როცა ექვსი წლის ვართ, ყველაზე საინტერესოდ ის თამაშები გვეჩვენება, რომლებიც ტაბუს უკავშირდება. მაგალითად, ასეთს – შევძვრეთ დედის გარდერობში, ჩავიცვათ ყველაზე ლამაზი სამოსი, ტუჩები ალისფერი პომადით მოვითხუპნოთ, მოკლედ, fille fatale გავხდეთ. კარინ როიტფელდმა (ფრანგული Vogue-ის ყოფილი რედაქტორი), თანამდებობიდან წასვლამდე CADEAUX-ის ფოტოსესიის სახით, ერთი შეხედვით, ამგვარი თამაშის ამსახველი მასალა დაგვიტოვა. პატარა ბავშვები ლეოპარდის პრინტიან ხალათებში, თვალისმომჭრელი მაკიაჟით თითქოს აღარ არის სენსაციური სანახაობა. მაგრამ შემდეგ ვაკვირდებით ვეფხვის ბეწვზე წამოწოლილ ექვსიოდე წლის გოგონას, თვალში გვხვდება თხუთმეტი სანტიმეტრის ქუსლიანი ფეხსაცმელი და სექსუალური მზერა და ვიწყებთ ფიქრს – ეს თამაშია თუ ახალი თაობის რეალური სახე? ხომ არ უნდა არსებობდეს ასაკობრივი ზღვარი ისეთი ჟურნალის წასაკითხად, როგორიც Vogue-ია? ან იქნებ, უბრალოდ, როიტფელდის უწყინარი მცდელობაა, პატარები ნამდვილ მანდილოსნებს დაამსგავსოს?
„ნახევარი საათით ადრე უნდა ავდგე დილას და ვივარჯიშო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, რომ ნამდვილი მანდილოსანი გავხდე, თუ მეკობრეობა გადავიფიქრე”, – თქვა ერთხელ პეპი გრძელიწინდამ. საბრალო – ის ხომ არასოდეს გამოირჩეოდა კარგი ჩაცმულობითა და ქცევებით. ამის გამო უფროსებისგან მუდამ საყვედურს იღებდა. ეს უფროსები კი, როგორც ანტუან სენტ-ეკზიუპერი ამბობს თავის ცნობილ წიგნში, ძალიან უცნაური ხალხია. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ცდილობენ, ბავშვები მათ დაემსგავსონ. აბა, რა წესია, გეცვას ხუთი ზომით დიდი ფეხსაცმელი, ან სხვადასხვა ფერის წინდები, აწარმოო თეთრი და ალისფერი ვარდების ომი ბიჭებთან ერთად, ტალახში ირბინო და ხის ფუღუროში იძრომიალო?
დღეს, შეიძლება ითქვას, რომ დიდებმა მიზანს თითქმის მიაღწიეს. თანამედროვე ბავშვების დიდი ნაწილი პეპისნაირ გოგოებს ნაკლებად ბაძავს. თუმცა, დილით ნახევარი საათის ვარჯიში ამისთვის საკმარისი არ ყოფილა – მოდის ინდუსტრიას წლები დასჭირდა, რომ ბავშვებისთვის ახალი იდეალი შეექმნა. ამ უკანასკნელს Bratz-ის სექსუალური და მოდური თოჯინის გარეგნობა აქვს. ის არ მოაწყობს რამდენიმედღიან პიკნიკს „დაუსახლებელ კუნძულზე”. არასოდეს ჩაიცვამს შეუფერებელ ფეხსაცმელს. ვერ გახდება მეკობრე, რადგან ასეთი აზრი თავშიც არასოდეს მოუვა. იმიტომ არა, რომ მისთვის კაპიტანი ჯეკ ბეღურა უინტერესო პერსონაჟია, უბრალოდ, მიაჩნია – ჯონი დეპი გაცილებით cool მაშინ არის, როცა რალფ ლორენის ტანსაცმელს ატარებს.
ამერიკულ სატელევიზიო შოუში – „ჭორიკანა” – არის ეპიზოდი: მთავარ გმირს პარკში სეირნობის დროს სამი პატარა გოგონა ხვდება, რომლებიც საოცრად ჰგვანან მას, არა მხოლოდ ჩაცმულობის სტილით, ქცევითაც კი. მიიჩნევა, რომ It Girl-ის ფენომენი ბავშვებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც. ახლახან ბავშვების მოდასა და სამოსთან დამოკიდებულების უკეთ შესწავლის მიზნით, ლესტერის უნივერსიტეტის სოციოლოგმა, ჯეინ პილჩერმა კვლევა ჩაატარა. მისი ობიექტები ხუთიდან თორმეტ წლამდე ბავშვები იყვნენ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, საოცრად კარგად ერკვევიან მოდასა და აქტუალურ ტენდენციებში. ამ სფეროთი მათი ასეთი დაინტერესება კი, პილჩერის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული: ოჯახით, თანატოლების ზეწოლითა და ცნობილი, ე.წ. სელებრითი ადამიანების გავლენით.
უკანასკნელი თაობა მხოლოდ დიდებს არ ბაძავს. ამისთვის მათ თანატოლი კერპებიც ჰყავთ, რომლებსაც ასევე ცოტა აქვთ საერთო ჩვეულებრივ მოზარდებთან. კინგსტონ როსდეილი (გვენ სტეფანის ბიჭი), რომელიც ჯერ ექვსი წლისაც არ არის, უკვე ბავშვთა მოდის კანონმდებლად ითვლება. ის გაცილებით უკეთ არის ჩაცმული, ვიდრე ჯონი დეპი, დიზაინერების უკანასკნელი კოლექციებიდან სამოსს კი უფრო თავდაჯერებულად ატარებს, ვიდრე ამას რობერტ პატინსონი მოახერხებდა. ახალ ტრენდსაც ამკვიდრებს – მუქად შეღებილ ფრჩხილებს. კინგსტონს პოპულარობით არ ჩამოუვარდება სური კრუზიც (ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის გოგონა), რომელსაც უკვე fashion icon-ის სტატუსი აქვს და ექსკლუზიურ სამოსს იცვამს. ამის წყალობით ამერიკულ The Daily Beast-ზე ის 2011 წლის ყველაზე გავლენიან ბავშვად დაასახელეს.
გასაკვირი არაა, რომ დასავლური მედია თანამედროვე ბავშვებს სულ უფრო ხშირად უწოდებს მოდის მსხვერპლთა ახალ თაობას. მოდის ინდუსტრია მათ სურვილის ობიექტებად აქცევს – კოსმეტიკის მწარმოებლები სპეციალურ ხაზებს ქმნიან, დიზაინერები კი სამოსს, რომელიც ოცდაათი-ორმოცი წლის საბედისწერო ქალების იმიჯს უფრო მოერგებოდა. ფსიქოლოგების მტკიცებით, მოდის კანონმდებლების წყალობით ყალიბდება ტოტალურად სექსუალიზირებული ბავშვების თაობა. ეს მოზარდებში ისეთი მენტალიტეტის ჩამოყალიბებას გამოიწვევს, რომელიც არ შეესაბამება მათ ასაკს – ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე – ბოლოს და ბოლოს, ლოლიტას ასაკისთვისაც არ მიუღწევიათ.
ნაბოკოვს ალბათ ვერ დავაბრალებთ ტენდენციისთვის საფუძვლის ჩაყრას – მისი პერსონაჟი ყოველთვის უფრო თანაგრძნობას იწვევდა, ვიდრე აღტაცებას. ბავშვის სექსუალიზაციის მცდელობა მოგვიანებით, 1975 წელს ფოტოგრაფ გარი დონალდ გროსს ჰქონდა. მან 10 წლის ბრუკ შილდსს აბაზანაში ეროტიკული ხასიათის ფოტოები გადაუღო. ამ ფოტოებსა და შილდსის პერსონაჟთან ფილმში „ლამაზი ბავშვი” ასოციაცია მართლაც შეიძლება გაგვიჩნდეს, როცა Vogue-ის ზემოთ ნახსენებ ფოტოსესიას ვათვალიერებთ. განსხვავება ისაა, რომ
ამჯერად ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ უფრო დაიწია. თუმცა არა, ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს კელვინ კლაინს იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ ბავშვებს თეთრეულის უწყინარ რეკლამაში იღებდა. ალბათ, სამართლიანი კრიტიკა იყო, რადგან მას შემდეგ მოდის ინდუსტრიაში პატარა ბავშვების მონაწილეობამ იმატა. პოდიუმზე ვნახეთ ისეთი პატარა მოდელები, როგორიც მედისონ გებრიელია – ქალი-ვამპის გარეგნობით ის თორმეტი წლის ასაკში მოდის კვირეულის სახედ იქცა. გასულ წელს როდარტეს მუზა ამავე ასაკის ელ ფენინგი გახდა. შესაბამისად, შეიცვალა მოზარდების დამოკიდებულებაც მოდის სამყაროსა და საკუთარი სხეულის მიმართ. თუმცა, როგორც ლესტერის უნივერსიტეტის კვლევის ავტორი შენიშნავს, არარეალური იქნებოდა ბავშვების ბუნება უცვლელი დარჩენილიყო მაშინ, როდესაც საზოგადოება თავად იცვლება და კონსუმერიზმისა და ცნობილი ადამიანების კულტის გავლენის ქვეშაა მოქცეული.
პილჩერს შეიძლება არ დავეთანხმოთ. სამოსი ათასწლეულების წინაც იყო საზოგადოების ინტერესის საგანი, თუმცა არავის უცდია ბავშვისგან მოდის მსხვერპლი შეექმნა. ბოლოს და ბოლოს, პატარებსაც აქვთ მოთხოვნილება კარგად ეცვათ, რაც ბუნებრივად იწვევს მათ დაინტერესებას მოდური სამოსით. ოღონდ, გაუგებარია, კაბა მოშიშვლებული მხრებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ან დაბალწელიან შარვალში ამოჩრილი სტრინგი რატომ შეიძლება იქცეს კარგად ჩაცმის ეკვივალენტად ექვსი წლის ბავშვისთვის? დიდები მართლა უცნაური ხალხია. ისინი თან პედოფილიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, თან ბავშვების ახალ, სექსუალურ ამპლუაზე თვალს ხუჭავენ. პეპის რომ ტომ ფორდის ფოტოსესია ენახა, როგორც არასდროს, ისე დაბეჯითებით იტყოდა: „როცა დიდი გავიზრდები, მეკობრე გავხდები... თქვენ?” თანამედროვე ბავშვი კი ვერაფერს უპასუხებდა. ის ხომ უკვე გაიზარდა დიდი.
ძალიან არ მომწონს :/
ReplyDeleteგადასწ
ReplyDelete"დიდები მართლა უცნაური ხალხია. ისინი თან პედოფილიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, თან ბავშვების ახალ, სექსუალურ ამპლუაზე თვალს ხუჭავენ" – აი ზუსტად.
ReplyDeleteარ მომწონს, პროტესტის გრძნობა მიჩნდება. არ მინდა ბავშვები ასეთები იყვნენ. მერეც ეყოფათ დიდობა. დიდები მათ, პრაქტიკულად, ბავშვობას ართმევენ.
ჩემს შვილს ამ ასაკში ასე არასდროს ჩავაცმევდი, არ შევღებავდი.
ამ ასაკში ყველაზე მეტად მიყვარდა ასეთი რაღაცები :)) ოღონდ როგორც თამაში ))
Deleteრა კარგი სტატიაა.
ReplyDeleteამას წინათ ვუყურე ახალი ფილმია "ჩემი პატარა პრინცესა", იზაბელ იუპერი თამაშობს. მისი გმირი ფოტოგრაფია, რომელიც საკუთარ არასრულწლოვან გოგონას ეროტიულ ფოტოებს უღებს. ვერ გავარკვიე, რეალურ ამბავს ეფუძნებოდა თუ არა.
კარგი ფილმი იყო.
არც მე მომწონს უბავშვებო ბავშვების თაობა...
მადლობა :) არ მახსენდება ეს ფილმი )
Deleteაი ეს ფილმია:
Deletehttp://geohopa.com/filmebi/drama/768-bbbb-bbbbbb-bbbbbyebbb-my-little-princess-2011-.html
პედოფილები გვიტევენ///
ReplyDeleteისე "გვენ სტეფანის ბიჭი" რაღაც ორაზროვნად ჟღერს :)
შვილი. :) ბაღანა... რავი... რამე ეგეთი.
კაი პოსტია. საინტერესო.
რაღაც ახალი ტრენდები ჩანს შენს ბლოგზე.
ხო გეუბნები ინტრიგანი ხარ მეთქი, 6 წლის ბიჭზეა ლაპარაკი :)))
Deletethnx ^^
არ მომწონს ეს.
ReplyDeleteპედიფილიზმი.
ძალიან სასიამოვნო სტატია იყო ფრეი
ReplyDeleteერთი ამოსუნტქვით ჩავიკითხე
გეთანხმები, სამწუხაროდ მეც მყავს ირგვლივ ასეთი ბავშვები და ისინი 11–12 წლისები არიან :(
ხოლო ბრატზის და ჰანა მონტანას გავლენა უკვე ჩემი 5 წლის დისშვილზეც უდიდესია
მადლობა თათა :*
Deleteჰანა მონტანა უფრო უწყინარი ტიპია :)
ძალიან მომეწონა. შაბათობით შემოგივლი ხოლმე;)
ReplyDelete^^
Delete