Monday, January 31, 2011

I may be paranoid, but not an android

იდეალიზმის სენი ყველაზე უცნაურია, რაც შეიძლება შეგეყაროს. მითუმეტეს, როცა საქმე კაცებს ეხება. უფრო მითუმეტეს, თუ მისი იდეალი ყველაზე აბსტრაქტულია აბსტრაქციებს შორის და ამის მიუხედავად, ახერხებს კაცთან შენს ურთიერთობებში მესამის როლის თამაშს და menage a trois-ს ეფექტის შექმნას. 

ეს მესამე ანდროგენია. ესე დავარქვი. ბავშვობაში ბერძნულ მითოლოგიაზე მქონდა გაჭედილი და მაშინ წავიკითხე მითი ანდროგენებზე - ორსქესიან, სრულყოფილ არსებებზე, რომელთა ძლიერების ზევსს ისე შეეშინდა, რომ ორ ნაწილად გაჭრა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გადაკარგა, რომ ერთმანეთი ვეღარ ენახათ. ამ მითის მიხედვით, ყველა მათგანი მას შემდეგ დაკარგულ ნახევარს ეძებს, რომ სრულყოფილება აღიდგინოს. პოვნის შემდეგ კონდიცია ალბათ ისეთი იქნება, სხვა რომ აღარაფერი გინდა, პერფექციონიზმის კომპლექსისგან თავისუფლდები და უფრო მშვიდად სუნთქავ. ამის გამო უნაკლო ადამიანზეც შეიძლება უარი თქვა, რადგან აპრიორი სულაც არ იგულისხმება, რომ სრულყოფისთვის იდეალური კაცი (ქალი) გჭირდება (შენც ხომ გაქვს უკვე რაღაც ღირსებები, დალახვროს ეშმაკმა!). 

ძიება ჯერ არ მომბეზრებია, მაგრამ თქვენს შორის თუ ვინმეს დაემართა ეს, მინდა გაცნობოთ, რომ მეცნიერებმა თქვენზეც იზრუნეს. ანდროგენი არა, მაგრამ ანდროიდი, რომელსაც შეუძლია დაგპატიჟოთ პაემანზე და შემდეგ დაუვიწყარი ღამეც გაჩუქოთ, უკვე 2016 წლისთვის გაჩნდება. მოულოდნელი არაფერია - უკვე არსებობს Aiko (შეუძლია კითხვა, საუბარი, რეაგირება გარეგან გამღიზიანებელზე), Kismet (შეუძლია ადამიანური ემოციების იმიტირება), COG (ხელოვნური ინტელექტით), ასევე იბნ სინა (ის არა, რობოტი), უნიკალური შესაძლებლობით, დააფიქსიროს თქვენი მიმიკა+ემოცია. ახლახანს სადღაც წავიკითხე, რომ რეალურია მათი ფუნქციების გაერთიანება, რის შედეგადაც იდეალურ საყვარელს მივიღებთ. როგორც ჩანს, ჩემს ანდროგენს სულ რაღაც ხუთი წელი აქვს იმისთვის, რომ გამოჩნდეს, ისევე, როგორც მე იმის გასაანალიზებლად, შეიძლება თუ არა ჩემი ანდროგენი ანდროიდი იყოს. 

როცა უელბეკი ამბობდა, ადამიანს იმდენად აღარ მოსწონს თავისი თავი, რომ თვითდესტრუქციის მექანიზმი აუმოქმედდა და ამიტომ ცდილობს ხელოვნური ინტელექტის შექმნასო, ეს დამაჯერებლად ჟღერდა. როცა ნიცშე ამბობდა, რომ ადამიანი არის არა მიზანი, არამედ ხიდი და ის უნდა გადაილახოსო, ეს უცნაურად ჟღერდა. ბერდიაევი საფლავში გადატრიალდება, რომ იცოდეს, რომ თანამედროვე ადამიანი, რომელზეც მან თქვა, რომ ტექნიკური ცივილიზაციის გავლენით ფუნქციებად დაიშალა, ახლა ამ ფუნქციებსაც კარგავს. კამიუს მერსოსთვის („უცხო“ - ში რომ ტიპია) მხოლოდ ბიოლოგიური არსებობა იყო ფასეული, რის გამოც მოკლა ადამიანი, რომელიც გაგრილების საშუალებას არ აძლევდა. ჰოდა, კამიუსაც მაგრად არ ესიამოვნებოდა, რომ გაეგო, რა რეტროდ იქცა მისი ნააზრევი, რადგან ადამიანისთვის მისი ბიოლოგიური ფუნქციაც აღარ არის მნიშვნელოვანი. 

წავედი მე, ჩემს დეტექტიურ თამაშებს მივხედო...

მითუმეტეს, რომ 

Countdown: 4 years, 11 months...

ისე, თეთრკანიანის ანდროგენი შეიძლება რომ შავკანიანი იყოს? <3
http://www.youtube.com/watch?v=V5ZWNOm4r2k
embedding disabled - არამზადები :/

14 comments:

  1. დავიწყებ ფიქრს რანაირი ანდროიდი მინდა სამომავლოდ გვერდით მყავდეს ;დ

    ReplyDelete
  2. ოოჰ, მე მკლავს ეს ტექნიკის მიღწევები და სადმე, მე-18 საუკუნეში გადასვლა მინდება.

    ReplyDelete
  3. როდე, ესე იგი ანდროიდი არა? :)))

    ნატალია, მე მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანებში :))

    ReplyDelete
  4. მე კი სულ ვამბობ, რა საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობ მეთქი :) გამუდმებით მაქვს ინტერესი, კიდევ რა იქნება, არადა ასეთი რკინის მეორე ნახევარი სულაც არ მინდა და არც იდეალური :)

    გასული საუკუნის პირველ ნახევარში ვიცხოვრებდი ცოტა ხნით. 10-15 წლის წინ მე-19 საუკუნეც მხიბლავდა ხოლმე, ახლა ვერ წარმომიდგენია. აი, წინ რა იქნება, ეს უფრო მაინტერესებს :)

    ReplyDelete
  5. მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი. ქეთი ექსტრიმი თუ გიყვარდა ეგ აღარ ვიცოდი :)))))
    ისე 00-იან და 20-იან წლებში <3

    ReplyDelete
  6. :))

    მეც მაგ წლებში ძირითადად. ასე მგონია, მაგ ეპოქის ადამიანებს ისეთივე განცდები ჰქონდათ, როგორც ახლა მე მაქვს – ახალი საუკუნე, ბევრი სიახლე, წინ წასული ტექნიკა და აღმოჩენები... მაგ დროის მოდაც მომწონს, ჰოდა, ერთი ნახევარი წლით წავიდოდი სამოგზაუროდ :))

    ReplyDelete
  7. სხეულის ტემპერატურა როგორი აქვს ამ ანდროიდს? გამაცია ფოტოზე. ადამიანებმა საერთოდ დაკარგეს შეგრძნებები :/

    ReplyDelete
  8. ქეთი, კოკო შანელის ახალგაზრდობის ეპოქაა ეგ <3

    გოლდენ, შენც ჩემსავით პარანოიდი ხარ, ხელოვნური ინტელექტი თუ შეუქმნეს, სხეულის ტემპერატურას ვერ დაურეგულირებენ? მე ვფიქრობ, შენ ეტყვი რამდენზე გინდა რომ ჰქონდეს და ისიც დაიყენებს თვითონ :D:D

    ReplyDelete
  9. ნებისმიერი მამაკაცის გასაღები ნებისმიერ ქალს ერგება, ასე რომ ანდროგინები არ არსებობენ. :)

    ReplyDelete
  10. ისე, ამაზე ვწერდი ზუსტად, სონის ექსპერიმენტებზე რომ დავწერე პოსტი.
    არც მე მომწონს ეს ამბები. და არც სუროგატების იდეა მომწონს.

    ReplyDelete
  11. @ნებისმიერი მამაკაცის გასაღები ნებისმიერ ქალს ერგება

    მარტო მორგებაა საქმე? :))))

    ReplyDelete
  12. არსებობენ-მეთქი.

    ReplyDelete
  13. მე ეგ მითი სხვანაირად ვიცოდი...
    მათ ორგიების მოწყობა დაიწყეს და ამისთვის დაისაჯნენო.
    რთული ბავშვობა მქონდა, ხო? ))

    ReplyDelete
  14. ჰაჰააა :))
    რა ვიცი ზურ, ლოგიკურად რომ დაფიქრდე, ალბათ მოუწევდათ ორგიების მოწყობა )) მაგრამ მე ბავშვობაში ეგეთ წიგნებს არ მაკითხებდნენ :დ

    ReplyDelete