Thursday, July 8, 2010

ურბანული სტილი, ანუ ცოტა რამ თვითგამოხატვის ხელოვნების შესახებ (შესავალი)


სკეიტი. სკეიტბორდი. გამონაბოლქვი. ისევ გამონაბოლქვი.
სხვა არაფერი მახსენდება, რომლითაც ჩვენს ურბანულ კულტურას მსოფლიოს სხვა ქალაქების კულტურასთან დავაკავშირებდი. რამდენიმე სკეიტბორდი და დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი, რომელიც კულტურის კი არა, საყოფაცხოვრებო პრობლემათა ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია.
თბილისი მართლაც განსაკუთრებული ქალაქია, სადაც თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მიტინგებზე სიარული და ხანდახან ტრაფარეტული გრაფიტია. საქართველოს სხვა ქალაქებზეც იგივე შეიძლება ითქვას. არ იფიქროთ, კულტურაში ქცევის წესებს ან არქიტექტურასა და მისთანებს ვგულისხმობდე. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ქალაქია თავისი უნიკალური ხასიათითა და საინტერესო შენობებით. მე იმაზე მოგახსენებთ, რასაც ზოგადად ურბანულ კულტურას უწოდებენ, თავისი ცხოვრების წესით, ჩაცმულობით, ხელოვნებით. იმაზე, რასაც ქალაქის მაცხოვრებლები თავად ქმნიან ერთადერთი მიზნით - საკუთარი თავის გამოსახატავად. ურბანულ სტილზე ხან მსოფლიო ტენდენციები ახდენს გავლენას, ხანაც - პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემები. ხდება ისეც, რომ ქალაქის ქუჩების სტილი თავად ზემოქმედებს გარკვეულ ტენდენციებზე. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქუჩის მოდა შთააგონებს მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს, ორიგინალური კოლექცია შექმნან. ამ ყველაფერში მიმზიდველი ისაა, რომ თვითგამოხატვაში სრული თავისუფლება გაქვს, შეგიძლია იყო უკომპრომისო და ფანტაზიას გასაქანი მისცე. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ახლო აღმოსავლეთის ქალაქებს, სადაც ჩაცმულობისა თუ მხატვრობის წესები დიდი ხნის წინ არის დაკანონებული.


ცხადია, საქართველო ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა არ არის. თუმცა, ხანგრძლივი ანალიზის შემდეგ მომეჩვენა, რომ ქუჩის ჩვენებურ კულტურას ექსპრესიულობის ნაკლებობის გამო, მათთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებთან.
ქუჩის სტილთან დაკავშირებული ქართული ასოციაციები, ძირითადად, ეზოში შეკრებილ ბიჭებს უკავშირდება, რომელთა თვითაქტუალიზაციის მეთოდებში არ შედის ის, რაც ასე გავრცელებულია მსოფლიოში - გრაფიტის კულტურა, ე.წ. ანდერგრაუნდის მუსიკა, პარკური. ეს უკანასკნელი სადღაც ვნახე კედელზე დიდი ასოებით მიწერილი, თუმცა შენობებს შორის მოხტუნავე ჯერაც არავინ დამინახავს. სამაგიეროდ, უკვე ათეული წლებია, ჯიუტად ცდილობენ განავითარონ გრაფიტი შემდეგი ტიპის მინაწერებით: "ნ+მ=შეყვარებულებს", "მშია"... ტრაფარეტული გრაფიტი ჩვენი პოლიტიკური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა - "თავისუფლება ცოტნეს", "რატომ?" თუ პროტესტის გამოხატვა გინდა, ალბათ ღირს, თანამოქალაქეებს რაიმე სიმბოლოთი მაინც მიანიშნო, რა "რატომ". პირადად მე ვერასოდეს ვიგებდი მსგავსი ნაწერების ჭეშმარიტ შინაარსს. ქუჩის მხატვრობას რაც შეეხება, ბევრი არაფერი მახსენდება ისეთი, რის გახსენებასაც ვისურვებდი. ჰიპ-ჰოპისა და ანდერგრაუნდის მუსიკა ის თემებია, რაც ეროვნულ უნიჭობაზე დაგაფიქრებს. რაც შეეხება ჩაცმულობას, ამ შემთხვევაში ამბივალენტური აზრები მიჩნდება. ერთის მხრივ, მომწონს ჩვენი საზოგადოების ერთი თვისება - ყველა სიტუაციაში ეცვას ნორმალური ფეხსაცმელი. მეორეს მხრივ, ჩვენი ჩაცმის სტილი ნამდვილად ვერ გახდება მეორეხარისხოვანი დიზაინერის შთაგონების წყაროც კი. ერთი და იგივე ფერები, ეკლექტიკის არარსებობა, არანაირი მრავალფეროვნება და ფანტაზიისა თუ გამბედაობის არქონა - ეს ისაა, რაც ერთბაშად მოგხვდება თვალში, როცა ქუჩაში მიდიხარ.
რა შეიძლება იყოს ასეთი უსახურობის მიზეზი? ვთქვათ, იმდენად წესიერი მოქალაქეები ვართ, რომ არ გვინდა ქალაქის შენობებზე ნახატების დატოვება. მაშინ გაუგებარი ხდება, რატომ არის ამდენი უაზრო სიტყვებით აჭრელებული კედლები, ტრანსპორტის განადგურებული სკამის საზურგეები, სადარბაზოს ასე განვითარებული "მწერლობა". მატერიალური სახსრების არქონაც ცუდი გამართლებაა ასეთი ერთფეროვანი ჩაცმულობის სტილისთვის, რადგან დღეისთვის ევროპის ქალაქების ქუჩები სავსეა ძალიან ხელმისაწვდომ ტანსაცმელში ორიგინალურად გამოწყობილი ხალხით.
ასე რომ, არ შემიძლია, გამოვყო რაიმე დეტალი, რომელსაც თბილისის ურბანული კულტურის სავიზიტო ბარათად მივიჩნევდი. პარიზისთვის ეს შეიძლება შარფი იყოს, სკანდინავიის ქვეყნებისთვის - შლიაპა, ლონდონისა და ნიუ იორკისთვის - გრაფიტის ხელოვნება, ყველასთვის ერთად - ველოსიპედები, საქართველოსთვის... რამდენიმე სკეიტი... გამონაბოლქვი... ბევრი გამონაბოლქვი...

16 comments:

  1. რა ზუსტი ხარ!! და მე ის მახსენდება კიდე: "რუსთავი 2 დეზინფორმატორი" და "გამოუშვით ცოტნე გამსახურდია" :DD :((

    და აგერ ჩემს მიერ გადაღებული საშინელებები :( :
    http://popularpopcorn.blogspot.com/2010/02/blog-post_21.html

    ReplyDelete
  2. კარგი სტატიაა! :) ჩემი ძველი გაუქმებული პირველი ბლოღიდან ფოტკები ამ თემაზე. ბოლო ფოტო მიყვარს. :)

    http://humanoidi.wordpress.com/2007/03/28/street-literature-in-tbilisi/

    ReplyDelete
  3. აუ როგორ მჭირდებოდა ესეთი ნაჯღაბნები ოცდაოთხისთვის და გუგლში ვერაფერი ვნახე :/

    ReplyDelete
  4. გეკითხა მერე. :) ორი მაგდენი ფოტო კიდევ მიყრია ფოლდერებში. თუმცა ახლა უფრო შემცირდა მსგავსი ფაქტები, დიდი ჯარიმები დააწესეს კედლების წარწერებზე, თუ არ ვცდები, შარშანს მერე. ეგ ფოტოები 2007-შია გადაღებული ვერასა და ვაკეში. .)

    ReplyDelete
  5. მართლაა ჯარიმა? რა კარგია ;))

    ReplyDelete
  6. ვერ მოვიფიქრე :/

    როდე, შევეცდები, მალე უკან წაგაღებინო ეს სიტყვები : ))

    ReplyDelete
  7. როდრიგო

    ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე თუ მიმდებარე ქუჩაზე სხვადასხვა სახის წარწერების გაკეთება 500 ლარით დაჯარიმდება

    01 / 07, 2009 12:13

    ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე თუ მიმდებარე ქუჩაზე სხვადასხვა სახის წარწერების გაკეთება 500 ლარით დაჯარიმდება.
    ამის შესახებ ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის”.
    კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობთა ფასადებზე, აგრეთვე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის - ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
    იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმა გაორმაგდება, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, მას 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებენ.

    ReplyDelete
  8. ნინ მე ვიგულისხმე აი უაზროდ რომ ჩხაპნიან , მაგარ შეეშინდებათ ჯარიმის და ნამდვილმა გრაფიტებმა კი გააკეთონ თავისი საქმე ;))

    ReplyDelete
  9. ხო მაგრამ კანონი კარგ რაიტერებსაც ისევე სჯის, როგორც უნიჭო მარგინალებს :D:D

    ReplyDelete
  10. ჰო მაგრამ კარგმა რაიტერებმა იციან კედლის სწორედ შერჩევა, თავის დაძვრენა, უხილავად ამ ყველაფრის გაკეთება და პოლიცია მათ ვერაფერს დააკლებს ;)

    ReplyDelete
  11. :)) ყველა ხელოვანს CIA-ის უნარები ხო არ ექნება? :D

    თუმცა, როგორც საჯარო მოხელე, ვაღიარებ, ეს კანონი უნდა არსებობდეს )

    ReplyDelete
  12. ეს კანონი უნდა არსებობდეს. მაგრამ გრაფიტის მხატვარმა იცის რა სად და როდის რა უნდა გააკეთოს. მას ოველთვის ყველაფერი გათვლილი აქ. ნუ სხვა რაღაცაა როგა გრაფიტს ხატავ ღამის 4-5 საათზე და სხვა რაღაცაა 3945832-3 კაცი რო მიდიხართ და რაღაც დებილობებს რო წერთ და ამით რო უდნათ შეცვალონ რაღაცა. სისულელეა.

    საპროტესტო გრაფიტი უნდა გაკეთდეს ისეთ ადგილას სადაც ხახლი მოძრაობს. ანუ სუ გადაკარგულში აზრი არ აქ. გრაფიტმა არ უდნა გიბრძანოს რაღაცა, არ უნდა გაიძულოს, თავს არ უდნა მოაგხვიოს თავისი მიზანი! გრაფიტი შეუფალი უნდა იყოს მარტივი და მიმზიდველი. ხახლს ეს ბერვად მოსოწნს ვიდრე წითლად დაწერილი "რატომ?" . ამაზე ემტად იმ ნადმვილს და იდუმალს მიანიჭებს უპრიატესობა და ბერვიც დაფიქრდება. ნუ მოკლედ რა.
    ჰო და კდიე რო თქვი ამრტო სკეიტერები აარიანო ეგრე არაა.

    ტრეისერები ბერვნი არიან. ნუ 80 % ამჟამად სწვვლობს.
    გრაფიტს, ნორმალურ დონეზე ხატავს რამდენიმე კაცი. ჰაჰა 10-15. მე პირადა დაკავებული ავრ მთის ველისოპედის ექტრემით, ასევე ტრეისერიც ვიყავი სანამ დავაავადდებოდი და გრაფიტსაც ვხატავ.სტენსილსაც. ურბანულ მუსიკასაც ვუსმენდ ა განსხვავებულადაც მაცვია. უბრანულად ანუ.


    ხოდა მიხარია რო ამ პოსტში ისეთ არაფერი იყო რაც მე არ მიქნია და აკრგია. იმიტო რო რელაურად საჭიროა დასასიამოვნოა ურბანული განვითარება. ხოდა ეგრე.

    ReplyDelete
  13. გამოაბოლქვი მართლაც... ვეღარ ვსუნთქავ უკვე ქუჩაში ნორმალურად...
    ჰო ისა ეხლა "რატომ?" აღარაა იმდენად, ახლა მოდაშია - "არა" :) გექნება ეგეც ნანახი...
    კარგი პოსტია

    ReplyDelete
  14. saba
    სკეიტერები ხშირად მხვდებიან. ქართველი ტრეისერების ჯგუფებზე კი მხოლოდ წამიკითხავს,მაგრამ ქუჩებში აშკარად არ არიან. ამიტომ, განვითარებული პარკურის კულტურა, ჩემი აზრით, არ გვაქვს
    ვინმე თუ იცი სერიოზული ტრეისერი, სიამოვნებით დავწერ სტატიას თუ ინტერვიუზე დამთანხმდება

    იგივე შემიძლია ვთქვა ურბანულ მუსიკაზე. გარეუბნებში მაინც, ძალიან პოპულარულია, მაგრამ ხარისხიან ურბანულ მუსიკას არავინ აკეთებს. მარტო მოსმენა ხო არაა

    Michael
    მადლობა :*
    ვაი როგორ არ ვიცი, მაგრამ ვერ გავიგე რას ნიშნავს ეგ 'არა' :D:D

    ReplyDelete
  15. Nina Gorecki

    გივი მაღრაზე. თბილისში და საქაერთველოში საუკეთესო.

    იმიტო არ გინახია ქუჩაში მოხტუნავე ტრეისერები რომ, თუნდაც საფრანგეთი აიღე. პარკურის დაარსების ადგილი, იქ რო აგხვიდე პარიზში გგონია ეგრე დარბიან წამდაუწუმ ქუჩებში?

    თან ესენი ვარჯიშობენ ბევრ ადგილას. ხოდა გივი მაღრაძე მოძებნე ფეისბუკზე, ან საიტზე შედი. ფეისბუკზე მოგწერ. და იქ დაეკონტაკტე.

    ReplyDelete
  16. CGSaba
    არაა არც ვფიქრობდი რომ რუსთაველზე ვინმე თავზე გადამახტებოდა :დ უბრალოდ ჩემს გარშემო არავის უნახავს და არც იცნობს ასეთ ხალხს, რატოა ასეთი კონსპირაცია? :)

    საფრანგეთში უფრო ხილვადია ეს კულტურა))შეიძლება იმიტომ, რომ მედია აქ ნაკლებად აშუქებს...

    მოკლედ მივწერ მაღრაძეს. გაიხარე )

    ReplyDelete