერის სწამდა, რომ პატარა უფლისწული თავის პლანეტაზე დაბრუნდა, რადგან მისი სხეული დილით ვეღარსად იპოვა. როცა ეს გახსენდება, შენც გინდა დაიჯერო, რომ თავად ეკზიუპერიც ახლა სადმე გალაქტიკაში, რომელიმე ასტეროიდზე დასეირნობს - ის ხომ გაფრინდა და აღარ დაბრუნდა. თქვენ კი, სადმე მონრეალის მახლობლად ტბასთან კეთილი სახის კაცს თუ ნახავთ სიგარეტით ხელში, მუქი ფერის ჰალსტუხით, გთხოვთ მანუგეშოთ - შემატყობინოთ, რომ იგი დაბრუნდა.
ყოველთვის მომწონდა ეს ქურთუკები და რაც მე ვარსებობ, უკვე ორჯერ "მოვესწარი" მის გაჰიტებას :) ჯერ ჩემს ბავშვობაში იყო მოდაში და წელს რომ დაბრუნდა, კიდევ ერთხელ გამახსენდა გამონათქვამი: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო.
ReplyDeleteეკზიუპერი <3
რა განწყობებია! მეც "მწვანე" მოდის მომხრე ვარ.
ReplyDeleteეს პოსტი ხომ თავისთავად კარგია
ReplyDeleteდა მე შენის სტილი მომოწნს - ერთი თემის გარშემო რაღაცეებს რომ შეკრებ ხოლმე და ისე აბამ ერთმანეთს- როგორ გადადის და იცვლება ობიექტები- არ იგრძნობა :)
ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ მივმხდარვარ, როგორ ახერხებ ასე საინტერესოდ დამანახო ის, რაც სინამდვილეში არც ისე ძალიან მაინტერესებს (მოდის ტენდენციებს ვგულისხმობ :) )!!!!
ReplyDeleteქეთი, მეც ვფიქრობდი დაბრუნების თემაზე, უკავშირდება თუ არა ავიატორის ტენდენცია მილიტარისტულ განწყობებს და ჯერჯერობით ვერ დავაკავშირე
ReplyDeleteროდე, ეგაა: http://4.bp.blogspot.com/_Ddv_68F_kuc/SdO27K--x-I/AAAAAAAACFU/f246mXbgg9E/s1600-h/raeburn3.jpg
ნინო, <3 <3
თამარა, ტექსტს შორის კოდია ჩამალული, აჰიპნოზებს და ასე :)))) გაიხარე <3
ReplyDeleteმოდა ხომ ვაკუუმში არ კეთდება, ცოტ-ცოტა ყველაფერთანაა კავშირში. ცალკე არ უნდა შეხედო, ზოგად განწყობაზე თუ იკაიფებ, დაგაინტერესებს :)
ჰო, მაგაშია საიდუმლო ალბათ :)
ReplyDeleteძალიან კარგად წერ, ერთი სიამოვნებაა შენი ნაწერების წაკითხვა.
ReplyDeleteპ.ს. სიმღერა დავქაჩე, სუპერ!!
ReplyDeleteპ.პ.ს. პიჩფორკს ბლონდ რედჰედის დაიგნორების გამო სათოფეზე აღარ ვეკარები :დ
ტომ, დიდი მადლობა, ძაან მიხარია :)
ReplyDeleteპიჩფორკს ეგრე მოუხდება :დ მაგან მასივიც მიწასთან გაასწორა გასულ წელს :/
როგორ ახერხებს ეს ადამიანი 26726384 თემის ერთ პოსტში ჩატევას, გადარევასა ვარ...
ReplyDeleteდიპლომატია უნდა აგერჩია. :)
ისე ამ პოსტზე ხომ დავაკომენტე უკვე - ბომბერებზე - და სად ტრაკში წავიდა? :/
:) ისე მერვე კლასიდან დიპლომატობა მინდოდა და მერე უცებ გავაკეთე არჩევანი PA-ს სასარგებლოდ)
ReplyDeleteფბ-ზე დამიკომენტე, აქ არა