Tuesday, March 22, 2011

მომავლის რეპეტიცია


რა ვიცი მომავალზე? არც ისე ბევრი რამ. აპრილის დასაწყისში Unkle მინი-ალბომის გამოშვებას აპირებს. მაისში Caribou კონცერტს გეგმავს სტამბულში. პოლიტიკური ექსპერტი ედვარდ ლუკასი ამბობს, რომ ათი წლის შემდეგ პოსტკომუნისტური ქვეყნები ევროზონას შეუერთდებიან და განვითარების დონით იტალიას დაეწევიან. ლუკასი იმასაც ამბობს, რომ დროის ამ პერიოდში სამხედრო ტექნოლოგიები საგრძნობლად განვითარდება და დაზვერვის სფეროში უპილოტო თვითმფრინავები ერთ-ერთ წამყვან როლს ითამაშებენ. დამეთანხმებით, ორ თვეში დაგეგმილ კონცერტსა და პოლიტიკურ პროგნოზებს შორის დიდი განსხვავებაა, ვინაიდან პირველს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ რეალურად მოხდება, თუმცა გადაჭრით არასოდეს არაფრის თქმა შეიძლება, როდესაც ხვალინდელ დღეზე საუბრობ. მომავალი, ალბათ, ერთადერთი რამ არის, რომლის მთლიანი კონტროლიც კაცობრიობას არ შეუძლია. სამაგიეროდ, არის იმის შესაძლებლობა, რომ შექმნა მომავლის შენთვის სასურველი მოდელი და მას დღეს, ამ წამს შეასხა ხორცი.
მესმის, რომ ცოტა გაუგებრად ვსაუბრობ. არადა, იმისათვის, რომ იდეა უფრო ნათელი გახდეს, სრულიად მარტივი რაღაცის გაკეთებაც კმარა - თვალი გადაავლო მიმდინარე გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს. მათ არანაირი კავშირი არ ექნებოდათ მომავალთან (ვინაიდან უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც აქტუალობა შეიძინეს), რომ არა ერთი ფაქტორი, უფრო სწორად, ტენდენცია, რომელმაც უამრავი დიზაინერის შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. ეს ტენდენცია ფუტურისტულია და გასული საუკუნის სამოციან წლებს მოგვაგონებს, როდესაც მოდის ინდუსტრიაში პირველად შეესხა მომავლით შთაგონებულ ფანტაზიებს ფრთები. აქედან გამომდინარე, ბოლო ხანებში ჩვენ ისეთი უცნაური და პარადოქსული ფენომენის მომსწრენი გავხდით, როგორიცაა რეტრო-ფუტურიზმი.
ამ ტენდენციამ ძალების მოკრება ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ნიკოლა გესკიერმა ბალენსიაგასთვის ფუტურისტული კოლექცია წარმოადგინა ძლიერი რეტრო ხასიათით. ეს მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ ამ დიზაინერის ესთეტიკურ ხედვას - იგი ყოველთვის ქმნის იმას, რაც უკვე შექმნილა, მაგრამ ისეთ ფორმებში, რომლების წარმოდგენაც სხვებს არ შეუძლიათ. თუ შემოდგომის კოლექცია კოსმონავტებთან იწვევდა ასოციაციას და თან პარიზული ფუფუნების ელემენტებსაც შეიცავდა, გაზაფხულის - უჩვეულო მეტამორფოზაა. გესკიერმა დაივიწყა ყველაფერი, რაც იცოდა ფუტურისტულ მიმდინარეობაზე, შეინარჩუნა მხოლოდ ერთი, ამ სტილის შექმნისთვის ფუნდამენტური - გეომეტრიული ფორმები. წლევანდელი გაზაფხულის ფუტურისტი ქალი გესკიერისთვის საკმაოდ ანდროგენულია, პანკური სულით და ცოტათი მასკულინური იდეებით მოაზროვნე. კაცის უხეში ფეხსაცმელი, ტყავის ქურთუკები, თავშეკავებული ფერები, ფუტურისტული პრინტი - ამ ნიშნებით შეგიძლიათ ამოიცნოთ ქალი, რომელმაც ჩვენთან დროის სხვა განზომილებიდან, სავარაუდოდ ამ საუკუნის ბოლოდან გადმოინაცვლა. რამდენად მოეწონება მას 2011 წელში ცხოვრება, რთული სათქმელია, თუმცა თანამედროვე ქალებს საკუთარ ჩაცმის სტილს რომ შესთავაზებს, ამაში საეჭვო აღარაფერია. კიდევ უფრო ძლიერი ფუტურისტული განწყობა მოაქვს ბალენსიაგას მამაკაცებისთვის შექმნილ კოლექციას. შავი, თეთრი, მკვეთრი ყვითელი ფერები, ანდროგენული ფორმები - ეს მომავალი თაობის ბიჭია, ტექნიკური ეპოქის პირმშო, წყალწაღებული geek, სხვა სიხშირეებზე მოაზროვნე ადამიანი, რომლისთვისაც ინდუსტრიული ეპოქა გუშინწინდელი დღეა.
ფუტურიზმის აღორძინება არ გახლავთ მხოლოდ ნიკოლა გესკიერის დამსახურება. როგორც მოსალოდნელი იყო, მომავალში წარმოიდგინა ქალის სახე ალექსანდრ ვონგმაც. იგი იშვიათად ღალატობს თავის ფუტურისტულ გატაცებებს და ამჟამინდელი კოლექციაც არ გამხდარა გამონაკლისი. ისე კი, შეიძლება ითქვას, რომ ვონგის ნამუშევრებში ზაფხულის სეზონის წინაშე ქედის მოხრა შეიმჩნევა. დიზაინერი არასოდეს ყოფილა ფერთა მრავალფეროვნების მოყვარული, მაგრამ გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია თითქმის მთლიანად თეთრია. მინიმალიზმით ეს კოლექცია არა მხოლოდ ფერის გამო სუნთქავს, პრინტის, აქსესუარების სიმცირეც საკმაოდ საგრძნობია. მოხერხებული, თავისუფალი ფორმების გამო კი ამ ნამუშევრებმა არა მხოლოდ საზღვაო, არამედ ფუტურისტული განწყობაც შექმნა და უნებურად გამოიწვია ასოციაცია ფილმ "მატრიცას" სამოსთან, თუმცა ვიზუალური მსგავსების დაჭერა გაგიჭირდებათ. მომავლის სამოსში ხომ მთავარი ხასიათი, მინიმალიზმი და ანტიპათიური განწყობაა ყველაფერი ზედმეტის მიმართ.
ინდუსტრიული ეპოქის გავლენა Rag&Bone-ის გაზაფხულის ნამუშევრებში უფრო იგრძნობა. ტრადიციულად, ის უფრო უხეში, გაბედული, ტექნოგენური ხასიათისაა, რაც შეიძლება უფრო მეტადაც კი უსვამდეს ხაზს ქალურობას და სინაზეს. აქ გამოიკვეთა ახალი საინტერესო ტენდენციის - ფუტურისტული მილიტარის დაბადებაც, რომელსაც ნამდვილად სჭირდება განვითარება. ეს არ სჭირდება Armani Prive-ს მაღალი მოდისთვის შექმნილ კოლექციას. სწორედ აქ იყო ის ტრადიციული ფუტურიზმი, რომელიც ნაკლებად ვნახეთ სხვებთან. ვგულისხმობ მეტალის ელვარებას, კოსმიურ სილუეტებს. დიახ, აქ არ იყო ტექნიკური რევოლუციის ნიმუშები, რადგან სამოსი უფრო უცხოპლანეტელისთვის შექმნილს ჰგავდა, ვიდრე დედამიწის პირმშოს, თუნდაც საუკუნის შემდეგ დაბადებული ადამიანისთვის. შემთხვევითი ალბათ არ იყო ის, რომ ჩვენების დროს პირველ რიგში ოლივია უაილდი იჯდა - იყო აქ რაღაც "ტრონისებური", ფანტასტიკური და კაშკაშა.
რამდენად მოიპოვებს ფუტურისტული სტილი პოპულარობას ყოველდღიურობაში, ამაზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმაა შესაძლებელი. აქამდე, ავანგარდულობის გამო, ის ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა ხოლმე. ახლა კი, რთულია დაზუსტებით რაიმეს თქმა, რადგან თუ არმანის არ ჩავთვლით, სხვების კოლექციები საკმაოდ არაავანგარდულად და ურბანულადაც გამოიყურებოდა. შესაძლოა, კარდენის იდეებისა და ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ ტექნიკურ პროგრესთან ერთად ფუტურიზმიც აღარ აღიქმება მაინცდამაინც ფუტურისტულად. თუმცა აქ დეტალებისა და ფორმების შერბილებაც ითამაშებს თავის როლს - სხვა სტილთან სინთეზში ფუტურიზმი კარგავს თავის კოსმიურობას და იმ ტექნოგენურ განწყობას ქმნის, რომელიც ისეც გვექმნება, ყოველ დილით თვალის გახელისთანავე.

4 comments:

  1. მე რაღაც არ მიზიდავს ეს ფუტურისტული განწყობა :)

    ნინა :*

    ReplyDelete
  2. სამოსში დიდად არც მე :) თუმცა ექსპერიმენტს სიამოვნებით ჩავატარებდი, მაგალითად რაღაც ფუტურისტული დეტალი და ბოშურ-ბოჰემური სტილი, ან ჰიპური. პანკთან სინთეზმა რაღაც ძალიან ანდროგენულად აქცია, სქესი წაშალა...

    ისე, მატრიცაში რომ არის ის სადა, დახეულ სვიტერებიანი ჩაცმულობა, რომანტიკულად არ მიგაჩნია? სინაზის გრძნობა მიჩნდება რომ ვუყურებ :დდ პ.ს. ჰო და ცოტა დავლიე კიდეც დღეს საღამოს :))))

    ReplyDelete
  3. ყველა იმას ქმნის, რაც უკვე შექმნილა. :)

    რა უცნაურია, რომ ორმაგ უარყოფას არ იყენებ. იშვიათი ჟურნალისტ-ბლოგერი ხარ. :)

    ReplyDelete
  4. მაგრამ ისეთ ფორმებში, რომლის წარმოდგენაც სხვებს არ შეუძლიათ. ესაა უარყოფა. გესკიერს ჯერ რევოლუციები არ მოუხდენია, მაგრამ ავთენტურობის ელემენტი აქვს )
    ვიცი, რომ იშვიათი ვარ :P :D

    ReplyDelete