Monday, November 1, 2010

Fantasie in F minor

რომ გავიზრდები, მინდა მეტყევე გავხდე. რომ მოსაღამოვდება, ტყის ყველაზე მაღალ ბორცვზე ავალ და ზემოდან გადმოვხედავ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს. ოღონდ ისე არა, სარტრის მოთხრობის გმირი რომ უყურებდა. ტყიდან არა, აივნიდან - ხალხს. ეზიზღებოდა ადამიანები და ზემოდან რომ უყურებდა, უფრო დამცირებულებად მიაჩნდა ისინი. მერე გადაწყვიტა, ვინმე აუცილებლად მოეკლა. ამისთვის რამდენიმე დღე ემზადებოდა, საჭმელს არ ჭამდა და სიამოვნებდა, რომ სარკეში იმ უბადრუკი არსებების მკვლელს უყურებდა, ადამიანებს რომ ეძახიან.

გასულ კვირას ბორჯომში ვიყავი. სამი დღით. თბილისში მხოლოდ ერთ სეზონს ვგრძნობ - ზაფხულს. სხვა დროს კი მგონია, რომ ასანთის კოლოფში ვარ გამოკეტილი, სადაც არც არაფერი ყვავის, არც ხეებს ცვივა ფოთლები და არც ფერი ეცვლებათ. 

ჰოდა, ამიტომ წავედი. ჩემს საყვარელ სეზონში 72 საათის გასატარებლად, წიგნის ნორმალურად წასაკითხად, სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. 

ამ სამ დღეში აღმოვაჩინე, რომ ბავშვობის ოცნებებიდან ერთიღა შემომრჩა - მქონდეს საკუთარი სახლი მთაში, სადაც პატარა ძველებურ საწოლებს დავდგამ, შოპენის მაზურკებს და Massive Attack-ის პირველ და ბოლო ალბომებს მოვუსმენ, კომოდში კარამელსა და სურნელოვან საპონს შევინახავ, შეშას ავატკაცუნებ რომ შემცივდება და უბრალოდ დღესასწაულებს მოვაწყობ მაშინ, როცა კალენდარში წითელი ფერის ჭაჭანება არ იქნება. 

ზემოდან ყურება მაგარია. მე ზემოთ ყურება მაინც არ შემიძლია, ჰიპოტონიკი ვარ და თავს დიდი ხნით მაღლა რომ ვწევ, თავბრუ მეხვევა.

მარტო ერთხელ არ მომეწონა ზემოდან გადმოხედვა. მამაჩემმა ზამთარში, არ მახსოვს რასთან დაკავშირებით, რაღაც სალოცავში წამიყვანა. წამიყვანა რა, ავეკიდე. სადღაც მთის შუაში (სალოცავი მთის წვერზე იყო) ლოდებზე წავბორძიკდი და შემთხვევით გადმომეხედა. არასოდეს მინახავს ქსნის ხეობა ისეთი პირქუში და არც არასდროს შემშინებია ისე ნაბიჯის წინ ვეღარ გადადგმის, როგორც მაშინ. თუმცა ამის მაშინ არ უნდა შეგეშინდეს, როცა ზუსტად იცი, რომ ზემოდან მამაშენი ხელს ჩამოგაწვდის და ზემოთ აგწევს. ამ სანდო ხელის შეგრძნება დღესაც მაქვს, მაშინაც კი, როცა მამა შორსაა. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ძალიან ზემოდან აღარ ვიყურები ხოლმე )

იმ კაცმა, ხალხის დახოცვა რო უნდოდა, ეს მოახერხა. ჯერ ვიღაც სქელოს ესროლა პარიზის რომელიღაც ქუჩაში, მერე მოტყდა იქიდან და რომ იყნოსა, ვიღაცები ამედევნენო, ხალხით გადაჭედილ მოედანზე უმიზნოდ დაიწყო ტყვიების ფანტვა. იქიდან რაღაც დაწესებულების ტუალეტში შევარდა. უნდოდა, სანამ კარს შეუნგრევდნენ, თავი მოეკლა, ტყვიებიც ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ვერ გაბედა. იმ დღიდან ალბათ სიცოცხლეს ფასი გაუგო და სხვის სიცოცხლესაც ასე უაზროდ აღარ გაიმეტებს.

მე კიდევ ის მინდა, ამ ეგზისტენციალურ ბოდვებს შევეშვა და სარტრები და კამიუები აღარ ვიკითხო. მთაში რომ სახლი მექნება, იქ ამისთანა რამეებს არ დავაწყობ. საბავშვო წიგნები და ძველი კლასიკა მექნება მარტო.

when i grow up
i want to be a forester
run through the moss on high heels
...

15 comments:

  1. ამ ჩანახატმა მშვენიერი განწყობა შემიქმნა ამ საღამოს. მადლობა.

    ReplyDelete
  2. მეც არაერთხელ მინატრია სახლი სადმე ისეთ ადგილას, სადაც არ დავიღლები ცხოვრებით.
    იქვე ახლოს ტბითა და ლამაზი ბუნებით.

    მეც თავბრუ მეხვევა, როდესაც ზევით ვიყურები და მაშინაც როდესაც უეცრად ვდგები ხოლმე.

    "massive attack"-ის სიმღერების სმენა მართლა მსიამოვნებს და ეგეთ სიტუაციაშიც არანაკლებ მესიამოვნება.

    ა და კიდევ, მთავარი. ეს ბლოგი მსიამოვნებს.

    ReplyDelete
  3. შემოდგომა ასეთ განწყობებზე გვაყენებს ადამიანებს, პატარა, მყუდრო სახლი და მტვრიანი ბუხარი რომ გიტრიალებს თავში. მე ასე ვარ, ყოველ შემთხვევაში :) ეს პოსტიც ასეთი იყო, განწყობა გადმომედო :)

    პ.ს რომელიმე ბლოგერს თუ აგვისრულდა ეს ოცნება და სადღაც სახლი გვექნა [სწორად ვამბობ ნეტავ?] სხვა ბლოგერებიც დავპატიჟოთ, რა :)

    ReplyDelete
  4. მე პირობას ვდებ, რომ თუ ოდესმე მექნა ასეთი სახლი( ანუ ბუხრით, სითბოთი და ასე შემდეგებით) აუცილებლად დაგპატიჟებთ. თუ არადა, ამაფარეთ ეს კომენტარი ცხვირ-პირში.

    ReplyDelete
  5. მეც ყოველთვის მინდოდა ასეთი სახლი, მაგრამ რეალურად ეს თუ როდესმე მოხდება ჩემს სიბერეში :)

    ReplyDelete
  6. uf
    tu rame kargze vfiqrob da dadebiti shegrznebebis gamomwvevze, qalaqidan gagwevebi warmomidgenia da mere gzebs da xerxebs vifiqreb

    chemi ezo-saxli mec minda, hamaki da buxari da ambebi.. tkbili ocnebebidan

    ReplyDelete
  7. მეც ვეწერები მასეთი სახლის ბინადართა რიცხვში!:*

    ReplyDelete
  8. რა კარგია ბუნება,ტყე და სახლი მთაში

    ReplyDelete
  9. ზემოდან გადმოხედვა კარგი იდეაა, ოღონდ სიამაყით და ცუდი განზრახვით არა.

    ReplyDelete
  10. შემოვიხედე საქმისგან გაბეზრებულმა და ისეთი საშემოდგომო განწყობა დამხვდა... საოცარი.
    აი, ეგ – საიმედო ხელი მაღლიდან... როგორი ახლობელია, ვერ აგიხსნი. მე და მამამ ასე ერთხელ თერგს გადმოვხედეთ, მე ფეხი არ დამცდენია, მაგრამ შიში მაინც გამიქრა, რადგან ვიცოდი – ჩემს გვერდით იყო :)
    ძალიან მიყვარს სიმაღლიდან გადმოხედვა – დიდი სივრცის ცქერა აივნებიდან, მთებიდან და ა.შ. :)

    ReplyDelete
  11. ყველას საერთო გატაცება გვქონია და არ გინდათ, სანამ „გავიზრდებით“ ერთი ასეთი სახლი მოვძებნოთ და ერთად გადმოვიხედოთ ძაალიან ზემოდან? :))

    ReplyDelete
  12. კარგი იდეაა :))

    ReplyDelete
  13. მე ერთხელ წარმოვიდგინე, რომ მკვლელი ვარ და მომდევენ, მე კიდევ უნდა გავიქცე და როგორც ფილმებშია: "ცუდი" მკვლელი კი არა, "კარგი" ვარ, უბრალოდ ჩიპი ჩამიდგეს და ვერ ვარჩევ კეთილს ბოროტისგან... ჰოდა უცნაური შეგრძნება მქონდა, მაშინ მივხვდი, რა ადვილია, ადამიანების 'შეშლა', if u know what I mean.

    ზუსტად არ მახსოვს, მგონი თალმუდში წერია, არასოდეს დახედო ადამიანებს ზემოდან, გაიხსენე, შენც სულ ზემოდან "გიყურებენო". იმის მერე დავანებე თავი "მკვლელობას" ;)

    ReplyDelete
  14. სოფი, შემეშინდა :)) ეგეთი რამეები წარმომიდგენია, მხოლოდ სხვებზე)

    ReplyDelete