Friday, July 16, 2010

ჩაალაგე ჩემოდანი გრძელი უიკენდისთვის


ყველა ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება, როდის მოვა შვებულების თუ არდადაგების დრო, რომ დამსახურებულად დაისვენოს და მოწყდეს ყოველდღიურ პრობლემებს.
ჩემი აზრით, შვებულების მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ საშუალება გეძლევა დროებით რუტინას მოწყდე და აბსოლუტურად შეცვალო ცხოვრების სტილი, ასევე დაივიწყო ვალდებულებები. არის მხოლოდ ერთი რამ, რასაც გვერდს ვერ აუვლი - მოდა. ამასთან, სულაც არ არის აუცილებელი, იყო ე.წ. fashionista - ჩემოდანის ჩალაგებისას მაინც მოგიწევთ დაფიქრდეთ საკურორტო მოდის მთავარ ტენდენციებზე. ეს აუცილებელია მაშინაც, თუ ქალაქიდან გასვლას არ აპირებთ, რადგან ზაფხულის ცხელ ამინდში საქმიან, ყოველდღიურ ჩაცმულობაში კორექტივების შეტანა მაინც აუცილებელი საქმეა.
საკურორტო მოდაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ის მაქსიმალურად მოსახერხებელია. როგორც თავის დროზე კოკო შანელმა თქვა: "ფუფუნება კომფორტული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ის არ არის ფუფუნება". საკურორტო კოლექციები ძირითადად ეხმიანება ხოლმე ამ სიტყვებს და არც წლევანდელი არ არის გამონაკლისი.


ზაფხული 2010: მთავარი ტენდენციები
    

უდაბნოს სტილი, ე.წ. საფარი - ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი და ტრადიციული ტენდენციაა, შესაძლოა, ამის გამო, ცოტა მოსაწყენიც. ის წარმოდგენილ იქნა ოსკარ დე ლა რენტას, პოლ სმიტის, მანგოს, ბარბარა ბუის, Banana Republic-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში. საფარი ამ წელს უცნაურად შეერწყა მილიტარის. ორივე სტილის სავიზიტო ფერები ხაკისფერი, ბეჟი და სამხედრო მწვანეა და ამის გამო ეს სინთეზი ბუნებრივად გამოიყურება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი სტილის შერწყმამ საფარი ნაკლებად ეგზოტიკური, მილიტარი კი უფრო ნაკლებად აგრესიული და მეტად ქალური გახადა. ამ ტენდენციების ყველაზე ლამაზი ქმნილებაა Diane Von Furstenberg-ის ჭრელი მდოგვისფერი კაბა.
მრავალფეროვანი პრინტი -  სეზონის ყველაზე მხიარული ტენდენციაა. გეომეტრიული, ყვავილოვანი, ეთნიკური, ანტიკური - არჩევანი იმდენად დიდია, მიჭირს პრინტის გახსენება, რომელიც წელს მოდაში არ არის. ყველაზე ლამაზი ნივთები ეძებეთ ვერსაჩეს, ეტროს, ანნა სუის, ჟივანშის, Marc by Marc Jacobs-ის კოლექციებში.
 

პასტორალი - მოდის ყველაზე ახალი, საინტერესო მიმართულება. კაბები და აქსესუარები სოფლის სტილში შანელის, ოსკარ დე ლა რენტას, ბოტეგა ვენეტასა და რობერტო კავალის კოლექციებში ისე დახვეწილად გამოიყურება, არც კი ფიქრობ რომ ქალაქგარეთ ჩაიცვამ და ეს ბუნებრივიცაა, პასტორალის ტრენდი ხომ სწორედ მეგაპოლისის ტექნოკრატიულობის გასახალისებლად შეიქმნა. ყველაზე მხიარული ამ ტენდენციიდან არის კაბები და ფეხსაცმელი ყვავილის პრინტით H&M Garden Collection- დან.
მაქსი: განსაკუთრებით მოდურია გრძელი კაბები ყვავილის პრინტით ჰიპურ სტილში.
ფერები და მათი შეხამება: თეთრი, ისევ და ისევ თეთრი. პრაქტიკული და ყველაზე ნათელი ფერი, რომელიც მზის მწველ სხივებს აირეკლავს და ამასთან, უკვე საშინლად მოსაბეზრებელი. ის ხომ დომინანტი ფერია ყველა წლის საზაფხულო კოლექციებში. საკურორტო ჩვენებები ამ მხრივ კიდევ უფრო მოსაწყენია ძალიან ნეიტრალური ფერების გამო. წითელი ფერი - ამ ყველაფრის ღირსეული კომპენსაციაა. ამ უკანასკნელის ყველაზე ლამაზი ნიმუშებია ნარცისო როდრიგესის პატარა წითელი კაბა და ლანვინის და შანელის ფეხსაცმელები. ასევე ყურადღება მიაქციეთ პასტელის ფერებს, ჟოლოსფერს, ლურჯს და მის ვარიაციებს, იასამნისფერს. სეზონის ყველაზე თამამი ფერთა შეხამებაა ღია მწვანე ასევე ღია წითელ ფერთან ჟან პოლ გოტიეს კოლექციაში.
აქსესუარები: ღია ფეხსაცმელი მაღალ ქუსლებზე, ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული ჩანთები თუ მაისურები, ოქროსფერი სამკაულები და დიდი ზომის სათვალეები ფერადი ჩარჩოებით ყველაზე აქტუალურია. მოდურია როგორც გრძელი ფორმის, ხელში დასაჭერი ჩანთები, ასევე ზურგჩანთებიც. საზაფხულო ჩანთებში ძირითადად ვარდისფერი, ლურჯი და თეთრი ჭარბობს.
რაც შეეხება საცურაო კოსტიუმებს, საინტერესო ნიმუშებს გვთავაზობენ Lindex, Marc&Andre, Juicy Couture, Jean Paul Gaultier, Calzedonia. პოპულარულია მთლიანი საცურაო კოსტიუმები. აქვე იმასაც გეტყვით, რომ წელს ძალიან გარუჯული კანი ზაფხულის სეზონზეც კი არააქტუალურია, ასე რომ, ამჟამად არ მოგიწევთ თავი რამდენიმე წლით დაიბეროთ 24 საათის განმავლობაში პლაჟზე ყოფნით, იმის გამო, რომ აფრიკელს დაემსგავსოთ. მაკიაჟშიც რალფ ლორენის, ბლუმარინისა და გერლენის სახლებმა მსუბუქ ნამზეურს მიანიჭეს უპირატესობა.
მამაკაცისთვის:
მამაკაცების მოდის მთავარი მიმართულება თავისუფალი სტილია, მაშინაც კი, როდესაც ჩაცმულობა კოსტიუმს და პრეზენტაბელურ იერს გულისხმობს. მაგალითად, Dsquared-ის კაცს თეთრ პერანგზე ჰალსტუხი უკეთია, შორტები და უხეში ფეხსაცმელები აცვია და მუხლთან სამედიცინო ბინტი აქვს მიკრული. თეთრი, ლურჯი, ფოლადისფერი, წითელი, ნარინჯისფერიც კი ამ სეზონის ფავორიტი ფერებია. მეთიუ უილიამსონმა აქცენტი შარფებზე და ისეთ თამამ ფერზე გაამახვილა, როგორიცაა კაშკაშა ჟოლოსფერი. სეზონის ყველაზე პოპულარული სპორტული და საფარის სტილია, პრინტი - კუბოკრული. აბსოლუტური ჰიტი აქსესუარებში - დიდი, მასიური ჩანთებია კაცებისთვის, ასევე ღია ფერის შლაპები რეტრო სტილში, რომელიც მოდის სახლმა ბორსალინომ წარმოადგინა.
არიან ადამიანები, რომლებიც სუნამოს გარეშე თავს ისე გრძნობენ, თითქოს არაფერი ეცვათ. ხანდახან კი მისი რამდენიმე წვეთიც საკმარისია, ტუალეტი დასრულებულად ჩათვალონ. ეს იდეა თავის დროზე წარმატებით გამოიყენა დიორის სახლმა J’adore-ის რეკლამაში, სადაც შარლიზ ტერონი სამკაულს და სამოსს ძირს ყრის და სუნამოს ამარა რჩება. ასევე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენც, მითუმეტეს ახლა, როცა ასე შილიფად გვაცვია. ამისთვის კი რამდენიმე კარგი, ახალი ზაფხულის არომატი მეგულება:
ქალებისთვის:
Cruise Collection Escale Aux Marquises by Dior - დიორის კრუიზის კოლექციის ახალი, 2010 წლის სუნამო. წინამორბედებისგან განსხვავებით ოდნავ უფრო უნისექსი არომატია, ეგზოტიკური, ციტრუსოვანი და ოდნავ მძაფრი, პილპილის დამსახურებით.
Aqua Allegoria Bouquet Numero 1 by Guerlain - ამ არომატის შთაგონების წყარო განთიადზე გაზაფხულის ყვავილოვანი ბაღი გახდა. ყველაზე მძაფრი ამ სუნამოში ჟასმინისა და ბალახის სურნელია.
Chance Eau Tendre by Chanel - შანსის არომატებიდან ყველაზე ახალი და ჩემი აზრით, საუკეთესოც. დასაწყისში ციტრუსისა და კომშიც ნოტებით იხნება, ბოლოში კი უფრო თბილი და მგრძნობიარეა, ამბრის წყალობით. შესანიშნავი არჩევანია ზაფხულის თბილი საღამოებისთვის.
Eaudemoiselle de Givenchy by Givenchy - კლასიკური, არისტოკრატიული ხასიათის სურნელი, მანდარინის, თურქული ვარდისა და მუშკის არომატით. არ მგონია თინეიჯერებმა მასზე არჩევანი შეაჩერონ, ნამდვილი ლედი კი ასეთ დახვეწილ სუნამოს გვერდს არ აუვლის.
მამაკაცებისთვის:
Burberry Sport for Men - თანამედროვე, სპორტული, გრეიპფრუტის, ზღვის და მუშკის აკორდებით, ზაფხულის ცოცხალი არომატია ენერგიული მამაკაცებისთვის.
Eternity Summer for Men 2010 by Calvin Klein - სუნამო ყოველდღიურობისთვის რელაქსაციის ეფექტით. ანანასის არომატი ცოტაოდენ ეგზოტიკურ ხასიათსაც ანიჭებს. მთლიანობაში საკმაოდ სასიამოვნო, უწყინარი სურნელია.
Emporio Armani Diamonds for Men Summer Edition by Giorgio Armani - ისევ ციტრუსი, ზღვა, პიტნა და... კაკაო. მსუბუქად თბილი, განწყობის ასამაღლებელი არომატი მამრობითი სქესის გურმანი წარმომადგენლებისთვის.
Play Summer Vibrations by Givenchy - ოდნავ მძაფრი ზღვის სურნელი, ციტრუსის მსუბუქი შლეიფით. არაფერი განსაკუთრებული, რომლითაც თავს პრესტიჟულ წვეულებაზე მოიწონებთ, თუმცა ვფიქრობ, არცთუ ურიგო არჩევანია ყოველდღიურობისთვის, როცა მეგობრებთან ერთად კინოში ან უახლოეს კაფეში წასვლას გადაწყვეტთ.
თუ ჩემოდანში ადგილი მოგრჩებათ, დაფიქრდით, რის დამატება შეიძლება იმისთვის, რომ დასვენების დღეები უფრო საინტერესო გახდეს. არჩევანი, ბუნებრივია, დიდია და მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, ცარიელ ადგილს როგორ შეავსებთ. მე კი, ყოველი შემთხვევისთვის, ორ ნივთს შემოგთავაზებთ, რომლებსაც, პატარა მოცულობის გარდა, კიდევ სხვა ღირსებებიც გააჩნიათ.
მელომანებისთვის: 
Unkle - ის ახალი ალბომი Where Did the Night Fall, ჯეიმს ლაველის ბოლო ქმნილებაა, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდება წინამორბედებისგან. ეს არ არის ტიპური ტრიპ-ჰოპი - Urb-ის მუსიკალურმა კრიტიკოსმა ამას ფსიქ-ჰოპი უწოდა. არა, ლაველს თავის სტილზე უარი არ უთქვამს, უბრალოდ, თავისი შემოქმედება ახალი ელემენტებით გაამდიდრა. ჰალუცინოგენური ფსიქოდელია, ვფიქრობ, სწორედ ის არის, რაც სამხრეთის მწველი მზის ქვეშ ყველაზე კარგად ისმინება.
ლიტერატურის მოყვარულთათვის: ან უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, პატაფიზიკური ლიტერატურის მოყვარულთათვის. არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი - ბორის ვიანის შემოქმედების მოყვარულთათვის, რადგან მხოლოდ სიტყვა "პატაფიზიკური" მისი განსაზღვრებისთვის არ გამოდგება. ქართულად ბოლოს ნათარგმნი რომანი "გულსაგლეჯი" ფანტაზიის, აბსურდისა და პოეზიის სიურეალისტური ნარევია და ყველაზე ფილოსოფიურიც ავტორის სხვა წიგნებს შორის. მიუხედავად სევდიანი ეპიზოდების და მწერლის საკმაოდ რთული ენისა, თარგმანში შესანიშნავადაა დაჭერილი ვიანის ბრწყინვალე იუმორი, რაც უდავოდ მთარგმნელის, პაატა ჯავახიშვილის დამსახურებაა.
P.S. არსებობს ჩემოდნის ჩალაგების მთავარი წესი: ყველაზე მძიმე ნივთები ფსკერზე თავსდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელი ქონება თან არ წაიღო - შინ ყოველთვის უნდა დატოვო რამე ისეთი, რის გამოც უკან დაბრუნება მოგინდება.

6 comments:

  1. ჟივანში ძალიან კარგია. თან დიდხანს ძლებს.
    Sport for Men ნახევრდება და ღარიბდება პირველი არომატის ნასახი არაა ორ საათში.

    DKNY Green Apple.
    და მოშინოს UOMO.
    ძველებია, მაგრამ კარგი.

    გოგოებისთვის კი მინი ჯობია. მინი. :)

    ReplyDelete
  2. Lord Vader

    გოგოებისთვის კი ჯობია, ცხელა ძალიან ))
    კაცებისთვის მაქსი ჯობია, ცოტა ფანტაზია განვითარდება ;)

    ReplyDelete
  3. არა ეს ლურსმანა მაინც სად გაჩითე? :)
    ბებიაჩემის ახალგაზრდობაში გამოშვებული წიგნი იყო, მგონი. :)

    ReplyDelete
  4. საიდან გაიგე, რომ ლურსმანა გავჩითე? :))
    ლურსმანა ჩემი პირველი ბიჭია, ჯერ კიდევ პიტერ პენამდე მიყვარდა (:

    ReplyDelete
  5. პიტერ პენი არ მევასებოდა.
    მე კაპიტან კაუჭას მხარეს ვიყავი ყოველთვის.

    ReplyDelete
  6. კაუჭასნაირები ფანჯარაში არ შემოფრინდებიან და ნევარლენდში არ წაგიყვანენ :D

    ReplyDelete