Wednesday, January 5, 2011

ნომინაცია: სტილის შემოქმედი 2010


დეკემბრის ბოლო გასული წლის მოვლენების შეჯამების დროა. ყველაზე კარგად ეს მოდის ჟურნალებმა იციან, რადგან სწორედ მათ უწევთ ყველაზე მეტი ანალიზიც და მის შედეგად უამრავი "ტოპ 10" სიების შედგენაც.
ამ "ყველაზე ყველაზე" სიებში არა მხოლოდ საუკეთესო დიზაინერები ხვდებიან, არამედ მათი კოლექციები, ყველაზე ცუდი ნამუშევრები, საუკეთესო სახეები, ყველაზე გემოვნებიანი ადამიანები, ყველაზე ხმაურიანი მოვლენები...
პირველ ადგილებზე მსჯელობა დაუსრულებლად შეიძლება. რთულია შეთანხმება იმაზე, თუ ვისი კოლექცია იყო საუკეთესო, რადგან, ჯერ ერთი, დიზაინერების ნამუშევრები არა მხოლოდ ვიზუალურად, თემატურადაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთან, უფრო ადვილია და სამართლიანიც, საუკეთესო კოლექციებს არა დანომრილი ადგილები, არამედ ნომინაციები მიანიჭო. ასე რომ იყოს, ყველაზე მრავალფეროვანი კოლექციისთვის ჯილდოს მარკ ჯეიკობსი მიიღებდა, ყველაზე ეკლექტიკურისთვის, ალბათ, Wunderkind. თუმცა, არის საკითხები, რომლებზეც დავა აზრს მოკლებულია. არ არის საჭირო მაიევტიკის მეთოდის გამოყენება, რომ სწორ პასუხს მიაგნო - წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა მოდის სამყაროში ალექსანდრ მაკქუინის თვითმკვლელობაა, ყველაზე ხმაურიანი პროექტი - ლანვინის და H&M-ის ერთობლივი კოლექცია, რომელმაც ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ასეთ შემთხვევებში ყველაზე რთული და საინტერესო წლის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ადამიანების გამოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში მაქსიმა "გემოვნებაზე არ დაობენ" ყველაზე გროტესკულად ჟღერს და არააქტუალურია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დასახელება მაინც ჭირს. ასეთი სიები უკვე შეადგინეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა ჟურნალებმა. ზოგიერთი მათგანი შემაცბუნებელი იყო, მაგალითად Vogue-ის, რომელმაც წლის საუკეთესოდ ჩაცმულთა ათეულში ლედი გაგა მოახვედრა. ძირითადად კი ყველა შეთანხმდა რამდენიმე სახელზე: ალექსა ჩანგი, მარიონ კოტიარი, სარა ჯესიკა პარკერი, ქეით მოსი, რობერტ პეტინსონი, დაიან კრიუგერი, ბლეიქ ლაივლი, ჯონი დეპი...
ათეულის შედგენა მეც დავაპირე. შემდეგ ეს აზრი მოსაწყენად მომეჩვენა, რომ არაფერი ვთქვათ არაპრაქტიკულობაზე. ბლეიქ ლაივლი, მართლაც, ყოველთვის თვალისმომჭრელია, თუმცა რაიმე განსაკუთრებული, ინდივიდუალური სტილით არ გამოირჩევა. მკითხველმა კი კარგად იცის, რომ ჩემი წერილები, ძირითადად, სწორედ სტილზეა ორიენტირებული და არა უბრალოდ კარგ გემოვნებაზე. ამიტომ ფიქრიც სხვა მიმართულებით დავიწყე. ამ სხვა მიმართულებამ ნიუ-იორკში წამიყვანა. ყველაფერი კი, სწორედ ლაივლისგან დაიწყო. გამახსენდა, რომ ყველაზე კარგად ჩაცმული გოგო მსოფლიოში მისი გმირია Gossip Girl-ში, სერენა ვან დერ ვუდსენი. თუმცა ალბათ ყველა, ვისაც ეს შოუ უნახავს, დამეთანხმება, რომ ინდივიდუალიზმი - ეს ჩაკ ბასის ძლიერი მხარეა. რადგან ედ ვესტვიკი ცხოვრებაშიც შესანიშნავად იცვამს, ჩემს სიაში პირველი სწორედ ის მოხვდა. შესაძლოა, ვინმემ ამ შოუს ფანობაც დამაბრალოს, მაგრამ გვერდი ვერ ავუარე მასში მონაწილე კიდევ ერთ მსახიობს, კლემენს პოეზის. რობერტ პეტინსონს არ გამოვტოვებდი, რომ არა ერთი გარემოება - მის სტილს ვრცელი სტატია მივუძღვენი წინა ნომერში. ასე რომ, არ იფიქროთ, თითქოს პეტინსონი დაიჩაგრა, უბრალოდ მისი ადგილი ამ წერილში მილან ვუკმიროვიჩმა დაიკავა. ალექსა ჩანგს კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, გვერდი ვერ ავუარე - მეორე მისნაირი, რას იზამ, არ არსებობს. ახლა მეტყვით, ინდივიდუალიზმი არც ლედი გაგას აკლიაო. საქმე იმაშია, რომ ინდივიდუალიზმის გარდა, მეორე მთავარი კრიტერიუმი კარგი გემოვნებაც იყო. შესაბამისად, წარმოგიდგენთ ბოლო წლის განმავლობაში სტილის მთავარ, გემოვნებიან შემოქმედებს:
ჩაკ ბასი, ედ ვესტვიკი
ჩაკ ბასში ერთიანდება ყველა ის ცუდი თვისება, რაც ქალებს კაცში მოსწონთ. არაფერს ვამბობ გმირის ქარიზმაზე, რომელიც ეკრანებს ადნობს. ედ ვესტვიკისგან კი მან ხმა "ისესხა", რომლის გამოც შოუს მაყურებელი გოგონების დიდი ნაწილი უყურებს. არ ვამბობ გარეგნობას, რადგან ეს ორი ადამიანი ფიზიკურადაც კი საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ არაფერი ვთქვათ ხასიათზე. თუ არ ჩავთვლით ოფიციალურ ღონისძიებებსა და წვეულებებს, ბრიტანელი მსახიობი ელეგანტურ სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას. მისი ჩაცმულობა მისაბაძი მაინც მაშინ უფრო გახლავთ, როდესაც ჰილფიგერის ჩვენებაზე წინა რიგში ჩნდება. აი ჩაკ ბასი, ეს უნიკალური ფენომენია - ყოველთვის უზადოდ ჩაცმული, მუდამ თამაშისთვის თუ ბრძოლისთვის მზადყოფნაში. მასში არის ევგენი ონეგინის ფლეგმატიზმი და არისტოკრატული აპათია, ოსკარ უაილდის ბოჰემურობა, თანამედროვე მეფისტოფელის სევდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. ედ ვესტვიკმა ჩაკ ბასის სახით ოცდამეერთე საუკუნეს ნამდვილი დენდი დაუბრუნა, თანაც სად, ნიუ იორკის ზემო აღმოსავლეთში. დენდი არ შეიძლება მიბაძვით გახდე, ასეთი უნდა იყო, თუმცა მათ, ვისაც ამის მონაცემები აქვს, იდეები ჩაკ ბასისგან უნდა აიღონ. მათგან მთავარი ასეთია: ატარეთ კლასიკური კოსტიუმები ვინტაჟის სტილში, თუმცა თუ არ გინდათ მოსაწყენი შესახედაობა გქონდეთ, უპირატესობა არატრადიციულ ფერებს მიანიჭეთ, მაგალითად ატმისფერს, ნარინჯისფერს, ნაზ იასამნისფერს... და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩაკ ბასის ელეგანტური Preppy Style, რომელსაც მან საბოლოოდ მოაშორა ეპითეტები "უბრალო" და "კონსერვატორული".
კლემენს პოეზი
ახალი ჰოლივუდის გლამურული, ძალიან მდიდრული სტილი, თუ შეიძლება ამას სტილი ვუწოდოთ, ახალგაზრდა ფრანგი მსახიობისთვის არც ისე საინტერესოა. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის ახერხებს გამოიყურებოდეს ელეგანტურად, როგორ უბრალოდაც არ უნდა ეცვას. ჰო, ყველამ ვიცით, რომ ეს ფრანგი ქალების განსაკუთრებული ნიჭია, თუმცა, თუ მის სხვა თანამემამულეებს შეხედავ, ხვდები, ეს ეროვნული მითია, სინამდვილეში სტილის შეგრძნების ნიჭი მხოლოდ ერთეულებს არგუნა ღმერთმა. კლემენსი სწორედ ის ერთეულია, რომელიც იცვამს ფრანგულად, ხანდახან ცოტა უცნაურად, ინგლისური სისადავის შეგრძნებით.







ალექსა ჩანგი
თუ იცი, როგორ ატარო ვინტაჟის ტანსაცმელი ინგლისურად და ელეგანტურად, ესე იგი შენ ყველაფერი იცი ალექსა ჩანგზე. მისი სამოსი ყოველთვის კომფორტულია, ოდნავ დიდი ზომის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჯინსს. მთავარი, რაც ჩანგის სტილს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს, კონტრასტებია: ტოპშოპი შანელთან, მკაცრი პიჯაკები თუ ჩანთები ნაზ ქალურ სილუეტთან... დეტალებისთვის გადახედეთ "უიკენდის" 21 ნოემბრის არქივს, შემდეგ კი მოინახულეთ ვოგის 2010 წლის თებერვლის რუბრიკა Today I’m wearing.



მილან ვუკმიროვიჩი
"როდესაც ტვინი მეყინება იმაზე ფიქრში, რა ჩავიცვა, ვცდილობ გარდერობის თვალიერებისას თავი მილანის ადგილზე წარმოვიდგინო და გამოვიცნო, რას აირჩევდა ის", - არცთუ დიდი ხნის წინ წერდა ერთ-ერთი მოდის ბლოგერი თავის მორიგ პოსტში. გარდა იმისა, რომ მილანი ოც წელზე მეტია მოდის სამყაროში მუშაობს (არის L’officiel L’homme-ის მთავარი რედაქტორი, Trussardi 1911-ის კრეატიული დირექტორი, მოდის ფოტოგრაფი), კაცებისთვის მისაბაძი არა მხოლოდ ის არის, რასაც ვუკმიროვიჩი ქმნის, არამედ ისიც, თუ თავად როგორ იცვამს. უბრალო, ელეგანტური, მიუხედავად მოდურობისა ძალიან მამაკაცური მილანის სტილი არაფერში აგერევა. მთავარია, არ მოგატყუოთ სისადავემ - ტანსაცმელი, რაც მას აცვია, ძალიან ძვირფასია და ძალიან მოდური. უბრალოდ, მილანმა ზუსტად იცის, როგორ შეუხამოს ერთმანეთს ნივთები უახლესი კოლექციებიდან იმგვარად, რომ "ლუქი" სეზონის მთავარი ტენდენცია გახდეს. საუკეთესო მხარე - ის ახერხებს ჩაიცვას ისე, რომ არ გამოიყურებოდეს, როგორც მოდის მსხვერპლი. მის ნიჭზე, ჩააცვას სხვა მამაკაცებს, აქ არ ვისაუბრებ. მისი ნამუშევრები ისეც მის მაგივრად ლაპარაკობენ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაზე კარგად ჩაცმული ადამიანების სრული სია. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ეს ადამიანები ინდივიდუალიზმის და ორიგინალურობის ნიშნით შევარჩიე. მთავარი კი, რაც მათში მისაბაძია, არის არა სამოსი, არამედ მის მიმართ ამ ადამიანების დამოკიდებულება. მათ იციან, რომ ნივთების განცალკევებულად აღქმა არასწორია, მოდის ტენდენციებს კი იყენებენ არა იმისთვის, რომ მოდურები გამოჩნდნენ, არამედ საკუთარ ხასიათს გაუსვან ხაზი. სტილს კი მხოლოდ ასე თუ შექმნი...

12 comments:

  1. ოო ჩაკი :)))) და მისი ხმა <3 სტილი.. :)) და რომ შენ ასე კარგად წერ :)

    სერენა არ მომწონს. კლემენსი ძალიან ინდივიდუალურია და სადა, გაფილტრული, რაღაც შიგნითა შარმი აქვს, უცნაური გოგოა და მიზიდავს.

    არადა , აი ხშირად ვფიქრობ, რა არის სამოსი, არ მივაქციო ამხელა ყურადღება, როცა შეიძლება მარტივად და სადად მაინც ლამაზად გამოიყურებოდე. მაგრამ 2 წამიც ვერ მიძლებს ეს ფიქრი :)

    ReplyDelete
  2. ნინა
    <3
    ჩაკი ისე მიყვარს, ასე მგონია რომ ცუდად დავწერე და გაცილებით უკეთ შემეძლო. ერთი ეგაა, მიჭირს ხოლმე იმაზე წერა, რაზეც ჭკუას ვკარგავ

    აბსოლუტურად მართალი ხარ. სერენა, უხეში გაგებით, ყველაზე chic გოგოა შოუში და ამერიკაშიც, მაგრამ კლემენსის ფრანგული შარმი ისაა, რასაც სტილისტები ბლეიქს ვერ 'შეუკერავენ'

    მარტივად, სადად და ლამაზად კლემენსი გამოიყურება ზემოთ, ოღონდ ეს სისადავეც ალბათ დეტალურად მოფიქრებულია )))) თუმცა შენ casual ძალიან გიხდება ;)

    ReplyDelete
  3. მე კლემენი და ჩაკი მომეწონნენ :))

    ReplyDelete
  4. ალექსა – ბევრ რაღაცას, რაც მას აცვია, მეც ჩავიცვამდი. ამ ნიშნით შევარჩიე :)
    მამაკაცებიდან კი, მე მომწონს, როცა ადამიანი არ გამოიყურება მოდის მსხვერპლად. თუ მილანი ამას ახერხებს, კარგია :)

    ReplyDelete
  5. მე ვფიქრობ (ჰო, პრეტენზიულად ჟღერს :)) რომ ფრეფი არასდროს ყოფილა კონსერვატული.
    ფრეფი - ახალგაზრდა მდიდარი ამერიკელების (და არამარტო) სტილია. ფრეფი ისეთივე ამბოხია, როგორიც, ვთქვათ ჰიფი, უბრალოდ განსხვავებული.
    მამებს - სმოკინგები და ბაფთები, შვილებს - ფერადი პოლოები და ბოუთ-შუზები წინდების გარეშე. ~
    თუ უფრო ფორმალური ივენთია - მაშინ არა კოსტიუმი, არამედ არა-წყვილი პიჯაკი და შარვალი. თუ მაინცადამაინც კოსტიუმი - მაშინ არა-შავი. პლუს ფერადი ჰალსტუხი...

    და ფირმებიც (ალბათ ქვეცნობიერად) მაგრამ არ შეირჩა შემთხვევით. უმრავლეს ამ ფირმას მხიარული და ფერადი ლოგო აქვთ - ნიანგი (ლაკოსტ), პოლოს მოთამაშე (პოლო-რალფ ლორენი), ვარდისფერი ვეშაპი (ვინიარდ ვაინსი), ცხვარი (ბრუქს ბრაზერს), პალმა (ლილი პულიცერი)...

    თუმცა უბრალო - კი. უფრო ზუსტად სადა.
    ეს ისაა, რაც მე პირადად მომწონს ფრეფიში.
    ფერადი, არა-კონსერვატორული, თავისუფალი და სადა.

    რამდენი დავწერე :(

    ReplyDelete
  6. ქეთი,

    შენ პირველი გოგო ხარ, ვისგანაც მესმის, რომ ალექსას რაღაცებს ჩაიცვამდა )) უმეტესობა შორიდან ვუყურებთ და ვერ ვირგებთ ამ რაღაცებს )))
    კი, ეს მილანის ყველაზე ფეშენ ფოტოა. უფრო თავისუფლად იცვამს )))

    ლორდ
    საინტერესო იყო
    მაგრამ შენ რასაც ამბობ, უფრო ეხება 'პირველყოფილ' ფრეფის. არსი არაკონსერვატული ჰქონდა, მაგრამ იმიჯი დროთა განმავლობაში 'მამიკოს მდიდარი ბიჭის' შეექმნა. სხვა სტილებთან შედარებით, რომლებიც პოპულარულია ნაკლებად მოწესრიგებულ ბიჭებში, ფრეფი მოწყენილობის განსახიერებაა. თვითონ ამ ასაკის ბიჭებისთვის, ხო ხვდები

    ReplyDelete
  7. ახლა შენ რომ დაგიჯერო, გარდერობის 70% უნდა გამოვიტანო და დავწვა :)

    ფრეფის თავიდანვე ეგ იმიჯი ქონდა. ბუნებრივად - ყველა ეს ბრენდი ხომ ძვირია ან ძალიან ძვირი, მაგრამ ეს არ ნიშნავს კონსერვატორულს.
    სულ არაა საჭირო თვეში ერთხელ დაიბანო ტანი, ბინძური შარვალი გეცვას და დეზადორანტს არ ხმარობდე იმისთვის რომ არ იყო კონსერვატორი. :) ვინ თქვა რომ ლიბერალი მაინცადამაინც ისაა, ვინც ძონძებშია? ეგ კლოშარია და არა ბუნტარი.
    ან ვინ თქვა რომ თუ ლიბერალი ხარ და გონებაგახსნილი - გემოვნება არ უნდა გქონდეს და ბრენდებს გაურბოდე?
    ეს ხომ ის მეორე უკიდურესობაა, რომელშიც ანტი-სნობები ვარდებიან ხოლმე.
    ფრეფიმ შეცვალა მოდა და ცხოვრების სტილი. სხვა საქმეა რომ ყველა ბუნტი ბოლოს თავად ხდება მეინსთრიმი. ესაა ბუნტის ლოგიკაც.

    იმ დღეს ხომ გაჩვენე ვაინსების ჰალსტუხების ლინკი? ესაა მოწყენილობა? :)
    მაქედან ყველაზე კონსერვატორული ბრუქს ბრაზერსია და ისიც კი არ არის მთლად კონსერვატორული.
    ბრუქსები დღეს როცა იტალიური ჯგუფის ნაწილი გახდა ბევრად უფრო strict გახდა და ადრე, როცა ის ამერიკული იყო ბევრად უფრო looze იყო.
    ლაკოსტს, ვაინსებს და ა.შ. ეს მით უმეტეს არ ეხებათ.

    ReplyDelete
  8. ომგ რა უნდა დაწვა? თინეიჯერი ბიჭებისთვის რაც არის კონსერვატორული, დიდი ბიჭებისთვის ის სხვა რაღაცაა, classy, მაგრამ არა ახალგაზრდული (თინეიჯერული) გაგებით

    ლუქს მარკა სხვანაირადაც ხო შეიძლება ატარო, 'არამოწესრიგებულად'. ბუნტარობა მეორე უკიდურესობაა) და არც მხიარული ფერები ნიშნავს, რომ მხიარულად გაცვია)

    რომელ ფრეფის ასაკის გოგოს მოუნდება ამ სტილში ჩაცმა ნიუ იორკში, თუ ამას გარემო არ ავალდებულებს? ჰედბენდები და მარგალიტის აქსესუარები? ?

    პატარა აბზაცი urban dictionary-დან:

    A preppy person is someone who is classic and conservative. True preps attend some sort of private school. They don't have to have loads of money but basically all of them are at least "well-off". One can find preps shopping at store like J.Crew and Ralph Lauren because they have classic styles. Preps do own clothes from Abercrombie and American Eagle, but only certain things like sweaters and capris. They do NOT wear provacative clothing or really tighting fitting jeans. Most of them are relativly smart and athletic. Their friends and family are proud of them. They are polite, but still know how to have a good time when they go out with their friends! One can count on a true prep to be respectful.
    "Wow look at that girl, she is really nicely put together!"
    "Yea I know, and she is very classy too."

    ReplyDelete
  9. ჰო არამოწესრიგებულად, როგორც ატარებს რონალდო ან ჯონი დეფი.

    მეც მაგას ვამბობ. :)
    მაგალითად სთივ ჯობსია ფრეფი... თუმცა უკვე არაფრისთვის ემზადება იმიტომ რომ უკვე შედგა და მერე როგორ :) მაგრამ ჩაცმის სტილით ისევ რჩება ფრეფად. თუ მაინცადამაინც კონსერვატორული სიტყვა მოგწონს, მაშინ ეს ლიბერალური კონსერვატორიზმია... ლიბერტერიანულიც კი.
    მაშინ როდესაც ბილ გეითსი ყოველთვის იყო ჩაცმაში კონსერვატორი. სტუდენტობისას და ახლაც.

    იყო განსხვავებული და ამავე დროს არ გეშინოდეს იმის რომ გახდე მოდის კანონმდებელი - ეს იყო მაგალითად ვაინსების ფილოსოფია. და ეს არის მათი წარმატების რეცეპტი.
    http://wp.me/pBTza-bg

    ოკ. მოვა დრო და ამაზე დავწერ. :)

    ReplyDelete
  10. ნინა, მართლა? მე კი, ვიდრე კომენტარს დავწერდი, კიდევ ერთხელ დავგუგლე მისი ფოტოები და მომინდა მისი ტანსაცმლიდან რაღაცები :) აი, მის ერთ კოპლებიან შარფზე ახლაც შეყვარებული ვარ :))

    ReplyDelete
  11. ლორდ,

    მესმის რასაც ამბობ, მაგრამ სტატიაში მე მხოლოდ კლასიკური ფრეფის კონსერვატორული ხასიათი ვახსენე გაკვრით. ეგ არის ატსტოი და ვერავინ დააჯერებს ჩემი ასაკის ხალხსაც კი, რომ ჰედბენდები, ისე როგორც ფრეფი გოგოები ატარებენ, არის cool ან თუნდაც უბრალოდ ახალგაზრდული
    ფრეფის 50წლიანი ევოლუციის ანალიზი თუ გინდა, დაწერე, სიამოვნებით წავიკითხავ ))

    ქეთი,

    რა მაგარი გოგო ხარ <3 არა, შარფს ნებისმიერს მოვირგებ (ეგრე მგონია), მაგრამ ალექსას ფეხსაცმელი და მაისურები არ ვიცი, რთული ამოცანაა ჩემთვის :)

    ReplyDelete
  12. :* <3

    აქ დადებულ ფოტოზე რომ მაისური აცვია, მსგავსებს ვერც მე, მაგრამ ფეხსაცმელს შევარჩევდი :)

    ReplyDelete