Thursday, March 31, 2011

ის, გვირილები, მოპარული ფერები და ყალბი მილიტარიზაცია


ამასწინათ, ჩემი ბლოგის მკითხველისგან პატარა შენიშვნა მივიღე. ის შემდეგში მდგომარეობდა: რატომ ვუთმობ ამხელა ადგილს ქალის მოდის ტენდენციების განხილვას, მამაკაცებს კი ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ? მე ვუპასუხე, რომ თავად მოდის ტენდენციები არ წარმოადგენს ჩემი ინტერესის მთავარ საგანს, ისინი მხოლოდ საშუალებაა იმისთვის, რომ განწყობა შევქმნა სტილის ნიუანსებზე ყურადღების გამახვილების გზით. ეს, თქვენც მოგეხსენებათ, სრული სიმართლე იყო, რადგან მოდა მხოლოდ ამ განწყობების ყველაზე ხილვადი კომპონენტია, რასაც შემდეგ ჩემს წერილებში დასრულებულ სახეს მუსიკა, არომათერაპია, ფილმები და ლიტერატურა აძლევს. ისინი ხომ კიდევ უფრო საგრძნობს ხდის სტილის აქტუალობას და ესთეტიურობას. მაინც, სიმართლე ის გახლავთ, რომ ჩემი პასუხი მკითხველისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. თითქოს ეს გამიზნულად არ გამიკეთებია - კითხვაზე პირდაპირი პასუხის თავიდან არიდების ხელოვნება ჯერ კიდევ მაშინ ავითვისე, როდესაც პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდი. თუმცა, ამან შემდეგში იმის უფლება მაინც არ მომცა, კითხვის მთავარ აზრს გავქცეოდი - იქნებ, მართლა ის ადამიანი ვარ, რომელიც საპირისპირო სქესის დისკრიმინაციას ეწევა და ამას ვერც კი ამჩნევს?
ლატენტური სექსიზმის ძიებაში ჩემს ბოლო სტატიებს გადავხედე. მართალია ეს ადამიანი, გასულ კვირას ფუტურისტული ხასიათების ძიებაში ქალისთვის განკუთვნილი რამდენიმე კოლექცია მიმომიხილავს, მამაკაცებისთვის კი ეს ამბავი მხოლოდ ბალენსიაგას მაგალითზე მოვყევი. მართალი ვარ მეც, რადგან შეფარდების ელემენტარული წესით ვხელმძღვანელობ. თუ ვოგის საიტზე შეიხედავთ და დააკვირდებით, რამდენი კოლექციაა ქალების განყოფილებაში და რამდენად ნაკლები კაცებთან, იოლად მიმიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. სინდისის ქენჯნა წესით დიზაინერებმა უნდა იგრძნონ და არა მე, მაგრამ გული მაინც ისე დამწყდა, გადავწყვიტე დღევანდელი სტატია მხოლოდ ძლიერ სქესს მივუძღვნა. დაე, იცოდნენ, რომ ულტრა-ფემინისტებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ ქალებს სულაც არ სურთ კაცებს თავი დაჩაგრულად აგრძნობინონ.

Monday, March 28, 2011

ბოცვერი თქვენს შუქფარებში

გუშინ საღამოს ბაღში ვიჯექი. მეგობარს ველოდებოდი, რომელსაც უყვარს კოპენჰაგენური როკ-ფესტივალები ტალახიან მდელოებზე, ველოსიპედით ავარიაში მოხვედრისას კი პირველ რიგში იმაზე ფიქრობს, ღვინის ბოთლი ხო არ გაუტყდა. მერე ის დავინახე. ისეთივე გამხდარი იყო, როგორც ყოველთვის. არა, კიდევ უფრო გამხდარი. თმა შეკრული ჰქონდა და ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა სახლში. ბიჭი, რომელსაც საფრანგეთი სძულს (რასაც ვერ ვიტყვით ფრანგულ ლიტერატურაზე და ფრანგული კულტურის სხვადასხვა მონაპოვარზე :)). ბიჭი, რომელთანაც კატა-თაგვობანას თამაში ისე მომწონდა, რომ ამას რამდენიმე წელი დავუთმე (შუალედებით, რა თქმა უნდა, ლოლ). 

უცნაურია, ამას რომ ბლოგზე ვწერ. დღეს თვალის გახელიდან რაღაცნაირი je ne sais quoi განწყობა მაქვს. იმასავით არსად მეჩქარება. თან მეჩქარება კიდეც. ოღონდ ისე მაინც არა, როგორც აქ ეჩქარებათ ხოლმე. ორი დღის წინ კოსტავაზე ვიდექი, ველოდებოდი შუქნიშანზე წითელი როდის აინთებოდა და სანამ ეს მოხდა, სადღაც ოცი წამის განმავლობაში, ათიოდე ადამიანმა გადაჭრა ქუჩა. ამ დროს ყურებში სულ Unkle-ის Rabbit in your headlights მაქვს ხოლმე. ადამიანი, რომელსაც ოცი წამით `აგვიანდება`, არ არის წესების დამრღვევი ანარქისტი, ის არის ბოცვერი თქვენს შუქფარებში.

მე ის ბოცვერი ვარ, რომელსაც მარწყვი უყვარს, ანტრეს პური საუზმეზე, ამ პურზე ცივი რძის დაყოლება და მზიანი დილები. 


და უყვარს ფერები. ბევრი ფერი. 
ეს ჩემი style inspiration არის მილანის მოდის კვირეულიდან. ქართული FW-დან კი - ჯერჯერობით დაიან პერნე, მოდის ყველაზე საკულტო ბლოგერი, რომელთან შეხვედრას ისევე ძალიან ველოდები, როგორც მისი ფილმების ფესტივალს. 


მე კიდევ ქეითის ინსპირაცია ვარ, ყველაზე indie ბლოგერის, რომელსაც იტალია უყვარს. ასეთი ჯაჭვური რეაქცია გამოვიდა _ მილანი და მე, მე და ქეითი. მე და ჭიქა მშრალი, წითელი ღვინო, რომლის დალევის დროსაც ალბათ ამ კვირაში ვერ გამოვნახავ. 

თქვენ კი Unkle-ს ზემოთ ნახსენები სიმღერით, ტომ იორკსა და დენი ლავანს გიტოვებთ. თუ აქამდე არ გაქვთ ნანახი, ალბათ დიდი ხნით გახდება თქვენი შთაგონების წყარო. იმედია, იმ კუთხით არა, როგორითაც ფეხით მოსიარულე თბილისელებისათვის გახდა :)

Friday, March 25, 2011

ცხვრები, საოცნებო პისტოლეტი და ფრეიას wishlist

გუშინ რა დამემართა, რომ იცოდეთ. ყველაფერი თვითონ უნდა მახსოვდეს, თუ რამე დამავიწყდა, მორჩა, არავის იმედი აღარ მაქვს. რეებს მივედმოვედები, ამას კარლსონი ამბობდა და არა მე. მთელი ამსიგრძე დღე ჩემი დღეობა ყოფილა და არავინ მომილოცაო.

ყოველთვის ვიცოდი, რომ მე და კარლსონს ბევრი არაფერი გვქონდა საერთო. ჯერ ერთი, მე იმდენმა ადამიანმა მომილოცა, რომ დავიძინე, სიზმარშიც ის ვნახე, რომ მადლობას ვამბობდი. საერთოდ, ამ დროს მსუბუქი სიმორცხვის შემოტევა მაქვს ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიან გამიხარდა, რომ ისეთ ხალხსაც კი გავახსენდი, თითქმის ურთიერთობაც კი რომ არ მაქვს. კიდევ ის იყო, რომ კარლსონმა თავისი დაბადების დღე გამოიგონა, რვა ივნისს, როდესაც სინამდვილეში აპრილში იყო დაბადებული. რატომ გამოიგონა, ხო  გახსოვთ, ბიჭუნას პისტოლეტი უნდოდა დაესაკუთრებინა. საყვარელმა ბიჭუნამაც ხათრი ვერ გაუტეხა და აჩუქა, რა თქმა უნდა. ახლა არ იკითხავთ, რაში უნდოდა კარლსონს პისტოლეტი? უძილობის გამო. რომ არ ეძინებოდა, ასეთი რამ მოიფიქრა: წარმოიდგენდა ხოლმე ცხვრებს, რომლებიც ღობეზე ხტებოდნენ. ეს თუ გადათვლიდა, დაეძინებოდა, მაგრამ ფარაში ერთი საძაგელი ცხვარი გამოერია, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდოდა გადახტომა. ჰოდა პისტოლეტი რომ მქონდეს, ხომ გადავახტუნებდიო, ამბობდა კარლსონი. რა ბედი ეწია ურჩ ცხვარს, ეგ კი აღარ მახსოვს. კარლსონმა ალბათ მაინც გადაახტუნა.

მშვენიერი საჩუქრები მივიღე, მაგრამ პისტოლეტის ჩუქება აზრადაც არავის მოსვლია. არადა გამომადგებოდა. ინსომნიაკი მეც ვარ, მაგრამ ცხვრის დასაშინებლად არ მინდა. ამ ზამთარს გადავახტუნებდი, ვერაფრით რომ ვერ აიკრა გუდანაბადი. აღარ მინდა გრანჟი, სიმუქე, ქარი, უნაყინობა, უმზეობა, ზამთარი. რას აღარ გავაკეთებდი, მზე რომ გამოაჭყიტებდეს და ტემპერატურა ხუთი გრადუსით მაინც აიწევდეს:

უბრალოდ გავისეირნებდი ქუჩებში. თბილისი მომენატრა, თავისი ბაღებით, ვიწრო ქუჩებით, ღია კაფეებით, სასაცილოდ ჩაცმული ბავშვებით, ბამბის ნაყინის გამყიდველებით... ოთხ თვეზე მეტია, რაც ეს ყველაფერი მაკლია. მოვინახულებდი ბუკინისტებს, წიგნებს ჩამოვუვლიდი, ახლებს დაყნოსავდი, დიდი დიდი ხანი ვიდგებოდი და ბოლოს რამდენიმეს შევარჩევდი. არ მიყვარს წიგნის მაღაზიები. არ მიყვარს რიდერები, მიუხედავად იმისა, რომ მჭირდება. სად ამაზონის კალათაში ჩაგდებული წიგნი და სად ქუჩაში რომ ჩამოდგები დახლთან, შეეხები, გადაფურცლავ, ალაგ-ალაგ გადაიკითხავ... მაგრამ ამისთვის ერთი-ორი საათი მაინცაა საჭირო. ამ ამინდებში ამდენი ხნით გარეთ დგომას მირჩევნია ისიც დავივიწყო, რაც აქამდე წამიკითხავს.

Tuesday, March 22, 2011

მომავლის რეპეტიცია


რა ვიცი მომავალზე? არც ისე ბევრი რამ. აპრილის დასაწყისში Unkle მინი-ალბომის გამოშვებას აპირებს. მაისში Caribou კონცერტს გეგმავს სტამბულში. პოლიტიკური ექსპერტი ედვარდ ლუკასი ამბობს, რომ ათი წლის შემდეგ პოსტკომუნისტური ქვეყნები ევროზონას შეუერთდებიან და განვითარების დონით იტალიას დაეწევიან. ლუკასი იმასაც ამბობს, რომ დროის ამ პერიოდში სამხედრო ტექნოლოგიები საგრძნობლად განვითარდება და დაზვერვის სფეროში უპილოტო თვითმფრინავები ერთ-ერთ წამყვან როლს ითამაშებენ. დამეთანხმებით, ორ თვეში დაგეგმილ კონცერტსა და პოლიტიკურ პროგნოზებს შორის დიდი განსხვავებაა, ვინაიდან პირველს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ რეალურად მოხდება, თუმცა გადაჭრით არასოდეს არაფრის თქმა შეიძლება, როდესაც ხვალინდელ დღეზე საუბრობ. მომავალი, ალბათ, ერთადერთი რამ არის, რომლის მთლიანი კონტროლიც კაცობრიობას არ შეუძლია. სამაგიეროდ, არის იმის შესაძლებლობა, რომ შექმნა მომავლის შენთვის სასურველი მოდელი და მას დღეს, ამ წამს შეასხა ხორცი.
მესმის, რომ ცოტა გაუგებრად ვსაუბრობ. არადა, იმისათვის, რომ იდეა უფრო ნათელი გახდეს, სრულიად მარტივი რაღაცის გაკეთებაც კმარა - თვალი გადაავლო მიმდინარე გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს. მათ არანაირი კავშირი არ ექნებოდათ მომავალთან (ვინაიდან უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც აქტუალობა შეიძინეს), რომ არა ერთი ფაქტორი, უფრო სწორად, ტენდენცია, რომელმაც უამრავი დიზაინერის შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. ეს ტენდენცია ფუტურისტულია და გასული საუკუნის სამოციან წლებს მოგვაგონებს, როდესაც მოდის ინდუსტრიაში პირველად შეესხა მომავლით შთაგონებულ ფანტაზიებს ფრთები. აქედან გამომდინარე, ბოლო ხანებში ჩვენ ისეთი უცნაური და პარადოქსული ფენომენის მომსწრენი გავხდით, როგორიცაა რეტრო-ფუტურიზმი.
ამ ტენდენციამ ძალების მოკრება ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ნიკოლა გესკიერმა ბალენსიაგასთვის ფუტურისტული კოლექცია წარმოადგინა ძლიერი რეტრო ხასიათით. ეს მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ ამ დიზაინერის ესთეტიკურ ხედვას - იგი ყოველთვის ქმნის იმას, რაც უკვე შექმნილა, მაგრამ ისეთ ფორმებში, რომლების წარმოდგენაც სხვებს არ შეუძლიათ. თუ შემოდგომის კოლექცია კოსმონავტებთან იწვევდა ასოციაციას და თან პარიზული ფუფუნების ელემენტებსაც შეიცავდა, გაზაფხულის - უჩვეულო მეტამორფოზაა. გესკიერმა დაივიწყა ყველაფერი, რაც იცოდა ფუტურისტულ მიმდინარეობაზე, შეინარჩუნა მხოლოდ ერთი, ამ სტილის შექმნისთვის ფუნდამენტური - გეომეტრიული ფორმები. წლევანდელი გაზაფხულის ფუტურისტი ქალი გესკიერისთვის საკმაოდ ანდროგენულია, პანკური სულით და ცოტათი მასკულინური იდეებით მოაზროვნე. კაცის უხეში ფეხსაცმელი, ტყავის ქურთუკები, თავშეკავებული ფერები, ფუტურისტული პრინტი - ამ ნიშნებით შეგიძლიათ ამოიცნოთ ქალი, რომელმაც ჩვენთან დროის სხვა განზომილებიდან, სავარაუდოდ ამ საუკუნის ბოლოდან გადმოინაცვლა. რამდენად მოეწონება მას 2011 წელში ცხოვრება, რთული სათქმელია, თუმცა თანამედროვე ქალებს საკუთარ ჩაცმის სტილს რომ შესთავაზებს, ამაში საეჭვო აღარაფერია. კიდევ უფრო ძლიერი ფუტურისტული განწყობა მოაქვს ბალენსიაგას მამაკაცებისთვის შექმნილ კოლექციას. შავი, თეთრი, მკვეთრი ყვითელი ფერები, ანდროგენული ფორმები - ეს მომავალი თაობის ბიჭია, ტექნიკური ეპოქის პირმშო, წყალწაღებული geek, სხვა სიხშირეებზე მოაზროვნე ადამიანი, რომლისთვისაც ინდუსტრიული ეპოქა გუშინწინდელი დღეა.

Wednesday, March 16, 2011

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს?!


1960 წელი. 28 ნოემბერი. გიბრალტარი. დღეს აქ ერთ პატარა, ინტერნაციონალურ ოჯახში მორცხვი ბიჭი, ხუან კარლოს ანტონიო დაიბადება. ამ სახელს ის ექვსი წელი ატარებს, რის შემდეგაც ოჯახი სამხრეთ ინგლისში გადადის საცხოვრებლად და ხუანიც ჯონი ხდება. თუმცა ბევრი რამ უცვლელი რჩება, განსაკუთრებით დედამისის აღზრდის სტილი. ანიტა ფლამენკოს მასწავლებელია და მისი შვილი განსაკუთრებულად არის გამოწყობილი მაშინაც კი, როდესაც ქუჩის კუთხეში მდგარ მაღაზიაში უწევს მისვლა. სხვა მხრივ, ჯონი არაფრით გამორჩეული ბიჭია, გრამატიკის სკოლაში დადის და ტანსაცმლისა და ინგლისელებისთვის ეგზოტიკური გარეგნობის გარდა ყურადღებას არც არაფრით იქცევს.
1979 წელი. ლონდონი. პატარა ჯონისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ის წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნების სკოლაში შედის, სადაც განსაკუთრებით ინტერესდება ისტორიული კოსტიუმებით. ეს გავლენას ახდენს როგორც მის სადიპლომო ნამუშევრებზე, რომელთა შექმნაც ფრანგული რევოლუციითა შთაგონებული, ისე მთელ მომავალ შემოქმედებაზეც. ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა: საკუთარი სტუდიის გახსნა, პირველი ინვესტორი, პარიზის მოდის კვირეული... თუმცა ჯონის წარმატება საკმაოდ ეფემერული აღმოჩნდა. საბოლოოდ, ახალგაზრდა შემოქმედი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა და ბედის საძებნელად პარიზში მოუწია გამგზავრება.

Saturday, March 12, 2011

с такой я с удовольствием застрял бы в лифте...

ასე თქვა ერთხელ ქალზე, რომელზეც არაფერი ვიცი. ასე ვთქვი მე მასზე, რომელზეც ვიცი, რომ: აქვს მომწვანო-მონაცრისფრო თვალები. არ უყვარს თმის დავარცხნა და წვერის გაპარსვა. ცხოვრობს ერთი მეგაპოლისის გარეუბნის პატარა და მშვიდ ბინაში. არათავისუფალ დროს უსმენს Unkle-ს და ჩაიკოვსკის საბავშვო ალბომს. ბავშვობაში შვეულმფრენის ხმაზე კრთებოდა ხოლმე. არასოდეს დაკავდება სექსით, როგორც აერობიკით. მისი თამბაქოსფერი სვიტერი ყოველთვის ილისა და კედრის არომატს გამოსცემს. უყვარს ტყეში უთავბოლოდ ხეტიალი და ცუდ ხასიათზე დგება, როცა დილით ხედავს, რომ ყავის მარაგი გაუთავდა.

გატყუებთ. არა, ჩემს ფანტაზიებს გახვევთ თავს. სინამდვილეში მასზე სრულიად არაფერი არ ვიცი. გარდა იმისა, რომ გერმანელი სიურეალისტი პოეტია. ჩვენი თანამედროვე, რაზეც არა მხოლოდ ის ფაქტი მიანიშნებს, რომ ლექსები 1991 წელს აქვს დაწერილი, არამედ თავად წერის მანერაც. ალბათ შეამჩნიეთ ჩემს ჰედერზე ახლახანს გაჩენილი ივ ტანგის „უსასრულო დაყოფადობა“. ტანგიზე ჟაკ პრევერი უნდა გამხსენებოდა და არა ტიასი, მაგრამ ასოციაციები უფრო განწყობებთან მიჩნდება, ვიდრე ადამიანებთან. ასე გამახსენდა ტიასი, ყველაზე საყვარელი პოეტი სიურეალისტთა თუ სხვათა შორის. რა თქმა უნდა, არ არის ისეთი დახვეწილი, როგორც, მაგალითად, რილკეს პოეზია, ეს უფრო ფიქრის ფრაგმენტებია, რომლებიც ისე ძალიან ჰგავს შენს ფიქრებს და რომლებიც, ჩვეულებრივ, იკარგება ხოლმე იმგვარად, რომ გააზრებას თითქმის ვერასდროს ასწრებ:

Tuesday, March 8, 2011

კალიფსოს ტყვეობაში

ეს დღეებია თავს ანტიკურ ხანაში მცხოვრებ ადამიანად ვგრძნობ. არა, არც ღვინის წყალში გაზავება დამიწყია და არც დროის სხვა განზომილებაში ტელეპორტაციის საიდუმლო აღმომიჩენია. უბრალოდ, როგორც იცით, გასულ კვირას ლოტოფაგების ქვეყანაში შევხვდი, ჩემი ნოსტალგიური პოსტის წყალობით კი ნეტგაზეთზე თანამედროვე ოდისევსის სტატუსიც მივიღე. ისტორიის გაგრძელებას აღარ ველოდი, როდესაც მახო ხარბედიამ (ონ ჟე მალხაზ, ონ ჟე მოი ბოს, ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ღვინის კრიტიკოსი და ა.შ. - ვფიქრობ, რომ იცნობთ) მკითხა, შაბათ საღამოსთვის რაიმე გეგმები მქონდა თუ არა და თუ შემეძლო რესტორან „კალიფსო“-ში შვიდ საათზე მივსულიყავი. აქ უკვე ნამდვილად დავიძაბე. ჯერ იყო და გრინფილდს უნდოდა თავისი საძაგელი ლოტოსის ჩაით ჩემში პატრიოტული ამნეზიის გამოწვევა, ახლა კიდევ კალიფსოსთან მოხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. მოკლედ, მართლა დავიძაბე და თვალი წინ, კედელზე ჩამოკიდებულ კოლაჟზე გამიშტერდა, რომელიც თავადვე შევქმენი. ჩემს შემოქმედებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ ერთი რამ ამ კოლაჟთან დაკავშირებით ნაღდია - წარწერა „Случаиность - постоянный принцип“.

მეორე დღეს კალიფსოში რომ მივედი, ალბათ ამ პრინციპის დამსახურებაცაა, თუმცა გადამწყვეტი როლი მაინც იმ ღონისძიებამ ითამაშა, რომელიც შაბათ საღამოს ღვინის კლუბმა და საქართველოს მეთევზეთა კლუბმა გამართეს. საღამოს მიზანი ქართული ღვინისა და საქართველოში გავრცელებული თევზის სახეობების საუკეთესო წყვილების აღმოჩენაში მდგომარეობდა. იქ ბლოგერის სტატუსით მივედი, რამაც მაქსიმალურად მომცა საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე კონცენტრირების საშუალება და მაინც, ვეცდები მხოლოდ საკუთარ თავზე არ გესაუბროთ.

Thursday, March 3, 2011

ლი და მისი მემკვიდრეობა


"როდესაც შოუების მოწყობა დავიწყე, ვისწრაფოდი მეჩვენებინა ჟურნალისტებისთვის ის, რისი დანახვაც მათ სწორედ რომ არ სურდათ: შიმშილი, სისხლი, სიღატაკე. უყურებ მთელ ამ ძვირფას სამოსიან და მუქ სათვალეებში გამოწყობილ "ფეშენ" შეკრებას და ხვდები, რომ მათ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება მსოფლიოში. მათი ინტერესები მოდის ჩარჩოებშია მოქცეული. მე ვხარჯავ ფულს შოუზე იმისთვის, რომ ამ ხალხს ცხოვრების მეორე მხარე დავანახო. დაე იგრძნონ სიძულვილი და ზიზღი - მე ეს სრულიად მაწყობს. მეცოდინება, რომ მათში რაღაც გრძნობები მაინც გავაღვიძე".
ლი ალექსანდრ მაქქუინი 1969 წელს ლონდონში, ტაქსისტის ოჯახში დაიბადა. enfant terrible - ის რეპუტაცია ჯერ კიდევ სამი წლის ასაკიდან შეექმნა, როდესაც ქალის კაბების ხატვა დაიწყო. მისი ოჯახი ამ ფაქტის მიმართ კეთილგანწყობილი ნამდვილად არ ყოფილა. მშობლებს მიაჩნდათ, რომ დიზაინი ბიჭის საქმე არ იყო. ამას გარდა, ტაქსისტობა მათ ოჯახში მემკვიდრეობით გადაიცემოდა და ლის გატაცება ხატვით ტრადიციების ნამდვილი ღალატის ტოლფასი იყო. ამიტომ, მორიგი სერიოზული ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, მაქქუინმა სახლი და სკოლა მიატოვა და Anderson&Shepherd-ის ატელიეში დაიწყო მუშაობა. პირველი სერიოზული პროტესტის გამოვლენაც აქ მოხდა: პრინცი ჩარლზისთვის განკუთვნილ პიჯაკზე მან წააწერა "აქ იყო ალექსანდრ მაქქუინი" და ბრიტანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვითაც შეამკო (I am a cunt). ამის შემდეგ ლი ტოვებს ატელიეს და სამსახურს სხვაგან იწყებს.
გასაოცარია ის მონდომება, რომელსაც ლი იჩენდა იმისთვის, რომ პროფესიონალი დიზაინერი გამხდარიყო. ატელიეში კერავდა შარვლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმიანობა მაინცდამაინც არ მოსწონდა, თუმცა ეს ძალიან დაეხმარა გაწაფულიყო თავის საქმეში. მას შემდეგ, რაც მოდის მარკეტინგში გაერკვა და ლონდონის წმინდა მარტინის დიზაინის სკოლაც დაამთავრა, მაქქუინი უკვე მზად გახლდათ თავისი სიტყვა ეთქვა ამ სფეროში. მოქმედება კი მან საკმაოდ აგრესიულად და არაორდინარულად დაიწყო. მისი შოუ მოდის დეფილეზე მეტად პოლიტიკურ მანიფესტაციებს ჰგავდა. ალექსანდრს პოდიუმებზე გამოჰყავდა შავკანიანი მოდელი ხელბორკილებით, ჭუჭყიანი სამოსით... თამამი იყო პოდიუმზე თავად ლის გამოჩენა წარწერიანი მაისურით "We love you Kate", რომლითაც მან სოლიდარობა გამოუცხადა ქეით მოსს, რომელიც მაშინ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ უსიამოვნო ამბებში გაეხვა. სკანდალური იყო მაქქუინის ეკლესიაში მოწყობილი ჩვენებაც, როდესაც ლიმ განაცხადა, რომ რელიგია არის ყველა ომის სათავე. ამბოხის კულმინაციის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს მისი შოუ, სახელწოდებით "შოტლანდიაზე ძალადობა" (Highland Rape), რომელშიც მოდელები დახეული ტანსაცმლით გამოდიოდნენ, შოტლანდიური ქვედაკაბებიდან კი დოლბანდი მოუჩანდათ. ასე გამოხატა თავისი ზიზღი მან საუკუნეების განმავლობაში ინგლისის მიერ შოტლანდიაზე განხორციელე- ბული ძალადობის მიმართ. ეს კოლექცია ზოგიერთის მიერ ინტერპრეტირებული იყო, როგორც ქალებზე ძალადობის პოპულარიზაცია. უნდა ითქვას, რომ ასეთი გროტესკი მაქქუინისთვისაც კი მეტისმეტი იყო. ის ხომ ყველაზე ფემინისტი დიზაინერია, რომელიც თავისი ნამუშევრებით ყოველთვის ცდილობდა ქალის სიძლიერისთვის გაესვა ხაზი. აკი თავადაც ამბოდა, ნუ ელოდებით, რომ ჩემი ქალი შიფონის ღრუბელში გახვეული, მიამიტი და სუსტი იქნება, იგი ძლიერია, რომ ყველანაირ ზეწოლას გაუძლოსო.