Wednesday, May 25, 2011

Turkish Highway

Эй вы, расисты проклятые! Вы считаете, что турки – это такие усатые толстячки из «Полночного экспресса»? Вы забыли роскошь Византии, ставшей Константинополем, а потом Стамбулом? Поскольку Нью-Йорк теперь в дауне, чтобы оторваться, приходится ехать в мусульманские страны (в Дубай, как Усама, или в Турцию, как Оскар). Турки похожи на итальянцев, они высокие и одеты лучше, чем вы. Женщины у них потрясающие (Моники Беллуччи без Венсана Касселя!)...


აქ უნდა შეწყვიტო ბეგბედერის აღტაცებული კომენტარის კითხვა სტამბულზე („რომანტიკული ეგოისტი“). პირველ რიგში, იმიტომ, რომ ქალებზე გადააჭარბა. თუ ათი სტამბულელი ბიჭიდან ცხრა ძაალიან სიმპატიურია და მართლა კარგად აცვია (მე ვიტყოდი ელეგანტურად, სპორტული სტილის შემთხვევაშიც), ლამაზ გოგოს აქ ათში ერთს შეხვდები. ჩემი მეგობარი მეუბნება, ეგ შენი ნატურალიზმის ბრალია, მარტო ბიჭები გიზიდავსო, ამიტომ სპეციალურად დავიწყე თურქ გოგოებზე დაკვირვება და დიდი ძებნის შემდეგ აღმოვაჩინე ორი მომხიბვლელი არსება - ერთი პიერლოტის ქუჩაზე და მეორე ზარას მაღაზიაში. სულ ეს იყო.


მეორე რიგში, იმიტომ უნდა შეწყვიტო ფრედის დღიურის კითხვა, რომ თავად გადაამოწმო -  მართლა ასეთი მაგარი ქალაქია სტამბული თუ ასეთი რამ ფრედმა ჩილიმით გაბრუებულ მდგომარეობაში დაწერა. მითუმეტეს, რომ ორი საათიც კი არ გინდა ამ უძველეს და ულამაზეს ქალაქში მოსახვედრად. ჰოდა, ორიოდე კვირის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ირენემ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტი განვახორციელეთ. ჩავედი საკმაოდ მოუმზადებელი, რადგან ფრენამდე ოთხი საათი რომ იყო დარჩენილი, მაშინ დავიწყე გუგლში ძებნა, სად იყო ალჟირის ქუჩა და როგორ იყო თურქულად „მადლობა“. დილის ექვს საათზე რომ ჩავედი, არცერთი აღარ მახსოვდა. სტამბულს უკვე ეღვიძა (საზარელი საცობები დამხვდა), საკმაოდ ციოდა და მე იმაზე ფიქრი დავიწყე, როგორი დამამახსოვრდებოდა ეს ულამაზესი ქალაქი - ღრუბლიანი, გაყინული, საცობებიანი. ახლა კი, ამ პოსტს რომ ვწერ, მიხარია, რადგან ზღვისპირზე გაბნეული იასამნისფერი ხეები, ბოსფორზე არეკლილი მზე და ყავისა და ლოკუმის არომატი მახსენდება. <3


ვფიქრობ, ქალაქთან გაცნობა ისტიკლალ კადეშიდან უნდა დაიწყო. ადრიან დილით, როცა სთარბაქსშიც კი სიხალვათე იგრძნობა და ეს ხმაურიანი პროსპექტი თავისებურად მშვიდია. მიაბიჯებ ქვაფენილზე ამდენ მოდერნისტულ შენობას შორის და მიუხედავად იმისა, რომ ყოველი წუთის გასვლის შემდეგ თანდათან უფრო მეტად ხვდები ფეხაჩქარებულ ადამიანებს და მეგაპოლისის გახშირებულ სუნთქვას გრძნობ, შენ მაინც მშვიდი რჩები. ნელი, წითელი ხის ტრამვაი, ამ პროსპექტთან კონტრასტს უნდა ქმნიდეს, თუმცა სწორედ მისი წყალობითაა ისტიკლალი ასეთი მყუდრო.

ამ უბნის შემდეგ სულთანაჰმეტზე რომ აღმოჩნდები, თავიდან კულტურულ შოკს იღებ. ქალაქი აღარც სუფთა გეჩვენება, აღარც თანამედროვე, აღარც ევროპული. ელოდები, რომ ისტორიულ უბანში ძველი დიდებული კონსტანტინოპოლის რაღაც მცირე ნაწილს მაინც აღმოაჩენ, თუმცა უშედეგოდ. სასტუმროს შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კარგი ტერასა იყო, რაც არასწორია, თუ ხედი მარმარილოს ზღვაზე გაქვს - დანგრეული კრამიტიანი სახლები ღარიბული ეზოებით აღმოსავლურ კოლორიტს კი ქმნის, მაგრამ ბიზანტიის - არავითარ შემთხვევაში. 

მაგრამ მერე, ქუჩაში რომ გადიხარ, გიყვარდება ეს წითელკრამიტიანი სახლებიც, გარეთ გამოფენილი აღმოსავლური ხალიჩები, საკმაოდ სუფთა ქვაფენილი, შიგადაშიგ აწვერილი მინარეთები, ვიტრინაში გამოფენილი ლოკუმის გორები. სულთანაჰმეტის ქუჩები მინოტავრის ლაბირინთს ჰგავს, მაგრამ აქედან გამოსასვლელად თეზევსი არ გჭირდება. (მაგარი კუნთები კი გჭირდება, რომ აღმართიან ქუჩებზე იარო, ტყუილად არ დავარქვი პოსტს highway :D). საკმარისია გაჩერდე და ჩუმად ამოიოხრო, როცა ხვდები, რომ კიდევ არასწორ ქუჩაზე შეუხვიე, რომ შენს წინ მიმავალი აუცილებლად შემოგიბრუნდება და დახმარებას შემოგთავაზებს. მერე რა, რომ შენით მოხიბლულია და უნდა კიდევ გნახოს, სასტუმრომდე თავაზიანად მიგაცილებს და მანამდე არ წავა, სანამ არ ჩათვლის, რომ საღამოს ათ საათზე უცხო ქალაქში დაკარგვა აღარ გემუქრება.

ხალხია ასეთი. თბილი, ყურადღებიანი. როცა კითხვაზე ვერ გპასუხობენ, ათ კაცს გააჩერებენ, მარკეტში შევარდებიან, გაარკვევენ და დახმარების გარეშე მაინც არ გაგიშვებენ. ხანდახან ყურადღება ცოტა მომაბეზრებელიც ხდება. როცა სუვენირების  მაღაზიებში მეოცე კაცი გეკითხება, Hello, how are u? მართლა ძალიან გინდა უპასუხო None of your f...ing business, მაგრამ ისე თბილად გიღიმიან, იგნორირებაც დიდი საქმეა.

ხანდახან არც ღირს. მაგალითად, თუ ვინმე ბოსფორზე გასეირნებისას იახტაზე ჩაიზე დაგპატიჟებთ, უარი არ თქვათ. ეგეთ გემრიელ ჩაის ვერსად დალევთ, გულჰანეს კაფეებშიც კი. სხვანაირად ფიქრობდა დენიზი, ანკარელი გოგო, რომელმაც ჩემი ახალი ნაცნობის  ქათინაური მითარგმნა ინგლისურად და თან დააყოლა, აქაურ ბიჭებს არ უნდა ენდოთ, რადგან როგორც კი ჯორჯიას უხსენებ, მაშინვე საბჭოთა კავშირის და ესე იგი, სექსუალური თავისუფლების ასოციაციას იწვევო. ასე რომ, თუ მომავალში პურიტანის იმიჯის შექმნა დამჭირდება, ვიტყვი რომ ბაჰრეინიდან ვარ ან სირიიდან. ტეშეკიურ, ნენიზ :დ

რთულია წერო სტამბულზე. აქ თავს ისე გრძნობ, როგორც ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სახლში რომ დაბრუნდები. მრავალი კულტურა აქ ისე თანაარსებობს, რომ სიტყვა „თანა-არსებობაც“ ყურს ცუდად ხვდება - მთლიანობის განცდას არღვევს. ბიზანტიურის გარდა. აია სოფიაში რომ აღმოვჩნდი, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, ბიზანტიური, სტატიკური მოზაიკების გამო. რელიგიური ხელოვნება is not my cup of tea, და თან აქ ღმერთთან ახლოს, მომეჩვენა, რომ ვერ ხარ. ჯერ ერთი, ამაში ფულს იხდი. მეორეც, ზედმეტად გრანდიოზულია. ასეთია ლურჯი მეჩეთიც, მაგრამ აქ მეტი სიმყუდროვეა, ტურიტების ჯარის მიუხედავად. გინდება აქვე ხალიჩაზე მოირთხა ფეხი და უბრალო რამეებზე იფიქრო. ამიტომ აღარ ვნახე ქორა და აია ირენე. ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ  მომეჩვენა, რომ საშინლად არ უხდება ამ უთბილეს ქალაქს ბიზანტიური სიცივე.

ბაზილიკა ცისტერნას სიგრილე კი უფრო უხდება. მედუზას თავებიანი ბოძების გარდა, არ მგონია, ამ მიწისქვეშა წყალსაცავში რამე ღირსშესანიშნავი იყოს, მაგრამ ისეთი ლამაზია...  რაც უფრო დიდხანს ხარ, მით უფრო კარგავ ქრონოლოგიის აღქმას, გაურკვეველ საუკუნეში ხვდები. და მით უფრო სველდები კიდეც, რადგან ზემოდან წყალი წვეთავს და სველ იატაკზე მოსრიალდები, თუ ყურადღებით არ იყავი.

ბაზილიკასთან მთელ ქალაქში ყველაზე ლამაზი კაფეებია. ქვემოთ, გულჰანეზე რომ დაეშვები, შეგიძლია ძალიან გემრიელი ქათმის ჩახოხბილი მიირთვა, რომელიც ქართულზე ათასჯერ გემრიელია იქაური სუნელების წყალობით. ბოსფორის ნაპირზე, ემინიონუზე უკვე თევზის მწვადის, ბალიკ-ეკმეკის „სამეფო“ იწყება. თევზს იქვე იჭერენ, გრილზე წვავენ და პურში დებენ სალათის ფურცლებთან და ხახვთან ერთად. ამაზე გემრიელი მხოლოდ ლოკუმის რამდენიმე სახეობა შეიძლება იყოს, მაგალითად ბროწეულის, თხილით რომ არის სავსე. 

მერე ტრამვაიში ჩაჯდები და კაბატაშამდე მიხვალ. კაბატაშის ფუნიკულიორით ტაქსიმზე ახვალ, შიშლის მეტროში ამოხვალ და Cevahir-ს დაინახავ, ევროპის უდიდეს სავაჭრო ცენტრს თავისი კაფეებით, შადრევნებით, რაც მთავარია, მაღაზიებით, სადაც დემოკრატიული ფასებია და მანგო და ზარა ლუქს კლასის ბრენდების კატეგორიაში არაა გაყვანილი. ასეთები Istinye Park-ში უფროა, მაგრამ ჯერ ჩევაჰირში თუ მოხვდი, სავარაუდოდ იქამდე ერთი ლირაც არ მიგყვება. მთავარია, იმდენი დაგრჩეს, რომ უკან დაბრუნებისას კიდევ ერთხელ იყიდო ქუჩაში შემწვარი წაბლი და ნელა გაისეირნო იპოდრომზე. გრანდ ბაზარისთვის ფულის მოტოვებაც არაა გონივრული, თუ ვაჭრობა არ იცი. აქ შესვლა უფრო იმიტომ ღირს, რომ აღმოსავლური კოლორიტი შეიგრძნო. „თურქული იცი?“- მკითხა ერთი მაღაზიის პატრონმა, ოდნავ ხანშიშესულმა კაცმა. არა, - ვპასუხობ. „არაბული?“ -„არა“. ხელი ჩაიქნია და მაღაზიაში შებრუნდა. უკანა გზაზე ისევ მის მაღაზიასთან რომ მოვხვდი, ორივე ხელი ჩამომართვა და სიცილით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ეე, კარგი ხალხია.

აეროპორტში ნეჯადმა წამოგვიყვანა, სასტუმროს მძღოლმა. `I am a little bit crazy driver`-ო თქვა სიამაყით და სულტანაჰმეტიდან გოკჩენის აეროპორტამდე 22 წუთში მიგვიყვანა. ტაქსისტებისგან განსხვავებით, ქამრის გადაჭერა არც უფიქრია. რატომ არ იკეთებ-მეთქი, ვკითხე. არ მომწონსო, მითხრა გაკვირვებულმა. სიცილს რომ მოვრჩით, პოლიცია ვუხსენეთ. პოლიციას ძალიან მოვწონვარ, როცა 20 ლირას ვაძლევო. გზაში ლოკუმები გვიყიდა, აეროპორტში თბილად ჩამოგვართვა ხელი (სასტუმროს პატრონისგან განსხვავებით, რომელმაც გადაგვკოცნა, როცა ქალის გადაკოცნა იქ არც ისე მიღებულია) და საბურავების ღრჭიალით აორთქლდა ეზოდან. მოკლედ, კარგი ბიჭი იყო. ეს-ესაა მისი ნაყიდი ლოკუმიც მივირთვი, თურქული ყავა დავაყოლე და ვიგრძენი, როგორ მაკლია დილაობით მარმარილოს ზღვაში გაბნეული კუნძულების ყურება და ცერცისის ხეებით გაიასამნისფერებული სანაპირო. ფრანგული უბნის და სულეიმანიეს სანახავად აქ აუცილებლად დავბრუნდები. ოღონდ, მხოლოდ ამიტომ არა. უბრალოდ, ეს ის ქალაქია, სადაც უნდა დაბრუნდე.


ფოტოგრაფად რომ არ ვვარგივარ, ვიცი, მაგრამ...

რესტორან Faros-ის კუთხე, ყველაზე მყუდრო და ნათელი ადგილი სტამბულში

გრანდ ბაზარის ფერადი ჭაღები
ეს ძაღლი სულთანაჰმეტზე ცხოვრობს, უფრო სწორად ძინავს. თითქმის ყოველდღე ვნახულობდი და სულ ეძინა. ყველა ძილისგუდა და უდარდელ არსებასთან სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ :დ <3
საკუთარი პატარა იახტა მინდა, რომ ჩავიდე ხოლმე ბოსფორამდე და ამოვიდე, როცა მომინდება:|
რაც მე აქ (ემინიონუ, ბოსფორის სანაპირო) ფოტოები ვიღე და ყველა გაიდღაბნა. დაწყევლილი ადგილი იყო. უკან რო შენობაა, იმას harem ეწერა და ხალხი შესასვლელად ბილეთებს იღებდა. სად მიდიოდნენ ნეტა :დ
ჩევაჰირი -  სამოთხე შოპინგის არც ისე მოყვარულისთვისაც კი (ანუ როგორიც მე ვარ). მეხუთე სართულზე მაგარი პიცერიაა <3 :დდ
მიყვარს ეს სიჭრელე <3
და ლურჯი მეჩეთი
აია სოფია - არც ისე



22 comments:

  1. ნინა, აი თურმე სად დაიკარგე! :) ძალიან, ძალიან კარგი პოსტი იყო, კითხვა დავამთავრე და ემოციებიდან ვერ გამოვდივარ ჯერ კიდევ :) მადლობა, რომ მოგვიყევი ეს ყველაფერი <3 :)

    ReplyDelete
  2. როგორი ნინასეული პოსტია
    თავისი ფერებით, ხედებით, არომატებით, შეგრძნებებით- რაც გადამდებია :))) ახლა გამიათმაგდა ის მოლოდინი, რაც მაქვს და იქ წასვლის სურვილი

    მაგრამ, მე როგორც გზაზე დამდგარს, იცი როგორი დეტალებიც მაინტერესებს? აი დაჯავშნე სასტუმრო, თუ ადგილზევე მონახე
    და რა თქმა უნდა, ფასები, ფასები, ფასები :)))

    ReplyDelete
  3. მიუხედავად იმისა, რომ აია სოფია დედაჩემზე მეტად მიყვარს და მაგის გამო კიდევ ერთხელ გაჩხუბები, რაღაცა ავჩუყდი. ჩემს პოსტშიც(რომელიც ვერ დავამთავრე) არის ნეჯადი. უფრო სწორედ, ნეჯადით იწყება ჩემი ისტანბული, გამიხარდა ეს რომ წავიკითხე (ნეჯადის ნაჩუქარი ლუხუმი სახლში დაუკითხავად შემიჭამეს და დღემდე განვიცდი მაგ ამბავს, გამესინჯა მაინც მეთქი)

    ReplyDelete
  4. ფაროსის ბიჭები და გულჰანეს ძაღლი <3

    ReplyDelete
  5. ნატალია <3

    ბაბისა, :)* ამ დეტალებს მოგწერ აუცილებად ფბ-ზე

    პინკიბუ, ნეჯადით ვიწყებდი მეც და მერე რატომღაც გადავიფიქრე. ნეჯადით კი არ უნდა დაიწყო ან დაამთავრო, ცალკე პოსტები უნდა მიუძღვნა ისეთი კაცია :)))

    ReplyDelete
  6. პირველი ნაწილი დავდე :დდდ

    ReplyDelete
  7. ნინა, სულშეკრულმა წავიკითხე! ისე ცოცხლად ყვები, მგონია, მოგდევდი ქუჩებში :) ფოტოები <3 და ეს აღმოსავლური სიჭრელე ისე მომწონს!...

    ReplyDelete
  8. ვაიმე
    ვაიმე
    ვაიმეეეეეეეეე
    ვერ გიტან ნიინ – აი ჰეით იუუუუუუუუ

    მეც მინდოდააააააააააა

    ძალიან მაგრად გაქვს დაწერილი
    და ის ბუბლიკები ცეზამებიანი? ქუჩებში რომ იყიდება – როგორ მიყვააააააააარს

    ReplyDelete
  9. ქეთი, :* ხო, რამე ჭრელი უნდა ვიყიდო სხვა დროს რომ ჩავალ და ოთახში დავდო :)

    თაა, დონთ ჰეით მიი :)) წავიდეთ რომელიმე უიკენდზე, ვიყიდოთ ბუბლიკები და იქაურ სთრით სტაილზე გავაკეთოთ რამე, ვგიჟდები, ისე მომწონს თურქი ბიჭების ჩაცმულობა <3

    ReplyDelete
  10. თურქების ჩამცმულობაზე ბარამი მახსენდება და მისი სუნიანი მაისური :დდდ
    ისე, ბუბლიკები როგორ არ ჭამე, შენგან მიკვირს! საცა ამდენი ლუხუმი და მოშთე, კი უნდა გეჭამა ბუბლიკიც! :დდდ

    ReplyDelete
  11. კარგი რაა კარგად ჩაცმული ბიჭების მეტი რა იყო იქ )))
    ამიტომაც არ ვჭამე, ლოკუმს უკვე საკმარისი კალორიები აქვს :დ

    ReplyDelete
  12. წასვლა მინდა, დიდხანს და საცხოვრებლად,ძალიან მაგარი პოსტია, მადლობა რომ ტან მატარე:) მორჩა ვიწყებ ფულის დაგროვებას

    ReplyDelete
  13. :* მეც ვიცხოვრებდი ამ ქალაქში ერთი-ორი წელი <3

    ReplyDelete
  14. თურქებს გემოვნება არ უვარგათ და ბანძურად აცვიათ. მეც ვეთანხმები.
    ქალებსაც და კაცებსაც.

    თურქი ქალები ლამაზები... ნუ ზოგისთვის არიან ალბათ. ვისაც მაგ ტიპის ქალები მოწონს.

    სტამბული მგარი ქალაქია ძალიან, განსაკუთრებით ევროპული ნაწილი.

    ის თურქები, რომლებთანაც მე მაქვს საქმე - ჩვენზე უფრო პროევროპელები არიან (ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო) და ჩვენზე ბევრად შრომისმოყვარენი, რაც არ გამკვირვებია. :) და ბევრად ლიბერალებიც. ერდოღანის ეშინიათ და რელიგიურ ექსტრემიზმს უფრთხიან.
    თუმცა, სხვანაირი თურქებიც უამრავი ვნახე... ამათზე ბევრად მეტიც.

    ReplyDelete
  15. რას ეთანხმები, ფრედი ამბობს რომ თურქებს უკეთ აცვიათო :)) ქალებს საშინლად აცვიათ, მაგრამ კაცებს 35-30-ის ქვემოთ პირიქით, მე ტომი ტონის ფოტოებშიც არ მინახავს უკეთ ჩაცმული კაცები ) ისე მე მარტო პრესტიჟულ უბნებში დავდიოდი და ნაღდი ოსმალური ჩაცმულობა არ მინახავს :დ მეშინია უცხო ქვეყანაში გარეუბნებში სიარულის ))

    ჩვენზე პროევროპელები რავიცი აბა. იქ, სადაც მხოლოდ სიტყვა ჯორჯიაზე ბიჭებს თვალები ენთებათ, ვერ უნდა იყოს ძალიან ლიბერალური მენტალიტეტი ))

    ReplyDelete
  16. pinkibu-ს ვეთანხმები და არა შენ საყვარელ იდიოტს :)

    ReplyDelete
  17. მე და პინკიბუ ვიღაც ბარანით არ ვაფასებთ მთელი თურქი ბიჭების გემოვნებას :დ უბრალოდ ცუდი უფრო გამახსოვრდება )
    ისე პარიზელ იდიოტს, რომელიც ევროპის ყველაზე ელიტარულ წრეებში ერთობა, ეთქმის სიტყვა ჩაცმულობაზე :))

    ReplyDelete
  18. ეგრე იქნებოდა, ეგ კაცი ტყუილების წერით რომ არ გამხდარიყო ცნობილი. და კიდევ იმით, რომ აქებს, რაც არვის მოსწონს და განაქიქებს, რაც ყველას მოსწონს. ეგაა მაგის ფიშკა.

    ReplyDelete
  19. :)) ამაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, შეიძლება დაგეთანხმო კიდეც ბევრ რამესთან მიმართებაში, ოღონდ არა თურქ ბიჭებთან :)

    ჰო, ბეგბედერი მოწოდებით ნამდვილად რეკლამშიკია. იცის, როგორ მიაწოდოს პროდუქტი ხალხს, რომ გაიყიდოს. ამის გამო დიდი მწერალი ვერ გახდება, მაგრამ სწორედ ამის გამო იდიოტი კი არ არის, პირიქით, ჭკვიანია :) ასეთი სისულელეების წერით უელბეკზე ცნობილი და მგონი გაყიდვადიც არის, როგორ არის იდიოტი? :)))

    ReplyDelete
  20. იდიოტი ამ შემთხვევაში ეზოთერული მნიშვნელობით იყო გამოყენებული :)

    ReplyDelete
  21. მაბოდებს სტამბულზე, სიამოვნებით ვიცხოვრებდი მანდ, თუ ვინმე მიდის ყველას ისტერიულად ვაბარებ ჩაის, ძალიან მენატრება

    ReplyDelete