Wednesday, June 16, 2010

ღვინო და მუსიკა


გახსოვთ კოლენის პიანოქტეილი ბორის ვიანის წიგნში "დღეთა ქაფი"?
ეს არის მექანიზმი, რომლის თითოეულ ნოტს გარკვეული სახის სასმელი ან ინგრედიენტი შეესაბამება. შენ ჯდები ამ მოწყობილობასთან, რომელიც, ამავე დროს, პიანინოცაა და უკრავ, ვთქვათ, დიუკ ელინგტონის blues bubble-ს. იწყება ინგრედიენტების არევა. ერთი არასწორი ნოტის აღება და კოქტეილის გემო გაფუჭდება. თუმცა, თუ ტონალობა უცვლელია, შეიძლება მთლადაც არ წახდეს საქმე, მთავარია, ჰარმონია არ დაირღვეს. მოკლედ, ეს პიანოქტეილი, ისევე როგორც ბორის ვიანის რომანები, აშკარად სიურრეალისტური რამეა, თუმცა არც ისეთი, როგორც ერთი ან თუნდაც, ორი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მუსიკას ნამდვილად გააჩნია უნარი სასმელს გემო შეუცვალოს.

ცნობილია, რომ ღვინის გემოზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას: კლიმატი, დამზადების ტექნოლოგია, ყურძნის ჯიში. თუმცა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ღვინის გემოზე შეიძლება იმოქმედოს მუსიკამ, რომლის თანხლებითაც მას სვამენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები ედინბურგის უნივერსიტეტ ჰერიოტ უოტიდან. მათ ღვინის სადეგუსტაციო ოთახებისთვის შეარჩიეს ოთხი ტიპის მუსიკა: ძლიერი და მძიმე, დახვეწილი, ცოცხალი და გამახალისებელი, რბილი და მელოდიური. კვლევის 250 მონაწილეს შესთავაზეს ჭიქა უფასო ღვინო შთაბეჭდილებების გაზიარების სანაცვლოდ. თითოეული მათგანი შედიოდა ოთახში, სადაც უკრავდა ერთი რომელიმე ტიპის მუსიკა და ხუთიოდე წუთის შემდეგ 10 ბალიანი სისტემით აფასებდა, თუ რამდენად შეესაბამებოდა გასინჯული ღვინო მუსიკის ზემოთ მოყვანილ განსაზღვრებებს. ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა ოთახში, რომელშიც მუსიკა არ ჟღერდა, შეადარეს იმ ოთხი ოთახის სიტუაციას, სადაც იყო მუსიკალური ფონი. ამ უკანასკნელმა, როგორც კვლევის მონაწილეთა პასუხების შედეგად აღმოჩნდა, გემოს აღქმაზე ძლიერ იმოქმედა. თუ მუსიკა იყო ძლიერი და მძიმე, დეგუსტატორი ღვინის გემოს აღიქვამდა სწორედ როგორც ძლიერს, მაგარს, უფრო მეტად შეიგრძნობდა რომელიმე კომპონენტის სიმძაფრეს. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ყველა ოთახში ერთსა და იმავე ღვინოს აგემოვნებდნენ.
მთლიანობაში, კვლევა ორი სახის ღვინოზე ჩაატარეს - წითელსა (კაბერნე სოვინიონი) და თეთრზე (შარდონე) და საყურადღებოა, რომ მუსიკალური განწყობა თეთრ და წითელ ღვინოებზე განსხვავებულად აისახა. მუსიკის გავლენა წითელი ღვინის გემოზე იყო გაცილებით ძლიერი (42 პროცენტით მეტი ხმების რაოდენობა), ვიდრე თეთრი ღვინის გემოზე (32 პროცენტი). ამ ფაქტს ჯერჯერობით ახსნა ვერ მოუძებნეს. ენოლოგების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ წითელი ღვინის არომატი უფრო რთული და მრავალფეროვანია და შესაბამისად, მუსიკაც მეტ ზეგავლენას ახდენს დეგუსტატორზე.
არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის, რომ შესაძლოა ადამიანს, რომელიც ღვინის გემოს აფასებდა, ერთი ტიპის მუსიკალური ფონი მეორეზე უფრო მეტად მოსწონებოდა. ამის მიუხედავად, როგორც მკვლევარები ამბობენ, მომხმარებლის შეფასებებზე მათ მუსიკალურ გემოვნებას გავლენა არ მოუხდენია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მუსიკა გავლენას ახდენს სასმელის გემოს აღქმაზე, თუმცა ღვინო ამის გამო არ ხდება უფრო გემრიელი, ის უბრალოდ გემოს იცვლის.
რა ხდება ღვინის შემადგენლობაში ისეთი, რომ მუსიკის გავლენით განსხვავებულ გემოს იღებს? მეცნიერები ამბობენ, რომ იცვლება გემოს აღქმადობა და არა თვითონ გემო. ისინი კვლევის შედეგებს ხსნიან კოგნიტიური წინასწარი განწყობის ფენომენით. საქმე იმაშია, რომ გარკვეული ტიპის მუსიკა თავის ტვინის კონკრეტული უბნის სტიმულირებას ახდენს და ეს გაღიზიანება ცვლის საბოლოოდ გემოს აღქმადობას.
ჰერიოტ უოტის მკვლევარი ადრიან ნორტი არ არის პირველი, ვინც ღვინისა და მუსიკის კავშირით დაინტერესდა. უფრო ადრე ღვინოზე საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარა კლარკ სმიტმა, რომელიც მეღვინე და ამავდროულად, ღვინის ექსპერტიცაა. ბატონი სმიტი მისტიცისტი გახლავთ, რომელიც ფიქრობს, რომ ღვინოს საკუთარი მელოდია აქვს და სჯერა ძველი ბერძნების, რომლებიც ფიქრსა და მოქმედებას ორ განსხვავებულ თვისებას მიაწერდნენ - აპოლონურს (ლოგიკური) და დიონისეურს (ინტუიტიური). სმიტის აზრით, ღვინის დეგუსტაცია მოითხოვს ტვინის იმავე ლოგიკური არეების მუშაობას, რომელიც მუსიკის მოსასმენადაა საჭირო. მისი დაინტერესება გამოიწვია კანადელი მეცნიერების ნაშრომმა, სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ მუსიკის მოსმენა და ღვინის სმა ტვინში ააქტიურებს სიამოვნების ცენტრებს, სადაც ხდება ეიფორიული სტიმულის წარმოშობა. იგი წარმოიქმნება საკვების, სექსისა და ნარკოტიკებისგან მიღებული სიამოვნების დროსაც. ამიტომ შეიძლება ერთნაირად ვიგრძნოთ თავი გემრიელი კერძის (ან სასმელის) მირთმევის და კარგი მუსიკის მოსმენის შემთხვევაში. ეს თეორია საფუძვლად დაედო სმიტის მოსაზრებას, რომ მუსიკას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააფუჭოს ღვინის გემო. ამ შემთხვევაში ის მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს მუსიკის და ღვინის კომბინაციას. სწორედ ამის გამოა, რომ შეუძლებელია გააკეთო კომპოზიციათა ნაკრები, რომელსაც შემდეგ ღვინის სმის დროს მოუსმენ. რამდენიმე თვის განმავლობაში, თავის ექსპერიმენტებში სმიტმა გამოიყენა 150 სახეობის ღვინო და 250 სიმღერა იმისათვის, რომ აღმოეჩინა მათ შორის ჰარმონია და შეუთავსებლობა. ამის შედეგად, მეღვინემ ღვინისა და მუსიკის საუკეთესო წყვილები გამოჰყო.
სმიტი ამტკიცებს, რომ წითელ ღვინოს "არ უყვარს" ხალისიანი, დადებითი მუხტის შემცველი მუსიკა. ძვირფას წითელ ღვინოებს უმჯობესია არ შევუხამოთ სიმღერა, რომელიც სიცილის ხასიათზე გვაყენებს. პინოს უყვარს სექსუალური ან დახვეწილი მელოდია (მაგალითად, მოცარტის პატარა სერენადა), კაბერნეს - აგრესიული ან პირქუში (The Doors - People Are Strange). ამასთან, ძალიან რთულია იპოვო მუსიკა, რომელიც ერთდროულად მოუხდება პინოსაც და კაბერნესაც.
დაახლოებით ამავეს ამტკიცებს ნორტი ჰერიოტ უოტიდან. ის გვირჩევს კაბერნე სოვინიონი მძიმე მუსიკალური ფონის თანხლებით მივირთვათ, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი შეგრძნებები დაახლოებით 60 პროცენტით გაიზრდება. თეთრი შარდონეს დალევა უმჯობესია მაშინ, როდესაც გამახალისებელ მელოდიას უსმენთ. შთაბეჭდილება 40 პროცენტით უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე მუსიკალური ფონის არარსებობის შემთხვევაში.
ექსპერტების შედგენილი საუკეთესო წყვილების მოკლე სია შემდეგნაირად გამოიყურება:
კაბერნე სოვინიონი: All Along The Watchtower (Jimi Hendrix), Honky Tonk Woman (The Rolling Stones), Live And Let Die (Paul McCartney and Wings), Won't Get Fooled Again (The Who);
შარდონე: Atomic (Blondie), Rock DJ (Robbie Williams), What's Love Got To Do With It (Tina Turner);
მერლო: Sitting On The Dock Of The Bay (Otis Redding), Easy (Lionel Ritchie), Over The Rainbow (Eva Cassidy), Heartbeats (Jose Gonzalez);
შავი პინო: მსუბუქი მუსიკა, მაგალითად, როგორიცაა Coldplay ან John Mayer;
შირაზის ჯიშის ღვინო: Nessun Dorma (Puccini), Orinoco Flow (Enya), Chariots Of Fire (Vangelis), Canon (Johann Pachelbel);
აქვე მსურს მოგიყვეთ ადრიან ნორტის კიდევ ერთი ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ისევ და ისევ ღვინისა და მუსიკის კავშირს ეხება. ამჯერად დაკვირვება მომხმარებელზე სუპერმარკეტში მოხდა, სადაც მონაცვლეობით ხან ფრანგული, ხანაც გერმანული ტრადიციული მუსიკა ჟღერდა. ფრანგული მუსიკის დღეებში გაყიდული ღვინის დაახლოებით 80 პროცენტი იყო ფრანგული, გერმანული მუსიკის დღეებში კი საწინააღმდეგო ხდებოდა. საინტერესოა, რომ მყიდველები ვერ ასაბუთებდნენ, თუ რატომ გააკეთეს არჩევანი რომელიმე ღვინის სასარგებლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკამ გავლენა იქონია მომხმარებლის ქცევაზე იმგვარად, რომ მან ეს ვერც შეამჩნია. როგორც ჩანს, ფრანგული მუსიკა მეხსიერებაში აღვიძებს იმ სასიამოვნო მოგონებებსა თუ ასოციაციებს, რაც ინდივიდს რაიმე ფრანგულთან აკავშირებს - მოგზაურობა გალების ქვეყანაში, საყვარელი ფილმი, თუნდაც წარსულში გასინჯული უგემრიელესი ბორდო. მსგავსმა კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ კლასიკურ მუსიკას შესწევს უნარი, უბიძგოს ადამიანს შეიძინოს ძვირფასი ღვინო ან იმაზე მეტი დახარჯოს რესტორანში, ვიდრე განზრახული ჰქონდა.
მეცნიერებისთვის მუსიკის ღვინოზე ზემოქმედების საკითხი დღემდე აქტუალურია. ისინი განაგრძობენ სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარებასა და იდეალური წყვილების ძებნას. უბრალო ღვინის მოყვარულებს კი ვურჩევ, თვითონ ჩაატარონ საკუთარი ექსპერიმენტები. როდესაც საქმე სიამოვნებას ეხება, იქ ყველანაირი აპრიორული აზრი უძლურია. არ შეუშინდეთ კონტრასტებს და გააკეთეთ საკუთარი დასკვნები, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ექსპერიმენტები თვეების განმავლობაში ტარდება და ერთი უიკენდი საკმარისი არაა. სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

15 comments:

  1. ვაჰ რა საინტერესოაა. კლასიკურ ფილმებში წარმოუდგენელია პიანინოს მოსმენისას ღვინით ხელში არ უსმენდნენ, ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს ;) წიათელი ღვინის წყალში გაზავება ძალიან მომწონს.

    ReplyDelete
  2. ჩვენთან ისე სვამენ ლიტრობით ღვინოს, გემოზეც არ ფიქრობენ, არათუ მუსიკაზე :დ

    გაზავება მეც მომწონს, არადა მითხრეს, ასე შეიძლება უფრო დაგათროსო :/

    ReplyDelete
  3. როგორ მიყვარს მსგავსი სტატიები. :)

    აქ ღვინოზე, როგორც წესი, ან რესტორნის მომღერლები ახსენდებათ, ან ჩვენი მახინჯი ესტრადა. :D

    ბოლოდროინდელი პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ უმაღლესი ხარისხის ქართულ ფოლკლორი იმდენად აკეთილშობილებს ღვინის გემოს, რომ მის სმას, გნებავთ წრუპვას, არაფერი ჯობია. :)

    ReplyDelete
  4. ლაშა, რა ცუდია, ქართულ ფოლკლორს რომ არ ვუსმენ :)

    ReplyDelete
  5. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, არც ერთი, არც ორი და არც სამი შეხედვითაც აღარ მეჩვენება ბორის ვიანის პიანოქტეილი არარეალურ ქმნილებად. :) და საერთოდ, როგორც ჩანს მუსიკას ძალიან დიდი ჯადოსნური ძალა აქვს. ღვინო კი, ალბათ, ყველაზე გემრიელი რომანტიკულ გარემოშია. :)) საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარების იდეა მომივიდა თავში: ქალი და მისი როლი ღვინის გემოს ცვლილებაში. :)))

    ReplyDelete
  6. ჰაჰა :)))) ჯორჯ მშვენიერი იდეაა, ღვინო ისეთი მგრძნობიარეა, რომანტიკული გარემო აუცილებლად შეუცვლის გემოს. აქ მთავარი ალბათ, მეწყვილეს სწორად შერჩევაა, როგორც მუსიკის შემთხვევაში.

    ექსპერიმენტის შედეგებს დაველოდები :)

    ReplyDelete
  7. კარგი ღვინის წყალში გაზავება არის ველურობა. :) თუმცა, ისეთ ღვინოს, როგორიც ვთქვათ რისლინგია წყალი აკეთილშობილებს. :)

    ისე მუსიკის და ფერების გავლენას კლიენტის საქციელზე კარგა ხანია სწავლობენ მარკეტოლოგები... თუმცა, ისეთი შედეგები, რომლის გამოყენებაც გარანტირებულად იქნებოდა შეაძლებელი - ჯერ არ გვაქვს.
    ქვეცნობიერია ეს ყველაფერი და დაახლოებით 25-ე კადრის ნახევრად-მითს გავს, რომელსაც აქართველოშიც ბევრი ფანი ყავს - პოსტი რომ დავწერე, მაშინაც დავრწმუნდი ამაში კომენტარებიდან... თუმცა ეს მაინც მართლაც ნახევრად-მითია.

    ისე კი, მე პირადად ჯაზის მოსმენისას მირჩევნია ვისკი ვწრუპო.

    ჯორჯ პაიკი
    ღვინო არ ვიცი და ქალის ძუძუდან შოკოლადის მირთმევა ვთქვათ ძალიან მოდაშია, ვ ლუჩშიხ დომახ ლონდონა ი პარიჟა, როგორც ოსტაპი იტყოდა

    ReplyDelete
  8. Lord Vader
    ჰაჰა ალბათ ველურობაა :)მე უბრალოდ თვითონ პროცესს ანტიკურ ხანაში გადავყავარ, თუ გახსოვს ოდისეაში სადილი ღვინის წყალში გაზავებით იწყებოდა ხოლმე )) ძირითადად ძალიან ტკბილ ღვინოებს ვამატებ ცოტა წყალს, მშრალს არასდროს
    ქვეცნობიერზე მართალი ხარ, არასოდეს ითვალისწინებენ ინდივიდის ფაქტორს, რომელსაც მაგალითისთვის წითელი ფერი შეიძლება ამშვიდებდეს და სულ არ აღიზიანებდეს, მაგრამ ზოგადად მაინც მუშაობს ასეთი მეთოდები

    ReplyDelete
  9. მადლობთ კომპლემენტისთვის. :) (რომ ფიქრობ, რომ ანტიკურ ლიტერატურას ვიცნობ) :):) თუმცა, ვიცი რომ ბერძნები და მგონი რომაელებიც წყლიან ღვინოს სვამდნენ.
    მაგრამ მე მაგ პროცესს პირველად ავსტრიაში გადავეყარე და ცუდად გავხდი კინაღამ.
    მაგრამ რაღაც ღვინოები რომ გავსინჯე მაგათი მჟავე-მჟავე გაუზავებელი - მეორედ გავხდი ცუდად. :)

    ისე, ეს ასეთი ძველი პოსტი თუ იყო, არ შემიმჩნევია. :)

    ReplyDelete
  10. ბავშვობაში ყველაზე მაგრად ეგ წიგნი მიყვარდა და მგონია, რომ ყველა ჩემსავით უნდა გიჟდებოდეს )))
    მჟავე ღვინოს რა გაზავება უშველის, ჯობია მარტო წყალი დალიო :დ ისე ჩემი აზრით, სულ ცოტა წყალი ძალიან მძიმე, სქელ ღვინოებს უხდება, პიკანტური გემოს გამო ყელში რომ არ გადადის, ისეთს
    ცოტა ძველია კი )

    ReplyDelete
  11. ახლა კულტურულ და განათლებულ ადამიანს კი უნდა ქონდეს წაკითხული, მაგრამ ალენისა არ იყოს, მეც დაბალი კულტურის ადამიანი ვარ და დეტექტივების კითხვა მირჩევნია. :):)

    ისე, ზოგჯერ გაკვირვებიათ, ისეთი ავტორები მაქვს გამოტოვებული.
    თუმცა ისიც გაკვირვებიათ, ისეთები წამიკითხავს. :)

    რა ქნან ახლა მზე როცა არაა საკმარისი მარა ღვინის დაყენება უნდათ?
    შამპანური გეცოდინება რომ სულაც ეგრე გაჩნდა. შამპანში მზე რომ ყოფილიყო ნორმალურად შამპანური არ გვექნებოდა. რამე კიდევ ერთი კარგი ფრანგული
    ღვინო გვექნებოდა.

    აქამდე მარტო გაბარძგალება მეგონა მე ღვინის პროფესორი და შენ ტოლს არ უდებ, მგონია. :)
    ის გამახსენდა - შემჩნეული მაქვს, მაგარი მოქეიფე როჟები რომ დაჯდებიან რესტორანში და უცებ სომელიე გოგო რო გაიჩითება, როგორ იძაბებიან ხოლმე. :):)

    ReplyDelete
  12. განსაკუთრებით: ღვინის არჩევაში შემიძლია დაგეხმაროთო რომ ეტყვის - კლავს ეგრევე.

    ReplyDelete
  13. მეც კარგი წონიანი ავტორები მაქვს გამოტოვებული. კომ ილ ფოს პრინციპით კითხვა ყველაზე დიდი სისულელეა, რაზეც გული მიგდის ის უნდა იკითხო ))

    აბა რა სომელიე, ღვინოებში ჯასთ მოყვარული ვარ. უბრალოდ ისეთი რესპონდენტები მყავს ხოლმე, რომ თანდათან მგონი უკვე გატაცებაში გადამეზარდა.

    გაბარძგალებას რაც შეეხება, ეგ რომ არა, ვაინ კალამნისტი კი არა, მოყვარულიც კი არ ვიქნებოდი )) ენოლოგიაში ახლოსაც ვერ მოვალ მახოსთან, ამას რბილად ვამბობ )))

    ReplyDelete
  14. კარგი სტატიაა და საინტერესოა კვლევის შედგები, მე მგონია რომ ამ წინასწარი განწყობის მიხედვით არა მხოლოდ ღვინოს შეიძლება შეეცვალოს გემო, არამედ ყველაფერი სხვანაირი გახდეს, საკვები, ადამიანები, აურა და ა.შ.
    ის კვლევა გამახსენდა ამაზე- წყალი რომ სხვადასხვანაირი ფორმით კრისტალდება განსხვავებულ მელოდიებზე და განწყობებზე :))
    ჰო, აი ყველაფერი კავშირშია და ყვე;აფერი ერთიდან მეორე ფორმაში გადადის და სულ სულ არაფერი იკარგება, ძალიან მჯერა ამის :))

    ReplyDelete
  15. წყლის დაკრისტალებაზე არ მსმენია, უნდა დავგუგლო :)

    მეც მჯერა, რომ ენერგია არ იკარგება :)

    ReplyDelete