Tuesday, June 29, 2010

Coffee Airways



მიყვარს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

გაგიკვირდებათ და ამას ყოველდღე ვაკეთებ, თვალის გახელის მომენტიდან მორფეუსის სამფლობელოში დაბრუნებამდე. ყოველ დილით ჩემი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ყავის მოდუღების რიტუალით იწყება. ვიღაცამ შეიძლება არც დაიჯეროს, მაგრამ სრულიად რეალურია რამდენიმე წუთში ინდუსტრიალური პეიზაჟი, რომელიც ბევრი ჩვენგანის ფანჯრებიდან მოჩანს, აბსოლუტურად განსხვავებული და ეგზოტიკური ხედით შევცვალოთ. თუმცა, აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან სულ მცირე დეტალის გამო, შესაძლოა იქ სულაც არ მოხვდე, სადაც გასეირნება გსურდა. მაგალითად, საკმარისია ყავის ფინჯანში დაუდევრობით ჩაგდებული შაქრის ნატეხი და ბედუინის კარვიდან პარიზის რომელიმე კაფეში აღმოჩნდები, რაც თავისთავად ცუდი სულაც არაა. მითუმეტეს თუ გალომანი ხარ და სული გძვრება, ისე გინდა გემო გაუგო პარიზულ ბოჰემურ ცხოვრებას. ყველაზე უკეთ ეს სენის მარცხენა სანაპიროს კაფეებშია შესაძლებელი, სადაც გასულ საუკუნეში ჟან სოლ პარტრს (როგორც ბორის ვიანი ეძახდა) უყვარდა სიარული. 
სხვათაშორის, ეგზისტენციალისტური მოძღვრების თანახმად, ადამიანური ყოფიერების ძირითად ფენომენებს წარმოადგენენ არა რაღაც გაურკვეველი იმპერატივები, არამედ ემოციები, რომლითაც ყველა პიროვნება ინდივიდუალურია. ყველაზე ძლიერ ემოციას  ჩემში სწორედ ის სასმელი იწვევს, რომელზეც თავიდან გესაუბრეთ. ვიცი, კოლა ბრონიონივით გამომივიდა, მაგრამ ნუ გაგეღიმებათ, ეს ემოცია გასტრონომიული სულაც არ არის, ის მსოფლიოში მოგზაურობის ყველაზე ინტიმურ წუთებს უკავშირდება.

Thursday, June 24, 2010

Sex and the City 2 - ლეგენდარული ბრენდის დასასრული?!


ისტორიას ახსოვს ქალები, რომლებმაც მოდა და მისდამი დამოკიდებულება შეცვალეს.
ისინი ათწლეულების და ხანდახან საუკუნეების განმავლობაშიც კი გვევლინებოდნენ სხვების მიბაძვის ობიექტებად: კლეოპატრა, რომელმაც ზოგადად ანტიკური სამყაროს სილამაზის სტანდარტები შეცვალა, ელიზაბეტ თიუდორი - თავისი ბიჭური ფიგურითა და მკვეთრი ფერის კაბებით, მარლენ დიტრიხი - მამაკაცურ კოსტიუმში გამოწყობილი, სიგარეტით ხელში და მაინც საოცრად ქალური, კოკო შანელი თავისი პატარა შავი კაბით, ოდრი ჰეპბერნი, მერლინ მონრო, ლედი დი...



Friday, June 18, 2010

ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, პლანეტა დედამიწა, თქვენ, მე...


მინდა ცოტა რამ "99 ფრანკი"-ს ეკრანიზაციაზეც მოვყვე მათთვის, ვისაც ეს ფილმი ნანახი არ აქვს. ის ახალი არ არის, ეკრანებზე 2007 წელს გამოვიდა. ვფიქრობ, რომ ფილმი არის შესანიშნავი და არგუმენტებიც მაქვს ამის დასასაბუთებლად. ჯერ ერთი, იშვიათია, რომ ეკრანიზაციამ იმედი არ გაგვიცრუოს - წიგნი გაცილებით უკეთესია ხოლმე. ამ შემთხვევაში ფილმი წიგნს არ ჩამოუვარდება. მეორე და მთავარი - იან კუნენმა (ფილმის რეჟისორი) ზუსტად დაინახა და გადმოსცა ის, რაც წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანია - თვითირონია და პიროვნების ღირებულებების კრიზისი.
მთავარი სიუჟეტი, რა თქმა უნდა, ორიგინალურობით არ გამოირჩევა - ის, რომ რეკლამას დიდი გავლენა აქვს მომხმარებლის არჩევანზე და ამის გამო ხშირად უსარგებლო ნივთებს ვყიდულობთ, ახალი თემა არ არის. როგორც წიგნის, ასევე ფილმის მნიშვნელოვანი ღირსება მთავარი გმირის ანტიკონფორმიზმსა და ამბოხშია. ოქტავ პარანგო, რომელიც რეკლამის გენიოსია, შეუბრალებლად ახვევს თავს მასას თავის იდეებს, განსაზღვრავს მის სურვილებს მომავალი სეზონისთვის, აწყობს ორგიებს, იცვლის ქალებს... უცებ კი ფასეულობები ეცვლება - უყვარდება სოფი, ამასთან ხვდება, რომ "ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება. ადამიანიც ერთი ჩვეულებრივი პროდუქტია ვარგისიანობის გარკვეული ვადით." ოქტავი ხვდება, რომ არ მოსწონს სამყარო, სადაც კაცობრიობამ სამომხმარებლო პროდუქციით ღმერთის შეცვლა მოინდომა, აღარ იღებს სიამოვნებას ადამიანების ზომბირებით და მერე ამ ზომბების გვერდით ცხოვრებით და იწყება... როგორ შეცვლის ოქტავი თავის ცხოვრებას, არ მოვყვები, მირჩევნია თავად უყუროთ ამ სახალისო ანტიუტოპიის დასასრულს, ისე კი, აღვნიშნავ, რომ ფილმი მსუბუქი და საინტერესო სანახავია. ეპიზოდებში თავად ფრედიც ჩნდება, მთავარ როლს კი არაჩვეულებრივად თამაშობს ჟან დიუჟარდენი. ვერც კი წარმომიდგენია, უკეთ ვინ შეიძლებოდა მორგებოდა ცინიკოსი პარიზელი დენდის ტიპაჟს.
მოკლედ, თუ ფილმი ჯერ ნანახი არ გაქვთ, ამ უიკენდზე ჩაუჯექით. ეს არ არის არც ჰოლივუდური მელოდრამა, არც მძიმე და ინტელექტუალური ევროპული კინოს შედევრი - უბრალოდ კარგი ფრანგული ფილმია, იუმორით, საინტერესო ეპიზოდებით, ბეგბედერისეული ხულიგნური სულით, გემოვნებიანი გროტესკით და საკმაოდ კარგი გამოხმაურებებით.
შეგიძიათ გადმოწეროთ აქედან: http://gol.ge/index.php?cat=movies&details=4197&order=1.1&search=99%20francs
Trailer:


ამბოხი ფრანგულ სტილში


ამ ცნობილმა ფრანგმა თავის წიგნში დაწერა, ყველა ადამიანს სჭირდება ჰობი, რომ სტრესს შეებრძოლოს, თუმცა სინამდვილეში ხალხს ეს იმისთვის უნდა, რომ როგორმე ჭკუიდან არ გადავიდეს და ცოცხალი გადარჩესო. ჰობის ამგვარ დანიშნულებაზე არასოდეს დავფიქრებულვარ.
არც კი ვიცი, მაქვს თუ არა ჰობი. ჩემი საყვარელი საქმიანობა ბრისტოლ საუნდის მოსმენა, საყვარელი ავტორების კითხვა და ლაშქრობაში სიარულია. ამ რაღაცეებს თუ არ გავაკეთებ, გადავალ თუ არა ჭკუიდან? არც ეს ვიცი და არც მინდა უახლოეს მომავალში მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება. ამ ფრანგს, რომლის სახელიც ფრედერიკ ბეგბედერია, უყვარს წერა, საპირისპირო სქესი, მოგზაურობა... კიდევ ერთი საინტერესო ჰობი ჰქონდა - ნარკოტიკებით კაიფი, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, შეეშვა. აი რას წერს ის ერთ-ერთ თავის წიგნში: "ექსტაზი ძვირად გვისვამს ქიმიური სიხარულის რამდენიმე წუთს. წინ გადაგვიშლის უკეთეს სამყაროს, საზოგადოებას, სადაც ყველა ხელიხელჩაკიდებულია და თავს მარტოდ აღარ ვგრძნობთ; დაგვაწყებინებს ოცნებას ახალ ერაზე, რომელშიც არ იქნება არისტოტელეს ლოგიკა, ევკლიდეს გეომეტრია, კარტეზიული მეთოდი და ფრიდმანის ეკონომიკა. ცალი თვალით შეგვახედებს და მერე, ხელის ერთი მოქნევით, გაუფრთხილებლად, კარს ცხვირწინ მოგვიჯახუნებს."

Wednesday, June 16, 2010

ღვინო და მუსიკა


გახსოვთ კოლენის პიანოქტეილი ბორის ვიანის წიგნში "დღეთა ქაფი"?
ეს არის მექანიზმი, რომლის თითოეულ ნოტს გარკვეული სახის სასმელი ან ინგრედიენტი შეესაბამება. შენ ჯდები ამ მოწყობილობასთან, რომელიც, ამავე დროს, პიანინოცაა და უკრავ, ვთქვათ, დიუკ ელინგტონის blues bubble-ს. იწყება ინგრედიენტების არევა. ერთი არასწორი ნოტის აღება და კოქტეილის გემო გაფუჭდება. თუმცა, თუ ტონალობა უცვლელია, შეიძლება მთლადაც არ წახდეს საქმე, მთავარია, ჰარმონია არ დაირღვეს. მოკლედ, ეს პიანოქტეილი, ისევე როგორც ბორის ვიანის რომანები, აშკარად სიურრეალისტური რამეა, თუმცა არც ისეთი, როგორც ერთი ან თუნდაც, ორი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მუსიკას ნამდვილად გააჩნია უნარი სასმელს გემო შეუცვალოს.

Friday, June 11, 2010

A scent - იაპონური მინიმალიზმი ზაფხულში


იღვიძებ. ფანჯარას აღებ.
გარეთ გვიანი გაზაფხულის თბილი, ოდნავ მოღრუბლული დღეა.
თითქოს ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის, მაგრამ უცებ ხვდები, რომ რაღაც გაკლია. ეს რაღაც ცოტათი სუფთა, კრისტალურ ჰაერს ჰგავს, ცოტათიც - ხეების გამაბრუებელ სუნს. მოკლედ, იმას, რაც ასე გაკლია ზაფხულში დიდ ქალაქში - სუფთა ჰაერი, სიმწვანე, სითბონარევი სიგრილე.
სწორედ ასეთია Issey Miyake-ის ახალი ქმნილება, უბრალო სახელით - A Scent. საერთოდაც, ეს სუნამო უბრალოების და მინიმალიზმის პოეტური გამოხატულებაა. ისეი მიაკის ნაცნობი ესთეტიკა - ეგოს მოკლებული, გამჭვირვალე, სუფთა. სუნი ისეც იტყვის თავის სათქმელს, ყოველგვარი პომპეზური დიზაინის დახმარების გარეშე.
A Scent - ით მიღებული ჩემი პირველი შთაბეჭდილება არც ისეთი ძლიერი იყო. შესხურებისას ცოცხალი ბალახის სუნი მეცა. "კიდევ ერთი ზაფხულის "მწვანე" სუნამო ხასიათის გარეშე" - გავიფიქრე და უცებ დავივიწყე მისი არსებობის შესახებ. ერთი-ორი საათის შემდეგ საოცრად სასიამოვნო სუნი ვიგრძენი, ოპტიმისტური, თბილი, ახალგაზრდული და თან საოცრად დახვეწილი. მინდოდა მეკითხა, ვის ჰქონდა ახალი სუნამო, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ მარტო ვიჯექი Marie Claire-ის ახალ ნომერთან ერთად და როცა მაჯა შემთხვევით თავთან ახლოს მივიტანე, მივხვდი - ისეი მიაკის "სუნმა" თავისი საქმე გააკეთა.


Thursday, June 10, 2010

Massive Attack, იარლიყის გარეშე






ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რა განაპირობებს ჩვენს გემოვნებას - აღზრდა, რეკლამები, სურვილი - იყო გამორჩეული თუ პირიქით, არ ჩამორჩე მასობრივ კულტურას?
რომელი ფაქტორიც არ უნდა იყოს გადამწყვეტი, ადამიანების უმეტესობა გარკვეულ ასაკში რაღაც სტილს პოულობს და ცდილობს, მისი ერთგული იყოს, რაც გარკვეულწილად ხელს უწყობს პიროვნების ჩარჩოში მოქცევას. თუ უსმენ ჯაზს, ნაკლებ სავარაუდოა დაინტერესდე ისეთი მუსიკით, რომელიც მის ელემენტებს არ შეიცავს, მაგალითად, რეპით. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მრავალფეროვნებას არ გაურბიან და სტილის დაკარგვის შიშით სიახლეს არ უარყოფენ, საკმაოდ მცირეა. ასეა ხელოვნების სფეროშიც. წარმოიდგინეთ ვერსაჩეს სახლი, რომელიც ერთ დღეს თავის დახვეწილ ელიტურ სტილს Dsquared2-ის ხულიგნურ-ექსტრავაგანტური დეტალებით გაამდიდრებს. ასეთი რამ იშვიათად ხდება, თუმცა პრეცედენტები მაინც არსებობს. დღეს სწორედ ასეთ გაბედულ ადამიანებზე და მათ მემკვიდრეობაზე მინდა მოგიყვეთ.
მათ მსოფლიო ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან უსმენს. ეს კოლექტივი The Wild Bunch-ის ნანგრევებზე შეიქმნა, რომელსაც მთლად მუსიკალურ ჯგუფს ვერ ვუწოდებთ, არამედ შემოქმედებით "ტუსოვკა"-ს, რომლის იდეაც აერთიანებდა მუსიკოსებს, დიჯეებს, პროდიუსერებს. იდეა კი ასეთი იყო - შეექმნათ მუსიკა, რომელიც არ იქნებოდა ერთ ჩარჩოსა თუ ჟანრში მოქცეული. ექსპერიმენტებს ბრისტოლის მივარდნილ უბნებში ატარებდნენ, სინთეზს უკეთებდნენ ყველანაირ მუსიკალურ სტილს თუ ინსტრუმენტს. გარკვეული ხნის შემდეგ ეს უცნაური კოლექტივი დაიშალა, მისმა სამმა წევრმა კი გადაწყვიტა, ამ ნახევრად ქაოტური კრებისთვის ახალი სახე მიეცა და ახალი წვეულება, სახელად Massive Attack-იც დაიწყო.

Friday, June 4, 2010

მოდური ლიტერატურის მონოპოლია ქართულ ბაზარზე






ჩვენ მათ ყოველდღე, ყოველ წელს ვხედავთ წიგნის მაღაზიის ვიტრინებში.
საზღვარგარეთ, როგორ წესი, მათთვის ცალკე, საპატიო თაროა გამოყოფილი წარწერით "ბესტსელერი", ჩვენთან კი - მთლიანი მაღაზია. ყველა დამეთანხმება, რომ ქართველები უფრო მომგებიან მდგომარეობაში ვართ - უბრალოდ ვერ შეგვაწუხებს კითხვა "რა წავიკითხოთ?", რადგან არჩევანი, ჩვენს მაგივრად, უკვე სხვებმა (აქაურმა გამომცემლობებმა თუ წიგნის შემომტანებმა) გააკეთეს. ან იქნებ, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი და წიგნის ბაზარიც "მოთხოვნა - მიწოდების" პრინციპით მუშაობს?
ერთფეროვნება ყველაზე მეტად წიგნის ფესტივალზეა თვალშისაცემი. დადიხარ სხვადასხვა წიგნის გამომცემლობების სტენდებს შორის, თვალში კი, ძირითადად, ერთი და იგივე ავტორები გხვდება. უცნაურია, მაგრამ ეს ეხება არა მარტო ქართულ თარგმანებს, არამედ რუსულ და ინგლისურ წიგნებსაც - ყველა ენაზე ზიუსკინდი, აკუნინი, ჰამსუნი, მარკესი, კოელიო... თუ რომელიმე ავტორი ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, ეს ფაქტი საზოგადოებაში არც აღნიშნოთ, რადგან ან ვერ გაგიგებენ, ან სულაც დაცინვის ობიექტი გახდებით. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ლიტერატურულ მისწრაფებებს, გემოვნებას ან ბოლოსდაბოლოს, განათლების დონეს - ეს ავტორები უნდა წაიკითხოთ და მორჩა. თუ წაიკითხავ, მასობრივი გემოვნების ძალადობის მსხვერპლი ხარ, თუ არა - პერსონა ნონ გრატა არამხოლოდ ლიტერატურულ, ჩვეულებრივ, სამეგობრო წრეშიც. არჩევანი, ისევ და ისევ, მცირეა.
ბოლო ხანებში მოდური ლიტერატურა ჩვენში ზედმეტად მოდური და კულტურულობისა და კარგი ტონის ინდიკატორი გახდა. საკმარისია სადმე აღნიშნო, რომ ზიუსკინდის რომელიმე ნაწარმოებს კითხულობ, რამდენიმე ადამიანი აუცილებლად აღნიშნავს მოწონებით - "კარგია, ზიუსკინდი მოდურია". თუ რჩევას იკითხავ, გეტყვიან: "ამ გაზაფხულზე დენ ბრაუნს კითხულობენ". რას ნიშნავს ამ გაზაფხულზე? რომ ზაფხულში აღარ უნდა წაიკითხო? ალბათ ასეა, რადგან შემდეგ სეზონზე ახალი ბესტსელერი გამოვა და წინა მოძველდება, შესაბამისად აქტუალურობასაც დაკარგავს. ამიტომ ჩვენში წიგნმა გლამურული მაკულატურის ფუნქცია შეიძინა, მიუხედავად თავისი ჭეშმარიტი ღირებულებისა. ამ უკანასკნელის განსაზღვრა ერთბაშად ცოტა რთულია, რადგან წიგნი ხომ ღვინოს ჰგავს - მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ შეგიძლია დანამდვილებით თქვა, კარგი და ფასეულია თუ არა, მაგრამ ამას ვერ დაადგენ, თუ წიგნს მოდურ ნივთად აქცევ და მაშინვე უკანა თაროზე მოისვრი, როგორც კი მასზე ლაპარაკს შეწყვეტენ.
Photobucket