Thursday, March 31, 2011

ის, გვირილები, მოპარული ფერები და ყალბი მილიტარიზაცია


ამასწინათ, ჩემი ბლოგის მკითხველისგან პატარა შენიშვნა მივიღე. ის შემდეგში მდგომარეობდა: რატომ ვუთმობ ამხელა ადგილს ქალის მოდის ტენდენციების განხილვას, მამაკაცებს კი ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ? მე ვუპასუხე, რომ თავად მოდის ტენდენციები არ წარმოადგენს ჩემი ინტერესის მთავარ საგანს, ისინი მხოლოდ საშუალებაა იმისთვის, რომ განწყობა შევქმნა სტილის ნიუანსებზე ყურადღების გამახვილების გზით. ეს, თქვენც მოგეხსენებათ, სრული სიმართლე იყო, რადგან მოდა მხოლოდ ამ განწყობების ყველაზე ხილვადი კომპონენტია, რასაც შემდეგ ჩემს წერილებში დასრულებულ სახეს მუსიკა, არომათერაპია, ფილმები და ლიტერატურა აძლევს. ისინი ხომ კიდევ უფრო საგრძნობს ხდის სტილის აქტუალობას და ესთეტიურობას. მაინც, სიმართლე ის გახლავთ, რომ ჩემი პასუხი მკითხველისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. თითქოს ეს გამიზნულად არ გამიკეთებია - კითხვაზე პირდაპირი პასუხის თავიდან არიდების ხელოვნება ჯერ კიდევ მაშინ ავითვისე, როდესაც პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდი. თუმცა, ამან შემდეგში იმის უფლება მაინც არ მომცა, კითხვის მთავარ აზრს გავქცეოდი - იქნებ, მართლა ის ადამიანი ვარ, რომელიც საპირისპირო სქესის დისკრიმინაციას ეწევა და ამას ვერც კი ამჩნევს?
ლატენტური სექსიზმის ძიებაში ჩემს ბოლო სტატიებს გადავხედე. მართალია ეს ადამიანი, გასულ კვირას ფუტურისტული ხასიათების ძიებაში ქალისთვის განკუთვნილი რამდენიმე კოლექცია მიმომიხილავს, მამაკაცებისთვის კი ეს ამბავი მხოლოდ ბალენსიაგას მაგალითზე მოვყევი. მართალი ვარ მეც, რადგან შეფარდების ელემენტარული წესით ვხელმძღვანელობ. თუ ვოგის საიტზე შეიხედავთ და დააკვირდებით, რამდენი კოლექციაა ქალების განყოფილებაში და რამდენად ნაკლები კაცებთან, იოლად მიმიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. სინდისის ქენჯნა წესით დიზაინერებმა უნდა იგრძნონ და არა მე, მაგრამ გული მაინც ისე დამწყდა, გადავწყვიტე დღევანდელი სტატია მხოლოდ ძლიერ სქესს მივუძღვნა. დაე, იცოდნენ, რომ ულტრა-ფემინისტებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ ქალებს სულაც არ სურთ კაცებს თავი დაჩაგრულად აგრძნობინონ.
Alexis Mabille, SS 2011
ეს-ესაა შეგპირდით, რომ ძლიერ სქესზე ვისაუბრებდი, თუმცა რამდენად მომცემენ ამის საშუალებას ცნობილი მოდის სახლები, რომლებმაც იზრუნეს კაცების სტილზე გაზაფხული-ზაფხულის სეზონებისათვის, ეს ცალკე საკითხია. პირველ რიგში, ეს ეტროს ეხება, რომელიც გულმოდგინედ, მე ვფიქრობ, ზედმეტადაც კი, შეეცადა მამაკაცის სენსუალური მხარის წარმოჩენას. შედეგად მისი "ძლიერი" სქესი მაქმანებიან, თითქმის გამჭვირვალე პერანგებში გამოწყობილი აღმოჩნდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეტროს კოლექციაში დომინანტი სპორტული სტილი იყო, მაქმანმა ერთობ ორიგინალური ეფექტი შექმნა. კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ყვავილოვანი პრინტის სიმრავლის პოვნა თანამედროვე მამაკაცის ტანსაცმელში. ყვავილებს აღმოაჩენთ მის პერანგზე, მოკლე შარვალზე, კოსტიუმზე, აქსესუარებზეც კი. მაგალითად, გვირილებით იყო გაფორმებული ალექსის მაბიის კაცის გულსაკიდი.
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სპორტული, მაგრამ განებივრებული ბიჭის სახე, ზოგადად, ძალიან გავრცელებული ტიპაჟი იქნება თბილ სეზონებზე. 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამრს უყვარს გართობა, პლაჟზე დროსტარება, ასე განსაჯეთ, პიკნიკებზე სიარულიც კი. ის მოდუნებულია, გამუდმებით რელაქსაციის ძიებაშია. ამასთან, როგორც ჩანს, გასულ სეზონებზე იმდენად მოიხიბლა თავისი შეყვარებულის გარდერობით, რომ მას არამხოლოდ ყვავილები და მაქმანები "წაართვა", არამედ მისგან ერთი თვისებაც ისესხა - გამბედაობა. მე სულაც არ მაქვს მიზნად, ძლიერ სქესს მშიშარა ვუწოდო, რადგან აქ სულ სხვა რაღაცას ვგულისხმობ - გამბედაობას, რომელიც ძირითადად ქალებს ახასიათებთ და ის მკვეთრი ფერების ტარებას და მათ არაორდინარულ შეხამებას უკავშირდება. მართალია, ამგვარ გამბედაობაში კაცი ამჯერადაც ვერ დაიკავებს წამყვან პოზიციას, სამაგიეროდ უფრო მეტად გარისკავს ნეონის ფერებთან მიმართებაში. ამის გარდა, ჟოლოსფერის ფორთოხლისფერთან ტარება, წითლის კი - ერთდროულად ღია ვარდისფერთან, ლურჯთან და ყვითელ ფერთან, გმირობის ტოლფასია ქალისთვისაც კი. კაცმა ამ სეზონზე უკუაგდო კლიშე ცუდი ტონის შესახებ და უპირატესობა კაშკაშა, მხიარულ განწყობას მიანიჭა. მსგავსი ფერადი იდეებისთვის შეგიძლიათ მიაკითხოთ: კელვინ კლაინს, Dsquared2-ს, პრადას და რა თქმა უნდა, ჯილ სანდერს.

                   
Jil Sander SS 2011
ეს ყველაფერი არ არის. კაცი, რომელსაც გაუმართლა, ეცხოვრა ამ წელს, ასევე იღბლიანი აღმოჩნდა იმაში, რომ მხატვარი მეგობარი ქალი გაიჩინა, რომელიც საკმაოდ მდიდარი ფანტაზიის გახლავთ. სხვაგვარად როგორ ახსნით ექსპრესიონისტული მხატვრობის ნიმუშებს კაცის სამოსზე? ისეც ხდება ხოლმე, რომ ამ ქალთან უთანხმოება მოსდის, რაც შემდეგ კაცის პერანგზე შესამჩნევ კვალს ტოვებს. ეს შედეგია ნაჩვენები დრის ვან ნოტენის კოლექციაში, რომლის მამაკაცი ისეთ პერანგს ატარებს, თითქოს საღებავი შეასხესო. ყველაზე ორიგინალური ამ მხრივ კი ჟან პოლ გოტიე აღმოჩნდა, რომელმაც კაცს საღებავში ამოსვრილტოტებიანი შარვალი ჩააცვა.
Dries Van Noten, SS 2011
მე კი ხატვა არ მიყვარს. შესაბამისად, ასეთი სამოსით ჩემს რჩეულს ვერ უზრუნველვყოფდი, თუმცა უარს არ ვიტყოდი, თუ ის მსგავსს ჩემთვის გააკეთებდა, ამასთან არა მხოლოდ კაბებს დამიხატავდა, არამედ მომიძღვნიდა სონეტებს, დამიწერდა ლექსებს, იზრუნებდა, რომ არტ-ფილმების ჩემი კოლექცია მუდმივად განახლებადი ყოფილიყო. ასეთი ბოჰემური კაცი დიორის კოლექციაში აღმოვაჩინე - განიერ შარვალსა და თავისუფალ კოსტიუმში გამოწყობილი. მისი სტილი ა ლა მოდილიანი სრულიად ბუნებრივია, ის ხომ იმდენადაა გატაცებული შემოქმედებითი იდეებით, რომ საკუთარ გარეგნობას ისეთ ყურადღებას ვეღარ უთმობს, როგორც, ვთქვათ, 70-იანების მაჩო, რომელიც ამ სეზონზე აუცილებლად შეგხვდებათ ქუჩებში.
კიდევ ერთი ჩემი ფავორიტი მტრულად განწყობილი ბაიკერია, რომელმაც თავშესაფარი ამჯერად ბარბერისთან ჰპოვა. ბაიკერული სტილი უკვე მომაბეზრებელი ხდება, მაგრამ ბარბერისთან არ მოიწყენ - ინგლისური არისტოკრატიზმისა და უხეში მილიტარის სინთეზი ნებისმიერ ქალს მოხიბლავს და აიძულებს, ძლიერი სქესისადმი პატივისცემით განიმსჭვალოს. კიდევ უფრო საინტერესო გახლდათ ბალმენის მილიტარიზებული ჰიპსტერი ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო შარვალი და მძიმე ფეხსაცმელი მეომარის სახეს უნდა ქმნიდეს, ჰიპსტერზე ის სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. ის არ იომებს სამხედრო დანაყოფში, არამედ მხოლოდ მასებისა და მეინსტრიმის წინააღმდეგ. აი მარკ ჯეიკობსის მილიტარი ბიჭი ამ უკანასკნელისგან დიდად განსხვავდება. მას სამხედრო ოპერაციები სრულიად არ აინტერესებს, ფერები - კი. ჯეიკობსმა ის ხაკისფერ, ცოტა მკაცრი სტილის სამოსში კი გამოაწყო, მაგრამ მილიტარისტული ხასიათი არ შეინარჩუნა, რითიც მხოლოდ ელეგანტურობის ეფექტის მოხდენა შეძლო.
Balmain SS 2011
Burberry SS 2011
ვერ გეტყვით, რომ ამ სეზონზე მხოლოდ მოდის კანონმდებლები იმოქმედებენ კაცების სტილზე. სულ მალე The Vines ახალ ალბომს გამოუშვებს. ვინ იცის, იქნებ ამან გადააწყვეტინოს მამაკაცს ყვავილებით მოჩითული პერანგები გვერდზე გადადოს და გარაჟის როკის სტილში გამოეწყოს, მითუმეტეს, რომ უკვე ასე აცვია მის საპირისპირო სქესსაც. იდეა და განწყობა ხომ ჰაერში ტრიალებს, დროის და მითუმეტეს, ცალკეული კოლექციების ჩარჩოებში არასოდეს ექცევა და მუდმივად ტრანსფორმირდება. ყველაზე საინტერესო სწორედ ამ მეტამორფოზებზე დაკვირვების პროცესია. ასე რომ, სასიამოვნო მონიტორინგს გისურვებთ, მე კი, ახლა უკვე დამშვიდებული სინდისით, მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით.

13 comments:

  1. EGRE TU VIFIQRE ABA ME SAERTODAC FEMINISTI VKOPILVAR :)

    ReplyDelete
  2. 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამრს უყვარს გართობა, პლაჟზე დროსტარება, ასე განსაჯეთ, პიკნიკებზე სიარულიც კი. ის მოდუნებულია, გამუდმებით რელაქსაციის ძიებაშია.

    ASCOREBS :)
    EG TIPAJI ASCOREBS ZOGADAD
    SHEZLONGIDAN ROM AR GARBIS XOLME TAVQUDMOGLEJILI :d :d

    ReplyDelete
  3. გახლდათ ბალმენის მილიტარიზებული ჰიპსტერი ბიჭი.

    MOVIXIBLE :)

    ReplyDelete
  4. ჰაჰაა ფემინისტების კლანი გვაქვს :)) რომ დაფიქრდე, ლორდიც კი არ წერს კაცების მოდაზე. არავინ წერს :( მართლა გული ამიჩუყდა :)

    ჩემი ოცნების ბიჭია ეგ ბალმენი <3

    ReplyDelete
  5. ბალმენი მომეწონა, მაგრამ ბარბერის ბიჭი მაინც უფრო ჩემია <3

    ReplyDelete
  6. ბარბერი მეტია, ვიდრე ბიჭი :) და უფრო მეტი, ვიდრე მაბიი : )))

    ReplyDelete
  7. რატო არ იწყებ წერას? კიდევ ერთი მზიანი ბლოგი მეყოლება მეზობლად :)

    ReplyDelete
  8. მე კიდევ არ მომწონს ეს გამოქალებული მამრები :)
    იმედი მაქვს, მომავალ წელს ყვავილებისა და მძივებისგან გათავისუფლდებიან :)

    ReplyDelete
  9. მილიტარისტები :*

    ნინო იცი რა მაინტერესებს? ანუ აი ამ სამკაულებს ჩვეულებრივად ხმარობენ, როდესაც სამოს ყიდულობს მყიდველი, თუ ეს მხოლოდ დეკორაციაა?

    ReplyDelete
  10. ქეთი, არც მე მომეწონა მაბიის კოლექცია :)

    როდე,

    დეკორაცია ჩვენებისთვის? არა, კაცების სამკაულები იყიდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყვავილის ყელსაბამებს რამდენად დაიკიდებენ კაცები, ვნახოთ )) პარიზელმა ბიჭებმა შეიძლება გაიკეთონ, ან ჰავაის არდადაგებისთვის შეიძინონ )

    ReplyDelete
  11. აჰა გასაგებია.

    ნუ ჩვენებზე ლაპარაკი ზედმეტია ;დ

    ReplyDelete
  12. ისე, მეც მეუბნებოდნენ ჩემი ბლოგის გარიჟრაზე ქალების მოდაზეც დაწერეო.

    ReplyDelete
  13. გამობარბერებული ბლოგერები და გადაბალმენებული მკითხველები.

    ReplyDelete